სკანდალური განცხადება: "ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინი ტრამპს საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი - კვირის პალიტრა

სკანდალური განცხადება: "ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინი ტრამპს საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი..." - პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზი

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.

- როგორ აიხსნება ტრამპის განცხადებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, რა განვითარებას უნდა ველოდეთ დანიასთან და ევროკავშირთან აშშ-ის ურთიერთობის თვალსაზრისით?

- არ ვარ მიამიტი ვთქვა, რომ ტრამპს არ სურს გრენლანდია. რა თქმა უნდა, მას უნდა, მიიღოს გრენლანდია, მაგრამ ჯერჯერობით განცხადებით შემოიფარგლება, რასაც თავის მხრივ უპირისპირდება არანაკლებ მკაცრი განცხადებები დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებების მხრიდან. მოგეხსენებათ, გრენლანდიას დანიის სამეფოში მაღალი დონის ავტონომია აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრითა და საკანონმდებლო ორგანოთი. ამას ემატება ევროკავშირის განცხადებებიც...

- ანუ ამ განცხადებებით ტრამპმა ჯერ მხოლოდ ნიადაგი მოსინჯა?

- ტრამპი არათანმიმდევრული პოლიტიკოსია და ეს მისი მთავარი მინუსია. თუმცა, მგონია, რომ ვაჭრობს. გრენლანდიის ტერიტორიაზე განლაგებულია ყველაზე მსხვილი ამერიკული სამხედრო ბაზა, ამიტომ აშშ-ს არანაირი პრობლემა არა აქვს ნატოს, ევროკავშირის, დანიისა და არც საკუთრივ გრენლანდიის კონტექსტში. მას თავისუფლად შეუძლია მიუმატოს კიდევ რამდენიმე ბაზა. აშშ-ის პრეზიდენტი ვაჭრობს, რათა მეტი უფლებები მიიღოს. შემოდგომაზე ამერიკაში შუალედური არჩევნებია და ტრამპმა ან რაღაც უნდა მოახერხოს გრენლანდიაში, ან საერთოდ გაჩუმდეს და დაივიწყოს, მაგრამ ის, რომ გრენლანდია მიუერთოს შტატებს, ამის არც მჯერა და არც გამოუვა.

- რამდენად მისცემენ რუსეთი და ჩინეთი­ მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას და ხომ არ დაძაბავს ვენესუელის მოვლენები ამ სამ დიდ სახელმწიფოს შორის ვითარებას? ასევე არის თუ არა მოსალოდნელი ურთიერთობების გართულება ევროკავშირთანაც?

- ყველა ზემოჩამოთვლილი სახელმწიფო ცდილობს ფრთხილად იყოს ამერიკასთან\. ყველაზე თამამი მაინც ჩინეთია, ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც თავს აძლევს უფლებას, აშშ-ს სანქციები დაუწესოს.

თუ ყველა ცდილობს, არ მოხვდეს ამერიკის ბორბლებქვეშ, ერთადერთია ჩინეთი, რომელმაც იცის საკუთარი ძალა და საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. თუმცა, ჩინეთისთვის მისაღებიცაა­, რასაც ამერიკა აკეთებს ვენესუელაში, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის ნავთობის­ 60%-ს ყიდულობს, მაინც ცდილობს იყოს პრაგმატული. ჩინეთი დიდი ხანია დამკვიდრდა სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. მას იქ აქვს უდიდესი ინვესტიციები და ერთი ქვეყნის დაკარგვა არაფრად უღირს. თავის მხრივ ამერიკაც ფრთხილია ჩინეთთან და მხოლოდ მასთან მიდის დათმობაზე, მაგალითად ტარიფებთან დაკავშირებით. რუსეთიც ბევრს კარგავს ვენესუელაში მომხდარი ცვლილებებით. რაც შეეხება ევროკავშირს, მას სჭირდება ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა და იმაზე უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე მოველით. ასე რომ, სიფრთხილე არის კარგად გათვლილი პრაგმატული ნაბიჯი, რუსეთის მხრიდანაც კი.

- როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების­ განცხადებებს და თუ ელოდებით, რომ ვენესუელის ახალი ხელისუფლება უკან წაიღებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას?

- ეს მსოფლიოსთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ დადგება დრო, როცა ვენესუელა გადახედავს ამ საკითხს, მაგრამ ამით არსებითად არაფერი შეიცვლება.

მთავარია, თბილისმა იპოვოს საერთო ენა სოხუმთან. თუ წარმატებული იქნება თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის შერიგების პოლიტიკა, თუ ჩვენ მოვახერხებთ ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ ყველა აღიარება ძალას დაკარგავს, ფარატინა ფურცლად დარჩება და არც უკან წაღება იქნება საჭირო.

რუსეთის აღიარებაც ძალას დაკარგავს და იქცევა უაზრობად. ჩვენს მიწაზე რუსული საოკუპაციო ჯარები უფრო მტკივნეული თემაა, ვიდრე აღიარების უკან წაღება. რუსები თავად არ გავლენ, ამიტომ როგორმე უნდა მივაღწიოთ ამას. როგორც კი რუსეთი გაიყვანს ჯარებს და ჩვენ შევრიგდებით, რუსეთს მოუწევს ახალ რეალობასთან შეგუება. ასე რომ, კარგია, თუ აღიარებას უკან წაიღებენ ქვეყნები, მაგრამ ეს სურათს არ ცვლის. მთელი ტრაგედია ის არის, რომ საქართველო გარიყულია. თუ აშშ-მა ვენესუელის ახალ ხელისუფლებასთან არ დაიწყო მოლაპარაკება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე, თუ არავინ შეახსენა, ეს საკითხი საერთოდ არ დადგება.

