„მაიტა გრენლანდია!“ - რატომ ჩაიციკლა ასე ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონებაზე?! - კვირის პალიტრა

„მაიტა გრენლანდია!“ - რატომ ჩაიციკლა ასე ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონებაზე?!

„მაიტა გრენლანდია!“ - ასე რატომ ჩაიციკლა ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონების სურვილში?

„გაიტანეთ გრენლანდია!“- ეს დაუვიწყარი ფრაზა „ცისფერი მთებიდან“ საქართველოში თაობების საყვარელ გამონათქვამად იქცა, როდესაც რაღაც უაზრობისთვის სურდათ ხაზის გასმა და როგორც აღმოჩნდა, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავის“ გადაღებიდან 42 წლის შემდეგ ის ასევე აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში, ოღონდ საპირისპირო მნიშვნელობით -„მაიტა გრენლანდია!“...

სხვანაირად ნამდვილად ვერ შეაფასებ იმას, რასაც ერთი წლის განმავლობაში მოითხოვს დონალდ ტრამპი -გასული წლის იანვარში, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად „კურთხევისთანავე“, მან თვალი გრენლანდიასაც დაადგა, ხოლო ამ დღეებში კიდევ უფრო გაამწვავა ეს საკითხი, როდესაც გრენლანდიის, მსოფლიოში უდიდესი კუნძულის აშშ-ისთვის ოფიციალურად გადაცემას დაჟინებით მოითხოვს და ღიადაც კი იმუქრება, მათ შორის - არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს...

„...ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული... ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს... ნატო, უთხარი დანიას, გავიდნენ აქედან ახლავე! ძაღლების ორი ციგა საქმეს ვერ გააკეთებს! მხოლოდ აშშ-ის შეუძლია!!!... ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ პროცესს ნატო უნდა გაუძღვეს, რათა ჩვენ ის მივიღოთ. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ მას რუსეთი და ჩინეთი მიიღებენ და ეს არ მოხდება... აშშ-ის უზარმაზარი სიძლიერის გარეშე, ნატო სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანი და შემაკავებელი ძალა არ იქნებოდა... მათ ეს იციან და ეს მეც ვიცი. ნატო უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია...“ - აი,ასეთ „მარგალიტებს“ აფრქვევს დღეგამოშვებით აშშ-ის პრეზიდენტი, რაც მით უფრო გასაკვირია იმის ფონზე, თუ ამ დღეებში რა ხდება ირანში და უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ თეთრი სახლის მთელი ყურადღება და რესურსები სწორედ ირანის პრობლემებისკენ იყოს მიმართული და არა - გრენლანდიის წართმევაზე დანიასთან, ნატოელ მოკავშირესთან ღია დაპირისპირებაზე... „თუ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისა და მოკავშირის სუვერენიტეტი დაირღვევა, მაშინ ამას უპრეცედენტო ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება…საფრანგეთი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და დანიისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად სრული სოლიდარობით იმოქმედებს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და ამით გამოხატა ევროპული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერთა საერთო აზრიც.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა კი განაცხადა, რომ გრენლანდია დანიასთან დარჩენას ამჯობინებს.

„თუ ჩვენ აქ და ახლა მოგვიწევს არჩევნის გაკეთება შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის, ჩვენ ვირჩევთ დანიას! ჩვენ ვირჩევთ ნატოს! ჩვენ ვირჩევთ დანიის სამეფოს! ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს!“ - აღნიშნა ნილსენმა.

ამას კი მოჰყვა აგდებული კომენტარი პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან - „არ ვეთანხმები მას. არ ვიცი ვინ არის ის, მის შესახებ არაფერი ვიცი. მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება“, - ტრამპი დაემუქრა კიდეც გრენლანდიის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს...

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ არ დამალა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს გრენლანდიის „დაპყრობას“, რაც „აბსოლუტურად მიუღებელია“, - აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განმარტავს, რომ „დანია და გრენლანდია ღია არიან აშშ-ის მიერ კუნძულზე მეტი სამხედრო ბაზების გახსნის შესაძლებლობის მიმართ“.

ანუ არც დანია და არც გრენლანდია არ ზღუდავენ აშშ-ს, რომ გრენლანდიაში უკვე მოქმედი ტულეს მსხვილი ამერიკული საჰაერო ბაზისა და აშშ-ის კოსმოსური ძალების ანტისარაკეტო ბაზის გარდა, სხვა ამერიკულმა სამხედრო ობიექტებმაც დაიწყონ ფუნქციონირება გრენლანდიაში.

მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს ჯიუტად მაინც გრენლანდიის სრული დასაკუთრება სურს, რისთვისაც თითქოს 700 მლრდ დოლარის გადახდაზეა თანახმა...

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ და რატომ სთხოვს ტრამპს ირანის დაბომბვის დროებით გადავადებას - ერთ-ერთი მათგანი ისრაელია?!

ტრამპი აითოლას რეჟიმის ობიექტებს დაბომბავს, ირანი რაკეტების გაშვებით უპასუხებს და შემდეგ...?

"ვიგრძენი, თითქოს თავი შიგნიდან ამიფეთქდა" - რა ზესაიდუმლო იარაღი გამოიყენეს ტრამპის სპეცრაზმელებმა, რომ მადუროს დაცვა საკუთარ პრეზიდენტს ვერ გადაეფარა?!

ომის 1 418 დღე- რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომსაც გადაასწრო...

ტრამპის მხრიდან იმ მტკიცების გასანეიტრალებლად, თითქოს გრენლანდიას „ძაღლების მხოლოდ ორი მარხილი თუ იცავს დანიის მხრიდანო“, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ნაწილი გრენლანდიაში სასწრაფოდ იწყებენ ერთობლივ სამხედრო სწავლებას, სადაც დანიელ სამხედროებს გვერდში ფრანგი და გერმანელი კოლეგებიც ამოუდგებიან, რათა ტრამპს დაანახონ, რომ „რუსეთი და ჩინეთი ვერ შეძლებენ გრენლანდიის დაპყრობას“...

თუმცა ტრამპი დღეს, თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი წლის დასასრულისთვის, ერთგვარ ტანკს წააგავს, რომელსაც მხოლოდ წინსვლის სიჩქარე აქვს ჩართული და გაჩერებას არ აპირებს,რომ აღარაფერი ვთქვათ უკუსვლის სიჩქარეზე გადართვაზე - „მაიტა გრენლანდია!“ და წერტილი...