რა ხდება უკრაინის ფრონტზე?! - კვირის პალიტრა

რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

უკრაინა ყოველდღიურად ხდება რუსეთის დარტყმების სამიზნე, მძიმედ ზიანდება მისი ენერგეტიკის სისტემა, რის შედეგადაც ასიათასობით ადამიანი ყინვაში გათბობის გარეშე რჩება. ზელენსკის თქმით, მხოლოდ გასულ კვირაში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისას გამოიყენა 1100-მდე დრონი, 890-ზე მეტი მართული ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტა. რუსეთს არც უკრაინა რჩება ვალში და ენერგოობიექტებზე დარტყმებს ემატება დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემები ოკუპანტ ქვეყანაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსთან, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძესთან საუბარი უკრაინის ფრონტზე მიმდინარე სიახლეებით დავიწყეთ:

- ზამთარი დაიწყო და მოიმატა ნისლიანმა დღეებმა, მიწა გაიყინა და ამან ოკუპანტებს შესაძლებლობა მისცა უფრო აქტიურად გამოეყენებინათ ტექნიკა, რითაც 2-3-კაციანი შეღწევის ტაქტიკა შეცვალეს. უკრაინამ ამასაც აუღო ალღო და რუსებს ერთხანს თუ რამე წარმატება ჰქონდათ, ისევ განულებულია. ამჟამად კუპიანსკს თითქმის მთლიანად უკრაინელები აკონტროლებენ. ჩრდილოეთ მონაკვეთში არის რაიონები, ე.წ. ნაცრისფერი ზონა, სადაც რუსები კვლავ ცდილობენ რაღაცნაირად მოახდინონ ამ ავადსახსენებელი კუპიანსკის წარმატების ჩვენება-იმიტირება მაინც, ვინაიდან მის აღებაზე აღარც ფიქრობენ. ახლა რუსებს სხვა მიმართულებაზე აქვთ აქცენტი გადატანილი. რაც მდინარე ოსკოლი გაიყინა, რუსებმა შეძლეს მდინარეზე ჩრდილოეთ მონაკვეთში გადასვლა. ქალაქის ორივე ნაპირს უკრაინელები აკონტროლებენ, ამიტომ დიდი წინსვლა რუსებს არა აქვთ. კუპიანსკის ფიასკოს შემდეგ რუსები ხარკოვზე, ვოვჩანსკის რაიონზე გადაერთვნენ. ეს არის დასახლებული პუნქტი, სადაც უკრაინელებმა დათმეს ვოვჩანსკი, ფაქტობრივად, ნანგრევებია, მაგრამ უკრაინელები მის მახლობლად სიმაღლეებზე გამაგრდნენ, რითაც რუსები ფაქტობრივად, სიკვდილის ზონაში შეიყვანეს. რუსებს ვერ გაჰყავთ დაჭრილები, პრობლემურია აღჭურვილობის, საკვების, საბრძოლო მასალის მიღება. ეს დრონების საშუალებით კი ხერხდება, მაგრამ ამით დიდ მასალას ვერ გადაიტან. კიდევ ერთი აქტიური მიმართულებაა პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაცია. უკვე მერამდენე თვეა, რუსები ცდილობენ ის მთლიანად დაიკავონ. პოკროვსკში ჩრდილოეთ მონაკვეთებს უკრაინელები აკონტროლებენ და რუსები ძალიან დიდ დანაკარგს განიცდიან. უკრაინელები მირნოგრადში ინარჩუნებენ დანაყოფებს და რუსებს არ აძლევენ საშუალებას მასზე სრული კონტროლი დაამყარონ.

