სი ძინპინის "ქართული გეგმები" - თორნიკე შარაშენიძის ანალიზი: "მითია, თითქოს ანაკლიის პროექტი რუსეთის მოთხოვნით შეჩერდა, სინამდვილეში აქ ჩინეთის ფაქტორი იკვეთება"
როგორ იცვლება საერთაშორისო წესრიგი და ვიღებთ თუ არა "ყველას ომს ყველას წინააღმდეგ", ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
- საერთაშორისო წესრიგი ბოლო დროს ჩინეთზე მუშაობს, რადგან ეკონომიკური ზრდის წყალობით უკვე ახდენს ექსპანსიას, მათ შორის დასავლეთ ნახევარსფეროშიც და მყარად იყო ფეხგადგმული პანამაშიც, ვენესუელაშიც და კიდევ ბევრგან. ვენესუელა დიდი ტერიტორიაა, მოიპოვება ბევრი ნავთობი, იშვიათი მინერალები და ა.შ., იშვიათი მინერალები კი ამერიკისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, ძირითადად, სწორედ ჩინეთისგან ყიდულობს და ახლა იმპორტის რაღაცნაირად დივერსიფიცირება უნდა, რადგან არ სურს ჩინეთზე იყოს ჩამოკიდებული. თვე-ნახევრის წინ გამოქვეყნდა ამერიკის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც მთავარ პრიორიტეტად თავის ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცებაა. ვენესუელა იყო ჩინეთის გავლენაში, ჩინეთმა დახარჯა იქ ათეულობით მილიარდი, პლუს ვენესუელა კვებავდა კუბას, რომელიც დიდი ხანია გამოწვევაა "მონროს დოქტრინისთვის", უკვე ათწლეულებია არ ემორჩილება ამერიკას. ამიტომაც ჩათვალეს, რომ ვენესუელის დამორჩილებით იქიდან გააძევებენ ჩინეთს; ამით მიაღწევენ იმასაც, რომ კუბაში რეჟიმი ჩამოიშლება და პრაქტიკულად ვიღა დარჩება? დარჩება ნიკარაგუა და მას როგორმე აიტანენ. ჩინეთი ნიკარაგუაში შეიძლება დიდხანს დარჩეს, იქ ამერიკას ჩარევის ძალზე მძიმე გამოცდილება აქვს და არც ისე მარტივია სიტუაციის შეცვლა...
ხომ ვნახეთ, რომ არ აპირებენ არსად დემოკრატიების მშენებლობას. ამჯერად მსგავსი ზღაპრები არ მოგვისმენია და თქვეს პირდაპირ, ჩინეთი უნდა გაძევდეს აქედან, ჩვენ გვინდა ნავთობიო...
ეს არის მთავარი - უპირველესად ბრძოლა ჩინეთის გავლენასთან, რესურსები მაინც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ნავთობი აშშ-ს თავადაც ბლომად აქვს. და კიდევ - რაც უფრო შორს იქნება ამერიკიდან რეგიონი, უფრო რთული იქნება მსგავსი ოპერაციების ჩატარება. ერთია, მიაყენო ფლოტი შენთან ახლომდებარე ვენესუელას, ჩაკეტო ზღვიდან და ჩაატარო სპეცოპერაცია და მეორე, მსგავსი ოპერაცია ჩაატარო სადღაც შორს, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც შესაძლოა ზღვაზე გასასვლელი არც აქვს და ვერ დაბლოკავ ზღვიდან.
- მაშინ ამ კონტექსტში გრენლანდიასთან დაკავშირებული განცხადებები როგორ ჯდება? ან ვთქვათ, ირანის შესახებ რაც თქვა ტრამპმა...
- გრენლანდიაც ძალიან მდიდარია იშვიათი მინერალებით, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, იმიტომ, რომ მთელ არქტიკას აკონტროლებს. იქიდან შეიძლება გაჭრა არქტიკაზე, სადაც ნავთობის დიდი მარაგია. თუმცა არქტიკაში დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს, იმიტომ, რომ ჰყავს ყინულმჭრელების მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი და მას კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომაც, როგორც ჩანს, ამერიკა ფიქრობს, რომ გრენლანდიას ამ ფორმით ჩაიგდებს ხელში. იმედია, პირდაპირ ანექსიას არ მოახდენს. იქ განთავსდება კიდევ უფრო დიდი ამერიკული ბაზა და დაიწყება იქაური რესურსების ათვისება.
რაც შეეხება ირანს, ჩემი აზრით, რამდენიც გარედან ჩაერევიან, ეს უფრო განამტკიცებს რეჟიმის პოზიციებს, იტყვის, ამ მეამბოხეების უკან ამერიკელები და ებრაელები დგანანო. ისე, რა უნდა დაბომბოს იქ ამერიკამ? მაგალითად, რომელიმე სამთავრობო შენობის დაბომბვას შეიძლება მოჰყვეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და მერე ხალხი ვის წინააღმდეგ განეწყობა, თავისი მთავრობის თუ ამერიკის?
- დანია დათმობს გრენლანდიას?
- ტრამპს დილმეიქერობის დიდი გამოცდილება აქვს და როცა სურს დილის გაკეთება, ყოველთვის მკვეთრი განცხადებებით იწყებს. ახლაც მგონია, რაღაც გარიგებამდე მივა. არ არის გამორიცხული, გადასვას ჯარი და უთხრას, ჩვენ აქა ვართ და დამთავრდა, რაც გინდათ დაარქვით, თუ გინდათ თქვენი იყოს ფორმალურად, მაგრამ აქ ჩვენ ვართო!
