გასტერბაიტერები აფხაზეთში და აფრიკელი სტუდენტი, რომელიც ოჩამჩირეში შემზარავი მეთოდით მოკლეს
გასული წლის დეკემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაოდ ჩასული აფრიკელი სტუდენტი დაიღუპა. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სტუდენტის ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს თავი მოკვეთილი აქვს, რაც მიუთითებს, რომ მისი სიკვდილი ძალადობრივი იყო. გარდაცვლილის ოჯახი დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. ამ ინფორმაციას მხოლოდ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
გარდაცვლილი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეა - 29 წლის სტუდენტი ჯერემი მეკანდა. ის ოჩამჩირეში ცემენტის ქარხანაში მუშაობდა და 24 დეკემბერს დაიღუპა. 29 დეკემბერს მისმა ნათესავებმა და მეგობრებმა კონგოს დედაქალაქ კინშასაში პროტესტი გამართეს ბანერით, რომლითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვდნენ დახმარებას გამოძიებაში, ცხედრის გადასვენებასა და კომპენსაციის მიღებაში. ფოტო ადგილობრივმა გამოცემამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ამის შემდეგ გახდა ეს ამბავი საჯარო.
"რამდენიმე დღის წინ გვაცნობეს, რომ ჩემი ძმა აფხაზეთში ვითომდა ცემენტის ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღემდე არ ვიცით მომხდარის ზუსტი დეტალები. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გვაქვს, ის არის, რომ თავი მოკვეთილი აქვს", - წერს გარდაცვლილის ბიძაშვილი "ეხო კავკაზას" და სთხოვს მომხდარი გასაჯაროვდეს.
აფხაზეთიდან ოჯახმა მიიღო გარდაცვალების მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ კონგოს მოქალაქე ოჩამჩირეში "სამსახურებრივი უბედური შემთხვევის", თავის არეში მიღებული ჭრილობებისა და დაჟეჟილობების გამო დაიღუპა. ოჯახის ცნობით, მეკანდა რუსეთში მარკეტინგს სწავლობდა. სტუდენტური ვიზის ვადა გაუვიდა და სანამ ახალი მოწვევის მისაღებად საბუთებს აწესრიგებდა, გადაწყვიტა აფხაზეთში დამატებითი ფული ეშოვა. ეს პრაქტიკა გავრცელებულია რუსეთში მყოფ აფრიკელ სტუდენტებს შორის. აფხაზეთი ასეთ შემთხვევებში ერთ-ერთი პოპულარულია. ვიზის მოლოდინში უცხოელები დროებით სამუშაოს პოულობენ მშენებლობაზე, კვების ობიექტებში ან ტაქსის მძღოლებად.
ოჯახის თქმით, ჯერემი მეკანდამ მუშაობა ოჩამჩირის ცემენტის ქარხანაში დაიწყო, რომელიც Uნიტედ ჩემენტ Gროუპ-ს (UჩG) ეკუთვნის. ეს კომპანია ცენტრალური აზიის ერთ-ერთ მსხვილ ცემენტის მწარმოებელ ჰოლდინგად ითვლება და საქმიანობს უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე აფხაზეთში მდებარე ქარხანა მის საწარმოო ობიექტებს შორის არ არის მითითებული, ქარხანა არალეგალურად მუშაობს.
მიგრანტებისა და "სტუმარი მუშახელის" პრობლემა აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ორი წელია მიგრანტებისა და ე.წ. სტუმარი მუშახელის (გასტერბაიტერების) რიცხვის ზრდაზე აქტიურად საუბრობენ და ეს საკითხი აფხაზების მწვავე პროტესტს იწვევს, რადგან მიგრანტები შრომის ბაზარს იკავებენ, რის გამოც აფხაზები უმუშევრად რჩებიან. გარდა ამისა, სამუშაოდ ჩამოსულ მიგრანტთა დიდ ნაწილს თან მოჰყავს ოჯახი, მათი ბავშვები აფხაზურ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დადიან, რაც აფხაზებში აჩენს შიშს, რომ მომავალში ისინი "აფხაზეთის მოქალაქეობასაც" მიიღებენ და დემოგრაფიული სურათი აფხაზების საწინააღმდეგოდ შეიცვლება.
