"2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა... თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!" - ირაკლი ჩხვირკია
თუ ირაკლი ჩხვირკია ძალადობრივ მოქმედებას სჩადიოდა, რატომ ვერც ერთმა კადრმა ვერ აჩვენა? იგივე წარმატებით შეუძლია პროკურატურას ბრალი წამიყენოს, რომ ყაველაშვილის მკვლელობისთვის ან გაუპატიურებისთვის შევდიოდი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სწორედ მის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ მოტანილი ვიდეომასალა გამოიკვლიეს სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩხვირკიამ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მასალით მისი ბრალი ვერ დასტურდება.
„2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, ჯარშიც არ ვარ ნამყოფი, დედისერთა ვარ, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად...
თუ აქ [ათონელის სასახლესთან] ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!
შემრცხვა ჩემი თავის, პროკურორმა რომ თქვა, თურმე მოვუწოდე ვიღაცას და შემდეგ გამოვიქეცი.
ამ ვიდეოში ჩანს, რომ გაზისგან თვალები მეწვის და მერე გამოვდივარ.
წინა ვიდეოები, რომელიც გამოვიკვლიეთ, აღმოვაჩინე, რომ სასახლის ეზოში პოლიციელები დგანან, გულზე ჩამწერი კამერები უკეთიათ, სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ, გარდა ამისა, როგორც ვაჟამ [პროკურორმა] ბრძანა, პოლიციელები მიმდინარე პროცესს იღებდნენ, აღმოჩნდა, რომ მთელ ამ ორომტრიალში, ამდენი ტელევიზია რომ იღებდა, კაფეების და რესტორნის კამერები იყო, ერთადერთი კადრი აქვთ ჩხვირკიას წინააღმდეგ, სადაც თვალები ეწვის, თან მოუწოდებს თანამებრძოლებს და თან გარბის? რატომ მოხდა რომ არც ერთ სხვა მოქმედებაში ჩხვირკია არ ჩანს? თუ ირაკლი ჩხვირკია ძალადობრივ მოქმედებას სჩადიოდა, რატომ ვერც ერთმა კადრმა ვერ აჩვენა? იგივე წარმატებით შეუძლია პროკურატურას ბრალი წამიყენოს, რომ ყაველაშვილის მკვლელობისთვის ან გაუპატიურებისთვის შევდიოდი. მართლა შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი რამე რომ მაკადრეს, თურმე, ირაკლი ჩხვირკია ბრძოლის ველიდან გარბოდა",- განაცხადა ჩხვირკიამ.
"ინტერპრესნიუსი"