"ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ - სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო?" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზაქრო ალთუბაშვილი
ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო გარეთ, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ბატონო მოსამართლევ, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სწორედ მის წინააღმდეგ წარადგინა პროკურატურამ სასამართლოში ვიდეომასალა, სადაც ალბუთაშვილი ათონელის სასახლესთან დგას.
„როდესაც შევხედე, გავაანალიზე, რაში იყო საქმე, ჩახერგილი ღობეებიდან დაწყებული, გადამცემებით დამთავრებული, დავასკვენი, რომ უდანაშაულო ხალხის დანაშაულებრივ ქმედებაში მიზანმიმართულად ჩართვა უნდოდათ. ხალხს მოვუწოდებდი პროვოკაციულ ქმედებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. მოვუწოდებდი, შიგნით [სასახლის ეზო] არ შესულიყვნენ, შემდეგ შევდივარ შიგნით და გდდ-ს ხელმძღვანელს ვესაუბრები, კარგი ადამიანი იყო, შემდეგ გამოვდივარ, ხალხს ვთხოვდი გამოსულიყო, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ.
ბატონი მოსამართლე, სხვის სახლს ცეცხლი რომ ეკიდოს, შევიდე და ლიკვიდაცია მოვახდინო, ამის გამო უნდა დავისაჯო? ხომ არსებობს ჰუმანიზმი, ქრისტიანობა? 21 საუკუნეში ამ ქრისტიანობას ვკარგავთ... თქვენ [მოსამართლეს] შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ეს ხალხი გაათავისუფლოთ“, - განაცხადა ალბუთაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"