"რატომ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქის ვიზით წასვლა პრობლემა ამერიკაში?! წლებია ამ კითხვას ვსვამთ" - გურამ მაჭარაშვილი
აშშ-ს გადასაწყვეტია საიმიგრაციო პოლიტიკას როგორ განსაზღვრავს ქვეყნებთან ურთიერთობაში - გამოწვევებით სავსე დღევანდელ მსოფლიოში არაფერი გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი სახელმწიფოს და თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკას რა პოლიტიკა და პოზიცია აქვს, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარე, მისი გადასაწყვეტია საიმიგრაციო პოლიტიკას როგორ განსაზღვრავს ქვეყნებთან ურთიერთობაში და ა.შ. ვხედავთ იმას, რომ ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა თავისი სახელმწიფოს და თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. ასე რომ, პირველი - გამოწვევებით სავსე დღევანდელ მსოფლიოში არაფერი გასაკვირი არ არის. მეორე - მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტმა თავის დროზე, როდესაც შევიდნენ თეთრ სახლში, თქვეს, რომ ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, „რატომ ეწინააღმდეგება ამერიკული ინტერესები იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ვიზით შეძლონ ქვეყანაში შესვლა“ და „რა გააკეთა მმართველმა პარტიამ იმისთვის, რომ საქართველო სიაში არ ყოფილიყო“, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მომავალში სწორად იქნება საქართველოს მიდგომები დანახული და „არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ, ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობები იქნება გადახედილი“.
„მეც იგივე კითხვა მაქვს აბსოლუტურად, რაც თქვენ თქვით. რატომ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქის ვიზით წასვლა პრობლემა ამერიკაში?! მეტსაც გეტყვით, ახლა კი არ გვაქვს ეს კითხვა, არამედ წლებია ამ კითხვას ვსვამთ. წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების 33%-ს ეძლეოდა ხოლმე ვიზა შეერთებულ შტატებში და რუსეთის მოქალაქეების 66%-ს ეძლეოდა ხოლმე ვიზა შეერთებულ შტატებში. კითხვა ახლა მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით, რატომ ხდება როცა ამერიკა გვეუბნება, რომ რუსეთი არის თურმე, მიუღებელი მათთვის. ჩვენთვის რომაა მიუღებელი, ამერიკისთვის ისეთი მიუღებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ ოკუპანტი ქვეყანაა. მაგრამ როცა ჩვენ გვეუბნება ამერიკა, რომ ჩვენი პარტნიორია და ამ დროს, წლების სტატისტიკას რომ გადავხედავთ, 33% არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ ვიზა გაცემული და 66%-ია რუსეთის მოქალაქეებზე. ეს კითხვა წლებია ჩვენც გვაქვს. მარტო თქვენ არ გაქვთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზოგადად, გადაიხედება ეს პროცესები. ჩვენ ვნახეთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვამბობდით განცხადებებით და ასევე ვასრულებდით, ტრამპის ადმინისტრაციამ 1 წელია უკვე ეს დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომავალ პერიოდში იქნება სწორად დანახული საქართველოს მიდგომები და არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ, ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობები იქნება გადახედილი...
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არა მარტო ამერიკასთან, არამედ ყველა ქვეყანასთან, რომ პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს. ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანობის პრინციპით და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანობის პრინციპი აუცილებლად დამკვიდრდება მსოფლიოში. ეს პროცესები ნელ-ნელა იწყება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"