„ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი  პროტესტის უნდა ეშენოდეს...“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი  პროტესტის უნდა ეშენოდეს...“

5 წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია - ეს არის ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაფორმებული საპროცესო გარიგების პირობები. შეგახსენებთ, საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ დანაშაულის არსებითი განხილვა აღარ იქნება. "ქართული ოცნების" ორგზის ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი და ახლა უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ისე წავიდა, საჯაროდ არაფერი უთქვამს. ღარიბაშვილის საპროცესო შეთანხმებით კმაყოფილი დარჩნენ მისი ყოფილი თანაგუნდელებიც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ფულის გათეთრებაში ბრალდებულს სულ ორჯერ მოუწია სასამართლო სხდომაზე მისვლამ: პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მილიონიანი გირაო შეუფარდეს; მეორედ, გასულ კვირას - ყოფილი პრემიერ-მინისტრი 12 იანვარს სასამართლო დარბაზში, საგანგებო სხდომაზე დააპატიმრეს, ერთი თვით ადრე 12 თებერვალს დანიშნულ მორიგ სხდომამდე, როცა სასამართლოს მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო. ამით მან უარი თქვა შესაძლებლობაზე, კიდევ მინიმუმ ერთი თვით ყოფილიყო თავისუფალი. ის "ქართული ოცნების" მთავრობის უკვე მეორე პრემიერია, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalch.jpg

- ღარიბაშვილის დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ჰქონდა სერიოზული საფუძველი, ვგულისხმობ, მის კორუმპირებულობას. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, ჯერ კიდევ მისი პირველი პრემიერობისას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ივანიშვილისთვის, ის ისევ დაებრუნებინა მთავრობაში.

მოკლედ, დღეს გუნდში გარჩევების მომსწრე ვართ, შეიძლება ვთქვათ კიდეც, რომ მიდის საქართველოს "ბრაზილიზაცია". ამაში ვგულისხმობ, რომ იქ, როგორც წესი, ყველა წინა პრეზიდენტს იჭერენ ხოლმე. "ქართული ოცნება" ლათინური ამერიკის ტიპის "დემოკრატიას" ამყარებს, მაგრამ განსხვავებაც გვაქვს, ბრაზილიაში დაკავებული პრეზიდენტები, როგორც წესი, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნიან ხოლმე, შესაბამისად, ეს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლაა, აქ კი ერთ პარტიაში მიდის ბრძოლა პირველობისთვის და ეს ხდება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობისას, რაც უპირობო ლიდერობის სურვილითაა განპირობებული. რით დასრულდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. ახალგაზრდა კაცია და, ალბათ, ჯობს დაფიქრდეს, რომ არცთუ შორეულ მომავალში თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. რას მოუგონებენ, კაცმა არ იცის.

ღარიბაშვილის საქმეში, როგორც უკვე ვთქვი, ნამდვილად არის კორუფციის ნიშნები, მაგრამ გიორგი გახარიას ბრალდებები სრულიად თითიდან გამოწოვილია - ე.წ. გავრილოვის ღამეზე თუ ჩორჩანას ეპიზოდებზე ბრალდებები აბსურდული. კაცი ამის მერე დააწინაურეს და ახლა ერჩიან. ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის არავის.

მე ის მიკვირს, რომ ბევრს ეგონა, ღარიბაშვილს ციხეში არ გაუშვებდნენ. პირადად მე ველოდი მის დაკავებას, სხვა საქმეა, რომ მას, ალბათ, გარკვეული დროის მერე შეიწყალებენ.

613022160-1951055612146451-2592587172990957354-n-1768757609.jpg

- ოპოზიციურ ფლანგსაც გადავხედოთ, ქუჩაში პროტესტი ისევ გრძელდება, თუმცა ოპოზიციური პარტიები კვლავ დაქსაქსულად აგრძელებენ საქმიანობას. თუმცა ბოლო ხანს გაერთიანების მნიშვნელობაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ..

- არსებულ ოპოზიციაში რესურსს ვერ ვხედავ. საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი სახეები... ამ ოპოზიციამ სრულად დაკარგა ხალხის ნდობა - რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ მოსწონს "ქართული ოცნება", ფიქრობს, ეს მთავრობა თუ წავა, მერე რა მოხდება, ხომ არ იქნება ქაოსი და არეულობაო. არ ჩანს პარტია, რომელსაც ძალაუფლების ხელში აღების პოტენციალი აქვს. ვერც ინტელექტუალურ რესურსს ვხედავ ოპოზიციაში, რომ რამე ქმედითი გააკეთონ. მე არც მათი გაერთიანების მჯერა. რომც მოახერხონ და გაერთიანდნენ, რას გააკეთებენ? მათი უნიათობა განსაკუთრებით ცხადი გახდა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 11:0 მოუგო მთავრობამ ოპოზიციას. ეს არ იყო რთულად წარმოსადგენი. წინასწარ ვაფრთხილებდით, არა მხოლოდ მე ვამბობდი, რომ იმის ლაპარაკით, ერთ დღეში შევცვლით ხელისუფლებასო, შეცდომას უშვებდნენ.

