„ღორის ლორი რაჭულად, მესხურად თუ გურულად, ყველა გემრიელია“
იმის ასახსნელად, თუ რატომ არის შემორჩენილი საშობაოდ ან ძველით ახალ წელიწადს ღორის დაკვლის ტრადიცია საქართველოში, მხოლოდ ის არგუმენტი არ კმარა, რომ შობა-ახალი წელი უდიდესი დღესასწაულებია, რომელთა დადგომამდე ჩვენი წინაპრები მარხვას ინახავდნენ, შემდეგ კი ღორის მწვადებს გეახლებოდნენ. და არა მხოლოდ მწვადებს - ღორის ხორცის შებოლვა-დამარილება საქართველოში უძველესი ტრადიციაა, ხოლო ამ ხორცს გაზაფხულის მარხვამდე მიირთმევდნენ.
შებოლვა-დამარილება ნიშნავდა, რომ ღორის ხორცი სწორედ გაზაფხულამდე უნდა ეჭამათ, რათა ამ დროს ხორცის დეფიციტი არ უნდა ყოფილიყო. ცხიმებით გაჯერებული ღორის ხორცი სწორედ ზამთარშია სასარგებლო და სასიამოვნო, რადგან სიცივეში ორგანიზმი არ გადაიტვირთება, სიცხეში კი მისი ჭამა ორგანიზმს ამძიმებს. შესაბამისად, საშობაო-საახალწლოდ ღორს არაერთ სოფელში ზრდიან გამრჯე ოჯახები. თუ ისე მოხდა, რომ ოჯახმა ღორი ვერ გაზარდა, საკალანდო სუფრაზე ღორის ხორცი მაინც აუცილებლად უნდა იყოს. ამ ამბავს და საშობაო-საკალანდოდ სუფრაზე ღორის ხორცის აუცილებლობაზე დავით გირკელიძეს ვესაუბრეთ ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირიდან. ტრადიციებთან ერთად, ისიც ვკითხეთ, ღორის ხშირი დაავადებების მიუხედავად, მაინც როგორ რისკავენ ღორის გაზრდას, რაზეც ასე მიპასუხა:
- ავადმყოფობის შიშით კი არა, მგელი შემოგვეჩვია და მაგის შიშითაც არ გაგვიწყვეტია ხალხს პირუტყვი და არც ახლა გავწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ ღორის აფრიკული ჭირი დადის გურიაში. ზოგიერთს გაუწყდა კიდეც მაგით ახლაც ღორი, მაგრამ მე შეშინებას არ ვაპირებ, ამწუთასაც მყავს მაკე ღორი და ისე უნდა მოვუარო, რომ ავადმყოფობა არ მივაკარო. სულ არ გავუშვებ ტყეში და ავადმყოფობა საიდან შეეყრება?
- სოფელში ბევრს ურჩევნია ღორის ხორცი იყიდოს და ამით დაიცვას თავი ღორის დახოცვის მორიგი სტრესებისგან.
- მე არ ვფიქრობ, რომ ღორები დაგვეხოცება, რადგან ახლა ისეთი დროა, ვეტექიმი მანქანით წუთებში მოგადგება და გიშველის. იცით, ამწუთას 10-კილოიანი გოჭი ცოცხლად რა ღირს? თითქმის 300 ლარი და კიდევ მეტი. თანაც, თუკი გოჭს სიმინდით, ნატურალურად ზრდი, მისი ფასი ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო მეტია. მე თავად მომყავს სიმინდი. ამწუთას ყველა გოჭი გაყიდული მყავს და ჩემთვისაც დავიტოვე ერთი საკალანდოდ. საშობაო-საკალანდოდ გურიაში გოჭები ისე კარგად იყიდება, მგონია, ინდაურიც ვერ დაეწიოს.
- გოჭები ამ დროს ყველგან კარგად იყიდება, ინდაურს კი ყოველთვის აქვს ამ სუფრაზე თავისთვის ადგილი... თქვენ ეს მითხარით, გურიაში რატომ იყო აუცილებელი, რომ მეკვლეს ღორის თავი მოეტანა.
- იმიტომ, რომ სიუხვის ნიშანი იყო. აბა, კარგად დააკვირდით - იანვრიდან მარტის ჩათვლით რამდენნაირ ხორცს ანაცვლებს შინ გაზრდილი 200-კილოიანი ღორის ხორცი. როდესაც შინ ღორის ხორცია, ამ დროს ადამიანს სხვა სახის ხორცეული აღარ ენატრება. გარდა მაგისა, ღორის ლორი რაჭულად გინდა, მესხურად თუ გურულად, ყველა ძალიან გემრიელია, თავისი განსაკუთრებული ნოყიერება და გემო აქვს, ისევე როგორც კუპატებს, რომლებიც გემოთი სასწაულია და მხოლოდ ღორის ხორცით მზადდება იმფერად გემრიელი, მხოლოდ მეგრელებმა და გურულებმა რომ ვიცით, ოღონდაც ბროწეული უნდა ჩატენო კუპატში, თუ არადა, სხვაფრივ გემრიელს ვერ გამოიყვან.
