„ოცნების“ ორი დილემა და ოპოზიციის მოჯადოებული წრე - კვირის პალიტრა

„ოცნების“ ორი დილემა და ოპოზიციის მოჯადოებული წრე

როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, სავარაუდოდ, უკვე ცნობილი იქნება შეწყალებასთან დაკავშირებული ამბები - რამდენი პირი დატოვებს საპატიმროს და იქნებიან თუ არა მათ შორის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები. მრავალჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ - მათი გამოშვება პოზიტიური და ქვეყნის დამშვიდებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ კი გადავხედოთ, რა ხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში და რას შეიძლება ველოდოთ უახლოესი თვეების განმავლობაში.

რა ხდება მმართველ გუნდში?!

ზოგიერთი ექსპერტი და სააკაშვილი ცდილობენ შეთქმულების თეორიის განვითა­რებას, რომ თურმე ირაკლი კობა­ხიძემ და მამუკა მდინარაძემ ყველა სამთავრობო ბერკეტი ხელში ჩაიგდეს და ბიძინა ივანიშვილს ავიწროებენ. სააკაშვილს თავი დავანებოთ, რადგან მისი ფბ-პოსტები ადასტურებს, რომ ის თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს ანუ არ უნდა რეალობის დანახვა. თუმცა ზემოხსენებული ის კონკრეტული ექსპერტი, წესით, კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული იმაში, თუ როგორ არის ძალაუფლების ვერტიკალი დალაგებული მმართველ გუნდში, ვის რა გავლენები და რა ბერკეტები აქვს. შესაბამისად, ზემოხსენე­ბული შეთქმულების თეორია საბავშვო ბაღის ზღაპრებია. თუ ამ ვერსიის განვითარებას ის მიზანი აქვს, რომ ივანიშვილი აეჭვიანოს, მაშინ კიდევ უფრო დიდ საბავშვო ბაღთან გვქონია საქმე.

შეთქმულების თეორიები გვერდზე გადავდოთ და ვთქვათ, რომ გარკვეული რყევები ხელისუფლებაში იყო - ეს არც არის გასაკვირი მაშინ, როდესაც აპატიმ­რებ ყოფილ პრემიერსა და სუს-ის ყოფილ უფროსს. ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ჰქონდათ თავისი გავლენები, ჰყავდათ გუნდი/ხალხი, რომლებიც მათ წინაშე ანგარიშვალდებული იყვნენ და ა.შ. გარდა ამისა, ზოგიერთ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანს დაებადა კითხვა: "მე ხომ არ ვიქნები შემდეგი?" ესეც დამატებითი დაძაბულობის შედეგია. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა დაკავებები, თუ ღარიბაშვილის რუსთავის ციხეში შესახლებით დაისვა წერტილი.

ზოგადად, მმართველი გუნდი დღეს კვლავ დგას ორი მთავარი დილემის წინაშე:­ პირველი - დასავლეთთან დაძაბული ურთი­ერთობები და შესაბამისად, მისი ლეგიტიმაციის ბუნდოვანება; მეორე - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, ერთი შეხედვით, ისეთი მწვავე აღარ არის, როგორიც 2025 წლის დამდეგს იყო, თუმცა ფაქტია, უკმაყოფილება არსად წასულა.

დასავლეთში ცალკე აშშ-ს ვგულისხმობთ,­ ცალკე ევროკავშირს. რა თქმა უნდა, თბილისისა და ვაშინგტონის დღევანდელი ურთიერთობების შედარება არც შეიძლება იმასთან, როგორიც ადრე იყო - როდესაც მმართველი გუნდი ამერიკის ელჩს უტევდა, საელჩო კი ხელისუფლებას ქარდებით ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, თქვენი მონა-მორჩილი გეოპოლიტიკურ კულუარებში არ არის ჩახედული, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოსთან და საზოგადოდ, კავკასიასთან მიმართებაში და როდესაც "ჩამოყალიბდებიან", თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობები იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჯდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ტრამპისეულ გეგმებში და ეს გეგმები მთლიანად მორგებული იქნება აშშ-ის გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, როგორ ჩატარდა აქ საპარლამენტო არჩევნები, ან არის თუ არა ქვეყანაში­ პროტესტი (საბაბად თუ დასჭირდათ, გამოიყენებენ). ასეთია მსოფლიოს დღევანდელობის მწარე სიმართლე.