პროტესტი განსაკუთრებით გამწვავდა გასულ წელს, როდესაც შემოდგომაზე სოხუმში აფხაზი ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიგრანტებისთვის მგზავრთა გადაყვანის სექტორში მუშაობის აკრძალვას ითხოვდნენ, აცხადებდნენ, რომ ტაქსის კომპანიები შუააზიელ მძღოლებს ქირაობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც აფხაზური ენა იციან და არც ქალაქის ქუჩები. როგორც ამბობენ, ტაქსისტებს შორის მიგრანტების რაოდენობამ უკვე 200-ს გადააჭარბა. აფხაზი მძღოლები ამბობდნენ, რომ ახალმოსულები მათ შემოსავალს ართმევენ და მიგრანტების ყოფნა აფხაზი მოქალაქეებისთვის ტვირთად იქცა. მაშინ აფხაზების ნაწილი ამ აკრძალვას დისკრიმინაციად მიიჩნევდა და ამტკიცებდა, რომ მიგრანტი მძღოლები უფრო დისციპლინირებულად მუშაობენ - მანქანები გამართული და სუფთა აქვთ, კულტურულად იქცევიან, მაშინ როდესაც ბევრი აფხაზი მძღოლის ავტომობილი მოუწესრიგებელია, ისინი ხშირად ნასვამებიც არიან, სიგარეტს მანქანაში ეწევიან და შენიშვნის შემთხვევაში აგრესიას იჩენენ. ნოემბერში დე ფაქტო ხელისუფლებამ უცხოელებისთვის ტაქსის სექტორში საქმიანობა შეზღუდა.
2024 წელს სოხუმში აფხაზები რუსი გიდების წინააღმდეგ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ისინი ამახინჯებენ "აფხაზეთის ისტორიას" და ადგილობრივებს შემოსავლის წყაროს ართმევენ. პროტესტის მონაწილეები დე ფაქტო ხელისუფლებისგან "საკუთარი მოქალაქეების" დაცვის გარანტიებს ითხოვდნენ.
მიგრანტების მიერ აფხაზური მიწის დაუფლების შიშზე მორიგი ტალღა 2025 წლის ბოლოსაც აგორდა, როდესაც დე ფაქტო სტატისტიკის სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში აფხაზეთში 12 500 მიგრანტია რეგისტრირებული, მათგან 2 500 - 2025 წელს. სტატისტიკის მიღმა კი, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი არალეგალი მიგრანტია. ამ მონაცემებმა ადგილობრივ მოსახლეობაში მიგრანტების მიმართ აგრესია უფრო გაამწვავა.
"რატომ აძლევს აფხაზეთის მიგრაციის სამსახური უფლებას ცენტრალური აზიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, შემოვიდნენ აფხაზეთში? ზოგიერთი უკვე დასახლდა აქ და შესაძლოა მალე აფხაზეთის მოქალაქეებიც გახდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყველა უკანონო რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს, ხოლო მიგრანტები და მათი ოჯახები უნდა იქნენ დეპორტირებულნი!" - ასეთი მიმართვა გამოქვეყნდა ოპოზიციურ ტელეგრამარხ "აიაშარაზე".
ტელეგრამარხებზე დაწყებულ პოლემიკას სტატია მიუძღვნა არხმა "ამრა-ლაიფმა" სათაურით "თავისიანების მიერ მიტოვებული მშვენიერი მიწა". სტატიაში აღწერილია, რა ხდება აფხაზურ შრომის ბაზარზე. როგორ მკვიდრდებიან შუააზიელი მუშები აფხაზეთის მიწაზე ოჯახებით, მაშინ როდესაც თავად აფხაზები რუსულ ტრანშებს შეჰყურებენ.
"მიდით ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე და ყურადღებით მოუსმინეთ - აფხაზურს თითქმის ვერ გაიგონებთ. სამაგიეროდ, ყველგან ტაჯიკური და უზბეკურია. ქვეყანა, სადაც ბევრი ადგილობრივი უმუშევარია, გასტერბაიტერებს ქირაობენ იმიტომ, რომ შენსას ვერ აიძულებ. აფხაზებს აქვთ სიამაყე და რწმენა, რომ "მოსკოვი ყველაფერს გამოგზავნის", ტაჯიკი კი ამბობს, რომ ამას გააკეთებს. ის არ კამათობს, არ ფილოსოფოსობს. საშუალო ხელფასი თვეში 100-150 ათასი რუბლია. ასე რომ, სანამ აფხაზი "ეროვნულ იდეაზე" საუბრობს, მიგრანტი მუშა მას სახლს უშენებს...
შეხედეთ ახალ ათონში რკინიგზის სადგურს - ვინ შეათეთრა ის ამ ზაფხულს? ტაჯიკებმა და უზბეკებმა. ზოგმა მუშაობა დაასრულა და სახლში დაბრუნდა, ზოგი კი დარჩა. შემდეგ მისი ცოლი ჩამოვიდა, სამსახური იშოვა, აფხაზეთში არავინ ამოწმებს, ვინ სად მუშაობს და რა დოკუმენტები აქვს. შემდეგ მოდიან ოჯახებით მკვიდრდებიან, ბავშვები ადგილობრივ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დადიან. ფორმალურად უცხოელებს მიწის ყიდვა არ შეუძლიათ, მაგრამ ყველამ იცის, როგორ მუშაობს ეს "ნდობის საფუძველზე" - მიწა მეგობრის, მეზობლის ან "ძმის" სახელზე რეგისტრირდება და ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ სახლი აღარ არის აფხაზური. ამასობაში ერთი აფხაზი კაფეში ზის, პოლიტიკაზე მსჯელობს და ჩივის, რომ "ახალგაზრდობა მიდის" და "ყველაფერი გაძვირდა". თუ თავად არ გინდა მუშაობა, სხვა მოვა და იმუშავებს. თუ შენ არ აშენებ, სხვა ააშენებს და შემდეგ ჩნდება კითხვა "რატომ მცირდება ჩვენი რიცხვი?" პასუხს ნუ ეძებთ მხოლოდ სტატისტიკაში. ისინი, ვინც დღეს მუშაობენ, ხვალ სახლს იყიდიან, ზეგ კი ოჯახებს ჩამოიყვანენ. ასე ხდება ჩუმი ჩანაცვლება - იარაღის, ლოზუნგების გარეშე. ზოგი მუშაობს, ზოგი უყურებს, ზოგი ფულს შოულობს, ზოგი სუბსიდიებს ელოდება, ზოგი დროებით მოდის, მაგრამ სამუდამოდ რჩება".
