„ექვსი ერის“ ქართველი მბრძანებელი
"ფენტეზი" სხვა დროს იყოს, დღეს კი რეალურ ადამიანზე ვლაპარაკობთ: 31 წლის ნიკა ამაშუკელი მსოფლიო რაგბის ელიტური კატეგორიის მსაჯია - პირველი ქართველი არბიტრი "ექვს ერში", ჩემპიონთა თასის ფინალში, მსოფლიო ჩემპიონატზე... რაგბით შემთხვევით "მოიწამლა" და ოვალური ბურთის სამყაროში მალევე იპოვა ის, რასაც მანამდე უშედეგოდ ეძებდა ფეხბურთის, ძიუდოსა თუ ცურვის სექციებში. ტრავმების გამო მორაგბის კარიერა 20 წლისამ დაასრულა, მწვრთნელობას მსაჯობა არჩია და... ბოლო რამდენიმე წელიწადში არა მხოლოდ ქართული, მთლიანად "მეორე ეშელონის" ქვეყნების წარმომადგენელთათვის არნახულ სიმაღლე(ებ)ს მიაღწია. 14 თებერვალს ნიკა ამაშუკელისთვის ახალი სეზონი იწყება - ზედიზედ მეხუთე უმაღლეს დონეზე! ჰოდა, "ვალენტინობისა" თუ "სიყვარულის დღისა" რა მოგახსენოთ, მაგრამ ედინბურგის "მერიფილდზე" დაუნდობელ ჯახს აუცილებლად ვნახავთ: შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები მოსისხლე მტერს - ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებს, მატჩის მთავარი მსაჯი კი სწორედ ქართველი არბიტრი იქნება. ნიკა ამაშუკელს მართლაც ფ(ე)ნტასტიკური კარიერა აქვს - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: "ფენტეზი" მისი საყვარელი ჟანრია და... როცა ახერხებს თვითონაც წერს ამ ჟანრის რომანს! თუმცა ამაზე სხვა დროს. ელიტურ ქართველ არბიტრთან მის ამჟამინდელ საქმიანობაზე, საქართველოს ნაკრებსა და "ექვს ერში" "ბორჯღალოსნების" მოხვედრის პერსპექტივაზე ვილაპარაკეთ:
- ბოლო წლებში ჩემი კარიერა მართლაც ზღაპრული, ფანტასტიკური ტემპით ვითარდება.
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ 28 წლის ასაკში "ექვსი ერის" მატჩების, ჩემპიონთა თასის ფინალისა და მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრების მსაჯობის გამოცდილება მექნებოდა.
ამავე დროს, ისიც კარგად ვიცი, რომ მე არბიტრი ვარ, გულშემატკივრის უმეტესობას კი სპორტსმენები აინტერესებს - ფეხბურთელები, მორაგბეები, ძიუდოისტები, კალათბურთელები... ეს სულ ასე იქნება და ასეც უნდა იყოს. თუმცა მე შრომას ვაგრძელებ, ჩემს სეგმენტში მიჭირავს უმაღლესი ადგილი, ჩემთვის ეს არის ოლიმპიური ოქროც და მსოფლიო ჩემპიონობაც... მთელი ცხოვრება რაგბის მივუძღვენი და ეს არასდროს მინანია.
- ზღაპრებს თავისი ადგილი აქვს. მაგრამ ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ, "ჯადოქრობის" კი არა, სწავლის წყურვილის, თავდაუზოგავი შრომის, მიზანსწრაფულობის დამსახურებაა, არა?
- რა თქმა უნდა. თანამედროვე სპორტი უმაღლეს სტანდარტებს ითხოვს. მხოლოდ საბაზისო უნარები საკმარისი აღარ არის, მუდმივად უნდა ვითარდებოდე, იცოდე შენი შესაძლებლობების ზღვარი, თავდაუზოგავი შრომის პარალელურად კი ინდივიდუალიზმიც შეინარჩუნო... ამავე დროს, ლამის ყოველკვირა გიწევს სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება და ფიზიკურ დაღლას მენტალური წნეხიც ემატება.
- თუმცა ელიტური კატეგორიის მსაჯის სტატუსი მოდუნების საშუალებას არ იძლევა!