აი, ევროკავშირის "ფრონტზე" კი მმართველი გუნდისთვის არაფერი შეცვ­ლილა.­ თუმცა ბრიუსელსაც არ სცხელა თბილისისთვის. უკრაინა-რუსეთის ომის სამშვიდობო გეგმა კვლავ ჩავარდა, აქეთ ტრამპია მიმდგარი გრენლანდიაზე, იქით ევროპული ქვეყანა ყოველდღე აქვეყნებს რუსეთ-ევროპის ომის ახალ-ახალ სცენარებს და ძალიან სერიოზული ექსპერტები ამბობენ, დიახ, თუ ამერიკამ ევროპას ზურგი შეაქცია, პუტინი ბალტიისპირეთს კბილს მოუსინჯავს და გამოცდის, ვის ეყოფა ვაჟ­კაცობა, რომ ჩახმახს თითი გამოჰკრასო.

ამ ფონზე თითქოს მმართველი გუნდი რაღაც განსაკუთრებულ გართულებებს არ უნდა ელოდოს ბრიუსელიდან, მაგრამ... არ არის გამორიცხული, ევროპაში მაინც მოიცალონ და გადახედონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის საკითხს, რაც შესაძლოა შიდა დაძაბულობის ახალი ესკა­ლაციის საფუძველი გახდეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ბრიუსელი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს შეცდომა იქნება ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანობის კუთხითაც და გეოპოლიტიკურადაც.

რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, მმართველმა გუნდმა ისწავლა მასთან თანა­ცხოვრება და დღევანდელი მდგომარეობით პროტესტი მას ვერც დიდ და ვერც პატარა პრობლემას ვერ უქმნის. თუმცა განმმუხტავი კრიზისი დამოკლეს მახვილით კიდია და გარკვეული მოვლენები შეიძლება ახალი "აალების" საფუძველი გახდეს. ახალი საპარლამენტო არჩევნები ის ბერკეტია, რომელიც ამ კრიზისს დიდწილად განმუხტავს. არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში კვლავ განიხილავენ ამ სცენარს (მით უმეტეს, იმ ფონზე, რა დღეშიც არის ოპოზიცია - თუმცა ამაზე ქვემოთ). თუ გადაწყდა ახალი არჩევნების ჩატარება, ალბათ, გაზაფხულზე ვეღარ მოესწრება - შემოდგომას უნდა დაველოდოთ.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი გამო­წვევაა პროდუქტებზე ფასების დაწევის დაპირება და შესაბამისი კომისიის შექმნაც.­ ამ საკითხს როგორც არ უნდა შემოვუაროთ, ფაქტია - ფასები დაიწევს მაშინ, თუ ბიზნესმოთამაშეები მოგების მარჟას შეიმცირებენ. როგორ შეძლებს ან საერთოდ, შეძლებს თუ არა ამის მიღწევას ხელისუფლება თუნდაც სუს-ის ჩართულობით, ვნახავთ.

რა ხდება ოპოზიციაში?!

