სკანდალური სტატია: „პუტინი - ტრამპს: „მოდი, ვივაჭროთ და მოვილაპარაკოთ"...სიტუაცია ძალიან ჰგავს ორი მაფიოზის გარიგებას, რომლებიც სხვის ტერიტორიებს იყო - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: „პუტინი - ტრამპს: „მოდი, ვივაჭროთ და მოვილაპარაკოთ..." - სიტუაცია ძალიან ჰგავს ორი მაფიოზის გარიგებას, რომლებიც სხვის ტერიტორიებს იყოფენ" - Politico

„აშშ-ის შეტევამ ვენესუელაზე და მისმა პრეტენზიებმა გრენლანდიის მიმართ მსოფლიოს აჩვენა, რომ ძალისმიერ მოქმედებას უფრო მეტი უპირატესობა ეძლევა, ვიდრე - საერთაშორისო სამართალს. ასეთი მიდგომა შეიძლება კრემლისთვისაც მოგებიანი იყოს: მსგავს სიტუაციაში უკრაინის კონფლიქტი შეიძლება მოსკოვ-ვაშინგტონს შორის ურთიერთმისაღები გარიგებით მოგვარდეს“, - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს, თავის ევროპულ ვერსიაში (სარედაქციო ოფისი - ბრიუსელში), სათაურით „პუტინი - ტრამპს: „მოდი, ვივაჭროთ და მოვილაპარაკოთ“ // „საერთო ბალანსი ისეთია, რომ კრემლს აქვს საფუძველი, კმაყოფილი იყოს“ (ავტორი - ჯეიმი დეტმერი, საერთაშორისო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის რეაქცია აშშ-ის მიერ ვენესუელის მიმართ განხორციელებულ „ქვემეხების დიპლომატიაზე“, კრემლის სტანდარტებს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ უჩვეულო და თავშეკავებული იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ, როგორც წესი, განაცხადა, რომ „აშშ აგრესიულად და ნეოკოლონიური მუქარით მოქმედებს“. რა თქმა უნდა, მოსკოვმა მოითხოვა ნიკოლას მადუროს გათავისუფლება. თავისი სიტყვა თქვა დიმიტრი მედვედევმაც - აშშ-ის ოპერაცია „უკანონო მოქმედებად“ შეაფასა და იმედიანად განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. საინტერესოა, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს თავისი ვენესუელელი კოლეგის თავს დამტყდარ უბედურებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ლავროვისა და მედვედევის შეფასებები.

მოკლედ, ვინც უფრო აქტიურ რეაგირებას ელოდა რუსეთისაგან, მას იმედები გაუცრუვდა. კაცმა რომ თქვას, ვლადიმერ პუტინს ვენესუელასთან მაინცდამაინც დიდი ხნის კავშირები არ აქვს - იგი მხოლოდ 2005 წელს დაუახლოვდა ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს უგო ჩავესს, 2018 წელს კი ხელი მოეწერა რიგ ორმხრივ დოკუმენტებს, მათ შორის - ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში. 2006-2019 წლებში მოსკოვმა კარაკასს 17 მილიარდი დოლარის კრედიტები მისცა. ნიკოლას მადურო სიხარულით მეცხრე ცაზე იყო რუსეთთან ურთიერთობით და მიაჩნდა, რომ კრემლის ძალისხმევით მრავალპოლუსიანი მსოფლიო რეალურ კონტურებს იძენდა.

და თუ ურთიერთობების საკმაოდ მჭიდრო დონეს და რუსეთის მიერ დახარჯულ ფულს გავითვალისწინებთ, რატომაა ასეთი რიტორიკული თავშეკავება რუსეთისგან?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კრემლმა თეთრ სახლთან შევაჭრება გადაწყვიტა.

რიგი ექსპერტების აზრით, მოსკოვს არ აქვს განზრახული ვაშინგტონთან მიმართებით „ნავის შენჯღრევა“, ვენესუელის გამო, განსაკუთრებით ახლა, როცა კიევთან მეტოქეობა მიდის, დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. დაე, დონალდ ტრამპი უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაუბრაზდეს და ბორტს მიღმა „გადააგდოს“, ვიდრე - ვლადიმერ პუტინს. გარდა ამისა, გარკვეული ვარაუდით, რუსეთი სრულიად არ არის დაინტერესებული, რომ ზედმეტად ყოყოჩობა დაიწყოს იმ დროს, როცა უკრაინაში ომობს და ლათინურ ამერიკას ძველებურად ვეღარ ეხმარება. კრემლს არ სურს, ვინმემ ყურადღება მიაქციოს მის უუნარობას, რომ მოკავშირეს ვერ იცავს.

მაგრამ, ვარაუდების პარალელურად, რეალურად არის იმის საფუძველიც ვიფიქროთ, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა საოცარმა და ქირურგიულმა ზუსტმა ოპერაციამ კრემლი აშკარად ძალიან გააღიზიანა. „პოლიტიკო“ უკვე წერდა რუსი ულტრანაციონალისტების და შეურიგებელი მილიტარისტების რეაქციაზე, რომლებიც აღშფოთებას გამოხატავდნენ: „ყოველ რუსს კითხვა ებადება: ჩვენ რატომ არ ვექცევით ჩვენს მტრებს ამერიკის მსგავსად?“ - ასეთი რეაქცია გამოხატა ალექსანდრე დუგინმა, ფილოსოფოს-ნეოიმპერიალისტმა და კრემლს ურჩია, „მოიქცეს ტრამპივით, ტრამპზე უკეთესად და ტრამპზე უფრო სწრაფად“. კრემლის რუპორმა მარგარიტა სიმონიანმა კი კარაკასში ჩატარებული ოპერაციის წარმატება აღიარა და სინანულით თქვა, - ამერიკელების უნდა შეგვშურდესო.