აქტიურობა შეიმჩნეოდა ზაპოროჟიეში - დასახლებული პუნქტი გულიაი-პოლე კვლავ რჩება ნაცრისფერ ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა რამდენჯერმე განაცხადეს, ჩვენ ვაკონტროლებთო. ამ მიმართულებაზე რუსებს არ გააჩნიათ რეზერვები, მათ ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები პოკროვსკის მიმართულებაზე გადაისროლეს. ვინაიდან პოკროვსკის მიმართულებაზე არა აქვთ წარმატება, ამ მიმართულების სამხედრო ხელმძღვანელობამ ცვლილებებიც განიცადა - დობროპოლიესთან მექანიზებული შეტევების დროს დიდი დანაკარგის გამო გაათავისუფლეს გენერალ-ლეიტენანტი სუჰრაბ აჰმედოვი, რომელიც მეთაურობდა საზღვაო-ქვეითთა ძალებს. ის ცნობილი იყო თავისი მარცხით უგლედართან, პავლოვკასა და კუპიანსკისთან. რუსები ცდილობენ მარწუხები შექმნან ფლანგებით და შეტევით დობროპოლიესა და ზელიონიეს მიმართულებით მოძრაობენ, რათა გავიდნენ ორეხოვოზე. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც აკონტროლებს ზაპოროჟიეს სიღრმეში მიმავალ გზებს. საინტერესოა, რომ რუსები შეეცადნენ საზღვრის დარღვევას, რომ ძალის გამოყენებით შეჭრილიყვნენ ხარკოვის ჩრდილოეთ მიმართულებით სოფელ დეგტიარნოესთან, მაგრამ უკრაინელებმა გაანეიტრალეს რუსების დაჯგუფება. ერთი საინტერესო ფაქტი ისიცაა, რომ ზაპოროჟიეში, სადაც ატომური ელექტროსადგურია, ცნობილია "მაგატეს" შეთანხმება, რომ იქ ჯარები არ უნდა იყოს განლაგებული, მაგრამ საჰაერო გადაღებებმა ცხადყო, რომ ატომური სადგურის ტერიტორიაზე რუსების ჯავშანტექნიკაა. იქ დრონების ოპერატორებს ამზადებენ, დასაწყობებულია საბრძოლო მასალა და სხვა, ვინაიდან რუსებმა იციან, რომ უკრაინელები ატომურ ელექტროსადგურს არ დაარტყამენ, ეს დიდი საფრთხის მატარებელია. საინტერესოა, რატომ არ იღებს ამაზე ხმას "მაგატეს" კომისია, რომელიც ტერიტორიაზე იმყოფება. უკრაინაში ეჭვობენ, რომ რუსები "მაგატეს" აფინანსებენ და ორგანიზაცია ამიტომაც ხუჭავს თვალს ყველაფერზე.

672ff2f5d699b10cc018170a6b264d3f-1768759832.jpg

- რუსეთი ბომბავს უკრაინის ენერგოსისტემებსა და ინფრასტრუქტურას. ამ ფაქტს ზელენსკიმ უწოდა "მიზანმიმართული ცინიკური რუსული ტერორი ხალხის წინააღმდეგ".

- ახლა აქცენტი გადატანილია არაპირდაპირი მოქმედების სტრატეგიაზე, რითაც რუსეთი ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობაზე. ერთ კვირაზე მეტია, მათ დღეში მხოლოდ 4 საათი აქვთ ელექტროენერგია. ორი აზრი არ არსებობს, მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით ფრონტისპირა ქალაქებში უჭირთ. ეს უპირველესად მიმართულია მოსახლეობის წინააღმდეგობის გასატეხად. "იუთუბ-არხებზე" აქტიურად ვრცელდება ლვოვის კადრები - ხნიერი მეეზოვე ქალი როგორ ასუფთავებს თოვლისგან ბანდერას ძეგლს და მიმდებარე ტერიტორიას, იქვე, რამდენიმე მეტრში კი ვარდება და ფეთქდება "შაჰიდი". ქალი ერთი წუთით ჩერდება, შეხედავს აფეთქებას და ისევ აგრძელებს თოვლის წმენდას. ერთია, რომ ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას და მეორე - რამდენად მაღალი ბრძოლისუნარიანი ნება აქვს მოსახლეობას. ასე რომ, არა მგონია, ასეთი დარტყმებით რუსებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ, ამით კიდევ უფრო აბოროტებენ უკრაინელებს.

- რუსეთიც იღებს უკრაინისგან საპასუხო დარტყმებს ენერგოსისტემაზე...

