“ღვთისმშობელი ორმოცჯერ გამოეცხადა. წმინდანი 1 000 დღე და ღამე, სიცივესა და წვიმაში, მუხლმოდრეკილი ღაღადებდა უფლის მიმართ” - წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღე - ცხოვრება და მოღვაწეობა - კვირის პალიტრა

“ღვთისმშობელი ორმოცჯერ გამოეცხადა. წმინდანი 1 000 დღე და ღამე, სიცივესა და წვიმაში, მუხლმოდრეკილი ღაღადებდა უფლის მიმართ” - წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღე - ცხოვრება და მოღვაწეობა

15 იანვარი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანის, ღირსი მამა სერაფიმე საროველის ხსენების დღეა. ამ დღეს განსაკუთრებული მადლით ივსება ბორჯომის ხეობა, კერძოდ სადგერის ტყე, სადაც წმინდანის ცხოვრების ეპიზოდები ცოცხლდება და საქართველოში საროვის უდაბნოს ცოცხალ ხატებად იქცა.

წმინდა მამა, რომელიც სიცოცხლეშივე გამორჩეულ პატივს მიაგებდა ივერიას, თავადაც საქართველოს სულიერ მფარველად იქცა. ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ბორჯომის ტყის პლატო გამორჩეული ადგილია - ნამდვილი სულიერი შუქურა თანამედროვეობის ქაოსში.

wmindaserafimegtismshoblisxattan-1768498645.jpg

ტყის სიმწვანეში ჩაფლული სერაფიმე საროველის მონასტერი მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მისი ისტორია ერთ საკვირველ შემთხვევას უკავშირდება: ადგილობრივ მკვიდრს, თამაზ კურტანიძეს, თეთრ სამოსელში შემოსილი წმინდანი სამჯერ გამოეცხადა ხილვაში და სადგერის ტყეში ტაძრის ადგილი მიანიშნა. ეს იყო ზეციური ნიშანი, რომ საროვის დიდ მამას ივერიის მიწაზე საკუთარი სავანის დაფუძნება სურდა. სწორედ ამ სულიერი გზავნილის შემდეგ გადაწყდა, რომ მონიშნულ ადგილზე ახალი სულიერი კერა დაარსებულიყო.

საროვის „ახლომდებარე უდაბნოს“ ცოცხალი ხატება

ბორჯომის სავანე საროვის „ახლომდებარე უდაბნოს“ ზუსტი ანალოგია. ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული მსგავსება, არამედ, სულიერი სივრცის გაცოცხლება, რომელიც მნახველს წმინდანის ყოველდღიურობაში ამოგზაურებს. აქაურობა ნამდვილ დროში მოგზაურობას ჰგავს: 1903 წლის ისტორიულ ფოტოებზე დაყრდნობით, ანალოგიური სიზუსტითაა აღდგენილი ის გარემო, რომელიც საროვის მონასტრიდან სამი ვერსის დაშორებით მდებარეობს. სწორედ იმ უდაბნოში გაატარა წმინდანმა განდეგილობის უმკაცრესი წლები.

kelia-1768498678.jpg

წმინდანის კელია - სიმდაბლისა და ზეციური ხილვების სავანე

მონასტრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი ღირსი მამა სერაფიმეს კელიის ზუსტი ასლია - ხის მორებით ნაგები პატარა ქოხი, რომელიც ასევე ისტორიული ფოტოების მიხედვით აღდგა. ეს უბრალო ნაგებობა სიმბოლურად აცოცხლებს წმინდანის საცხოვრებელ გარემოს. კელიის სიმარტივე წმინდანის სიმდაბლეზე მეტყველებს. აქვეა დასვენებული ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე“, რომლის წინაშე ლოცვისას, 1833 წლის 2 იანვარს, მუხლებზე მდგომი ღირსი მამა აღესრულა.

