"სააკაშვილს რევანშის წყურვილი კლავს"
"ლობისტებს სურთ, რომ სააკაშვილი კარგად შეფუთონ და პოლიტიკურ პენსიაზე დიდი ბაფთითა და მაქმანებიანი პერანგით გაუშვან"
"არიან ჟურნალისტები, რომლებიც ფსევდოობიექტურობას თამაშობენ"
"გამგებლები და გუბერნატორები ადგილებზე სიტუაციას აურევენ"
"9 წლის განმავლობაში რამდენი ტყუილი თქვა სააკაშვილმა. კი თქვა, მთავრობას გამარჯვებულ ძალას ვაბარებო, მაგრამ ამ ღრუბელ-ღრუბელ მფრინავი კაცის სიტყვას წონა არა აქვს და ამიტომაც მაქვს საფრთხის მოლოდინი", - ამბობს მეცნიერ-ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა:
- მხოლოდ მე კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა უნდობლობა სააკაშვილს. გასაგებია, რომ ხალხს უხარია ტირანიის დასასრული, მაგრამ დროა, რეალურად შევხედოთ მოვლენებს. რეალური ხედვა კი ერთ რამეს გვკარნახობს, - არ ვენდოთ სააკაშვილს.
მთავრობის გადაწყვეტილებების რეალიზაციას სამინისტრო კი არა, რეგიონული ხელისუფლება ახდენს, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს. სააკაშვილმა ერთი შეხედვით ბრიყვული, მაგრამ საშიში ფრაზა თქვა, - ოპოზიციაში გადავდივარო და ყველა ხვდება, რომ ის რევანშისთვის ემზადება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგ რეგიონში იყოს საბოტაჟი, რათა გაფერმკრთალდეს ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წარმატება და ხალხში გაჩნდეს განცდა, არჩევანი ხომ არ შეგვეშალაო.
სააკაშვილის ნათქვამი, რომ ოპოზიციაში გადადის, შეტყობინებაა მისი მხარდამჭერებისთვის, რომ რევანშისთვის ემზადება.
ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" გამგებლებსა და გუბერნატორებს დაავალებს, მთავრობას ადგილებზე საქმე გაუფუჭდეს. ისინი ადგილებზე სიტუაციას აურევენ. ეს რომ აღიკვეთოს, ძალიან ეფექტიანი უნდა გახდეს პროკურატურა. ყველა რეგიონულ საჯარო მოხელეს, ვინც არ დაემორჩილება მთავრობის გადაწყვეტილებებს ან შეგნებულად შეცდომით გააკეთებს რამეს, პასუხი უნდა მოეთხოვოს. ასევე აუცილებელია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან. თუ სასამართლო ხელისუფლებაზე სააკაშვილი კონტროლს შეინარჩუნებს, ეს ძლიერი ორხელისუფლებიანობა იქნება.
2009 წელს სააკაშვილმა თქვა, მე რომ ვიყო ოპოზიციაში, ხელისუფლებას 3 თვეში ჩამოვაგდებდიო. 3 თვე დასჭირდება თუ 6, სააკაშვილი უთუოდ იფიქრებს ხელისუფლების ჩამოგდებაზე. მეეჭვება ეს შეძლოს, მაგრამ საქმის გაფუჭება შეუძლია. მეტიც, უკვე დაიწყო ხელის შეშლა. არსებობს პარლამენტი, სადაც დეპუტატები უნდა შეიკრიბონ? ქუთაისში პარლამენტის შენობა დასრულებული არ არის. არავინ იცის, სად უნდა იცხოვრონ აპარატის თანამშრომლებმა. სააკაშვილმა საქართველო "პოტიომკინის სოფელს" დაამსგავსა.
ხელშეშლა იქიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი არ თმობს აუდიტის სამსახურსა და ეროვნულ ბანკს.
