„მზია სულ ამბობს, ჩემთვის პატიმრობა არაფერია, მე იმის მეშინია, გარეთ რომ გამოვალ, რა და როგორი ქვეყანა დამხვდებაო“
12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც ჟურნალისტი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სასჯელს იხდის. თავდაპირველად მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მუხლი შედარებით მსუბუქი, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნის გამო. საპატიმროში ჟურნალისტი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შიმშილობის 24-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
თვეების განმავლობაში მზია ამაღლობელის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მანანა ამაღლობელი, ექიმი-დერმატოლოგი, მზიას ძმისშვილი:
- მზიას ყოველ შაბათს ვნახულობ, ბოლოს ის 12 იანვარს ვნახე, პატიმრობის წლისთავზე. მამიდას შიმშილობამდეც გასტროენტეროლოგიური პრობლემები ჰქონდა და ახლაც მედიკამენტებს იღებს.
მარცხენა თვალში აღარ აქვს მხედველობა, მარჯვენაში კი - დაბალი პროცენტი. კერატოკონუსი აქვს და საოპერაციოა, რათა შეუნარჩუნდეს ის მხედველობა მაინც, რაც ახლა აქვს, თორემ მომატების პერსპექტივა არ არის.
მზია ძალიან ძლიერი ქალია და არ გვაჩვენებს სისუსტეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას, ძალიან მხნედ გამოიყურება.
მზია ჩემი ბავშვობაა, ის მარტო მამიდა არ არის, ჩემთვის დედაცაა და მამაც. 6 წლის რომ ვიყავი, მზიას უფროსი ძმა, მამაჩემი, გარდაიცვალა - 28 წლისა ავარიაში მოყვა. მე და ჩემი სამი დედმამიშვილი უმამოდ დავრჩით. იმხანად მზია პირველი კურსის სტუდენტი იყო. მამიდა მარტო ფიზიკურად არ ზრუნავდა ჩვენზე, საოცრად თბილი, მზრუნველი იყო... წარმოიდგინეთ, ოჯახში ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდება და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩება. მაშინ დედაც ძალიან ახალგაზრდა იყო... არ ვიცი, დღემდე მაქვს საკუთარ თავთან კითხვები, როგორ შეძლო მზიამ ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის გააკეთა. ხშირად ამოდიოდა ჩვენთან, სოფელში (შუახევის რაიონი, სოფ. ჭვანა) და მამეცადინებდა. პირველ კლასში რომ შევედი, "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი მასწავლა და დღემდე მახსოვს. მერე, როცა გავიზარდე, ვსაყვედურობდი, რა დაგიშავე, პატარა ბავშვს რას მაწვალებდი პროლოგის დასწავლაზე-მეთქი. სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდით და მზიას წყალობით, ალბათ, ყველაზე კარგად მომზადებული მე მივდიოდი ხოლმე. ასე რომ, მზია ჩვენი მასწავლებელიც, რეპეტიტორიც იყო, საერთოდ, ყველაფერი. როცა სკოლა დავამთავრეთ, ბათუმში წავედით სასწავლებლად და მზიასთან ვიზრდებოდით. ის ყველაფრით გვერდში გვედგა მორალურად თუ ფინანსურად. რაც კი შეიძლება ადამიანს დადებითი გააჩნდეს, მზიასგან გვაქვს. მისი დამსახურებაა, დღეს ვინც ვართ.
მზია მკაცრიც იყო, მომთხოვნიც, ისეთი მოკრძალება გვქონდა და ისეთი სულიერი კავშირი იყო ჩვენ შორის, ტონის აწევა არ იყო საჭირო. დღემდე ასეა - მოკრძალებით და რიდით ვართ და იმდენად თბილი და ემოციური კავშირი გვაქვს, ეს არ არის მარტო მამიდა-ძმისშვილების ურთიერთობა. არ ვიცი, ეს რამ მოიტანა, მზიას ხასიათმა, ჩვენს ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიებმა, თუ...
მზია სტუდენტი იყო და დედასგან მახსოვს, რომ ჩვენ გამო სწავლის მიტოვება უნდოდა, თუმცა გადააფიქრებინეს. ყველაზე მეტად მამას, მის უფროს ძმას სურდა, რომ მზიას ესწავლა. თავისი ცხოვრება კარიერას და ოჯახს მიუძღვნა.
მისი სამსახური მუდმივად სტრესთან იყო დაკავშირებული. შევარდნაძის პერიოდიდან იბრძოდა, შეუპოვარი და სიმართლისთვის მებრძოლი იყო. ასლანის დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა, ღამეები სახლში ვერ მოდიოდა. მისი არჩევანი იყო ადამიანებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ხშირად დიდი აგრესიის მსხვერპლიც იყო. ჯერ ასლანის პერიოდში გახდა სამიზნე, რადგან რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობდა სხვა კრიტიკული გამოცემა. მაშინ "ბათუმელები" ბეჭდური გამოცემა იყო, კვირაში ერთხელ გამოდიოდა. მოკლედ, ყველა ტიპის ძალადობა გამოცადა, ბევრჯერ გამხდარა თავდასხმის ობიექტი, თუმცა თავისას არ იშლიდა, პრინციპებსა და ღირებულებებს არ ღალატობდა.

სააკაშვილის დროსაც ემუქრებოდნენ. ის და მისი გაზეთი "ბათუმელები" ყოველთვის ხალხის ხმა იყო.
გულანთებული პატრიოტია, მთელი ცხოვრება მუშაობს და რასაც აკეთებდა, ყველაფერი მისი ქვეყნის, ქალაქისა და რეგიონის კეთილდღეობას ეძღვნებოდა. ვიცი, რომ არ გაუხარდება, რომ ხელი ჩავიქნიოთ, ჩვენი საქმიანობა არ გავაგრძელოთ, დავითრგუნოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს უმისობა...
იმ დღეს, როცა მზია დააპატიმრეს, ერთად ვიყავით. როცა დაიღლებოდა, ხშირად ჩემს ბავშვებს ეძახდა, მათთან ერთად დასეირნობდა და ეს მისთვის განტვირთვა იყო. იმ დღეს ერთად ვისადილეთ კაფეში, ბავშვებს წიგნები უყიდა, წაუკითხა, მათთან ერთად ხატავდა.
დღის 5 საათზე ერთმანეთს დავშორდით, სახლში ვიყავი, როცა საინფორმაციომ გამოაცხადა, რომ აქციაზე ადამიანები დააკავეს. ვიღაცამ დამირეკა, მზია დაიჭირესო. ეს ისეთი შოკი იყო, ვერ წარმომედგინა, მზია რისთვის უნდა დაეჭირათ, ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია. პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ვცხოვრობ და მეც და მთელი ჩვენი ოჯახის წევრებიც 5 წუთში იქ გავჩნდით. დღემდე იმდღევანდელი შოკი მომდევს. სიტყვის გამოხატვის გამო რომ ადამიანს დაიჭერ, თანაც სისხლის სამართლის წესით გაასამართლებ, ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა.
როცა მზიამ მისი მეგობრის, ციალა ქათამიძის სტიკერის გამო დაჭერის ამბავი გაიგო, თვითონაც გააკრა სოლიდარობისთვის. ეს არ არის დანაშაული, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.