- განცდა, რომ შენს საქმეში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, სასიამოვნოა, თუმცა მიმაჩნია, რომ პროფესიონალს, რომელიც ყოველდღიურ რუტინაშია ჩაფლული, სიამაყისთვის დრო არ უნდა რჩებოდეს. თვითკმაყოფილებას ყოველთვის ცუდი შედეგი მოჰყვება, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა შეიძლება. თუ გავიხსენებ იმ მატჩებსა და ტურნირებს, სადაც მიმსაჯია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ვარ მაქსიმალურ დონეზე. თუმცა მიღწევა ერთია, მწვერვალზე გაჩერება, მაქსიმალური ნიშნულის შენარჩუნება - გაცილებით რთული! უნდა გავაგრძელო და ეს დონე შევინარჩუნო. ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა მეტოქე გაორმაგებული მოტივაციით რომ გადის, მსაჯობაშიც ასეა - როცა უმაღლეს სტანდარტს დადებ, ნაკლები აღარ გეპატიება.
- მოთამაშის კარიერის ნაადრევად დასრულების შემდეგ რაგბიში დარჩენა სხვა პოზიციაზეც შეგეძლოთ. მაინცდამაინც მსაჯობა რატომ გადაწყვიტეთ?
- მინდოდა რაგბი სხვა მხრიდანაც დამენახა, საყვარელ თამაშზე უფრო მეტი გამეგო და ძალიან გამიმართლა, რომ მალევე აღმოვჩნდი სახელგანთქმული ირლანდიელი მენტორის, დეივიდ მაკქიუს "ხელში". ჩვენდა ბედად, ამ უაღრესად გამოცდილმა და გავლენიანმა კაცმა (მაკქიუს სამ მსოფლიო თასზე უმსაჯია. - რ.შ.), საკმაოდ უცნაური კონფლიქტის გამო კონტრაქტი გაწყვიტა ირლანდიის რაგბის კავშირთან, საქართველოში მუშაობაზე დათანხმდა და ჩემი პირადი მენტორი გახდა. ეს მართლაც უდიდესი გამართლება იყო, რადგან, წესით, სახელგანთქმული ირლანდიელი საქართველოს რაგბის კავშირში ვერანაირად ვერ უნდა მოხვედრილიყო. მაკქიუს თანადგომა, მისგან შვიდი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა რაგბის საერთაშორისო კავშირში და მიხარია, რომ მენტორს იმედი არ გავუცრუე.
- 14 თებერვალს შოტლანდია-ინგლისის მატჩის მთავარი მსაჯი იქნებით. თუმცა "ექვს ერში" ზედიზედ მეხუთე სეზონს იწყებთ და, ალბათ, ისე მოუთმენლად აღარ ელით ევროპის მთავარი სარაგბო ტურნირის დაწყებას, როგორც რამდენიმე წლის წინ...
- ასეთი მატჩები არასდროს "ხუნდება". "ექვსი ერი" ყოველმხრივ განსხვავებული ტურნირია. მასთან შედარებით, ნოემბრის ტესტ-მატჩები "მოთელვას" ჰგავს. "ექვსი ერის" ყველა მატჩი ნამდვილი "ომი", დაუნდობელი ბრძოლაა, მაგრამ შოტლანდია-ინგლისი მათ შორისაც გამოირჩევა, მით უმეტეს, როცა თამაში ედინბურგის "მარიფილდზეა"- სკოტთა ნამდვილ ციხესიმაგრეში... ბოლო ხუთი ურთიერთდაპირისპირებიდან ოთხი შოტლანდიელებმა მოიგეს, რაც ნათლად აჩვენებს, როგორი მოტივაციით თამაშობენ ინგლისის წინააღმდეგ. ასეთი პრინციპული დაპირისპირებისას არბიტრის თითოეულ გადაწყვეტილებას "მიკროსკოპით" აკვირდებიან და მეც საფუძვლიანად უნდა მოვემზადო. თამაშის სადავეები ხელიდან რომ არ გაექცეს, მთავარმა მსაჯმა ჯერ თავისი ემოცია უნდა აკონტროლოს, ცივსისხლიანად იმუშაოს და ნებისმიერი სცენარისთვის იყოს მზად!