- პოლიტიკური თვალსაზრისით რას ნიშნავს ის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ემუქრება მეორე წევრ ქვეყანას? ან "მონროს დოქტრინის" გააქტიურება არ არღვევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს?
- სინამდვილეში ამერიკელებს მსგავსი რამ საკუთარ ნახევარსფეროში ადრეც არაერთხელ გაუკეთებიათ - პერიოდულად ამხობდნენ რეჟიმებს, შეიჭრნენ პანამაში და დააპატიმრეს მისი პრეზიდენტი, რეიგანის დროს გრენადის ინტერვენცია მოახდინეს.
ის, რასაც "მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგს" უწოდებენ, რეალურად გაეროს სისტემას გულისხმობს, სადაც ყველაფერი ამ ორგანიზაციის გავლით უნდა წყდებოდეს. თუმცა გაეროს მექანიზმი ეფექტიანია მაშინ, თუ ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთში შეთანხმდებიან, ვენესუელის შემთხვევაში კი ამგვარი შეთანხმება რუსეთთან ან ჩინეთთან შეუძლებელი იყო.
- ამერიკა, რომელიც მიიჩნეოდა მშვიდობისა და წესრიგის გარანტად, უარს ამბობს უკრაინის საქმეებში აქტიურ ჩარევაზე, თუმცა თავის კონტინენტზე იმას აკეთებს, რაც მოესურვება.
- უკრაინის საკითხში ამერიკის თავშეკავების მიზეზს ისევ ჩინეთთან დაპირისპირების ლოგიკაში უნდა ვეძებოთ. მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიმტერონ რუსეთი უფრო მეტად, როცა ის მათთვის მთავარ საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ ეს პრაგმატული მიდგომაა ამერიკული საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მათ აღარ აქვთ პრეტენზია იყვნენ მსოფლიო წესრიგის ერთპიროვნული გარანტები.
ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ უნიპოლარული სამყაროს ეპოქა დასრულდა და ახალ, ბიპოლარულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ამერიკის მისია მეორე პოლუსთან - ჩინეთთან დაპირისპირებაა.
შესაბამისად, ვაშინგტონის ყველა საგარეო ქმედება სწორედ ამ ლოგიკით უნდა გავიგოთ - ისინი გააქტიურდებიან იქ, სადაც ჩინური ინტერესები და სტრატეგიული ადგილებია. ამ სტრატეგიული დაპირისპირების თვალსაჩინო მაგალითებია ვენესუელა და ტაივანი, რაც ოფიციალურ დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული.
რაც შეეხება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს ამ მასშტაბის დაპირისპირების საგანს. აქ არ იკვეთება ისეთი ჩინური ინტერესები, რომელთა გამოც ამერიკა ჩინეთთან კონფრონტაციაში შევა.
- ამ მოცემულობაში საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს რა ბედი ელის?
- საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები ქმნის ახალ პრეცედენტებს, პრინციპით "მე ვარ და ჩემი ნაბადიო", თუმცა რეალურად საქართველოს 2008 წლის შემდეგ უსაფრთხოების გარანტია არავისგან აქვს. უსაფრთხოების გარანტიები არც 2008 წლამდე გვქონია, მაგრამ ომის შემდეგ რუსული ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას. ამიტომ ჩვენთვის დღეს დიდად არაფერი შეცვლილა. ჩვენს ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც პირდაპირ ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და, მიუხედავად იმისა, ზოგს შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გაცნობიერებული ამ პრობლემის მასშტაბი, ჩვენ ამ რეალობაში დიდი ხანია ვარსებობთ.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური განცხადება: "ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინი ტრამპს საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი..." - პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზი
- თუ საქართველოში გაძლიერდა ჩინური ინტერესი, მაშინ აქ რა მოხდება?
- ვენესუელისგან განსხვავებით, საქართველოს არ გააჩნია ნავთობი ან იშვიათი მინერალები. საქართველო არ მდებარეობს ამერიკის უშუალო სამეზობლოში, რაც ნიშნავს, რომ აქედან ჩინეთი ამერიკას პირდაპირ საფრთხეს ვერ შეუქმნის. ისტორიულად, საფრთხის შექმნის ყველაზე მძიმე პრეცედენტი კუბის კრიზისი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა კუბაში ბირთვული იარაღი განალაგა, რასაც ამერიკის უმძიმესი რეაქცია მოჰყვა. თუმცა საქართველოს მაინც აქვს სტრატეგიული რესურსი - შავი ზღვის სანაპირო და პორტები. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაც.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ პორტის მშენებლობაში ჩინური ინტერესების შემოსვლა ამერიკისთვის მიუღებელია.
გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთის მოთხოვნით შეჩერდა, მითია. სინამდვილეში აქ ჩინეთის ფაქტორი და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოს საკითხი კვლავ უცვლელი დარჩეს. ეს ვითარება ობამას ადმინისტრაციის დროს დაწყებული "გადატვირთვის" პოლიტიკიდან მოყოლებული გრძელდება. მაშინ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზანი ირანის საკითხი იყო, თუმცა ერთ-ერთ, არა პირველხარისხოვან, მაგრამ მაინც განსახილველ თემას საქართველოც წარმოადგენდა. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხი ისე დაეტოვებინათ, როგორც იყო. დიდია შანსი, რომ ახლაც ყველაფერი უცვლელად, ანუ, როგორც ინგლისურად იტყვიან, "ბაი დეფოლტ" გაგრძელდეს და სიტუაცია დარჩეს ზუსტად ისეთივე.