დეკემბერამ, შობის ვარსკვლავმა და ბარაქის ხემ ზამთარში რომ იყვავილონ
ეს მცენარეები საქართველოში შინ ბევრს აქვს, რომლებიც, ძირითადად, ზამთარში ყვავილობენ, საქმე კი ის არის, რომ ისინი ყველგან არ ყვავის. თუ რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა ავაყვავოთ, მაგალითად, დეკემბერა - იგივე შლუმბერგერა, ან პუანსეტია - შობის ვარსკვლავი, თუნდაც კრასულა - ბარაქის ხე, ამის შესახებ მებაღე-დეკორატორი მაია გიორგაშვილი მოგვითხრობს.

დეკემბერა - შლუმბერგერა
დეკემბერა ტროპიკული, ეპიფიტური კაქტუსია, ანუ სხვა მცენარეზე იზრდება. მისი სამშობლო ბრაზილიის ტროპიკული ტყეებია, ამიტომ ხშირად შეცდომას უშვებენ, როცა ნამდვილი კაქტუსივით უვლიან. ბუნებაში დეკემბერას ფესვები მუდმივად ტენიანია, მაგრამ როგორც კი ზედმეტი წყალი მოხვდება, ფესვები მაშინვე ლპობას იწყებს. ამიტომ სხვა კაქტუსებისგან ძირეულად განსხვავდება.
საქართველოში მისი შემოტანა 1950 წლებიდან დაიწყო, ჯერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, შემდეგ თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მომდევნო წლებში უკვე ოჯახებშიც გავრცელდა. დეკემბერას დამახასიათებელი ნიშან-თვისება ის არის, რომ ფოტოსინთეზი მის ღეროში ხდება და არა ფოთოლში. ყვავილები გამოაქვს არა სინათლის ინტენსივობის, არამედ ტემპერატურული `დამახსოვრების~ მიხედვით. აუცილებლად სჭირდება ტემპერატურული ცვალებადობა, ქოთნის სიგრილეში გადატანა, ორი-სამი კვირით დაყოვნების პერიოდი 12 გრადუსზე. იმ დროს, როცა სიგრილეშია, იგებს, რომ ყვავილობის სეზონი მოდის. სამი კვირის შემდეგ, როგორც კი ოდნავ სითბოში გადაიტანთ, უხვი ყვავილებით აივსება.
შეხება არ უყვარს, ქოთნის ტრიალით აუცილებლად დაყრის კვირტებს. მორწყვაც ასევე დიდი სიფრთხილით სჭირდება.
დეკემბერას არ უყვარს ზედმეტი სასუქი და აზოტი საერთოდ არ სჭირდება. ყვავილობის დროს აკრძალულია ყველანაირი სასუქის მიცემა. მარტიდან კი შეიძლება მცირე დოზით კალიუმისა და ფოსფორის მიწოდება. ბიოსასუქებიდან ნაცრიანი წყალი მოსწონს, ასევე ბანანის კანის სასუქი.
პუანსეტია - შობის ვარსკვლავი
მისი სამშობლო მექსიკა და ცენტრალური ამერიკაა. აცტეკები წითელ ფოთლებს საღებავად იყენებდნენ, ხოლო თეთრ წვენს, ლატექსს, სამკურნალოდ. საქართველოში, როგორც საშობაო დეკორაცია, 1990 წლიდან გავრცელდა. პუანსეტიას ფოთოლი გამოირჩევა წითელი, თეთრი და ვარდისფერი ფოთლებით, რომელიც შობის წინა პერიოდში ფერებს იცვლის. ძალიან ლამაზი, წვრილი, ყვითელი ყვავილი აქვს.
საქართველოში შემოტანილი პუანსეტიას 90% სწრაფად უფუჭდებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ტრანსპორტირების დროს უკვე დაზიანებული შემოდის. ხშირად არ აქვს სადრენაჟო ხვრელი და მაღაზიებში სამკვირიანი მორწყვით ფესვი უკვე დაზიანებული, დამპალი აქვს. მთავარი ტემპერატურული სხვაობაა, როცა ყიდულობენ, იმ სივრციდან შეფუთვის გარეშე გამოაქვთ. მას კი ხუთი წუთიც ჰყოფნის, რომ სიცივეში ან ქარში მოხვდეს და შოკი მიიღოს. ეს ცუდად აისახება მცენარეზე და მისი გადარჩენა ძალიან რთულდება.
არ უყვარს ტემპერატურის ცვალებადობა, ამიტომ ზუსტად იმ ტემპერატურაზე უნდა იყოს, როგორზეც წინა პერიოდში. მოსწონს განათებული ადგილები, თუმცა გაბნეული სინათლე სჭირდება. საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა. შუადღის მზე აზიანებს. საჭირო ტემპერატურაა დღისით +18 გრადუსი და ღამით +14. ვერ იტანს როგორც ორპირ ქარს, ისე გამათბობელსა და ღუმელს.
ვრწყავთ მაშინ, როცა ზედაპირი 2 სმ სიღრმეზე გაშრება... მოსწონს საუკეთესო, მსუბუქი, ტროპიკული მცენარეებისთვის განკუთვნილი ნიადაგი. თუ გინდათ, რომ ფოთოლი გაუწითლდეს, სექტემბრიდან 14 საათს სიბნელეში უნდა იყოს, ხოლო დღისით ძალიან კარგად განათებულ ადგილას. როცა ფოთოლი უკვე წითელი აქვს, არანაირი სასუქი არ სჭირდება. სექტემბრამდე კი ესაჭიროება ტროპიკული მცენარეების სასუქი აზოტით.
როგორ უნდა გადავარჩინოთ მცენარე, თუ უკვე შოკირებული და ენერგიაგამოცლილი შევიძინეთ, ამაზე ასეთი პასუხი არსებობს:
გადასარგავ ქოთანში სადრენაჟო ხვრელი უნდა არსებობდეს. თუ ფესვებთან ახლოს მიწა ძალიან სველია, ვუწყობთ ნახშირს და შვიდ დღეს აღარ ვრწყავთ, ანდა თუ მშრალია, ნახშირიანი წყლით ვრწყავთ. დადგით ნათელ ადგილას. ერთი ჩაის კოვზი ალოეს წვენი გახსენით ერთ ლიტრ თბილ წყალში და მორწყეთ. გამოიყენეთ ცირკონის პრეპარატი - ეს შოკს ადვილად ხსნის. თუ გადაარჩენთ და მხოლოდ ფოთოლი გასცვივდება, მარტში ისევ დაიწყებს ფოთლების გამოტანას. მომავალ წელს ჩვეულებრივად გაწითლდება, თუ დაბნელების მეთოდს გამოიყენებთ... თუ მცენარე ტორფშია, გადარგვა შეიძლება, სასურველია, კარგ ნიადაგში. ეს პროცედურა მარტში უნდა ჩატარდეს.