კელია არ ყოფილა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი - იგი ნამდვილ სულიერ ოაზისად და სასწაულების სათავედ იქცა. აქ ღირს მამას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ორმოცჯერ გამოეცხადა. ამ კედლებში წმინდა სერაფიმე ათასობით ადამიანს მასპინძლობდა, საკვირველი განჭვრეტის ნიჭით ხედავდა მათ წარსულსა თუ მომავალს და ბევრს სახელითაც კი მიმართავდა. კელიაში შეხვდებით იმ ნივთების ზუსტ ასლებს, რომლებსაც წმინდა ბერი მუდმივად ატარებდა: თეთრ კვართს, სპილენძის ჯვარს, სკვნილსა და მხარზე გადაკიდებულ, ქვებით სავსე ჩანთას. კელიის კედლებზე ასახული სცენა, სადაც წმინდანი დათვს პურით უმასპინძლდება.

ამ წმინდა ადგილს ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. მათ მტკიცედ სწამთ, რომ წმინდანი შეისმენს მათ სათხოვარს. მონასტერში სასწაულები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღესაც, კელიის შესასვლელთან მნახველებს ღირსი მამის უკვდავი სიტყვები ხვდება: „ჩემო სიხარულო, ქრისტე აღსდგა!“

moalerse-1768498714.jpg

ათასდღიანი ლოცვის სიმბოლო - სურვილების ქვა

ბორჯომის სავანეში სულიერი ღვაწლის უმთავრესი სიმბოლოა უზარმაზარი ქვის ასლი. იგი წმინდა სერაფიმე საროველის სულიერ ღვაწლსა და იმ ლოდს განასახიერებს, რომელზეც წმინდანი ათასი დღისა და ღამის განმავლობაში ლოცულობდა, ასე ებრძოდა ბოროტ ძალას. ქვა პლატოს ტყეში, პატარა სამლოცველოშია დაბრძანებული და თავის დროზე მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) კურთხევით მოეწყო.

ნამდვილი ლოდის ისტორია კი ასეთია: ტყის სიღრმეში, განდეგილის სენაკთან, ერთი უზარმაზარი გრანიტის ლოდი იდო... სწორედ ეს ქვა იქცა მამა სერაფიმეს ღამისეული ბრძოლების მოწმედ. შებინდდებოდა თუ არა, წმინდანი აქ მოდიოდა და ფეხზე მუხლმოდრეკილი, ხელაპყრობილი ღაღადებდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!“. დღისით კი ლოცვას სენაკში შეტანილ მეორე ქვაზე აგრძელებდა. ამ საოცარ ღვაწლში გაილია ათასი დღე და ათასი ღამე...

დარშიც და ავდარშიც, განუწყვეტლივ ლოცულობდა მუხლმოყრილი, მაშინაც, როცა დაღლილობისგან სხეულს ბურანი ერეოდა, ბუნების კანონებს სძლევდა და ლოცვას აძლიერევდა. მხეცებიც კი, მისი სიწმინდით მოთვინიერებულნი, მორჩილად უვლიდნენ გვერდს ხელაპყრობით მლოცველ წმინდანს.

მამა სერაფიმე ამ ღვაწლს გულდასმით მალავდა, მისი საიდუმლო მაინც გამჟღავნდა. როცა გაოცებულმა ძმებმა ჰკითხეს, როგორ გაუძლო ასეთ ტანჯვას, მან უბრალოდ მიუგო: „ღვთის მადლი რომ არა, სხვაგვარად ადამიანის ძალას ეს არ ეყოფოდაო“. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ქვის მოძებნა გადაწყვიტეს, დიდი წვალებით მიაგნეს მამა სერაფიმეს ლოცვით მადლმოსილ ქვას - იგი მტვერსა და ფოთლებს დაეფარა. მოგვიანებით, მორწმუნეებმა ლოდის ნამსხვრევები მთელ მსოფლიოში განაბნიეს, როგორც უდიდესი მადლისა და ბოროტის ძლევის სიმბოლო.

