ვენესუელაზე „გადართული“ ამერიკა მზად არ აღმოჩნდა ირანში დაუყოვნებლივ „სამოქმედოდ“
პროგნოზი იმის თაობაზე, რომ აშშ დაბომბავდა ირანს იმის გამო, რომ მისი ხელისუფლება სისხლში ახშობდა დემონსტრაციებს, ჯერჯერობით, არ მართლდება. მეტიც - ტრამპი, რომელიც ირანელ დემონსტრანტებს ჰპირდებოდა, დამხმარე ძალა უკვე გზაშიაო, ახლა აცხადებს, ირანიდან დამპირდნენ, რომ დემონსტრანტებს აღარ ესვრიან, ხოლო დაპატიმრებულებს არ ჩამოახრჩობენ, რითაც ამერიკამ 800 დაჭერილი და სიკვდილმისჯილი ირანელი დემონსტრანტი გადაარჩინაო.
ის, რომ დიდი მოლოდინის მიუხედავად პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩერა ირანის ობიექტებზე საჰაერო დარტყმებისთვის მზადება, განპირობებულია რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზით:
პირველი - გასული წლის ბოლოს, როდესაც ირანის ქალაქებში დემონსტრაციები დაიწყო, ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოტაცების სპეცოპერაციის დაგეგმვა-ჩატარებით იყო დაკავებული, რის გამოც ხელიდან გაუშვეს კრიტიკული მომენტი, როდესაც ამერიკული სამხედრო ზემოქმედება აიათოლას რეჟიმზე ეფექტიანი იქნებოდა;
მეორე - ტრამპის ავიაციასა და რაკეტებს წერტილოვანი დარტყმები შეიძლება მიეყენებინათ მხოლოდ ირანის ხელისუფლებისა და მისი გასამხედროებული ინსტიტუტების შტაბბინებზე, დისლოკაციის ადგილებსა თუ მიწისქვეშა ბუნკერებზე, რადგან გასული წლის მსგავსად ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტებისა და სარაკეტო ბაზების დაბომბვა დემონსტრანტებს დიდ შვებას ვერ მოუტანდა;
მესამე - "ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსისა" და "ბასიჯის" ფორმირებების შტაბების წერტილოვანი დაბომბვაც ვერ შეაჩერებდა ქუჩებში დემონსტრანტების დახვრეტებს, ეს უფრო დემონსტრანტების ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა გამოვიდოდა;
მეოთხე - აიათოლების 47-წლიანი რეჟიმის ჩამოგდებისთვის ირანელი ხალხის ნაწილს ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, რისი საშუალებაც არ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ირანის სპეცსამსახურებმა შეძლეს ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მთლიანად გათიშვა, ასევე ილონ მასკის "სტარლინკის" თანამგზავრული მობილური ინტერნეტმოდულების უდიდესი ნაწილის ჩახშობა, რის შემდეგაც დემონსტრანტებს სხვადასხვა ქალაქიდან გაუჭირდათ ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და ამასთანავე, მსოფლიოსთვის ოპერატიულად ეჩვენებინათ ადამიანების მასობრივი დახვრეტის საშინელი ვიდეოკადრების უდიდესი ნაწილი, რომელთა ფართოდ გავრცელება ბევრ რამეს უარყოფითად შეცვლიდა აიათოლას ხელისუფლებისთვის საერთაშორისო დონეზე;
მეხუთე - საუდის არაბეთმა, კატარმა და ომანმა თეთრ სახლს კულუარულად სთხოვეს, რომ არ დაეწყო ირანის დაბომბვა, რადგან ეს გამოიწვევდა ამ ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმებს, რასაც მოჰყვებოდა ნავთობზე მსოფლიო ფასების ძლიერი ავარდნა;
მეექვსე - ირანის პირველმა მტერმა, ისრაელმაც სთხოვა ტრამპს დაბომბვისგან თავის შეკავება, რადგან ამერიკული საჰაერო დარტყმის საპასუხოდ თავისი ბალისტიკური რაკეტების უდიდეს ნაწილს ირანი დაუყოვნებლივ გაუშვებდა ისრაელის ქალაქებისკენ, როგორც გასულ წელს ისრაელ-ირანის 12-დღიან ომში მოხდა. ნეთანიაჰუმ, სავარაუდოდ, ტრამპი იმაშიც დაარწმუნა, რომ ირანში ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული სიტუაცია აიათოლას ხელისუფლების ძალისმიერი გზით შესაცვლელად;