- ანუ ჩვენმა ხელისუფლებამ აშშ-სთან უნდა იმუშაოს ამ საკითხებზე? როგორ ფიქრობთ, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით?

- ჩვენ ვნახეთ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. საჭიროა მუშაობა ისეთი ქვეყნების საელჩოებთან, როგორიცაა ესპანეთი, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი აქვს ვენესუელასთან. აუცილებელია ველაპარაკოთ ბრიუსელს, რადგან მასაც აქვს გავლენები ვენესუელაზე. ამ თემებზე ჩვენ "ცეცხლი უნდა შევუნთოთ" მადრიდს, ბრიუსელს და თავისთავად ვაშინგტონს. ამის ნაცვლად კი ჩვენი ხელისუფლება ევროპას ლანძღავს! რაც შეეხება ქართული ოფიციოზის განცხადებებს, ვენესუელას არანაირი საერთო არა აქვს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან და პაპუაშვილის განცხადებაში აშშ-ზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი, სამაგიეროდ, მაინც პოულობენ საბაბს, დაარტყან ევროკავშირს... თუმცა გამორიცხული არ არის, აშშ-ის ადმინისტრაციამ ვენესუელის ახალ მთავრობას შესთავაზოს წინადადებათა პაკეტი, სადაც საქართველოს აღიარების უკან წაღებაც ერთ-ერთ პუნქტად იყოს აღნიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ: „საქართველოს შესაძლოა დიდი საფრთხე დაემუქროს, რადგან...“ - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი:" რუსეთმა ევროპას შესაძლო 2026 წლის ზაფხულში შეუტიოს"

რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკურ "ქარიშხალში" და რა საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას?! - მამუკა არეშიძის პროგნოზი: "შეცდომის ფასი ძალიან მძიმე იქნება"

ვინ და რატომ სთხოვს ტრამპს ირანის დაბომბვის დროებით გადავადებას - ერთ-ერთი მათგანი ისრაელია?!

მაიტა გრენლანდია!“ - რატომ ჩაიციკლა ასე ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონებაზე?!

- თუ ელით ურთიერთობების დათბობას­ საქართველოსა და აშშ-ს შორის?

- ინაუგურაციიდან ერთი წელი გავიდა და ტრამპს საქართველო არ გახსენებია. მან კავკასია გარკვეული წარმატებით შეისწავლა, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მოაგვარა და ამერიკის ინტერესები­ ჩადო პროექტში, რომელსაც "ტრამპის­ გზა" ჰქვია, მაგრამ ამ ფონზე არსებობს თუ არა რეგიონში მესამე სახელმწიფო - საქართველო - არ ჩანს. სამაგიეროდ, ტრამპს მოსწონს თურქეთი და ენდობა მას. ის თვლის, რომ რეგიონში თურქეთია წამყვანი, ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს შავ ზღვაზე, გაითვალისწინებს თურქეთის მოსაზრებას. ჯერჯერობით საქართველო არ მოხვედრილა ტრამპის დღის წესრიგში, თუმცა არაფერია გამორიცხული, შესაძლოა რაღაც საკითხების განხილვისა და მოგვარების შემდეგ ჯერი საქართველოზეც მიდგეს... ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ მოვა დრო და ტრამპი საქართველოში შექმნის ისეთ პირობებს, რომ "ქართული ოცნება"­ იძულებული გახდება, შეცვალოს პოლიტიკა. ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინთან შეხვედრის დროს, უკრაინის საკითხის განხილვისას, რუსეთის პრეზიდენტი მას საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი...

ტრამპმა იცის, რომ საქართველო შედის რუსეთის ინტერესებში. ამიტომ თუ ტრამპს გაუჩნდა იმედი, რომ რუსეთს ჩინეთის წინააღმდეგ თავის მოკავშირედ აქცევს, რაც გამორიცხულია, უკრაინასაც კი დათმობს და საქართველო რა თავში სახლელად უნდა?!

ამიტომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, ჩვენვე ვართ საკუთარი სახელმწიფოს გადამრჩენები და არა ბრიუსელი და ვაშინგტონი. ეს ხელისუფლებაც ან ჩვენი სურვილით დარჩება, ან ჩვენივე აქტიურობით გავისტუმრებთ. თავი უნდა დავანებოთ მითებს, რომ ტრამპს გავახსენდებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დემოკრატიულმა ძალებმა გაითავისონ, რომ საჭიროა არა სხვების იმედზე ყოფნა და ტახტზე წამოწოლა, არამედ ისწავლონ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტსა და საკრებულოებში შესვლა. არც ევროკავშირთან ურთიერთობაში ველი რაიმე გამონათებას. "ქართულმა ოცნებამ" თავად გადაიწურა წყალი ევროპასთან. პარტნიორები დაელოდებიან შემდეგ არჩევნებს...

წაიკითხე ვრცლად