რუსული თვალსაზრისით, ასეთი პოზიცია სრულიად გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში, დიდი ალბათობით, ისე იყო ჩაფიქრებული, რომ კიევში სწრაფად დაემხოთ ვოლოდიმირ ზელენსკი და გამოთავისუფლებულ ადგილზე რომელიმე პროკრემლური სატრაპი დაესვათ. მაგრამ უკვე ოთხი წელი გავიდა, სამხედრო მოქმედებებს კი ბოლო არ უჩანს ანუ აშშ-ის უპირატესობა მსგავს ოპერაციებში აშკარაა.

არსებითად, ჩვენ დავინახეთ და მოწმენი გავხდით აშშ-ის სამხედრო ძლიერების დემონსტრაციისა, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის შესაძლებლობების ზღვარს - კრემლი თეთრ სახლზე ბევრად სუსტია. ამიტომაც რუსეთი უჩვეულოდ იქცევა: მართლაცდა, რატომ უნდა გაამახვილოს მოსკოვმა ყურადღება ამერიკელთა წარმატებაზე?

თუმცა, როგორც ექსპერტი ბობო ლო (ავსტრალიის ელჩის ყოფილი მოადგილე მოსკოვში) ამბობს, კრემლის რიტორიკულ თავშეკავებულობას სხვანაირი ახსნაც აქვს: „ნიკოლას მადუროს დამხობა, რა თქმა უნდა, მოსკოვისათვის საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ მოდი, გულწრფელად და პირდაპირ ვთქვათ: ლათინური ამერიკის რეგიონს რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკისათვის ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ბობო ლო.

„გარდა ამისა, ფაქტს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: აშშ-ის ოპერაციაში რუსეთისათვის მოულოდნელი და გარკვეული მოგებიანი შედეგებიც იმალება: ვენესუელის ამბები რუსეთს იმის უპირატესობას აძლევს, რომ უარი თქვას კომპრომისებზე უკრაინასთან მიმართებით და თავიდან აიცილოს ამერიკის ზეწოლა. მოსკოვს იმის თქმაც შეუძლია, რომ მასაც აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ეროვნული ინტერესებისა თუ გავლენის სფეროების დაცვის დროს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ბრუკინგის ინსტიტუტის თანამშრომელი, რუსოლოგი ფიონა ჰილი, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს თეთრ სახლში რუსეთისა და ევროპულ მიმართულებას კურირებდა, ბობო ლოს პოზიციას იზიარებს: „რუსეთი ისარგებლებს დონალდ ტრამპის ვენესუელური გადაწყვეტილებით და მისი პრინციპით, „ქვეყნის დისტანციურად მართვის“ თაობაზე. კრემლს შეუძლია განაცხადოს, რომ თუ ამერიკას აქვს უფლება აგრესიაზე თავის „უკანა ეზოში“, მაშინ რუსეთსაც აქვს იგივე უფლება თავის „ახლო საზღვარგარეთში“.

ფიონა ჰილმა ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა, კონგრესის კომისიის წინაშე გამოსვლისას, რომ არსებობს კრემლის მინიშნებები - საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვი მზად არის, უკრაინა ვენესუელაზე გაცვალოსო.

სიტუაცია ძალიან ჰგავს ორი მაფიოზის გარიგებას, რომლებიც თავიანთი დამქაშების მეშვეობით სხვის ტერიტორიებს იყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ზელენსკი ტიმოშენკოს დაიჭერს?! - ახალი კორუფციული სკანდალი უკრაინაში: დეპუტატების მოქრთამვის საქმე

სკანდალური სტატია: „მოვიდა ნატოდან ბრიტანეთის გასვლის დროც" - The Daily Telegraph

"2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა, კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე

კრემლისათვის ვენესუელის მოვლენებიდან გამომდინარე, საკვანძო შედეგი ასეთია: „ის, რაც მოხდა, იმდენად მოკავშირის დაკარგვას არ ნიშნავს, რამდენადაც დონალდ ტრამპის ახალი საგარეო-პოლიტიკური მოქმედების ლოგიკის დაფიქსირებას, რომლის თანახმად, ეროვნული ინტერესები საერთაშორისო სამართალზე მაღლა დგას“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის ძველი მოწინააღმდეგის - მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი ანალიტიკური ცენტრის დასკვნაში, - „მიუხედავად აშკარა რეპუტაციული ზიანისა და ეკონომიკური დანაკარგებისა, კრემლს მაინც აქვს საფუძველი, რომ ვენესუელის მოვლენებით კმაყოფილი იყოს: თავისი მოქმედებით დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა მსოფლიო წესრიგის ისეთ ახალ მოდელს, რომელიც რუსეთსაც აწყობს“.

ვენესუელის შემდეგ კი გრენლანდიასთან დაკავშირებული, თითქოსდა, მიყუჩებული მოვლენების ისევ გააქტიურება და მათი წინ წამოწევაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამერიკას სურს, კუნძულის დაუფლება ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ თვითონ გრენლანდიელები, დანიელები და კიდევ სხვები. ამას ნათლად ადასტურებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, გავლენიანი ჩინოვნიკის - სტივენ მილერის ნათქვამი „სი-ენ-ენთან" ინტერვიუში: „ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, რომელსაც ძალა მართავს... და რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლებისაგან იმართება“.

ვლადიმერ პუტინს ასეთი მოქმედების ენა ძალიან კარგად ესმის: „თუ ასეა, მაშინ მოდი, ვივაჭროთ... დავიწყოთ ირანით“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო