სიყვარული საერთო საცხოვრებელში და 11-წლიანი "საიმედო ზურგი", სკანდალური ფოტოსესია და გზა თავდაცვის მინისტრობამდე - ვინ არის მიხაილ ფედოროვი, რომელმაც ზელენსკი სოცქსელების ფენომენად აქცია
უკრაინის პოლიტიკურ ცაზე ახალი ვარსკვლავი კი არ აინთო, არამედ უკვე არსებულმა ყველაზე კაშკაშა ფიგურამ რადიკალურად შეიცვალა ამპლუა - ასე ეხმაურება უკრაინუკი მედია 34 წლის მიხაილ ფედოროვის დაწინაურებას. ადამიანმა, რომელმაც უკრაინა „სმარტფონში მოაქცია“, ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. მან ამ პოსტზე დენის შმიგალი შეცვალა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი უკრაინის ისტორიაში.
ვინ არის რეალურად მიხაილ ფედოროვი? - როგორ იქცა სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი ბიჭი ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო სტრატეგიის მთავარ იმედად და როგორია მისი პირადი ცხოვრება, რომელიც ხშირად ხდება სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი?
ბავშვობა ვაზილიევკაში: ვირტუალური ფულიდან რეალურ წარმატებამდე
მიხაილ ფედოროვი 1991 წლის 21 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქის პატარა ქალაქ ვაზილიევკაში დაიბადა. მისი ბავშვობა არაფრით ჰგავდა მომავალი მინისტრის ცხოვრებას. როგორც თავად იხსენებს, სკოლის პერიოდში მისი მთავარი გატაცება ჭადრაკი და ტექნოლოგიები იყო. თუმცა, მიხაილი მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლებოდა.
ჯერ კიდევ მოზარდობისას ის ცდილობდა ტექნოლოგიების „მონეტიზაციას“ - კომპიუტერულ თამაშებში ვირტუალურ ნივთებსა და ვალუტას აგროვებდა, რომლებსაც შემდეგ რეალურ ფულზე ყიდდა. პარალელურად, ზაფხულობით ადგილობრივ ფერმერებთან მოსავლის აღებაზე მუშაობდა, რათა საკუთარი ფული ჰქონოდა. სკოლაში კი მასწავლებლებს სასწავლო მასალების გაციფრულებაში ეხმარებოდა. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები იმ გზაზე, რასაც მოგვიანებით „სახელმწიფო სმარტფონში“ ეწოდა.
სიყვარული საერთო საცხოვრებელში და 11-წლიანი "საიმედო ზურგი"
ფედოროვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტს უკავშირდება. სწორედ იქ, სოციოლოგიისა და მართვის ფაკულტეტზე სწავლისას, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - ანასტასია.
მათი გაცნობის ისტორია კლასიკურია: სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, საერთო სამზარეულო და მეგობრობა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ანასტასია, რომელიც ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თავიდან მიხაილის რეპეტიტორიც კი იყო ინგლისურ ენაში. როგორც თავად ანასტასია იხსენებს, რამდენიმე თვე ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეეძლოთ.