ყველაზე სკანდალური მატჩები
გარსიას "მოჩვენება" გოლი
ალბათ, ვერავინ გაიგებს, ლუის გარსიას დარტყმამ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულის“ კარში ნამდვილად გადაკვეთა თუ არა კარის ხაზი, მაგრამ სწორედ ამ გაურკვევლობამ აქცია ეს მომენტი იმ სეზონში „წითლების“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების ყველაზე განხილულ გოლად.
"ნახევარფინალის შემდეგ ჩემთან მოვიდა და ფინალში წარმატება მისურვა, - უთხრა გარსიამ FFT-ს გაცოფებულ მოურინიოზე, რომელმაც ამჯერად ბრაზი შეიკავა, - ის ყოველთვის უარყოფს ჩემს გოლს, მაგრამ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი".
კარგია, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება კარის ხაზის ტექნოლოგიის წყალობით,… გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პრემიერ-ლიგაში მოხდა და "ასტონ ვილას"“ დაქვეითებისგან გადარჩენაში დაეხმარა.
კრიშტიანუს ორი თამაშგარე გოლი "ბაიერნის" წინააღმდეგ
ევროპული "კლასიკო" ანუ "ბაიერნი" "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ - მათი მატჩი მუდმივად უხვგოლიანია და მეორე დღეს მსაჯის გადაწყვეტილებების განხილვის საბაბს იძლევა.
კრიშტიანუ რონალდუ 2017 წელს გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი გაიტანა - ეს მაშინ მოხდა, როცა მან მეოთხედფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. თუმცა, ბავარიელების აზრით, მას მხოლოდ ერთი გოლი უნდა გაეტანა.
"რეალი"“ და „"ბაიერნი"“ იმ სამი საათის განმავლობაში ერთმანეთს დაუნდობლად უტევდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნს" არცთუ დამსახურებულად გაუგდეს არტურო ვიდალი, რამაც "ბაიერნის" გულშემატკივარი უფრო გააღიზიანა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩი თავიდან ბოლომდე ბრძოლად იქცა. როცა ჯამური ანგარიში 3:3 იყო, გადამწყვეტი გოლი რონალდუმ ნოიერის კარში შეაგდო ერთი მეტრის ოფსაიდიდან გაკეთებული ჩაწოდების შემდეგ, მერე კი მარსელომ ბურთი გაუგორა რონალდუს ჰეთ-თრიქისთვის, მაშინ, როცა ის მასზე წინ იდგა.
"ბაიერნი"“ გაღიზიანებული იყო, თანაც გამოფიტული. ნოიერის კარს ამ ორი მატჩის განმავლობაში სერიოზული დარტყმები ჰქონდა მიღებული და ისეთი შეგრძნება იყო, რომ გოლები მაინც გავიდოდა, თუმცა საქმე ამაში არ არის.…
"მარსელის" სასჯელი
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სკანდალური მომენტი.
„"მარსელის"“პრეზიდენტმა ბერნარ ტაპიემ 1993 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე ჰორიზონტზე დაინახა და იცოდა, რომ რამდენიმე მისი ფეხბურთელი შესაძლოა გადაღლილი ყოფილიყო "ვალენსიასთან"“ მატჩის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. იმის ნაცვლად, მთავარი მწვრთნელი ჟან-პიერ ბერნესი დაერწმუნებინა წამყვანი მოთამაშეების დასვენებაში, ის „ვალენსიის“ სამ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მათ "მარსელის“ წინააღმდეგ თამაშში შემოუთვალა, რომ არ "გადაღლილიყვნენ" ქრთამის სანაცვლოდ - ორმა ქრთამი აიღო, ერთმა კი უარი თქვა. საბოლოოდ ტაპიეს პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, სხვა წამოწყებებთან ერთად, ის თეატრსა და ტელევიზიაში საქმიანობდა. ეს შემთხვევა დღემდე რჩება ლაქად ევროპული ფეხბურთის ისტორიაში.