იმედის „ფოსტა“: სურვილები ლოდთან

ლოდი „სურვილების ქვის“ სახელითაა ცნობილი და სასწაულმოქმედია, რადგან მასზე აღვლენილ ლოცვას არაერთი საკვირველი საქმე მოუხდენია - განუკურნავს ისეთი ადამიანებიც კი, რომელთაც გამოჯანმრთელების იმედი აღარ ჰქონდათ. მომლოცველებს განსაკუთრებული ტრადიცია აქვთ: პატარა ფურცლებზე წერენ თავიანთ სათხოვარს, ვარამსა თუ აღთქმებს და რწმენით ტოვებენ ლოდის ქვეშ. უთვალავი წერილი, რომელიც ადამიანთა ტკივილსა და ოცნებებს მოიცავს, წმინდა სერაფიმეს ფეხთით ელოდება წმინდა მამის ზეციურ მეოხებას.

ლოდის გარშემო დატოვებული უამრავი წერილი ერთგვარი სულიერი ფოსტაა, სადაც ადამიანები საკუთარ გულებს აშიშვლებენ. სტუმრობისას არაერთი მომლოცველი ვნახეთ - ზოგი მუხლმოყრილი იდგა, ზოგი აკანკალებული ხელით პატარა ფურცელზე რაღაცას გამეტებით წერდა. თითქოს ჰაერშიც კი იგრძნობა ის უთქმელი იმედი, რომელსაც ადამიანები „სურვილების ქვასთან“ ტოვებენ. რამდენიმე მათგანმა, თავისი გულისტკივილი და სათხოვარი ჩვენც გაგვიმხილა და ჩვენს მკითხველამდეც მოვიტანეთ:

ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც დიდხანს იდგა ქვაზე მიყრდნობილი, გვითხრა: „ჩემი ძმა მძიმე სენს ებრძვის... აქ იმიტომ ამოვედი, რომ წმინდა სერაფიმეს ვთხოვო, სასწაული მოახდინოს და ფეხზე დააყენოს. მჯერა, რომ მისი ათასდღიანი ლოცვის მადლი ჩემს ძმასაც შეეწევა“.

იქვე, პატარა ბიჭუნამ, სახელად საბამ, ლოდის ნაპრალში ფრთხილად დებდა ფურცელს. რომ ვკითხეთ, რას სთხოვ წმინდანსო, ბავშვური გულწრფელობით გვიპასუხა:„მინდა, რომ ჩემს ბებოს თვალები აღარ სტკიოდეს და ისევ შეძლოს ჩემთვის ზღაპრების წაკითხვა. მამა სერაფიმეს ხომ ცხოველებიც უყვარდა და ალბათ ბებიებსაც დაეხმარება“.

განსაკუთრებით ემოციური იყო ერთი ქალბატონის ჩანაწერი, რომელიც იქვე, ფურცლის კუთხეში დაგვენახა: „მადლობა, წმინდაო მამაო, რომ ათწლიანი ლოდინის შემდეგ ჩემს ოჯახში ბავშვის ტირილი გაისმა. სხვა არაფერს გთხოვ, ოღონდ ეს პატარა ანგელოზი დამიფარე და ჯანმრთელი გაგვიზარდე...“

სავანეში ყოფნისას კიდევ ბევრი ასეთი ბარათი მოგვხვდა თვალში: ზოგი შერიგებას სთხოვს წმინდანს, ზოგი - სულიერ სიმშვიდეს, ზოგიც - ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას და განსაცდელებისგან გამოსვლას. ყველას თავისი სატკივარი და ოცნება მიაქვს წმინდა მამასთან და სასოებით, ფრთხილად უტოვებენ მადლმოსილი ლოდის ქვემოთ.