- რა მიზნით იტოვებს პრეზიდენტი ამ ორ დაწესებულებაზე კონტროლის უფლებას?
- სააკაშვილისთვის აუდიტის სამსახური იქნება ინსტრუმენტი მთავრობაზე დასარტყმელად. ეროვნული ბანკი კი, როგორც საბანკო ზედამხედველი, ბანკებზე ზეწოლის ინსტრუმენტია. არა ვარ მომხრე, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით იცვლებოდეს. საბანკო სისტემა უფაქიზესი სისტემაა და ფორმალურად არ უნდა ვიყო გიორგი ქადაგიძის შეცვლის მომხრე, მაგრამ მან ეროვნული ბანკი პოლიტიკური დევნის ორგანოდ გადააქცია. მან პოლიტიკური ნიშნით დაუწყო დევნა "ქართუ ბანკს", დააყაჩაღა მისი ფული, შეცვალა კანონმდებლობა და წაართვა დაგირავებული ქონება. სხვადასხვა ორგანიზაცია აიძულა, "ქართუში" ანგარიშები დაეხურათ და შემდეგ იქ მიიყვანა დროებითი მმართველი, რომელიც არარსებული რესურსიდან სესხის გაცემას ცდილობდა და ამით ბანკს აკოტრებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქადაგიძე ჩემი ყოფილი სტუდენტია, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ აშკარად იკვეთება მისი დანაშაული.
ამის დამტკიცებას გამოძიება და სასამართლო სჭირდება, მაგრამ არ ვიცი, სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი იქნება თუ არა ქადაგიძის გადასაყენებლად. ფაქტია, ქადაგიძემ მოახდინა ეროვნული ბანკის პოლიტიზება, როდესაც პოლიტიკური ნიშნით დაიწყო ბანკების დახარისხება.
ეროვნული ბანკი არის მთავარი ინსტიტუტი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში. წარმოიდგინეთ, რომ სავალუტო ფონდთან მთავარ მომლაპარაკებელ სტრუქტურას სააკაშვილი გააკონტროლებს და არა საქართველოს მთავრობა.
ასევე, თავის დაქვემდებარებაში სახელმწიფო უზრუნველყოფის ფონდის გადატანით სააკაშვილმა მთავრობას გამოაცალა საპრეზიდენტო ხარჯების გაწევის მექანიზმი.
რატომ გაძნელდა ასე ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შერჩევა? შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო მინისტრობის კანდიდატების მძებნელებს, - ვისაც წინასაარჩევნო პროგრამა დააწერინეს, ისინი უნდა დანიშნონ მინისტრებად. საზღვარგარეთიდან მინისტრების ჩამოყვანა განვლილი ეტაპია. სააკაშვილი მეტს ხომ არაფერს აკეთებდა და რა შედეგი მიიღო?
პოლიტიკაში მოსვლისას ივანიშვილის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ფული იყო, მაგრამ მან არჩევნები მოიგო თავისი ძლიერი მხარის გამოუყენებლად. ძალიან არაკომპეტენტური შეფასება გააკეთა ბატონმა ნოდიამ, საქართველოში ფულმა გაიმარჯვაო. სინამდვილეში, საქართველოში ფული დამარცხდა, იმიტომ, რომ ფულს სააკაშვილი ხარჯავდა, ივანიშვილს კი არ დაახარჯვინეს. სააკაშვილი ივანიშვილმა კი არა, იმ ბოროტმა სულებმა დაამარცხეს, ვინც შემოიკრიბა.
სააკაშვილი და მისი მთავრობა ბოროტების სიმბოლოა. ქართველი ხალხი და "ქართული ოცნება" სწორედ ამ ბოროტებას გაემიჯნა. ერთი ძალა არის ბოროტების სიმბოლო და მეორე იმედი იმისა, რომ საქართველოში ბოროტება აღარ იბოგინებს.
