„ოპოზიცია არაადეკვატურია, როდესაც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“ - რამაზ საყვარელიძის ანალიზი
ახალი წელი პოლიტიკური დაძაბულობითა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით დაიწყო. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებამ, ხელისუფლებაში დაწყებულმა "წმენდამ" საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა. "ძალაუფლებისა და გავლენების გადანაწილების ბუნებრივ, მაგრამ მკვეთრ ეტაპზე კორუფციის ბრალდებები ხშირად "საბაბად" და კომპრომატების ინსტრუმენტად იქცევა", - ამბობს ანალიტიკოსი და ხელისუფლების გადაწყვეტილებების ლოგიკაზე, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დუმილის მნიშვნელობაზე, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის რეალურ შანსებსა და ოპოზიციურ ველზე არსებულ ვითარებაზე საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს...
- 2026 წელი მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელობებით დაიწყო, მათ შორის საქართველოშიც. ჩემი აზრით, ქართულ პოლიტიკურ "სიახლეებს" შორის მთავარი თემა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება იყო. მას საქართველოში ჰყავს როგორც მხარდამჭერები, ისე მწვავე მოწინააღმდეგეებიც. შესაბამისად, მის მიმართ უკომპრომისობამ ცვლილებები შეიტანა პოლიტიკურ განწყობებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ "ჯარისკაცებს" უნდა იცავდეს, ღარიბაშვილი კი სწორედ ერთ-ერთი გამორჩეულ "ჯარისკაცად" იყო აღიარებული მმართველ გუნდში.
- რატომ აღმოჩნდა თქვენთვის მოულოდნელი ღარიბაშვილის დაკავება, როდესაც მას ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს?
- ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა იმ ვერსიით დასრულდა, რომ მისმა გარემოცვამ (ახლო ნათესავებს ვგულისხმობ) სერიოზული შეცდომები დაუშვა და სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ახლაც არსებობდა იმის საფუძველი, რომ გვეფიქრა, შეცდომები შესაძლოა გაგრძელდა და ამას შედეგიც მოჰყვა, მაგრამ არ ველოდი, რომ რეაგირება ასეთი მკაცრი იქნებოდა, მით უმეტეს, ღარიბაშვილს ბევრი რამ აქვს გაკეთებული "ქართული ოცნებისთვის". თავად მმართველი გუნდის წევრებიც ხშირად ამბობენ, რომ მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი "წარმატება" იყო, რომ ომში არ ჩაგვითრიეს, აღმოსავლეთსა და ჩინეთთან ურთიერთობებისთვის ბევრი რამ გააკეთა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
- ღარიბაშვილმა თავადვე აღიარა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ფულის გათეთრება.
- მე არ ვიზიარებ იმ ვერსიას, თითქოს ღარიბაშვილის ბედი კორუფციის ფაქტორმა გადაწყვიტა. ასე რომ მივყვეთ, შეიძლება მთელი სახელისუფლებო ელიტა გახდეს დასაჭერი და არა მარტო საქართველოში.

- თქვენი ვერსიით, რა არის მისი დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი?
- მე მაინც მგონია, რომ ღარიბაშვილის დასჯის მოტივი პოლიტიკური იყო. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მისი თანამდებობა შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო იმ ძალების მიერ, ვინც სახელმწიფოს ებრძოდა. გარკვეული კავშირები გამოიკვეთა უშიშროების ყოფილ მინისტრთანაც. ჩვენთან ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ხშირად საგარეო მექანიზმებით მოქმედი პოლიტიკური ძალაა.
- ამბობთ, რომ ღარიბაშვილი შეიძლება ოპოზიციასთან ყოფილიყო შეკრული?
- არა, უბრალოდ კორუმპირებული ადამიანის კომპრომეტირება და მართვა ადვილია. არაფერს ვამტკიცებ, ბუნდოვანია, ნამდვილად ახდენდნენ თუ არა ზეწოლას ღარიბაშვილზე, მაგრამ ის ასეთი რისკის მატარებელი ნამდვილად იყო, ისევე როგორც ლილუაშვილი.
- ლილუაშვილი მართლაც რომ ყოფილიყო ოპოზიციასთან კავშირში, ხომ შეეძლო მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებით ხელისუფლებისთვის დიდი ზიანი მიეყენებინა?
