„შემოიტანეთ გრენლანდია“ - კვირის პალიტრა

„შემოიტანეთ გრენლანდია“

"ნატო უთხარი დანიას, გავიდნენ აქედან, ახლავე! ძაღლების ორი ციგა საქმეს ვერ გააკეთებს! მხოლოდ აშშ-ს შეუძლია! ნატო უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია", - აი, ასეთ "მარგალიტებს" აფრქვევს დღეგამოშვებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რაც მით უფრო გასაკვირია, თუ რა ხდება ამ დღეებში ირანში და უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ თეთრი სახლის მთელი ყურადღება და რესურსები სწორედ ირანის პრობლემებისკენ იყოს მიმართული და არა დანიისთვის, ნატოელ მოკავშირესთან დაპირისპირებისკენ.

"ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს "ოქროს გუმბათისთვის", რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ პროცესს ნატო უნდა გაუძღვეს. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ მას რუსეთი და ჩინეთი მიიღებენ და ეს არ მოხდება", - სწორედ ეს არის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეუერთდეს აშშ-ს სასწრაფოდ გრენლანდიის კუნძული. "ოქროს გუმბათი" ტრამპის მორიგი ფანტასტიკური იდეაა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სრულ ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა-ამოქმედებას გულისხმობს, მაგრამ ეს იმხელა ტექნიკურ პრობლემებსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ ტრამპი "მუდმივ პრეზიდენტადაც" რომ "აკურთხონ", ის მაინც ვერ მოესწრება "ოქროს გუმბათის" სრულ ამოქმედებას.

"გაიტანეთ გრენლანდია!" - "ცისფერი მთებიდან" ეს დაუვიწყარი ფრაზა საქართველოში თაობების საყვარელ გამონათქვამად იქცა, როდესაც რაღაც უაზრობისთვის სურთ ხაზის გასმა, და როგორც აღმოჩნდა, "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბის" გადაღებიდან 42 წლის შემდეგ ის ასევე აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში, ოღონდ საპირისპირო მნიშვნელობით - "შემოიტანეთ გრენლანდია!".

სხვანაირად ნამდვილად ვერ შეაფასებ იმას, რასაც მოითხოვს დონალდ ტრამპი - გასული წლის იანვარში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად "კურთხევისთანავე" მან თვალი გრენლანდიასაც დაადგა, ხოლო ამ დღეებში კიდევ უფრო გაამწვავა ეს საკითხი - მსოფლიოში უდიდესი კუნძულის გრენლანდიის აშშ-ისთვის ოფიციალურად გადაცემას დაჟინებით მოითხოვს და იმუქრება კიდეც, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც.

"საფრანგეთი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და დანიისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად სრული სოლიდარობით იმოქმედებს", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და ამით გამოხატა ევროპული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერთა საერთო აზრიც. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა კი განაცხადა: "თუ ჩვენ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის, ჩვენ ვირჩევთ დანიას; ჩვენ ვირჩევთ ნატოს; ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს", - აღნიშნა ნილსენმა.

ამას კი მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის აგდებული კომენტარი: "არ ვიცი, ვინ არის, მის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება", - დაემუქრა ტრამპი გრენლანდიის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკების შემდეგ არ დამალა, რომ გრენლანდიის საკითხზე აშშ-თან ფუნდამენტური უთანხმოებაა: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს გრენლანდიის "დაპყრობას", რაც "აბსოლუტურად მიუღებელია", აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განმარტავს, რომ "დანია და გრენლანდია არ ეწინააღმდეგებიან აშშ-ს მეტი სამხედრო ბაზების გახსნის შესაძლებლობას". ანუ არც დანია და არც გრენლანდია არ ზღუდავენ აშშ-ს, რომ გრენლანდიაში უკვე მოქმედი ტულეს მსხვილი ამერიკული საჰაერო ბაზისა და აშშ-ის კოსმოსური ძალების ანტისარაკეტო ბაზის გარდა, სხვა ამერიკულმა სამხედრო ობიექტებმაც დაიწყონ ფუნქციონირება გრენლანდიაში. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს მაინც ჯიუტად სურს გრენლანდიის დასაკუთრება, რისთვისაც თითქოს 700 მლრდ დოლარის გადახდაზეა თანახმა.

ტრამპის იმ მტკიცების გასანეიტრალებლად, თითქოს გრენლანდიას ძაღლების მხოლოდ ორი მარხილი თუ იცავს დანიის მხრიდან, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ნაწილი გრენლანდიაში სასწრაფოდ იწყებს ერთობლივ სამხედრო სწავლებას, სადაც დანიელ სამხედროებს გვერდში ფრანგი და გერმანელი კოლეგებიც ამოუდგებიან, რათა ტრამპს დაანახონ, რომ "რუსეთი და ჩინეთი ვერ შეძლებენ გრენლანდიის დაპყრობას".

ტრამპი კი კვლავ იმუქრება: "შეიძლება ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან, ვინაიდან გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ამიტომ შეიძლება ეს გრენლანდიისთვის გავაკეთო".…

რისთვის სჭირდება ასე ძალიან გრენლანდია ტრამპს, თუკი ევროპაში არავინაა წინააღმდეგი, რომ აშშ-მა დედამიწის ამ ყველაზე დიდ კუნძულზე რამდენიც და როგორიც უნდათ იმდენი ამერიკული სამხედრო ბაზა ააშენონ და აამოქმედონ? დიდი ალბათობით, საქმე არც "ოქროს გუმბათშია" და არც რუსულ-ჩინური ხომალდებიდან საზღვაო დესანტის გადასხმაში გაყინულ გრენლანდიაზე, ყველაფერი ისევ ფულამდე, დიდ ფულამდე დადის. საქმე ის არის, რომ არქტიკაში ყინული ნელ-ნელა დნობას იწყებს და შესაბამისად, მეტი ადგილი თავისუფლდება, სადაც ბევრად იაფად შეიძლება ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება არქტიკული შელფებიდან, ნავთობისა და აირის ერთ-ერთი მსხვილი საბადო კი სწორედ გრენლანდიის სანაპიროებთან არის. გარდა ამისა, ყინულის დადნობა უფრო გააადვილებს სავაჭრო გემებისა და ნავთობაირტანკერების ცურვას არქტიკის წყლებში ყინულმჭრელი გემების გაცილების გარეშე და ეს საზღვაო მარშრუტი ბევრად უფრო მოკლე იქნება.