- სათქმელად ადვილია, მაგრამ, მოდი და, დააშოშმინე ოცდაათი "განრისხებული" მამაკაცი, რომლებიც მეტოქეების "შესაჭმელად" არიან მზად! თამაშის დროს შიში არასდროს განგიცდიათ?
- არასდროს! ტიერ 1-ის გუნდების ჩემთვის სადებიუტო მატჩის (უელსი-სამხრეთი აფრიკა) დროს უელსელთა ყველა ლეგენდარული მოთამაშე მოედანზე იყო, მაგრამ ზედიზედ ოთხი ყვითელი ბარათი ვუჩვენე. ნამატჩევს ხუმრობდნენ, ხაზზე დააყენე და ბარათები ჩამოურიგეო, მაგრამ ტყუილად არავისთვის მიმიცია - იმსახურებდნენ და ჩამოვურიგე! შიში არა, მაგრამ წნეხი ბევრჯერ განმიცდია. როგორ შეიძლება წნეხს არ გრძნობდე, როცა საფრანგეთი-ინგლისის მატჩის მსაჯი ხარ, ან სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის შეხვედრისას (შარშან სექტემბერში ვიმსაჯე), რომელიც სამსაჯოდ ყველაზე რთული დაპირისპირებაა? შიში ყველა ვარიანტში შეგეტყობა და თუ შეგეტყო, ეს ნიშნავს, რომ დიდ რაგბიში შენი ადგილი არ არის! მსაჯისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა სიმშვიდე შეინარჩუნოს მაშინაც კი, როცა "სამყარო ინგრევა", ტრიბუნაზე შეკრებილი 80 ათასი მაყურებელი გადარეულია, მწვრთნელები და ჟურნალისტები გაცოფებული არიან... როცა ვიცი, რომ ინგლისი და შოტლანდია ერთმანეთს გოჯს არ დაუთმობენ, მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ - მეც არაფერს დავთმობ!
- ყველაზე დაძაბული მატჩებიდან რომელს გაიხსენებთ?
- 2022 წლის ნოემბერში ირლანდიამ დუბლინში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკას. "სამყურები" მაშინ რეიტინგის ლიდერები იყვნენ, სამხრეთი აფრიკა - მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი. სამსაჯო ელიტაში ახალი შესული ვიყავი, მაგრამ მსოფლიო რაგბიმ გარისკა და მატჩის გაძღოლა 27 წლის, ასეთ დონეზე გამოუცდელ არბიტრს მანდო. არადა, მოთამაშეებსა და ქომაგებს ისე ეზიზღებათ ერთმანეთი, ამ ორი ნაკრების დაპირისპირება ყოველთვის დაუნდობელი ბრძოლით გამოირჩევა და ეძახიან კიდეც "სიკვდილის მატჩს". მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ სწორედ ასეთ "სასაკლაოზე" შემიშვა იმის დასადგენად, გავუძლებდი თუ არა უდიდეს წნეხსა და კრიტიკას, რომელიც ჩემს დანიშვნას ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე მოჰყვა, ეს ვინ არის, საიდან მოიყვანეთო?! იმდენი ვინერვიულე, თამაშის წინაღამეს დუბლინის ქუჩებში დავხეტიალებდი და თავს ვიმხნევებდი. საბედნიეროდ, აუღელვებლად, უშეცდომოდ ვიმსაჯე და მსოფლიო რაგბიმ სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც მივეწვიე.
- თქვენი საყვარელი რომანის "ბეჭდების მბრძანებლის" სათაურს მომდევნო კითხვაში გამოვიყენებ: შეგვიძლია მსაჯს "მორაგბეების მბრძანებელი" ვუწოდოთ? არის ყველა მისი გადაწყვეტილება "კანონი"?