დალუქული ბარათები, რომლებიც ლოდის გარშემო ათასობითაა მიმოფანტული, სიმბოლურად მოწმობს მლოცველთა ურყევ რწმენაზე. ამბობენ, რომ ამ ქვასთან ნანატრი სურვილები სრულდება - მთავარია, წმინდა სერაფიმეს რწმენითა და სუფთა გულით შევევედროთ. მართლაც, უამრავი საკვირველება მომხდარა ამ ქვასთან, მათ შორის, პარალიზებული თერთმეტი წლის გოგონას სრული განკურნება და სხვა უამრავი შემთხვევა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მამა სერაფიმეს მადლი ამ ქვასთან დღესაც უცვლელად სუფევს.

„ღვთისმშობლის წყარო“ და სულიერი კავშირი ივერიასთან

სავანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილია - სიმბოლური ჭა, რომელიც იმ ისტორიული ჭის ასლია, რომელიც წმინდა სერაფიმემ ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ ააგო. ეს მოხდა 1825 წლის 8 დეკემბერს: დედა ღვთისამ მიწას კვერთხი დაჰკრა და იმ წამსვე იქვე მაცოცხლებელმა წყარომ ამოხეთქა. სწორედ ამ გამოცხადებისას აუწყა ყოვლადწმინდა მარიამმა წმინდანს, რომ დივეევო გახდებოდა ღვთისმშობლის მეოთხე წილხვედრი მიწა დედამიწაზე - ივერიის, ათონისა და კიევის შემდეგ.

სერაფიმე საროველმა ჭა ზუსტად იმ ადგილას მოაწყო, სადაც ღვთისმშობელი იდგა. მისი წყალი თავისი ძალით იერუსალიმის ბეთეზდას საცურაოსაც კი აღემატებოდა, სადაც ანგელოზის ჩასვლის შემდეგ სნეულნი იკურნებოდნენ. ბორჯომის ტყეში აღმართული ჭა მხოლოდ წყლის მოსაპოვებელი ადგილი არ არის - ის მორწმუნეთა აღთქმისა და სასოების სიმბოლოა.

ჭასთან მისული მომლოცველები ერთ საინტერესო ტრადიციას იცავენ: წყალში წვრილ კუპიურებსა თუ ხურდა ფულს ყრიან, ნიშანად იმისა, რომ აქ მოსული ადამიანი სულიერ კავშირს ამყარებს წმინდანთან და გამოხატავს სურვილს, კვლავ დაბრუნდეს ამ მადლიან ადგილას. ჭაში ქართული თეთრის გვერდით ხშირად დაინახავთ უცხოურ მონეტებსაც; ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სავანის საერთაშორისო მნიშვნელობას და იმას, რომ ღირსი მამის სიყვარული და მადლი საზღვრებს არ ცნობს და მთელ მსოფლიოს აერთიანებს.

ტაძრის კედლებში გაცოცხლებული წმინდანის ცხოვრების ეპიზოდები და „შველის სასწაული“

მონასტრის მთავარი ტაძარი მხოლოდ სალოცავი ადგილი როდია - ის ღირსი მამის ცხოვრების ვიზუალურ ქრონიკას წარმოადგენს. ტაძრის კედლები მდიდარი და ფერადოვანი ფრესკებითაა შემკული, რომლებიც წმინდა სერაფიმეს სულიერ გზაზე გვამოგზაურებს. თითოეული სცენა, თითოეული გამოსახულება წმინდანის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს აცოცხლებს, თუმცა ერთი ამბავი, რომელიც ტაძრის მოხატვას უკავშირდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავია:

მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა საოცარ შემთხვევას, რომელიც სწორედ ტაძრის მოხატვის პროცესში მოხდა. ერთხელ, მხატვართან საუბრისას, მათ სადგერის ტყეში ნანახი შველი გაიხსენეს. ამ საუბარს პატარა ბიჭი უსმენდა, რომელსაც ეს ცხოველი არასოდეს ენახა. ბავშვი ჩუმად, მთელი გულით შეევედრა წმინდანს: „მამა სერაფიმე, თუ შველს მაჩვენებ, სანთელს დაგინთებო“.

