7 მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ირანს არ დაარტყა - გაწირეს თუ არა ამბოხებულები?!
რატომ შეაჩერა ტრამპმა ირანის დაბომბვის დაწყება...
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების დიდი ნაწილის პროგნოზი, რომ ტრამპის ამერიკა დღე დღეზე დაბომბავდა ირანს იმის გამო, რომ მისი ხელისუფლება სისხლში ახშობდა ქუჩის დემონსტრაციებს, ჯერჯერობით არ მართლდება...
უფრო მეტიც - პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ორიოდე დღის წინ ირანელ დემონსტრანტებს ახალ-ახალი სახელისუფლებო ობიექტების დაკავებისკენ მოუწოდებდა და ჰპირდებოდა, რომ დამხმარე ძალა უკვე გზაში იყო, დღეს სხვანაირად „აჭიკჭიკდა“ და აცხადებს - ირანიდან მას დაჰპირდნენ, რომ დემონსტრანტებს აღარ ესვრიან, ხოლო დაპატიმრებულებს არ ჩამოახრჩობენ, რითაც ამერიკამ 800 დაჭერილი და სიკვდილმისჯილი ირანელი დემონსტრანტის სიცოცხლე გადაარჩინაო...
გასაგებია, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, ყველა საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ საქმე მათივე პოლიტიკური იმიჯის სასიკეთოდ შემოატრიალონ, თორემ ვინ იცის, რამდენი ირანელი დემონსტრანტი მოკლეს ქუჩაში და დაიჭირეს მას შემდეგ, რაც მათ სწორედ ტრამპის მოწოდებით - დაიპყარით სახელმწიფო ინსტიტუტები, დახმარება გზაშია - ფრთაშესხმულებმა მართლაც სცადეს აიათოლას რეჟიმის მორიგი ობიექტის ძალის გამოყენებით დაკავება და ახლა ვის სინდისზეა მათი დაღვრილი სისხლი?!
ის, რომ დიდი მოლოდინის მიუხედავად, პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩერა ირანის ობიექტებზე საჰაერო დარტყმებისთვის მზადება, განპირობებულია რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზით:
პირველი - გასული წლის ბოლო დღეებში, როდესაც ირანის ქალაქებში დემონსტრაციები დაიწყო, ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტის, მადუროს მოტაცების სპეცოპერაციის დაგეგმვა-განხორციელებით იყო დაკავებული, რის გამოც ხელიდან გაშვებული იქნა კრიტიკული მომენტი და დრო, როდესაც ამერიკული სამხედრო ზემოქმედება აიათოლას რეჟიმზე ყველაზე ეფექტიანი გამოვიდოდა.
მეორე - ტრამპის ავიაციას და რაკეტებს წერტილოვანი დარტყმები შეიძლება მიეყენებინათ მხოლოდ ირანის ხელისუფლებისა და მისი ერთგული სამხედრო და გასამხედროებული ინსტიტუტების შტაბ-ბინებზე, დისლოკაციის ადგილებსა თუ მიწისქვეშა ბუნკერებზე, რადგან გასული წლის მსგავსად, ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტებისა და სარაკეტო ბაზების დაბომბვა, ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებს ბევრ ვერაფერ შვებას მოუტანდა.
მესამე - ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსისა და „ბასიჯის“ ფორმირებების შტაბების წერტილოვანი დაბომბვაც, საერთო ჯამში, ვერ შეაჩერებდა ქუჩებში დემონსტრანტების დახვრეტებს და ეს უფრო მეტად იქცეოდა დემონსტრანტების ფსიქოლოგიურ და მორალურ მხარდაჭერად.
