უკრაინული ატომური ელექტროსადგურების „გათიშვით“ კრემლი უკრაინის სრულ ჩაბნელებასა და „გაყინვას“ ეცდება...
რუსეთი აპირებს საჰაერო დარტყმები მიაყენოს უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ქვესადგურებს, რათა გათიშონ კავშირი ატომურ ბლოკებსა და უკრაინის ერთიან ენერგოქსელთან და მოსახლეობა შუქისა და გათბობის გარეშე დატოვონ - ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში კრემლმა ისევ დაიწყო „ზამთრის ომის“ ფაზა, უკრაინის მილიონობით მოსახლეს ისედაც მოეხსენება, რადგან პუტინმა ეს სპეციალურად დაამთხვია უკრაინაში ყინვების დადგომას,ისევე როგორც ეს გააკეთა 2023, 2024 და 2025 წლების ზამთრის პერიოდებშიც...
თუმცა, ამ ახალი წლის „ზამთრის ომი“ განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა უკრაინის ქალაქების და პირველ რიგში დედაქალაქ კიევის მილიონობით მაცხოვრებლისთვის,რადგან რუსულმა მიზანმიმართულმა საჰაერო დარტყმებმა თბოელექტროსადგურებზე, ისინი სახლებში გათბობისა და შუქის გარეშე დატოვა, თანაც ოც გრადუსიან ყინვაში...
გასაგებია, აგრესორი რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანი-მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივობით გადასცდა გერმანია-საბჭოთა კავშირის ომსაც კი და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თითქმის ოთხწლიანი გამუდმებული შეტევების შემდეგ ჯერ დონბასიც კი ვერ დაიპყრეს ბოლომდე(არადა მათ ამ მიმართულებაზე შეტევა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან კი არა, არამედ ჯერ კიდევ 2014 წელს დაპყრობილი დონეცკიდან წამოიწყეს), კრემლი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის „გაყინვას“ ცდილობს, რათა მათ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან კაპიტულაციის შესაძლებლობის თაობაზე შესჩივლონ...
აქამდე უკრაინის სრული ჩაბნელება და „გაყინვა“ ოკუპანტ რუსეთს შემდეგი მიზეზის გამო არ გამოსდიოდა:
რუსეთმა თითქმის ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგურიც რომ გაუთიშოს, უკრაინა სრულ ბლეკაუტში მაინც არ აღმოჩნდება, რადგან დღეისათვის ფუნქციონირებს სამი ატომური ელექტროსადგურის (როვენსკის, ხმელნიცკისა და იუჟნო უკრაინსკის) 9 ატომური რეაქტორი (ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ექვს ატომურ ენერგობლოკს კი ომის დაწყებიდან რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ), რომლებიც, საერთო ჯამში, 52 მლრდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას იძლევიან, რაც უკრაინაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარია.
თბო და ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, ატომური ელექტროსადგურების დაბომბვას, ყველაფერზე წამსვლელი პუტინი ჯერჯერობით ვერ ბედავს, თუნდაც იმიტომ, რომ დაბომბილი და ჰერმეტულობა დარღვეული ატომური რეაქტორიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ მაღალრადიოაქტიურ ნუკლიდებს ქარი ადრე თუ გვიან რუსეთის საჰაერო სივრცეშიც შეიტანს და თავად კრემლისკენაც კი წაიღებს, როგორც ეს 1986 წელს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ატომური ენერგობლოკის ავარიისა და მისი დამცავი კონსტრუქციის დარღვევის შემდეგ მოხდა...
თითქოს, უკრაინული ატომური ელექტროსადგურების „ხელშეუხებლობა“ უკრაინის მოსახლეობას გარანტიას აძლევს, ამ ზამთარში სრულ სიბნელესა და სიცივეში არ დარჩეს, თუმცა აგრესორი რუსეთი აქაც ცდილობს გამოსავლის პოვნას და საჰაერო დარტყმების მიყენება დაიწყო არა უშუალოდ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურებზე, არამედ, იმ ქვესადგურებზე, რომლებზეც გაივლის ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროდენი ერთიან ენერგოსისტემაში ჩართვამდე...
თუმცა აქაც არის ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი-ასეთი ქვესადგურები, როგორც წესი, ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს არიან განთავსებულნი და მაინც რჩება იმის დიდი საფრთხე,რომ მორიგი რუსული პლანირებადი საავიაციო ბომბი, უპილოტო „გერანი“ თუ ფრთოსანი „კალიბრი“, ამ ქვესადგურს ასცდეს და ატომური რეაქტორის შენობა დააზიანოს...