ნაციონალურმა არხებმა გადაწყვიტეს, ხალხის გამოშტერებას თავი დაანებონ და გასართობი გადაცემების ნაცვლად პოლიტიკურ ტოქშოუებს იწყებენ. ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ "ნოდიები" ალაპარაკონ. არიან ჟურნალისტები, რომლებიც ფსევდოობიექტურობას თამაშობენ, და დაიწყება ივანიშვილის ხელისუფლების გაკრიტიკება.
სააკაშვილმა საინვესტიციო პროექტებზე ზედამხედველობა დაიქვემდებარა, რითაც მთავრობას ხელ-ფეხს უკრავს საინვესტიციო აქტივობისთვის. ამით ჩანს, რომ სააკაშვილს უნდა ქვეყანაში იყოს ორი - სახელმწიფო და საინვესტიციო ბიუჯეტები. არ დაგვავიწყდეს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა საპარტნიორო ფონდი, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ნიკა გილაური. ამ ფონდს გადაეცა ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქონების შესწავლა და სწორად განკარგვა, რომელიც ჯერ კიდევ ქართული სახელმწიფოს საკუთრებაა, რათა სააკაშვილმა მორიგი ბოროტება არ ჩაიდინოს და კიდევ ერთხელ არ დააკარგვინოს საქართველოს მორიგი სტრატეგიული ობიექტი.
სააკაშვილმა მოასწრო და ვალები აჰკიდა საქართველოს რკინიგზასა და მაგისტრალურ გაზსადენს იმით, რომ ევროობლიგაციები გამოაშვებინა. თუ ამ სტრუქტურებმა ვერ მოახერხეს ვალების გადახდა, ამ ობიექტებს დავკარგავთ.
- როდესაც თქვით, რომ ვიღაც დაინტერესებულია, სააკაშვილი კავკასიელ ვაცლავ ჰაველად დარჩეს, რომ სააკაშვილი ვიღაცის დაწერილი სცენარით მოქმედებს, ვის გულისხმობთ?
- ვგულისხმობ ლობისტების დაწერილ სცენარს, რაც სულაც არ არის წინააღმდეგობაში აშშ-ის ხელისუფლებასთან. მათ სურთ, სააკაშვილი კარგად შეფუთონ და პოლიტიკურ პენსიაზე დიდი ბაფთითა და მაქმანებიანი პერანგით გაუშვან. ეს არჩევნები ქართველმა ხალხმა მოიგო და ეს აშშ-მა გააფორმა. სანამ სააკაშვილი დამარცხებას აღიარებდა, აშშ-ის ელჩი ორ სენატორთან ერთად მივიდა ბიძინა ივანიშვილთან მისალოცად. ამერიკის ინტერესი მარტივია, თავის დროზე, დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადდა ე.წ. ფერადი რევოლუციები საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. უკრაინისა და ყირგიზეთის რევოლუციები ჩაფლავდა და ამიტომაც აშშ დაინტერესებულია, საქართველოს რევოლუციამ გაამართლოს. მათთვის მნიშვნელოვანია აჩვენონ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შესაძლოა წარმატებული დემოკრატიის არსებობა. ამიტომაც უნდათ სააკაშვილი დარჩეს ისტორიაში, როგორც კავკასიელი დემოკრატი ვაცლავ ჰაველი. ეს არის ჩვენი მეზობლებისათვის საჩვენებლად. თუ ეს მოხდა საქართველოში, რატომ არ შეიძლება სომხეთშიც მოხდესო, მაგრამ სააკაშვილი არ ითამაშებს მხოლოდ ამერიკის თამაშს. მას რევანშის წყურვილი კლავს და ამას არც მალავს.
გვიხაროდეს არასასურველი ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ნუ ვიქნებით იმ ილუზიით შეპყრობილი, რომ სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში.
საქართველოში ბოროტებას ფრთები შეეკვეცა, მაგრამ სათავე ჯერ კიდევ არსებობს.