მზიას საკანში ტელევიზორი აქვს, უყურებს საინფორმაციო გადაცემებს. ადრინდელთან შედარებით ბევრს ვეღარ კითხულობს, ძირითადად, წერს, ბევრს წერს. ჩვენ, მისი ოჯახის წევრებს, ყველა დეტალი, მისი ყოველი დღე გვაინტერესებს, მაგრამ მზია ძალიან მოკლე პასუხებით შემოიფარგლება. საკუთარ თავს ადრეც ძალიან ცოტა დროს უთმობდა, სულ ცდილობდა ვინმეს რაიმეთი დახმარებოდა. ახლაც ასეა, ჩვენზე უფრო ფიქრობს და დარდობს. მისი ბოლო წერილი რომ წავიკითხე, ძალიან ემოციური იყო, მოშიმშილეებს რომ მიმართა, ერთადერთი, რის გამოც გადავდგი ის ნაბიჯი, ბრაზსა და შიმშილობაზე უარი რომ მეთქვა, ოჯახის წევრები და მათზე ფიქრი იყოო. მზია იმაზე ნერვიულობს, ჩემ გამო ამდენი სტრესი გადაიტანესო. ისევ ჩვენს მდგომარეობაზე რომ ნერვიულობს, ეს ძალიან მაბრაზებს. სულ კითხულობს, ჩვენ როგორ ვართ, ბავშვები როგორ არიან, გვახსენებს, ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, ძლიერები ვიყოთ და არ გავტყდეთ. მზია ბუნებით ძალიან მშვიდი და წყნარია და მიუხედავად სიმშვიდისა, მტკიცე ხასიათი და ძალიან მაღალი ღირებულებები აქვს.
არაერთი სოციალური პროექტი აქვს გაკეთებული, მან ბევრი ბავშვისა და ქალის ცხოვრება შეცვალა, შექმნა უნიკალური პროექტი "მოძრავი ბიბლიოთეკა", რისი მეშვეობითაც მთელი აჭარის სოფლებში მიიტანა წიგნები და მოახერხა, ის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ამ ერთმა წელმა ჩვენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წაგვართვა, თან ძალიან დაგვაახლოვა ოჯახის წევრები, უფრო შეგვაკავშირა. პირადად მე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, ამავე დროს, ბევრი თითქოს ძალიან ახლობელი ადამიანიც დამაკარგვინა, ბევრის ნამდვილი სახე დავინახე.
მზიამ ბოლო დროს ბევრი ჯილდო და პრემია მიიღო. ალბათ, ძალიან ამაყობს და გულის სიღრმეში უხარია. დღემდე რაც კი გაუკეთებია სიტყვის თავისუფლებისთვის, რეგიონის მოსახლეობისთვის, ყველაფერი დაუფასდა. მერწმუნეთ, არაფერი არ ღირს ჩემთვის იმაზე მეტი, ვიდრე ოჯახის წევრის კეთილდღეობა და თავისუფლებაა და სწორად გამიგეთ... მერჩივნა მზიას გამართლება-გათავისუფლება მოელოცათ, თუმცა... ვფიქრობ, ეს არის დასჯა და მაგალითი სხვებისთვის, როგორ არ უნდა მოიქცნენ, ჩუმად იყვნენ. ალბათ, უნდათ ამით სხვები შეაშინონ, რათა პროტესტი ვერ გაბედონ.
მზია ძალიან გულშემატკივრობს პროტესტის მონაწილეებს, ყველას, ვინც მას გულშემატკივრობს. მისი სიტყვები "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის" ერთგვარ სლოგანად იქცა. სულ ამბობს, ჩემთვის პატიმრობა არაფერია, მე იმის მეშინია, გარეთ რომ გამოვალ, რა და როგორი ქვეყანა დამხვდებაო. ამაზე უფრო ნერვიულობს, ვიდრე იმ ყოფაზე, რაც ამჟამად აქვს.
ადამიანებისგან, რომლებსაც პატიმრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა და თანაგრძნობა აქვთ, სამართლიანობის იმედი არა მაქვს.
მზია გეგმებზე არ საუბრობს, ლაპარაკობს მხოლოდ აწმყოზე. საპატიმროში ნორმალურ პირობებშია, მაგრამ გამოკეტილია და თითქოს მასთან ერთად ჩვენც ტყვეობაში ვართ.