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს. ეს ბოკუჩავამ უარყო. მეორე მხრივ, ფაქტია, სანიკიძე ბოკუჩავას მოადგილედ დაინიშნა. სულაც არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს ბოკუჩავას მოშორება სურდეს. კერძოდ, 4 ოქტომბრამდე "ნაცმოძრაობა" ორად იყო გაყოფილი: ერთი ის ჯგუფი, რომელიც ხაბეიშვილ-ზოდელავა-ბურჭულაძის დაანონსებულ "მშვიდობიან დამხობას" მხარს უჭერდა, და მეორე, რომელიც­ ამას ემიჯნებოდა - პირველ რიგში, თინა ბოკუჩავა.­ 4 ოქტომბერზე სააკაშვილი დიდ იმედს ამყარებდა - ინსტრუქციებსაც აქვეყნებდა ფბ-ს საშუალებით. მიშას მხოლოდ გათავისუფლება კი არა, ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა და ამისთვის ერთადერთ გზას ხედავს - ქუჩას. 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობა" ორგანიზატორების ციხეში­ გამოკეტვით დასრულდა. ჰოდა, "ნაცმოძრაობაში" ბოკუჩავას ოპონენტები წერილს წერილზე გზავნიდნენ სააკაშვილთან, რომ ბოკუჩავას "მშვიდობის მტრედობამ" ბევრი რამ გააფუჭა... გადატრიალება-რევოლუციების ჩაგდებას სააკაშვილი არავის აპატიებს. გავიხსენოთ თუნდაც 2021 წლის ამბები. 2021 წლის ოქტომბერში მიშა საქართველოში მალულად შემოვიდა. მაშინაც ადგილო­ბრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და შესაბამისად, დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევდა. სააკაშვილი ფიქრობდა,­ რომ მიტინგზე მისი გამოჩენა გადარევდა ხალხს და ხელისუფლება ჩამოიშლებოდა. მიშა კონსპირაციულ ბინაში დაიჭირეს. თუმცა­ შემდეგ უკვე იმედოვნებდა, რომ მისი მომხრეები შეანგრევდნენ ციხის კარს და ტრიუმფით გაიყვანდნენ. სააკაშვილის დაკავების შემდეგ რამდენიმე ათასი კაცი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, თუმცა­ "ნაცმოძრაობის" მაშინდელმა თავმჯდომარემ შეკრებილებს კატეგორიულად აუკრძალა ციხისკენ წასვლა - ვინც წავა, პროვოკატორი იქნებაო. მიშამ ეს კარგად დაიმახსოვრა. გადის ხანი და "ნაცმოძრაობაში" ნიკა მელიას წინააღმდეგ "ამბოხება" დაიწყო, რაც დასრულდა იმით, რომ მელია პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს და ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს, ამ ყველაფრის უკან კი სააკაშვილი იდგა (შემდეგ ხაბეიშვილიც გადაირჩიეს, რადგან ვერ "ქაჩავდა" პარტიის თავმჯდომარეობას, თუმცა მიშამ ბოლომდე არ გაწირა და პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობა უბოძა). ასე რომ, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა თინა ბოკუჩავას თავზე მართლაც შეიყარა შავი ღრუბლები.­ "ნაცმოძრაობის" როგორი თავმჯდომარე­ სჭირდება სააკაშვილს? აი, ისეთი, როდესაც უბრძანებს, რომ "ქვების სროლა" დაიწყონ, ულაპარაკოდ შეასრულონ მისი განკარგულება. ალბათ, ჰგონია, რომ ასეთი ლევან სანიკიძე იქნება; ან შესაძლოა ხაბეიშვილის არ იყოს, ისიც გარდამავალი ფიგურა იყოს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს. ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ მართლაც გამართა შეხვედრები და შეეცადა "ერთობაზე" დაეყოლიებინა სხვადასხვა პარტიის წევრები, მათი ლიდერების კომენტარი კი დაახლოებით ასეთია: "რა თქმა უნდა, ერთიან სტრატე­გიას მივესალმებით, მაგრამ..." აი, სწორედ ამ "მაგრამშია" განხეთქილების ეშმაკი ჩაბუ­დებული: ბოიკოტისტებს ვერ უპატიებიათ "ლელოსა" და გახარიას პარტიისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, ხაზა­რაძისა და გახარიას თანაგუნდელები­ კი დანარჩენებს ვერ პატიობენ­ ბოიკოტს, რომლითაც, მათი აზრით, თბილისში გამარჯვების შანსი დაიკარგა; თავად­ ბოიკოტისტებში ერთი ნაწილი მეორეს ვერ პატიობს "მშვიდობიანი დამხობის" ამბებს და პროვოკაციაში ადანაშაულებს.

რაღა შორს მივდივართ, აგერ თავად­ ზურა "გირჩი" ჯაფარიძის თემა გახდა მორიგი კინკლაობის საგანი. შეგახსენებთ, რომ "გირჩი" - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საბოტაჟის საქმეზე გირაო შეუფარდეს, ჯერ თქვა, ვიფიქრებო, შემდეგ კი თანხმობა განაცხადა გადახდაზე და ანგარიშის ნომერიც გამოაქვეყნა, რათა თანამოაზრეები დახმარებოდნენ თანხის შეგროვებაში. ამას მოჰყვა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას კომენტარი: "ჯვარი მწერია, წყენით რამეს ვაკეთებდე, პოლიტიკოსი ვარ, არ არის ჩვენი საქმე წყენა, მაგრამ სიტყვას ხომ უნდა ჰქონდეს ფასი? შეიძლება გირაო ერთ დღეს იყოს სისტემასთან გარიგება და რამდენიმე თვის შემდეგ საბრძოლო წინა პირობა?" ამას მოჰყვა ზურა "გირჩი" ჯაფარიძის თანაკოალიციელის გიგა ლემონჯავას პასუხი: "გეგელიასა და "ლელოს" სხვა წარმომადგენლების ადგილზე ასე თამამად არ ვისაუბრებდი, სხვებმა გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და რას ნიშნავს თანამშრომლობა და ართანამშრომლობა".

თავად განსაჯეთ, ამ ფონზე რამდენად რეალურია მოლოდინი, რომ ოპოზიცია რამენაირად შეთანხმდება ერთიან სტრატეგიაზე. ეგ კი არა, რა მოხდება, თუ "ოცნებამ" მართლა გადაწყვიტა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება? შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ მორიგი მოჯადოებული წრე შეიკვრება, დიდია - ანუ ნაწილი მიიღებს მონაწილეობას,­ ნაწილი ბოიკოტში დარჩება და საბოლოოდ მივიღებთ იმავე სცენარს, რაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას.

გიორგი კვიტაშვილი