მიტოვებული "მილანური" დერბი
2005 წელს ამ ორ მეტოქის, „"მილანისა"“ და „"ინტერის"“ შეხვედრა აბსურდული მიზეზებით შეწყდა. „"მილანი"“ ჯამში 3:0-ს იგებდა, ხოლო „"ინტერი"“ ჩამორჩებოდა; როცა ესტებან კამბიასოს გოლი არ ჩათვალეს, ნერაძურის გულშემატკივრებს ფეხბურთის ყურება მოჰბეზრდათ და მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს. „"მილანის"“ მეკარე დიდას შაშხანა მოხვდა, რაც არბიტრმა მარკუს მერკმა საბოლოო წვეთად ჩათვალა - მატჩი შეწყდა და სწორედ მაშინ გადაიღეს ის ლეგენდარული ფოტო, სადაც მატერაცი და რუი კოშტა მოვლენებს უყურებენ.
„"ინტერს"“ დაევალა შემდეგი ექვსი ევროპული მატჩის ჩატარება დახურულ კარს მიღმა, რომელთაგან ორი სამწლიანი პირობითი სასჯელით იყო დაკისრებული. გარდა ამისა, კლუბი 300 000 შვეიცარიული ფრანკით (დაახლოებით 132,000 გირვანქა სტერლინგი) დაჯარიმდა.
როგორ წაართვეს თბილისის "დინამოს" ჩემპიონობა
1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი გაიმართა, რომლის ანალოგიც ფეხბურთის ისტორიაში არ მოიძებნება. თბილისის "დინამომ" მოსკოვში "ტორპედო" 2:1 დაამარცხა. თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე სტადიონზე გამოაცხადეს, რომ მოსკოვის "სპარტაკმა" თამაში წააგო - ჩემპიონები ქართველები გახდნენ.
ტორპედოელებთან გამარჯვების მერე დინამოელებს 20 თამაშში 29 ქულა უგროვდებოდათ (მაშინ მოგებაზე 2 ქულა იყო). ლენინგრადის "ზენიტმა" ჩემპიონობაზე დაგეშილ მოსკოვის "სპარტაკს" მოუგო და "ოქროს მატჩში" მონაწილეობისათვის "სპარტაკს" ბოლო ტურში კუიბიშეველებთან გამარჯვება სჭირდებოდა.
4 სექტემბერს თბილისელებისა და მოსკოვის "ტორპედოს" მატჩი მოსკოვის "დინამოს" სტადიონზე გაიმართა. მე-14 წუთზე ანგარიში იური ვარდიმიადიმ გახსნა –- 0:1. მე-19 წუთზე გიორგი ანთაძემ "დინამოს" უპირატესობა სოლიდური გახადა - 0:2. ვალენტინ ივანოვმა 71-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და "დინამომ" 1:2 იმარჯვებდა. მაგრამ თამაშის ბოლოსკენ მოსკოველი გულშემატკივარი უკონტროლო გახდა და ტრიბუნებიდან ანტიქართული შეძახილები გაისმა: "კავკასიელებო, თქვენი დედა", მსაჯს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. ფინალური სასტვენის მერე რამდენიმე ასეული მაყურებელი მინდორზე გადმოხტა და მოთამაშეებმა და მსაჯებმა თავი გასახდელს შეაფარეს. "ტორპედოს" ფორვარდი ვალენტინ ივანოვი იხსენებდა: "ჩვენ მოვასწარით და მსაჯი ჩვენს გასახდელში გადავმალეთ".
ხულიგანი გულშემატკივრების მცდელობა, შეეღწიათ თბილისელთა გასახდელში, მილიციამ ადვილად აღკვეთა. როდესაც ვითარება დაწყნარდა, კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოქმი შეავსეს, მას ხელი მოაწერეს და ამის შემდეგ სტადიონი დატოვეს.
თბილისელებმა პირველობა გასახდელში იზეიმეს და სასტუმროში დასასვენებლად დაბრუნდნენ, მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, ეს მატჩი უნდა გადათამაშებულიყო, რადგან "ტორპედომ" მსაჯების შეცდომების გამო საჩივარი შეიტანა და ანგარიში გააპროტესტა მას შემდეგ, რაც მატჩის ოქმს მსაჯებმა, მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ხელი მოაწერეს, "ტორპედოს" მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა "არაობიექტური მსაჯობა" გააპროტესტა, მაგრამ სად და როდის დააფიქსირა, უცნობია, რადგან თამაშის მერე ეს ან სხვა სახის პრეტენზია მატჩის ოქმში არ დაფიქსირებულა. პირიქით, მეტოქეებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდეს და ასე დაშორდნენ.