სასწაულმაც არ დააყოვნა - ცოტა ხნის შემდეგ ტაძრის ეზოდან ბავშვის აღფრთოვანებული ხმა გაისმა: „მეუფე, მეუფე, შეხედეთ, შველი!“. მართლაც, ტყიდან გამოსული შველი პირდაპირ მონასტრის ტერიტორიაზე შემოვიდა და გაოცებულ ბავშვს უყურებდა. წმინდანმა მაშინვე შეისმინა პატარა ბიჭის უმანკო ვედრება და მას თავისი სიყვარულით სავსე სამყაროს ნაწილი უჩვენა.

wmindamamadatvtan-1768498887.jpg

წმინდა სერაფიმე საროველის ცხოვრება და ღვაწლი

წმინდა სერაფიმე საროველის ცხოვრება დაბადებიდანვე ღვთის განსაკუთრებული მფარველობით დაიწყო. პროხორე მოშნინი, როგორც მას ერში ერქვა, ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაურჩა სიკვდილს, როდესაც ტაძრის მშენებლობისას სამრეკლოდან გადმოვარდა და უვნებელი გადარჩა. მოგვიანებით, მძიმე სნეულების ჟამს, მას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნებას დაჰპირდა, რაც მალევე აღსრულდა კურსკის მფარველი ხატის მიახლებით. ბერობის მოსურნე ჭაბუკი საროვის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც რვაწლიანი მორჩილების შემდეგ სერაფიმეს სახელით აღიკვეცა.

მისი მოღვაწეობა სავსე იყო ზეადამიანური ღვაწლით – სენაკში დაბრუნებულს კვლავ გამოეცხადა უფლის დედა და წყალმანკის მძიმე სენისგან განკურნა, რა დროსაც მოციქულებს წმინდანზე მიუთითა: „ეს ჩვენი ნათესავიაო“. სულიერი ბრძოლის მწვერვალი იყო მისი ათასდღიანი ლოცვა ლოდზე, როდესაც წმინდანი ზედიზედ ათასი დღე და ღამე, სიცივესა და წვიმაში, მუხლმოდრეკილი ღაღადებდა უფლის მიმართ. ბუნებაც კი მორჩილებდა მის სიწმინდეს - ტყეში განმარტოებულ ბერს დათვი თაფლით მასპინძლობდა და მხეცები მისი ხელიდან ჭამდნენ პურს.

მაშინაც კი, როცა ავაზაკებმა სასტიკად სცემეს და წელში მოხარეს, მან მტანჯველებს აპატია, თავად კი ღვთისმშობლის მორიგი გამოცხადებით განიკურნა. წმინდა სერაფიმეს ცხოვრება სასწაულებით იყო გაჯერებული: ზამთრის სუსხში სტუმრად მოსულ მღვდელმთავარს მან საკუთარ სენაკში აყვავებული ჟოლოს ნაყოფი მიართვა, ხოლო მიწაზე კვერთხის დარტყმით სამკურნალო წყარო აღმოაცენა. იგი განსაკუთრებით მფარველობდა დივეევოს მონასტრის „ობლებს“ და ყველას, ვინც მასთან მიდიოდა, სიტყვებით - „ჩემო სიხარულო, ქრისტე აღსდგა!“ - ეგებებოდა.

წმინდა მამის აღსასრულიც ისეთივე მშვიდი იყო, როგორც მისი ლოცვა - იგი 1833 წლის 2 იანვარს, ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოდრეკილი გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილების პოვნა 70 წლის შემდეგ, 1903 წლის 19 ივლისს, საყოველთაო ზეიმად იქცა, რითაც აღსრულდა მისივე წინასწარმეტყველება, რომ შუა ზაფხულში აღდგომის საგალობლებს იმღერებდნენ.

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)