- ახლა ესეც მითხარით, გურიაში ქართულ ღორს, თქვენ გარდა, კიდევ ბევრი აშენებს?
- გურიაში, სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქართული ღორი უფრო ცოტას ჰყავს და გეტყვით რატომაც - იმიტომ, რომ ქართული ღორი ბევრად ნაკლებს იწონის, ვიდრე, მაგალითად, უკრაინული, რომელიც ყოველთვის იყო გურიაში და ძალიან დიდი იზრდება, 200 კგ-ზე ბევრად მეტი. ქართული ღორის ხორცი კი, ჩემი გამოცდილებით, უკრაინულზე ბევრად გემრიელია. მთავარი ის არის, ქართული ღორის გაშენება იმათ უფრო აწყობთ, ვინც ტყის პირას ცხოვრობს. მთელი ზაფხული ტყეშია გოჭებით და გვიან შემოდგომამდე შინ საკვებისთვის არ შეგაწუხებს. თუმცა მე დაჩვეული მყავდა, რომ ტყიდან გამოსულიყო და ჩემთანაც ეჭამა. ასე მგლისგანაც დავიცავი, ტყეში ღამით აღარ რჩებოდა, საღორეს ვაღებდი და თვითონ შედიოდა.
- ძალიან გაწვრთნილი კი გყოლიათ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ დღეს მსოფლიოს გეზი იქით აქვს აღებული, რომ ნაკლები ხორცი ჭამონ.
- ჩვენ განვსხვავდებით ყველასგან, შინაურ პირუტყვს კვლავ შინ ვზრდით.
- ჰოდა, ძალიან კარგი, რომ ზრდით, ყიდით კიდეც და თავადაც სარგებლობთ. თქვენ სოფელში სხვაც თუ ზრდის ღორებს სარგებლის მისაღებად?
- ჩემი სოფელი პატარაა და უფრო სათავისოდ ზრდიან, მაგრამ გურიაში ბევრი ვიცი, ვინც ღორს ზრდის. განსაკუთრებით სოფელი სურებია ჩოხატაურში მაგ საქმით ცნობილი. სურების ღორები სწორედ ტყის ღორებია, რომლებიც, ფაქტობრივად, ტყეში იკვებებიან. მაგიტომ ისეთი გემოვნების ხორცი აქვთ, რომ მაგათ სხვა ტყუილად მიედარება.
- თანამედროვე ღორის სახეობები, ვთქვათ, ლანდრასი თუ ჰყავს ვინმეს. კარგი ღორია, ცხიმიც ნაკლები აქვს, წონით ქართულ ღორზე მეტი იზრდება და ცხადია, მოგებაც უფრო დიდი აქვს.
- ეგეც გვყავს. გურია გამონაკლისი ხომ არ არის, რომ თუ ზრდის და შრომობს, კარგი ჯიში არ აირჩიოს. ეგ კი არა, ევროპულ ღორებს ხელოვნური განაყოფიერებითაც აშენებენ, ოღონდ მაგათ მოშენებას ისე ვერ გარისკავ, თუ ვეტექიმთან არ გექნა მუდმივი კავშირი.E ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშები ვეტერინარის მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. უცხო ჯიშების მოშენება უფრო დიდი ფერმებისთვისაა კარგი. ვეტერინართანაც მუდმივ კავშირზე არიან, ხორცის პროდუქტსაც ბევრს იღებენ და მოგებაც დიდი აქვთ.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება დაასახელო ღორის ხორციდან ყველაზე გემრიელ კულინარიულ ნაწარმად?
- რახან გურული ვარ, მოხარშულ ღორის თავს და ცივ მჭადს დავასახელებ. მასზე წინ ჩემთვის არანაირი კერძი არ დგას. რაც შეეხება აღიარებულ კულინარიულ ქმნილებას, ეგ რაჭული შებოლილი ღორის ხორცია, რომელსაც ადგილს გურულების საყვარელი ღორის თავი დიდი სიამოვნებით დაუთმობს. თუმცა კერძთან ერთად სტუმარიც აუცილებელია, რომლის გარეშე შობა-ახალ წელიწადი არ ღირს.
ეთერ ერაძე