ასევე დაგაინტერესებთ: "ციხის უფროსმა დამიყვირა - მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო და გინებით გავარდა კამერიდან" - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
ოკუპანტის ვირეშმაკობა ანუ რუსული ხაფანგი აფხაზებისთვის
როგორ ინაწილებენ ქართველების ქონებას აფხაზები და რუსები
დიდი ანტირუსული ვნებათაღელვა სოხუმში - რატომ გამოაცხადა მოსკოვმა სამ აფხაზ ოპოზიციონერზე ძებნა

"აფხაზებს ურჩევნიათ ბრეხალოვკაზე დასხდნენ და ილაპარაკონ... ვინც ფულს შოულობს, ყველას მიუღებლობა აქვთ"
თეა ჩხიტუნიძე, ბლოგერი აფხაზეთის თემებზე: - საზოგადოდ, აფხაზებს მუშაობა არ უყვართ. არსებობს რიგი პროფესიები, მაგალითად, მშენებლობა ან დასუფთავება, სადაც აფხაზები მუშაობას უკადრისობენ. ათიდან ცხრა აფხაზს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ხელობა "ტეხავს". აფხაზი მიწის დასამუშავებლად არ წავა, არც დამლაგებლად. ტაჯიკები და უზბეკები აფხაზეთში არალეგალურად მუშაობენ, რომ ფული იშოვონ. აფხაზები მათ ზემოდან უყურებენ, თან ამავე დროს შურთ, რომ ისინი ფულს შოულობენ და სურთ აფხაზეთიდან გააგდონ. აფხაზებს ურჩევნიათ სოხუმის "ბრეხალოვკაზე" დასხდნენ და ილაპარაკონ, რომ ამდენი მიგრანტი მიუღებელია.
აფხაზებს ძალიან აღიზიანებთ სომეხი მოსახლეობაც, რომელიც ძირითადად, ვაჭრობის სექტორშია და ფულს შოულობს. მიაჩნიათ, რომ სომხებმა "აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის" იბრძოლეს და ეს კარგია, მაგრამ საკმარისია სომხებმა თავი პრივილეგირებულად იგრძნონ, მაშინვე იწყება ანტისომხური კამპანიები.
ყველაზე ძლიერი აგრესია რუსების მიმართ არის, თუმცა ამას ნაკლებად გამოხატავენ, რადგან შიშის ფაქტორი მოქმედებს. სოხუმში არის რუსების ე.წ. საელჩო, რუსი კურატორები და ანტირუსული გამოხდომების გამო შესაძლოა აფხაზს სახლში მიადგნენ და დააპატიმრონ.
სტატისტიკის მიხედვით, აფხაზების რიცხვი მაღალია, თუმცა კომენტარებში საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ამიტომაც აგრესია ყველა მიგრანტის მიმართ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი აფხაზეთში ოჯახებით მკვიდრდებიან. ვინც მათზე უკეთ ცხოვრობს და ფულს შოულობს, ყველას მიუღებლობა აქვთ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირების შთამომავლებს არა აქვთ საშუალება მიიღონ ე.წ. აფხაზური საბუთები და დაბრუნდნენ აფხაზეთში. მათ რუსეთი უშლის ხელს, რათა აფხაზეთში მუსლიმანური გავლენა არ გაძლიერდეს, ამ დროს კი ტაჯიკები და უზბეკები შეუფერხებლად ჩადიან.
რაც შეეხება აფრიკელი სტუდენტის მკვლელობას, ის თავმოკვეთილი იპოვეს, სხვა ინფორმაცია ამ საქმეზე არ მინახავს. ამ თემის ფართო განხილვაც არ შემხვედრია. დიდი ალბათობით, ეს მკვლელობა ან ნარკოდანაშაულს უკავშირდება, ან ძარცვას. ზაფხულში აფხაზეთში ბევრი აფრიკელი ჩადის, ძირითადად, სანაპიროებზე მუშაობენ. შარშან სოხუმში გავრცელდა ფოტო, სადაც დაახლოებით 50 შავკანიანი იყო შეკრებილი და ღამით ქუჩაში ახალ წელს აღნიშნავდა.
ეკატერინე ბასილაია