მეოთხე - აიათოლების 47-წლიანი რეჟიმის ჩამოგდებისთვის ირანელი ხალხის გარკვეულ ნაწილს ბევრად მეტი ორგანიზება და მხარდაჭერა სჭირდებოდა, რისი საშუალებაც არ არსებობდა, თუნდაც იმიტომ, რომ ირანის სპეცსამსახურებმა შეძლეს ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მთლინად გათიშვა და ასევე, ილონ მასკის „სტარლინკის“ თანამგზავრული მობილური ინტერნეტმოდულების უდიდესი ნაწილის ჩახშობა, რის შემდეგაც დემონსტრანტებს სხვადასხვა ქალაქიდან, გაუჭირდათ ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და ამასთანავე, მათ ვერ შეძლეს, მსოფლიოსთვის ოპერატიულად ეჩვენებინათ ქუჩებში ადამიანების მასობრივი დახვრეტის საშინელი ვიდეოკადრების უდიდესი ნაწილი, რომელთა ფართოდ გავრცელება ბევრ რამეს უარყოფითად შეცვლიდა აიათოლას ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო დონეზე.
მეხუთე - სპარსეთის ყურის რიგმა ქვეყნებმა - საუდის არაბეთმა, კატარმა და ომანმა, თეთრ სახლს კულუარულად სთხოვეს, რომ არ დაეწყო ირანის დაბომბვა, რადგან ეს გამოიწვევდა ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმებს ამ ქვეყნებში განთავსებეული ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით, რადგან, საერთო ჯამში, მოახდენდა ნავთობზე მსოფლიო ფასების ძლიერ ავარდნას, რაც გააძვირებდა ბენზინს თავად აშშ-იც და თანაც - ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პირველი წლის თავზე.
მეექვსე - საგულისხმოა, რომ ირანის პირველმა მტერმა - ისრაელმაც სთხოვა ტრამპს დაბომბვისგან თავის შეკავება, რადგან ამერიკული საჰაერო დარტყმის საპასუხოდ, თავისი ბალისტიკური რაკეტების უდიდეს ნაწილს ირანი დაუყოვნებლივ გაუშვებდა სწორედ ისრაელის ქალაქების მიმართულებით, როგორც ეს გასულ წელს, ისრაელ-ირანის 12-დღიან ომში მოხდა.
ამასთან, ნეთანიაჰუმ, სავარაუდოდ, დაარწმუნა ტრამპი იმაშიც, რომ მასობრივი დემონსტრაციების მიუხედავად, ირანში ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული სიტუაცია აიათოლას ხელისუფლების ძალისმიერი გზით შესაცვლელად.
ასევე დაგაინტერესებთ: „მაიტა გრენლანდია!“ - რატომ ჩაიციკლა ასე ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონებაზე?!
ომის 1 418 დღე- რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდ ომსაც გადაასწრო...
რუსეთმა 19 გენერალი დაკარგა უკრაინასთან ომში...
მეშვიდე - წმინდა სამხედრო მიზეზი იმისა, რომ ტრამპმა შეაჩერა ირანის დასაბომბად მზადება, ისიც გახლავთ, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს უბრალოდ არ ჰყავდა ერთი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფიც კი ირანის სიახლოვეს, სპარსეთის ყურეში ან არაბეთის ზღვაში, რომ მისი გემბანიდან აფრენილ თვითმფრინავებს საჰაერო დარტყმების მიყენება შეძლებოდათ ირანის ტერიტორიის სიღრმეში.
წესით, მსოფლიოს ამ რეგიონში საბრძოლო მორიგეობაზე უნდა მდგარიყო „აბრაამ ლინკოლნის“ საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, მაგრამ ეს ატომურძრავიანი ავიამზიდი, თანმხლებ კრეისერებთან, საესკადრო ნაღმოსნებთან და ატომურ წყალქვეშა ნავთან ერთად, გასული წლის ბოლოს კარიბის ზღვისკენ გადაისროლეს, სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, რადგან მზადდებოდა ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცების სპეცოპერაცია...
პენტაგონმა გუშინ კი გასცა ბრძანება ახლოაღმოსავლეთისკენ ერთი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნის თაობაზე, მაგრამ მის მიახლოებას ირანის სანაპიროებთან კიდევ ერთი კვირა მაინც დასჭირდება, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აიათოლას რეჟიმმა ბოლომდე ჩაახშოს დემონსტრაციები ირანის ქალაქების ქუჩებში...