კრასულა - ბარაქის ხე
კრასულა სუკულენტია. მისი სამშობლო სამხრეთი აფრიკაა, მოზამბიკის მშრალი რეგიონი. ეს ტერიტორიები მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ამიტომაც მცენარემ ფოთლებსა და ღეროში წყლის დაგროვების უნარი შეიმუშავა.
საქართველოში ბარაქის ხე XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჯერ ბოტანიკურ ბაღებში გავრცელდა, შემდეგ კოლექციონერების სათბურებში, მოგვიანებით კი სახლებში აღიარეს საოჯახო, ოთახის უპრეტენზიო მცენარედ. კრასულას სიცოცხლის ხანგრძლივობა ათეულობით წელიწადია. მისი მოვლის ძირითადი წესები ასეთია: სჭირდება ძლიერი, გაბნეული სინათლე, თუ მთელი სეზონი ასეთ ადგილას არ მოათავსეთ, არ იყვავილებს. ნიადაგის მორწყვა უნდა მისი სრულად გამოშრობის შემდეგ, რადგან წყლის რესურსს ფოთოლსა და ღეროში იგროვებს, რაც სრულად უნდა გახარჯოს და მერე მოირწყას. ზამთარში ხშირი მორწყვა საშიშია, რადგან ფესვი ულპება.

არ უყვარს გადამეტებული სასუქები. ნიადაგი თუ სწორად შეურჩიეთ და სუკულენტებისთვის შესაფერის ნიადაგშია, თვეში ერთხელ შეიძლება მცირე სასუქებით დასჭირდეს მორწყვა. არ უყვარს აზოტი. კრასულას უნდა შევურჩიოთ მცირე ზომის ქოთანი. დიდ ქოთანში მხოლოდ ფესვის შევსებაზეა გადართული, არ ყვავილობს. ბარაქის ხე ყვავილობას მაშინ იწყებს, როცა სტრესშია. ოღონდ მისთვის ეს სტრესი გონივრული უნდა იყოს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სექტემბრიდან არ ვსხლავთ და არც ერთ ტოტს არ ვაცლით. ვათავსებთ უკვე გრილ ოთახში და ექვსი საათიდან სიბნელეს ვუწყობთ. ამ დროს მცენარე `ფიქრობს~, რომ მისთვის იდეალური პირობები აღარ აქვს, სიგრილეა, ღამით +10 გრადუსი, დღისით +18 გრადუსი სჭირდება. აღარ ვრწყავთ, მოსვენების ფაზაშია და თებერვლის ბოლომდე არანაირი სასუქი არ სჭირდება. გრილ გარემოში გამრავლებაზე გადაეწყობა, კვირტებს იყალიბებს და იწყებს ყვავილობას, რომელიც მარტამდე გრძელდება. ადგილს არ ვუცვლით, არ ვაძლევთ არანაირ ქიმიურ და ბიოსასუქს. როგორც კი დაასრულებს ყვავილობას, მარტიდან გავსხლავთ და ნაცრიან წყალს მივცემთ, კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს, ჩ ვიტამინს, მწვანე ჩაის ნაყენს თვეში ერთხელ რიგრიგობით.
ბარაქის ხე იწყებს ყვავილობას არა კვებით, არამედ სიგნალით, რომ სტრესშია და უნდა გამრავლდეს - საიდუმლო სწორედ ეს არის. ბნელი ფაზის ხანგრძლივობა, სიგრილე, წყლისა და საკვების შიმშილი. აყვავებას იწყებს 3, 5 ან სულაც 10 წლის ასაკიდან.