- რა თქმა უნდა, რასაც დაემატა ძლიერი ქარბუქი რუსეთში, ქალაქები დაფარულია თოვლით, უკრაინელების ჩარევის გარეშეც მათ დიდი პრობლემები აქვთ. რუსეთის ბევრ ქალაქსა და რაიონში წყალი და შუქი არ არის, ხალხი იყინება და ამას ემატება უკრაინელთა დარტყმები. საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელებმა ბალისტიკური რაკეტა "საპსანით" ("სტეპის ქორი") დაარტყეს როსტოვში ქიმიურ ქარხანას და დიდი ზარალი მიაყენეს (ეს მეათე გაშვებაა). "საპსანი" უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც 500 კმ-ზე მიფრინავს, ეს უფრო მეტია, ვიდრე "ატაკამსის", "შტორმშედოუს" და "სკალპელის" მანძილი და თუკი "ატაკამსის" საბრძოლო მუხტი 260 კგ-ია, "საპსანის" - 500 კგ. საუბარია, რომ იწყებენ ამ რაკეტის სერიულ წარმოებას, რომელიც პირველ ეტაპზე თვეში 20-30 ერთეული იქნება და რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უკრაინული წარმოებისაა, უკრაინას არავითარი ნებართვა არ სჭირდება მისი გამოყენებისთვის. 500 კმ ის მანძილია, რომელიც რუსეთის ევროპულ ნაწილს სწვდება. დარტყმის მიზანი იქნება საველე-საარმიო საწყობები, პირადი შემადგენლობის მუდმივი განთავსების პუნქტები, "ისკანდერის" გამშვები მოედნები და ა.შ. მისი წარმოება ომამდე დაიწყო. ბრიტანელები იწყებენ რაკეტა NIGHTFALL -ის წარმოებას (600 კმ ფრენის მანძილით და 300 კგ საბრძოლო მუხტით). ასე რომ, უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში და საკმაოდ მტკივნეულ დარტყმებს აყენებს. მაგალითად, ახლა მთელი ბელგოროდის ევაკუაციაზე მიდის საუბარი. ქალაქის მერმა თქვა, შუქი და წყალი არ არისო, თუმცა იმდენი ვერ მოიფიქრა, ქუჩიდან გაეკეთებინა განცხადება და არა განათებული და გაბდღვრიალებული კაბინეტიდან.

- ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ 2026 წელს რუსეთი ბალტიისპირეთს დაარტყამს.

- ასეთი მძიმე ომის პირობებში, სადაც რუსეთს წინსვლა არა აქვს, ახალი ომის წამოწყება აბსურდად მიმაჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება პროვოკაციები, აეროპორტების გაჩერება, დრონების გამოჩენა, ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება, დივერსიები... ევროკავშირის საზღვართან ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" ჩამოგდება მხოლოდ კინეტიკური მუხტებით, რუსეთმა შესაშინებლად გამოიყენა, მაგრამ მიიღო საწინააღმდეგო ეფექტი. "ორეშნიკი" ძალიან კარგად შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ეს არის 60-იანი წლების საბჭოთა რაკეტა, რომლის მცირეოდენი ნაწილები საბჭოთა ლამპების დონეზეა გაკეთებული. აღმოჩნდა, რომ გიროკომპასით (რომელიც ფრენისას რაკეტის წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს) გაგარინი დაფრინავდა. რა სიახლეებზეა საუბარი, მით უმეტეს, "ორეშნიკი" სულ 6 ერთეული აქვთ. ასე რომ, ესეც რუსების ერთი ბლეფი აღმოჩნდა. როგორ დაიწYებს რუსეთი ხანგრძლივ ომს დასავლეთთან, როცა ხანგრძლივი ომი აქვს უკრაინასთან, როგორ დატოვებს ამხელა ძალის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალის მქონე ქვეყანას ფლანგზე და შეუტევს დასავლეთს? მაშინ უნდა დათმოს ის, რაც დაიკავა უკრაინაში.

ახლა შეიძლება მოლაპარაკებები იმ გზით წავიდეს, რომ გრენლანდიის სანაცვლოდ მიიღონ აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში ამერიკული გარანტიებით. ის, რომ ჩინური და რუსული ხომალდები ხვალ-ზეგ დაიკავებენ გრენლანდიას, მოგონილი ამბავია. რუსეთი 40 კმ-ითაა ალასკას დაშორებული და რომ გაიყინება, ბერინგის სრუტეზე ფეხით შეიძლება გადასვლა, რად უნდა შემოუაროს და გრენლანდია დაიკავოს, როცა იქვეა ამერიკასთან? ჩინეთმა რომ გრენლანდია დაიკავოს, უნდა შემოუაროს მთელ კანადას და ისე მივიდეს გრენლანდიაში. ვინაიდან ის ნატოს წევრი ქვეყანაა, ტრამპს ეშინია, რუსეთის ხელში არ მოხვდეს, შესაბამისად, ნატომ წვრთნები დაიწყო და ძალებსაც გზავნის გრენლანდიაში, რათა ამერიკას გარანტია მისცენ, რომ ეს ტერიტორია დაცული იქნება. რუსეთმა თუ მოინდომა გრენლანდიის დაკავება, ეს არ ნიშნავს ნატოსთვის ომის გამოცხადებას? ირანის პრობლემაში თუ ერთვება ტრამპი, მას სჭირდება მოკავშირეები და ეს უპირველესად ნატო და ევროპაა.