რაც შეეხება პროტესტს, მე ვიტყოდი, ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს - ეს ყველაზე სახიფათოა, ამან გადაატრიალა იდეოლოგიურად კომუნისტური რეჟიმი და გადააგდო სანაგვეზე. ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ აანალიზებს სწორად ხალხის განწყობას. ალტერნატივა რომ იყოს, ამ მთავრობას კარგა ხნის წინ გავუშვებდით. პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. როგორც გითხარით, აუცილებელია ახალი ძალა და ვფიქრობ, აუცილებლად გაჩნდება, ცარიელი ადგილი ყოველთვის ივსება, მით უფრო საქართველოში. ჩემი აზრით, ქართველი დიქტატურას არასდროს შეეგუება. ასეთი ლატენტური პროტესტი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, არ ვიცი როდის, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება და შედეგი აუცილებლად მოჰყვება.

"ქართულ ოცნებას" ბევრი რამ უწყობს ხელს, გარეპოლიტიკური მოვლენები, გადადის ყურადღება იმ პროცესებზე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, რაც გაცილებით სახიფათოა კაცობრიობისთვის.

- საგარეო პოლიტიკური ვითარება ახსენეთ და, მართლაც რთული პროცესები მიდის მსოფლიოში. ბოლო კვირების განმავლობაში უმძიმესი ვითარებაა ირანში. იყო ლაპარაკი, რომ ტრამპი სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, თუმცა ეს ჯერ არ ჩანს.

- ბოლო 37 წლის განმავლობაში "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ისწავლა ქვეყნის მართვა, შესაძლოა ძალისმიერად, რეპრესიებით და ათასგვარი სხვა ხერხით, მაგრამ იქ ხელისუფლებაში იდიოტები ნამდვილად არ არიან.

მოვლენები მართლაც დრამატულად განვითარდა, ეკონომიკური კოლაფსის გამო უამრავი ხალხი გავიდა ქუჩაში - თავდაპირველად ყველაფერი მასშტაბური დემონსტრაციებით დაიწყო, თუმცა, ვფიქრობ, ისრაელის წაქეზებით რიგ რეგიონებში ეს პროტესტი ძალისმიერიც გახდა. ირანის რეჟიმსაც მეტი რა უნდოდა, ამას დაუპირისპირა უფრო დიდი ძალა და სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, არა 20 000-მდე კაცი, როგორც ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ავრცელებდა, მაგრამ დაღუპულია ასობით ადამიანი. ჩემი აზრით, ტრამპი კი იმუქრებოდა, მაგრამ ირანის პროცესებში ჩარევას არც გეგმავდა. ამისთვის არ არის აშშ მზად, განსხვავებით ვენესუელის ოპერაციისგან.

მე არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ დღესდღეობით, ვფიქრობ, არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, მით უფრო, ირანმაც თქვა, რომ არ აპირებს სიკვდილით დასაჯოს დაკავებულები. ამასთანავე, ტრამპს ბევრი სხვა პრობლემა აქვს დღეს, მათ შორის აშშ-ში. ნახეთ, რა ხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით, ლამის ომი დაიწყოს ევროპასთან.

ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანს. ევროკავშირის ქვეყნებმა სამხედრო ძალა გაგზავნეს კუნძულზე დანიურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის. თუმცა მეეჭვება საქმე კონფლიქტამდე მივიდეს, ვფიქრობ, მოილაპარაკებენ.

ხშირად მოისმენთ, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდებაო. მე თუ მკითხავთ, ახალი კი არ ყალიბდება, ძველის დაბრუნების ცდებთან გვაქვს საქმე. ადრე იყო გავლენის ორი პოლუსი - აშშ და საბჭოთა კავშირი, თავის სატელიტებით და მსოფლიო ბიპოლარული იყო, ახლა საბჭოთა კავშირის ფუნქციის შესრულებას ცდილობს რუსულ-ჩინური ალიანსი, რომელიც მდგრადი არ არის. ისინი ვერ იქნებიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორები, იმდენი შიდა პრობლემა აქვთ. ჯერჯერობით ჩინეთსაც არა აქვს იმის რესურსი, რომ მეორე პოლუსად გადაიქცეს. რუსეთზე ლაპარაკიც არ ღირს, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით მაინც, მსოფლიოს თამაშის წესებს ისევ აშშ უკარნახებს.

