ფერადი ქვებით გამოსახული მონატრება - კვირის პალიტრა

ფერადი ქვებით გამოსახული მონატრება

ემიგრანტი ქალების ყოველდღიურობა გამოუთქმელი სევდითაა სავსე - ოჯახთან, სამშობლოსთან განშორებით გამოწვეული სევდით. ნეაპოლში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ია თავაძემ ეს გრძნობა ქვებისგან შექმნილ კომპოზიციებში ჩააქსოვა. თუ როგორ დაინტერესდა ამ საქმით, ქალბატონი ია თავად მოგვითხრობს.

ია თავაძე:

- წარმოშობით ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ხეთიდან ვარ. უზრუნველი ბავშვობა დღემდე ტკბილად მახსენდება. სამტრედიაში გავთხოვდი და ჩემი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს: მყავს მეუღლე და ორი დაოჯახებული ქალიშვილი. 2022 წლის სექტემბრიდან იტალიაში, ნეაპოლში ვცხოვრობ. როცა ემიგრაციაში ხარ, შენს თავს აღარ ეკუთვნი, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ და სულ ცდილობ ახალ გარემოში საკუთარი თავი იპოვო. ჩემთვის დიდი შვება გახდა ქვებით მხატვრობა, რომელმაც ბოლო წლებში გამიტაცა. ყველაფერი სალერნოს სანაპიროდან დაიწყო, სადაც ბებოს ვახლდი. ზღვის სანაპიროზე რომ ვიჯექი, ჩემი ყურადღება ძალიან ლამაზმა ფერადმა ქვებმა მიიქცია. ვიფიქრე, შევაგროვებ და ლამაზ ჭურჭელში შევინახავ-მეთქი. მერე ამ კენჭებით იქვე, ზღვის პირას, რაღაც ფიგურა გავაკეთე და ჩემი პირველი ნამუშევარი ასე შეიქმნა. ქვებით ხატვა სრულიად ახალი მიმდინარეობაა ხელოვნებაში. გუგლში რომ დავძებნე, საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი ხატავს როგორც ზღვის, ასევე მდინარის ქვებით. მახსოვს, კენჭებისგან პირველი ფიგურა რომ ავაწყვე, გულმა მიკარნახა, იქ ნაპოვნი ლამაზი ქვები შემეგროვებინა და თან წამეღო. მართლაც, მოვაგროვე და სახლში რომ მივიტანე, 8 კილოგრამამდე ქვა მქონდა დაგროვილი. მუშაობა იმ დღესვე დავიწყე და მას შემდეგ 700-მდე კომპოზიცია მაქვს შექმნილი.

qristes-sh-1768572625.jpg

მალე სამი წელიწადი შესრულდება, რაც ქვებით ხატვა დავიწყე და ბევრნაირი კომპოზიცია მაქვს შექმნილი: ემიგრანტი ქალი, შეყვარებული წყვილი, დედა-შვილი, ყვავილები, ცხოველები, ფრინველები - ყველაფერი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, თუ ლამაზი კენჭები გაქვს და ხალისიც, რომ იმუშაო. ქვებით ხატვა, როგორც აზარტული თამაში, ისე გითრევს და გიტაცებს. ზოგჯერ, როცა ნახატს დავასრულებ და ჩემს ნახელავს ვათვალიერებ, ცრემლი მომერევა ხოლმე. კომპოზიციას რომ შევქმნი, მერე ვაწებებ. წებოთი მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან შეიძლება მთელი კომპოზიცია დაგეშალოს. თავდაპირველად არ ვაწებებდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ნეაპოლის ქართული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მაკა ხაჩოშვილმა და მითხრა, თქვენი გამოფენის მოწყობას ვაპირებთო. ძალიან შევშფოთდი და ვუთხარი, რომ არც ერთი ნახატი დაწებებული არ მქონდა. თავიდან ეს ჩემი ჰობი იყო, რომელსაც ჩემს ფეისბუკმეგობრებს ვაცნობდი. კიდევ კარგი, ჩემმა შვილებმა გამამხნევეს და მითხრეს, რომ ქვის წებოს და მასალას საქართველოდან გამომიგზავნიდნენ. მართლაც, ყველაფერი გამომიგზავნეს. საშინლად ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი მოვახერხე: 40 ნახატი ჩარჩოში ჩავსვი და ნეაპოლის ქართულ ბიბლიოთეკაში გავგზავნე, სადაც ჩემი პირველი გამოფენა გაიმართა. მოვიდნენ ჩემი მეგობრებიც, სულ უცხო ადამიანებიც, გამოფენას იტალიელებიც ესწრებოდნენ და ყველა კმაყოფილი ჩანდა. 2024 წლის 30 მაისი - ჩემი გამოფენის დღე არასდროს დამავიწყდება! მეგობრებმა ჩემი ნახატები რომ ნახეს, ცრემლი მოერიათ და შემაქეს, უბრალო ქვებისგან რამხელა სითბო მოდისო... ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

gilebith-1768572626.jpg

- ქალბატონო ია, ხატვა ადრეც გიყვარდათ?