მოვლენები საოცარი სისწრაფით შეიცვალა. ტორპედოელთა ფორვარდები ივანოვი და ზოლოტოვი გაოგნებულან, როცა საღამოს პროტესტისა და მეორე დღეს თბილისელებთან ჩასატარებელი გადათამაშების შესახებ შეიტყვეს.
აი, რას ჰყვებოდა მიხაილ იაკუშინი:
"გადამწყვეტ მატჩს მაყურებლის როლში ვუყურებდი. თბილისელებმა სუფთად და სამართლიანად მოიგეს 2:1. თამაშის ბოლოს გამოცვივდნენ ხულიგანი მაყურებლები, რომლებიც მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, შეაღწიეს ტრიბუნის ქვეშ მდებარე შენობაში და უწესოდ მოქცევა გააგრძელეს. როგორც წესი, ამის გამო წაგებას მასპინძელ გუნდს ჩაუთვლიდნენ, მაგრამ მოულოდნელად გამოაჩინეს "ტორპედოს" პროტესტი, ვითომ მსაჯების შეცდომების გამო. წესით, ეს საკითხი არც უნდა განხილულიყო, მაგრამ მაინც მატჩის გადათამაშება გადაწყვიტეს. ეს დიდი უსამართლობა იყო".
4 სექტემბრის მატჩით დინამოელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, თუმცა "ოქროს მატჩში" მონაწილეობდნენ, ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ. ჩვენებზე ამ გადაწყვეტილებამ საშინლად იმოქმედა - ისინი განადგურებულნი იყვნენ. დინამოელები მომხდარმა ისე დათრგუნა, რომ საბრძოლველად ვეღარ განეწყვნენ და გადათამაშებაში "ტორპედოსთან" 1:4 წააგეს, რაშიც მიკერძოებულმა მსაჯობამაც თავისი როლი ითამაშა, "სპარტაკმა" კი ბოლო, 11 სექტემბრის მატჩში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ყველაზე სკანდალური საბჭოთა მატჩი ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ასე მონათლა - "მკვლელობა პეტროვსკის პარკში" (მოსკოვის "დინამოს" სტადიონი პეტროვსკის პარკში მდებარეობს), რომლის ანალოგიც საბჭოთა ფეხბურთში არ არსებობდა".
იგივე ჟურნალისტი წერდა: "საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა სტალინის გარდაცვალების წელს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გამხდარიყო, რადგან ქართული ნაციონალიზმის გამოვლენის ეშინოდათ".
ეს არ ნიშნავს, რომ "სპარტაკს" გაჩემპიონებაში დაეხმარნენ, ალბათ, უფრო თბილისელებს შეუშალეს ხელი ან მკაცრად დასაჯეს. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ამტკიცებენ, როდესაც თბილისის "დინამოს" შესაძლო ჩემპიონობის ამბავი წითელი იმპერიის მაშინდელ მმართველს, ხრუშჩოვს შეატყობინეს, თურმე უზომოდ აღშფოთდა. ამით სსრ კავშირის ჩემპიონატში მოსკოვური კლუბების ჰეგემონია დასრულდებოდა და თანაც თბილისის "დინამოს" მიერ?! ის ამას ვერ შეეგუებოდა, რადგან "დინამოს" ბერიას პირმშოდ მიიჩნევდა და ცხადია, დინამოელთა ჩემპიონობაც ლავრენტის წარმატებასთან გაიგივდებოდა.
თბილისელებს ოქროს მედლები 1953 წელს დააკარგვინეს, როცა სტალინი გარდაიცვალა და ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა. "დინამომ" უმაღლესი სინჯის მედლები 1964 წლის შემოდგომაზე მოიპოვა - ერთი თვის მერე, როცა ხრუშჩოვი თანამდებობიდან მოხსნეს. განგებამ ეს ორი გუნდი, "დინამო" და "ტორპედო", ერთმანეთს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ "ოქროს მატჩში", 1964 წელს შეახვედრა. დინამოელებმა მოსკოველებს იმავე ანგარიშით სძლიეს, რა ანგარიშითაც 11 წლის წინანდელი უსამართლო მატჩი დათმეს (4:1), იმპერიის ჩემპიონობა კი პირველად იზეიმეს.…
ნიკოლოზ თევდორაშვილი