პუტინის კომპლექსები: "კაბლუკებზე" "შემხტარი" კრემლის ბინადარი, დაბულინგებული მერკელი და მთავარი კითხვა: უწოდა თუ არა სააკაშვილმა პუტინს "ლილიპუტინი"?!
დღეს დავასრულოთ ვლადიმერ პუტინის მრავალფეროვანი „ოინებისა“ და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისთვის დაგებული „ხაფანგების“ შესახებ თხრობა. თითქმის სამი ათეული წლის ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ გარკვეული დასკვნები უკვე შეიძლება გამოვიტანოთ.
პუტინი არ ყოფილა კა-გე-ბეს ან ეფ-ეს-ბეს გამორჩეული ოპერატიული თანამშრომელი, არც რაღაც განსაკუთრებული პიროვნული ნიჭიერება ახასიათებს, მაგრამ საჭირო თანაფარდობოთ, კომპლექსურად ფლობს მინიმალურად აუცილებელ ცოდნას. რაც მთავარია, კარგად იცის რუს “მუჟიკზე” და “დერჟავნიკზე” ზემოქმედების ტექნოლოგია. მისი ეკონომიკური კურსი სახელმწიფო-ბიუროკრატიული კაპიტალიზმისკენაა მიმართული. ეფ-ეს-ბეს მაქსიმალური კონტროლი ეკონომიკაზე (სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პროცესზე); ჩაკეტილი საბანკო სივრცე და ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება, “ჯიბის“ სახელმწიფო სათათბირო – ესაა დღევანდელი რუსეთი. მასმედიაზე ოლიგარქების: ბერეზოვსკისა და გუსინსკის კონტროლი სრული სახელმწიფო (ფაქტობრივად კი - პირადად პუტინის) კონტროლით შეიცვალა, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, მაქსიმალური კონტროლი მსხვილ ბიზნესზე - ეს ყველაფერი პუტინის პრეზიდენტობის შედეგია. თუ მის გუნდში ხარ, “აბრამოვიჩი”, მილიარდერი და გუბერნატორი ხარ, ხოლო თუ რამეში ეწინააღმდეგები ან შენში კონკურენტს დაინახავს, მაშინ ხოდორკოვსკი ან ნავალნი ხდები და თუ მოგწვდა, ციმბირი ხელში გიჭირავს, კილერის ტყვია ან საწამლავი გეძებს და გპოულობს ლონდონში -ლიტვინენკოსავით.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ფაქტობრივად სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, თუმცა ეს რუსეთის მმართველს დიდად არ ადარდებს, რადგანაც საგარეო პოლიტიკაში პუტინი ყოველთვის "სტაიერია" (მძლეოსანი, რომელიც გრძელ მანძილზე დარბის), ვიდრე - "სპრინტერი" (მძლეოსანი, რომელიც მოკლე მანძილზე დარბის). ის ადამიანურ მსხვერპლს, ასევე, ფინანსურ დანაკარგებს არ ერიდება და ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდზე გათვლილ იმპერიულ პოლიტიკას აწარმოებს. პუტინის პიროვნებაში საკმაოდ თანაბრადაა განაწილებული რაციონალურობა და ემოციურობა. ხშირად ჩანს, რომ ის თავს იკავებს და ემოციებს ბოლომდე არ ავლენს. ამავე დროს, უზომოდ პატივმოყვარე რუსეთის პრეზიდენტი ბავშვობისდროინდელი და შემდეგ შეძენილი კომპლექსებისგან გათავისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების დამცირებითა და დაცინვით ცდილობს.
ანგელა მერკელმა 2021 წლის დეკემბერში დატოვა გერმანიის კანცლერის პოსტი და - პოლიტიკაც. მანამდე, 2021 წლის ივნისში, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან მოენატრება ანგელა და კომპლიმენტები არ დაიშურა მის მიმართ: ძალიან ვაფასებ მას, ის ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსია, პირდაპირი და საიმედო ადამიანია. შეიძლება რაღაც მოგვწონს, შეიძლება რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ის სტაბილური პარტნიორიაო. ყველაზე კარგად ანგელა მერკელმა უწყის, 2003 წლიდან მოყოლებული, რამდენ დათმობებზე წავიდა გერმანიის ხელისუფლება რუსეთთან: ლიტვინენკოს მკვლელობა, ყირიმის ოკუპაცია, მამა-შვილი სკრიპალების მოწამლვა, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ნავალნის მოწამვლა, ჰაკერული შეტევები გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის საიტებზე, თავად მერკელის პირადი ელექტრონული ფოსტის გატეხვა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერების მიერ და ა.შ. მეტი რა უნდა გაეკეთებინა პუტინს, რომ ანგელას თვალები ახელოდა? თუმცა, როცა არ გინდა დაინახო, თვალებს ხუჭავ! ასე იყო მერკელიც. პოსტის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელმა ძალზე საინტერსო მემუარები გამოაქვეყნა, სადაც პუტინის „ოინები“ გაიხსენა. 2007 წლის ივნისის დასაწყისში გერმანიაში დიდი რვიანის სამიტი გაიმართა. შვიდი ქვეყნის ლიდერი თითქმის ერთ საათს ელოდა რუსეთის მმართველის გამოჩენას. დიდი დაგვიანებით მისულმა პუტინმა, თურმე, თავი იმართლა: რა ჩემი ბრალია, ლუდს ვსვამდი და ამიტომ დამაგვიანდაო. ოფიციალური შეხვედრის დროს ეს დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა და ერთგვარი პოლიტიკური სიგნალია და სხვების დამცირებას ისახავს მიზნად.