- ადრე არასდროს დამიხატავს, მაგრამ ქვებს რომ ვხედავ, შთაგონება თავისით მოდის. ზოგიერთ ნახატს ნიჟარებითაც ვაფორმებ, როცა სხვადასხვა ფერი მჭირდება, საღებავებს ვიყენებ და ჩემი ნახატები ასე იქმნება. სულ ვამბობ, რომ გამიმართლა: ღმერთმა ისეთ ადგილას მომახვედრა, სადაც ჩემთვის საჭირო ქვებს ვპოულობ. აქ ბევრნაირი ქვის პოვნა შეიძლება, თანაც უკვე ვიცი, სად ვეძებო. უკვე იტალიელებიც მცნობენ და თვითონაც მიგროვებენ. სალერნოში ძალიან სასიამოვნო ცოლ-ქმარი გავიცანი და იქ რომ ჩავდივარ, ფერად ლამაზ კენჭებს პარკით მახვედრებენ ხოლმე. ბებო, რომელსაც ვუვლი, ალცჰაიმერითაა ავად. ძალიან შემეჩვია და როცა საქართველოში დაბრუნებას ვახსენებ, სულ ტირის. ცხადია, მეც შევეჩვიე, მოხუცს მარტო ფულის გამო ვერ მოუვლი, თუ არ გიყვარს და არ გეცოდება. თუ ხანდაზმულს გულით მოუვლი, ღმერთი წყალობას მოგცემსო, და მომცა კიდეც: მისი ოჯახის წევრებს ჩემი ნახატები ძალიან მოსწონთ და ყველანაირად ხელს მიწყობენ. ჩემი ოთახი სულ ქვებით მაქვს სავსე, მაგრამ არ მიშლიან.

ახლა 50 ნახატი მაქვს. ზოგს საქართველოშიც ვგზავნი ხოლმე - ვისაც მოეწონება, იმ პირობით ვჩუქნი, რომ საქართველოში გამოფენას როცა გავმართავ, მათხოვონ. უფლის მადლობელი ვარ, რომ ქვებით ხატვა სწორედ აქ, იტალიაში დავიწყე, რადგან ამან ემიგრაციის ტვირთი შემიმსუბუქა.

saqarthvr-1768572625.jpg

- ბოლო წლებიდან ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?

- ნეაპოლში 2020 წლის 7 სექტემბერს ჩამოვედი, როცა ხვიჩა კვარაცხელია პოპულარობის ზენიტში იყო. ყველგან ქართული დროშები იყო გამოფენილი და ის დღეები ძალიან კარგად მახსენდება. აქ მცხოვრები ემიგრანტები ძალიან ბედნიერები და ამაყები ვიყავით. ხვიჩა პარიზში რომ გადავიდა, ნეაპოლელები განაწყენდნენ, მაგრამ ის აქ მაინც პოპულარულია.

რა თქმა უნდა, ჩემს საქმესთან დაკავშირებული ამბებიც ძალიან ტკბილად მახსენდება, მაგალითად, შეყვარებული წყვილი გაბუტული რომ დავხატე და სოციალურ ქსელში დავდე, ბევრმა მთხოვა, შეარიგეო და მეც, მეორე კომპოზიციაში შევარიგე. ნათესავებს ჩემს ნამუშევრებს რომ ვუგზავნი და შემაქებენ, მერე ამ ნახატს გააზიარებენ და მეც ბავშვივით მიხარია. უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ ასეთი პატარ-პატარა სიურპრიზები მაინც გულს მიხარებს.

nazvis-xee-1768572625.jpg

- თქვენი კომპოზიციებიდან გამორჩეულად რომელი გიყვართ?

- ყველა ჩემი ნამუშევარი მიყვარს და მგონია, ერთი რომ გამოვყო, სხვებს უსამართლოდ მოვექცევი-მეთქი. ეგ კი არა, ზღვის სანაპიროზე რომ ვარ და ქვებს ვაგროვებ, მინდა თითოეული კენჭი შინ წავიღო და ჩემს ნახატებში გამოვიყენო.

ყველა ჩემს ნამუშევარში სული და გული მაქვს ჩადებული და ამიტომ გასაყიდად ვერ ვიმეტებ, გაყიდვას ისევ გაჩუქება მირჩევნია, რადგან საქართველოში გამოფენა რომ მექნება, გაჩუქებულ ნახატებსაც გამოვფენ.

გამოფენის გამართვას თბილისში თუ ვერ მოვახერხებ, სამტრედიაში ძალიან ლამაზი "მომავლის პარკი" გვაქვს. Fუკვე 50 კგ-მდე ქვა მაქვს გაგზავნილი, რადგან შეიძლება საქართველოში ასეთი ლამაზი ქვები ვერ ვიპოვო. ჩემს ეზოში პატარა ხის შენობა უნდა დავდგა, სახელოსნო მოვაწყო და ბავშვებს ჩემი ხელობა ვასწავლო.

chitebi-1768572626.jpg

- საქართველოში ახალი წელი უკვე აღნიშნეს, ახლა ძველით ახალი წელიც მოდის, რას უსურვებთ ქართველ ემიგრანტებს.

- რა უნდა ვუსურვო ჩვენს ემიგრანტებს ახალი 2026 წლისთვის? - პირველ ყოვლისა, გამძლეობა, სიმტკიცე და რასაკვირველია, საქართველოში მალე დაბრუნება. რაც ყველაზე მთავარია, ვისურვებდი, რომ არც ერთ ქალს აღარ გამოეცადოს, როგორია შვილების დატოვება და უცხო ქვეყანაში ემიგრანტად ცხოვრება.

ხათუნა ჩიგოგიძე