მეშვიდე - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს არ ჰყავდა ერთი საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფიც კი ირანის სიახლოვეს სპარსეთის ყურესა ან არაბეთის ზღვაში, რომ მისი გემბანიდან აფრენილ თვითმფრინავებს საჰაერო დარტყმების მიყენება შესძლებოდათ ირანის სიღრმეში. წესით, მსოფლიოს ამ რეგიონში საბრძოლო მორიგეობაზე უნდა მდგარიყო "აბრამ ლინკოლნის" საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, მაგრამ ეს ატომურძრავიანი ავიამზიდი თანმხლებ კრეისერებთან, საესკადრო ნაღმოსნებსა და ატომურ წყალქვეშა ნავთან ერთად, გასული წლის ბოლოს კარიბის ზღვისკენ გადაისროლეს ტრამპის ბრძანებით, რადგან მზადდებოდა ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცების სპეცოპერაცია;
მერვე - არის ერთი უდიდესი ფსიქოლოგიური ისტორიული მომენტიც, რაც ამერიკელ პრეზიდენტებს ნახევარი საუკუნეა არ ავიწყდებათ. ზუსტად 47 წლის წინ, ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა და ქვეყნის სათავეში მოსულმა აიათოლა ხომეინის ხელისუფლებამ თავიდანვე მკვეთრი ანტიამერიკული პოლიტიკის გატარება დაიწყო, რასაც იმავე წლის 4 ნოემბერს თეირანში აშშ-ის საელჩოს შენობაზე იერიში, მისი დაკავება და 66 ამერიკელი დიპლომატის მძევლად აყვანა მოჰყვა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ აიათოლა აშშ-ში გაქცეული ირანის შაჰ რეზა ფეჰლევის გადაცემას ითხოვდა. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟის საქმე გახლდათ ამერიკელი მძევლების გათავისუფლება, რისთვისაც 1980 წლის 24 აპრილს ირანის ტერიტორიაზე ჩატარდა ამერიკული სპეცოპერაცია "არწივის ბრჭყალები" სპეცდანიშნულების რაზმ "დელტის" შვეულმფრენების გადასხმით, მაგრამ უდაბნოში ამერიკული შვეულმფრენისა და თვითმფრინავის შეჯახების შემდეგ ეს სპეცოპერაცია ჩაიშალა, რაც დღემდე მწარედ ახსოვთ როგორც თეთრ სახლში, ისე პენტაგონში;
მეცხრე - თუკი ამერიკა მაინც გადაწყვეტს სამხედრო ძალა გამოიყენოს აიათოლას ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს იქნება, ძირითადად, საჰაერო წერტილოვანი დარტყმები, ხოლო ხმელეთზე თავისი "საქმე" უკვე დემონსტრანტებმა უნდა გააკეთონ, რომელთა შეიარაღებასა და აღჭურვაში შეიძლება ფარული მონაწილეობა მიიღონ აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურებმა.
პრეზიდენტი ტრამპი კი არის არაპროგნოზირებადი, მაგრამ იმედია ისიც ხვდება, რომ აშშ აღარ უნდა ჩაიძიროს ახალი ომის ჭაობში. ირანი ვენესუელა არ არის, რომლის პრეზიდენტის ასე მარტივად გატაცება ყოფილა შესაძლებელი. აშშ-სა და ისრაელს შეუძლიათ ირანის ტერიტორიის ერთი ნაწილის თავზე საჰაერო სივრცის კონტროლი დააწესონ, მაგრამ ხმელეთზე აიათოლას მომხრე რამდენიმე ასეულათასი შეიარაღებული ფანატიკოსი ირანელია, რომელთა დამარცხების მცდელობა მრავალწლიან სამოქალაქო ომში გადაიზრდება.
აიათოლას ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობის ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს, თუკი თავად ირანის შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი გადავა დემონსტრანტების მხარეს. ამ შემთხვევაშიც კი შედეგი გარანტირებული არ იქნება, რადგან აიათოლას ხელისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ფანატიკოსი მებრძოლები.