- როდესაც ადამიანს შანტაჟით აიძულებ რაიმეს გაკეთებას, ის შეეცდება მინიმალურ დონეზე შეასრულოს დავალება. შეიძლება ლილუაშვილისგან მხოლოდ ოპოზიციონერების მფარველობა ითხოვეს, ეს "დაკვეთა" კი, ალბათ, მიიღო იმათგან, ვინც კორიდორებში კორუფციულ პროცესებთან იყო დაკავშირებული. ოპოზიციისგან საიდუმლოებების გამხელის დაკვეთა რომ მიეღო, შესაძლოა ესეც გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი დაკვეთა არ მიუღია. ჩვენი ოპოზიცია იმ ჭკუაზე არ არის, რომ ასეთი რთული სქემები მოიფიქროს.
- ზოგიერთი ანალიტიკოსი ივანიშვილთან დაახლოებული პირების დაპატიმრებას იმითაც ხსნის, რომ კობახიძე ივანიშვილის გარშემო წრეს ავიწროებს.
- რომ გითხრათ, ვერ ვხედავ, კობახიძე ივანიშვილის გარშემო წრეს როგორ ავიწროებს-მეთქი, ძალიან გულუბრყვილო ვიქნები. ეს პოლიტიკაა, სადაც ყველა ცდილობს სხვებს აჯობოს. თუ კობახიძეს შეუძლია ივანიშვილის გარშემო წრე შეავიწროოს, რა ლოგიკით არ უნდა გააკეთოს ეს?! ბავშვებშიც კი არის კონკურენცია, უფროსი ეჭვიანობს, როცა უმცროსს მეტ ყურადღებას უთმობენ. ეს ადამიანური ბუნებაა. პოლიტიკაში რატომ არის მიუღებელი შიდა კონკურენცია?! პოლიტიკოსები ადამიანები არ არიან?!
- ძალიან მალე ციხიდან გამოვლენ ოპოზიციის ლიდერები, მაგალითად, გიორგი ვაშაძე. შეიძლება ამას ოპოზიციური ველის გამოცოცხლება მოჰყვეს?
- არა მგონია, რომ მათ დაბრუნებას პროცესში გარდატეხა მოჰყვეს. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ფინანსური რესურსების დეფიციტია, მეორე მხრივ, კონცეფციის არარსებობა. საზოგადოებას სჭირდება პასუხი კითხვაზე, მერე რას აკეთებ, რას ცვლი და როგორ? ოპოზიცია ვერ ქმნის ისეთ ახალ იდეას და კონცეფციას, რომლის გარშემოც ხალხი რეალურად დაირაზმება. დღეს ხშირად ისმის ფრაზა, რაც მეტი ადამიანი გამოვა, ხელისუფლება გადადგებაო, მაგრამ ეს ის დაპირებაა, რომელიც რეალობას ხშირად არ ემთხვევა. ხომ ვხედავთ, სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ირანში, მძიმე დაპირისპირებებს, მსხვერპლს, ფართომასშტაბიან პროტესტს და ხელისუფლება მაინც არსად არ მიდის. ამიტომ "რაც მეტი გამოვა", ასეთი ტიპის მოწოდებები, საზოგადოებისთვის პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი უფროა.
- რას გულისხმობთ?
- რაც უფრო მეტ ხალხს გაიყვანენ ქუჩაში, მით მეტ მხარდაჭერას ან ფულად რესურსს მიიღებენ. ასეთ ფონზე საზოგადოება კიდევ უფრო სკეპტიკური ხდება და პროტესტიც ბუნებრივად კარგავს ენერგიას.
- პროდუქტებზე ფასების უკონტროლო ზრდა დაადასტურა თავად პრემიერმა, ამასთან, "საქსტატმა" საარსებო მინიმუმი 250 ლარით განსაზღვრა. ხომ არ ფიქრობთ, რომ სოციალურმა პრობლემებმა შეიძლება პროტესტს მეორე სუნთქვა მისცეს?
- არა მგონია, ინფლაცია და დაბალი შემოსავლები ძალიან ბევრ ქვეყანაშია, საქართველოში ისეთი არაფერია, რაც სხვაგან არ ხდება. მეორე მხრივ, ქართველ ხალხს ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით საპროტესტო აქციაზე გამოსვლა არ სჩვევია.
ხათუნა ბახტურიძე