სამიტის მასპინძელს, ანგელა მერკელს არ ეტყობა, თორემ, როგორც თავად წერს: „შინაგანად ვდუღდიო“. 2007 წლის 6 ივნისი.
სხვა ლიდერების დამცირება - აი, რა იყო და ამჟამადაც არის პუტინის ოფიციალურ შეხვედრებზე დაგვიანების მიზანი. თუმცა ამით არ სრულდება პუტინის მიერ მერკელის „დაბულინგების“ ისტორია. გერმანიის კანცლერის მოსკოვში პირველი ვიზიტის წინ კანცლერის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია გააფრთხილა, რომ მერკელს ძაღლების ეშინოდა, რადგან ერთხელ, თურმე, ძაღლმა უკბინა. თუმცა, გამოსამშვიდობებელ საჩუქრად მერკელს სათამაშო ძაღლი გადასცეს, რომელზეც ეწერა, რომ ის არ იკბინებოდა. ეს ირონიული მინიშნება არაფერია იმასთან შედარებით, რაც 2007 წლის იანვარში სოჭში, საკუთარ რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას მოუწყო პუტინმა მერკელს. მათი საუბრის დროს ოთახში „შემთხვევით“ პუტინის შავი ლაბრადორი „კონი“ შემოიჭრა და გერმანიის კანცლერის „შესწავლა“ მოინდომა. თავად ანგელა მერკელი მემუარებში ამგვარად აღწერს ამ შემთხვევას: „ვცადე ძაღლისთვის ყურადღება არ მიმექცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახლოს იყო. გამომეტყველებიდან გამომდინარე, მეგონა, რომ პუტინს ეს სიტუაცია სიამოვნებდა. ნუთუ მას სიამოვნებდა ენახა, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები გასაჭირში? ეს ერთგვარი ძალის დემონსტრირება იყო? ჩემ თავს ვუთხარი: დამშვიდდი, ფოტოგრაფებზე გაამახვილე ყურადღება, ეს გაივლის“ (ციტატის დასასრული). პუტინმა კარგად იცოდა, რომ მერკელს ძაღლების ეშინოდა და ამიტომ მოუწყო „გამოცდა“.

პუტინი სიამოვნებას ვერ მალავს, მერკელი კი - შიშს.
75 წელს მიღწეული ვლადიმერ პუტინი სულაც არ არის გულგრილი საკუთარი გარეგნობის მიმართ. ახალგაზრდობიდან გამოყოლილი ერთ-ერთი არასრულფასოვნების კომპლექსი მის სიმაღლესთანაა დაკავშირებული. ამიტომ მას უნდა, უფრო მაღალი გამოჩნდეს და ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ამჯობინებს. პუტინის „ხელმარჯვე ოსტატებმა“ მოიფიქრეს ეშმაკური ხერხი, თუ როგორ მიუმატონ მის სიმაღლეს დამატებით 8-10 სანტიმეტრი ისე, რომ ეს არ გამოჩნდეს. სანამ ამ „ტექნოლოგიას“ გაგაცნობთ, მინდა, პუტინის ხასიათის კიდევ ერთ შტრიხზე ვისაუბრო: ესაა რუსეთის მმართველის ბოღმიანობა და წყენის გულში ჩადება. ამასთან დაკავშირებით ერთი ჭორ-მართალი ისტორია უნდა გავიხსენო, რომელიც სავარაუდოდ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მალევე მოხდა. 2004 წლის 10 თებერვალს ახლად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდა, რომლის შემდეგაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით ოპტიმისტურად რუსები იყვნენ განწყობილი. მაშინ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი პრიხოდკომ განაცხადა: როგორც იქნა დღეს საბოლოოდ გვყავს პარტნიორი, რომელთანაც შეგვიძლია საუბარიო. მან ასევე ძალზე საყურადღებო დეტალები გაამხილა: „რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული ვითარების წინაშეფასებები წარსულს ჩაბარდა, დღეს ახალ ლიდერთან შეთანხმება მიღწეული იქნა აფხაზეთის საკითხზე, სოჭის პროცესის განახლებისა და ეკონომიკის საკითხებზე მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის დაუყოვნებლივ განახლების შესახებ. ძალოვან სტრუქტურებს დაევალათ ერთობლივი სამოქმედო გეგმის წარდგენა. აღდგება სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობა და გაგრძელდება სასაზღვრო ხელშეკრულებაზე მუშაობა“ (ციტატის დასასრული) . სერგეი პრიხოდკომ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტები საქართველოში რუსულ ბაზებთან დაკავშირებითაც გასცემენ მითითებებსო.
ასევე დაგაინტერესებთ: დომინანტურად "ფეხებგაჩაჩხული" პუტინის 50 ელფერი: "რუსეთის დიქტატორის ბოტოქსიანი სახე კვლავ ჩანს ტელეეკრანზე. "ჩრდილოეთის მბრძანებელმა" "უკვდავების წამალი" რომ იშოვოს, სულ დავღუპულვართ და ეგაა"
ამ შეხვედრის შემდეგ კრემლმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსია, რომელთანაც შესაძლებელია გულახდილად და არსებითად საუბარიო.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ აპარტამენტებში დაბრუნებულ მხიარულ ხასიათზე მყოფ ქართულ დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები გაუხსენებია და ამ საუბარ-საუბარში, ვითომდა, სააკაშვილს პუტინისთვის ”ლილიპუტინი” უწოდებია.
2008 წლის 28 ნოემბერს „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ამგვარი შეკითხვა დაუსვა პრეზიდენტ სააკაშვილს: „მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის მიმართ თქვენმა პირადმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ, რაც აქტიურად ჩანდა თქვენს რიტორიკაში, შეუძლებელი გახადა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება? მაგალითად, რატომ უწოდეთ პრეზიდენტ პუტინს ”ლილიპუტინი”? ამან ხომ არ გამოიწვია აგრესიის მომენტები?“ (ციტატის დასასრული). მიხეილ სააკაშვილის პასუხი ამგვარი იყო: „ საზოგადოებაში ბევრი რამ შეიძლება გავრცელდეს, მაგრამ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არასდროს, არც ერთ ვითარებაში - არც პირადი შეხვედრისას, არც საჯარო გამოსვლის დროს, არც რომელიმე სხვა ლიდერთან ან ჩვეულებრივ მოქალაქესთან საუბრისას, არ მიმიყენებია არც მსგავსი და არც სხვა ტიპის შეურაცხყოფა. არც უხეში გამონათქვამი გამომიყენებია ოდესმე რუსეთის რომელიმე ლიდერის მიმართ. მათ ყოველთვის პატივისცემით ვიხსენიებდი... როდესაც მოსკოვში ჩავედით, ეს იყო პირველი შეხვედრა, 2004 წელს, შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, პუტინი მომწონებოდა - არა როგორც ცალკე აღებული ინდივიდი, არამედ - როგორც პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი“ (ციტატის დასასრული). თუ „ლილიპუტინის“ ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ სწრაფადვე გახდებოდა ცნობილი პუტინისთვის, რადგან „კედლებსაც ყურები აქვს“, განსაკუთრებით - მოსკოვში.
რუსეთის მმართველის ყველა საჯარო გამოსვლას საგულდაგულოდ აკვირდებიან მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურები: ინტონაცია, მიმიკა, მოძრაობა, გარეგნული ცვლილებები და ა.შ. - რაც შემდეგ შესწავლა/ანალიზისა და დასკვნების გამოტანის საფუძველი ხდება. უკანასკნელი რამდენიმე წელია, ყველამ შეამჩნია პუტინის სიარულის უცნაური მანერა, როდესაც ის არაბუნებრივად ადგამს ფეხს.

ამას ძირითადად ხერხემლის პრობლემას უკავშირებენ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც: სიმაღლის მომატებისთვის პუტინი ხელოვნურად ამაღლებულ ფეხსაცმელებს (ე.წ. ლიფტებს) ატარებს, რაც საკმაოდ მოუხერხებელია და ამიტომ დადის ქუსლებითო. შეიძლება ვინმემ, განსაკუთრებით - პუტინის ფანმა „ბოტებმა“ და „ტროლებმა“ განაცხადონ: მერე რა მოხდა, თუ მოუმატა ოკუპანტი ქვეყნის მმართველმა თავის სიმაღლეს კიდევ ათი სანტიმეტრიო. არა, პუტინის მეგობრებო, არც ასე მარტივადაა საქმე: ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ პუტინს უდავოდ აქვს საკუთარი სიმაღლის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი და ყველაფერს აკეთებს, რომ ამის კომპენსირება აგრესიითა და სისასტიკით მოახდინოს. მაგალითების ჩამოთვლა ხომ არ გინდათ?