ტრამპი გაცილებით უფრო ხისტი ადამიანია და მან ის პროცესები, რაც მდორედ მიმდინარეობდა, დააჩქარა. ყველაფერში ერევა, ყველგან საკუთარი წესების დანერგვას ცდილობს. აგერ მის მეგობარ ნეთანიაჰუსაც კი არ მისცა ღაზის დამოუკიდებლად მართვის უფლება, თვითონ ჩაერია.

ტრამპს მართვის 3 წელი დარჩა და ჩქარობს, თუმცა უპირველესად რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ვერ ახერხებს. კი გაიძახის, შეთანხმებამდე ცოტა დროა დარჩენილიო, მაგრამ მე მისი დიდად არ მჯერა. ახლა, როდესაც ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, აშშ-ში უკრაინის დელეგაცია მორიგ მოლაპარაკებას იწყებს ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვნახოთ, რა მოხდება.

- რაში სჭირდება გრენლანდიაზე პრეტენზიის გამოცხადება ტრამპს, როდესაც კუნძულზე უზარმაზარი ამერიკული სამხედრო-კოსმოსური ბაზა უკვე არის და ამასთანავე, აშშ-ს იქ განუსაზღვრელი რაოდენობის ჯარისკაცის განთავსება შეუძლია. ამ ვითარებაში რუსეთიდან და ჩინეთიდან გრენლანდიის დაუფლების საფრთხე, რაზეც ბოლო ხანს ტრამპი ლაპარაკობს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

- გრენლანდია, მგონი, იმგვარ სიმბოლოდ იქცევა მალე, როგორც ელდარ შენგელაიას ფილმშია. ხუმრობა იქით იყოს და, კი, აშშ-ს შეუძლია სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, მაგრამ ის პოლიტიკურად ვერ აკონტროლებს კუნძულს, მის პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს. როგორც ცნობილია, გრენლანდია თავის პორტებში ჩინურ გემებსაც უშვებს და რუსულსაც - კუნძული მათი საწვავით უზრუნველყოფის ბაზაა. ტრამპს ამ ფუნქციის მოსპობა უნდა და, ბოლოს და ბოლოს, აიძულებს, ალბათ, ევროკავშირს, რომ აღარ შეუშვას რუსული და ჩინური გემები პორტებში და ამით შესაძლოა დასრულდეს ეს დავიდარაბა. თუ ტრამპმა ეს ყველაფერი მაინც გააგრძელა და დრამატულ კონფლიქტამდე მიიყვანა, მას იმპიჩმენტი არ ასცდება. ბოლოს მაგის რეიტინგები ნანახი გაქვთ? - ვენესუელის სპეცოპერაციის მიუხედავად, სულ იკლებს და იკლებს. რესპუბლიკელი სენატორებიც კი უკვე დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას ტრამპის ხუშტურების გამო. თუ მან კიდევ უფრო გაამწვავა გრენლანდიის საკითხი, ვფიქრობ, ცუდად წაუვა საქმე. ისე, კანადის მითვისებაც უნდოდა, მაგრამ მალევე გააჩუმეს.

დააკვირდით, ალბათ, "ქართული ოცნების" ანტიევროპული ნარატივები როგორ ძალიან ჰგავს ტრამპისას, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარება ვერა და ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ეს მოახერხეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. საქმე ის არის, ტრამპისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ინტერესები და არა ვიღაცის ნარატივებთან თანხვედრა.

- ევროპის როლზეც მინდა ვისაუბროთ, რომელიც ასევე ღრმა კრიზისშია. ბოლო წლების უზრუნველმა ცხოვრებამ, განახევრებულმა თავდაცვის ბიუჯეტებმა და უსაფრთხოებაზე ნაკლებმა ზრუნვამ, მნიშვნელოვნად შეარყია ევროკავშირის, როგორც ძალის ცენტრის პოზიცია; უკრაინაში ომმა კი პირდაპირ გამოაჩინა ის საფრთხეები, რაც შეიძლება დაემუქროს უახლოეს მომავალში ბებერ კონტინენტს.

- მე თუ მკითხავთ, ევროპაში პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ბრექსიტმა გამოააშკარავა ის შიდა უთანხმოებები, რაც ევროკავშირში იყო. ვითარება მართლაც რთულია - ბევრ ქვეყანაში უკმაყოფილებაა, ხელისუფლებებში მოდიან რადიკალურ-ექსტრემისტული ძალები. საბედნიეროდ, ევროპაში კანონის უზენაესობაა* და ხელები შებოჭილი აქვთ. საფრანგეთის მომავალ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არსებობს ევროკავშირის დაშლის საფრთხე, თუმცა მე მაინც გაზვიადებული მგონია ასეთი მოლოდინი. თუ სურთ ევროკავშირი რეალური ძალის ცენტრად იქცეს, მმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს მთლიანად, რაც, ალბათ, ნელ-ნელა მოხდება კიდეც. ჩემი შეფასებით, ევროკავშირი მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას.