"ჩემი მოკლული ცოლის სხეული საათ-ნახევარი ვატარე" - მოკლული ექთანი, სტუდენტისთვის გულში ნასროლი ტყვია და საყოველთაო სასაფლაოზე იძულებით დაკრძალვა: BBC
8 იანვარს, თეირანში გამართულ საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რეზა მეუღლეს, მარიამს გადაეფარა იმისათვის, რომ დაეცვა. (სახელები უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია).
"ჩემი ცოლის ცხედარი საათ-ნახევრის განმავლობაში ვატარე, უცებ ხელში სიმსუბუქე ვიგრძენი - მხოლოდ მისი ქურთუკი მეჭირა,“ – ასე აღწერა რეზამ მისი მეუღლის სასიკვდილო დაჭრის დეტალები ოჯახის წევრებთან. სწორედ მათ მისცეს ინტერვიუ BBC Persian-ს.
დაღლილი რეზა ჩიხში ჩამოჯდა. მალე მეზობელი სახლის კარი გაიღო. მაცხოვრებლებმა ისინი ავტოფარეხში შეიყვანეს და მარიამის ცხედარი თეთრ ზეწარში შეახვიეს.
მარიამმა საპროტესტო აქციაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 და 14 წლის შვილებს უამბო, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში.
"ზოგჯერ მშობლები საპროტესტო აქციებზე დადიან და აღარ ბრუნდებიან. ჩემი სისხლი, ისევე როგორც თქვენი, არავისზე ძვირფასი არ არის“, - თქვა მან.
დაღუპული ქალი ათასობით მომიტინგედან ერთ-ერთია, რომლებიც სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან ხელისუფლებამ ირანელ დემონსტრანტებს სასტიკი რეპრესიებით უპასუხა.აშშ-ში დაფუძნებული ირანული ადამიანის უფლებათა საინფორმაციო სააგენტო HRANA იუწყება, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მინიმუმ 2400 მომიტინგე, მათ შორის 12 ბავშვი, დაღუპვა.
დაღუპულთა რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან ირანის ხელისუფლებამ თითქმის მთელ ქვეყანაში დაბლოკა ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაცია. ოფიციალური სტატისტიკა კი არ ვრცელდება.
ერთადერთი რაც ადგილობრივმა მედიამ ოფიციალურად გაავრცელა არის ის, რომ დაღუპულია 100-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი. მათი თქმით ისინი მოკლეს მომიტინგეებმა, რომლებსაც „მეამბოხეებსა და ტერორისტებად“ მოიხსენიებენ.
დემონსტრაციები დედაქალაქ თეირანში 29 დეკემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. პროტესტი ათობით სხვა ქალაქში გავრცელდა და ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
როგორც თვითმხილველებმა BBC-თან განაცხადეს, სურთ, დანარჩენმა მსოფლიომ იცოდეს რა ხდება მათ თავს.
„ჩვენს ტერიტორიაზე სისხლის სუნი დგას - მათ ამდენი ადამიანი მოკლეს“, - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა BBC Persian-ს. მეორემ გაიხსენა, თუ როგორ ესროდნენ უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს „ძირითადად თავებსა და სახეებში“.