- "მბრძანებელი" უხეში შედარებაა, თუმცა მსაჯი ხელშეუხებელი ნამდვილად არის. რაგბის თავისი მენტალიტეტი აქვს, მორაგბეებს პატარაობიდანვე აჩვევენ არბიტრის პატივისცემას. ბრიტანეთში ბავშვთა ლიგებშიც კი მსაჯისთვის მიმართვის ფორმაა "სერ". ეს ყველაფერი მოზარდების გონებაში ილექება და არბიტრის ბუნებრივი რიდი უჩნდებათ. რაგბის შიდა "კოდექსი" იმასაც გულისხმობს, არბიტრს ხელი არ შეუშალო. მეტოქეზე ძლიერი ხარ? გაიმარჯვე! წაგებას კი სხვას, მით უმეტეს, მსაჯს, ნუ დააბრალებ. ტოპ-მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა კარგად იციან, რომ რაგბის მსაჯობა ყველაზე რთულია გუნდურ სახეობებს შორის. ამიტომაც გექცევიან პატივისცემით, ხელს არ გიშლიან. ხანდახან, როცა მდგომარეობა ძალიან იძაბება, გიწევს კონკრეტული მოთამაშეები ან გუნდის კაპიტანი დააშოშმინო, თუმცა ყოველი ასეთი ეპიზოდის შემდეგ მოთამაშე მოდის და ბოდიშს გიხდის, მაპატიეთ, სერ, გადავამეტეო.
რაგბის მოედანზე პატივისცემა ყოველთვის იგრძნობა და ეს ამ თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მომენტია.
- გვითხარით, რატომ არის რაგბის მსაჯობა სხვა სახეობებზე რთული საქმე?
- იმიტომ, რომ რაგბის თამაში ინტელექტის მაღალ დონეს, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და სინქრონული მოქმედების უნარს მოითხოვს, წესებიც საკმაოდ რთულია და არბიტრმა ამ ყველაფერზე რეაგირება წამიერად უნდა შეძლოს.
თამაშის მთავარი მიზანი მეტოქის ფიზიკურად დაჩაგვრაა, მაგრამ ეს მხოლოდ პირდაპირ დაჯახებას არ გულისხმობს - მოწინააღმდეგე უნდა დაღალო, სისწრაფეშიც აჯობო, რაქსა თუ მოლში შემოსვლის სურვილი გაუქრო... ამას უმაღლესი დონის საშემსრულებლო ოსტატობა სჭირდება, ტაქტიკური მონახაზის ხორცშესხმას კი მთელი გუნდის, ანუ 15 მოთამაშის სინქრონული მოქმედება. მთელმა გუნდმა ერთ ორგანიზმად უნდა იაზროვნოს და იმოქმედოს. ეს ყველაფერი დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს და თუ ის არა გაქვს, გუნდთან სინქრონში მუშაობას ვერ ახერხებ, უხეშ ფიზიკურ ძალას მარტივად გაანეიტრალებენ.
რაგბი "ძალისმიერი ჭადრაკია" - ფიზიკური ძალისა და ტაქტიკური მონახაზის ნაზავი. ამას ემატება თავდადება, ღირსება, თანაგუნდელისთვის თავგანწირვის, მისი დაზღვევის უნარი...
სპორტის ბევრი სახეობა გამოვიცვალე, მაგრამ თანაგუნდელებს შორის ისეთი მყარი ურთიერთობები, როგორიც რაგბის გუნდებშია, სხვაგან არსად მინახავს. რაგბი ამ მხრივაც განსაკუთრებულია.
- იყო დრო, ქართული რაგბის სავიზიტო ბარათად მხოლოდ შერკინება მიიჩნეოდა. ახლა ძლიერი უკანახაზელებიც გვყავს, სამაგიეროდ, ჩვენი შერკინება აღარ არის ძველებურად დომინანტური...
- ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ თამაში გაცილებით სწრაფი გახდა. შემცირდა შერკინების მოწყობის, რაქში გადასვლის დროც... სწრაფი რაქის გარეშე დღეს თამაშს ვეღარ იგებ. სისწრაფის მატებამ ფიზიკური კონდიციების გადასხვაფერებაც გამოიწვია. ქართული გენეტიკა სულ გამოირჩეოდა სტატიკური სიძლიერით, "ფეთქებად" ძალაში კი ყოველთვის გვიჭირდა და ასეა ახლაც. იკლო შერკინებისას დაჯარიმების სტატისტიკამ, მტკივნეულად გავიარეთ თაობათა ცვლის პროცესიც... თამაშის წესები არ შეცვლილა, მიდგომები კი ხშირად იცვლება და სამწუხაროდ, გვიჭირს სიახლეებისთვის ფეხის დროულად აბმა. ძლიერი ნაკრებები მყისიერად ეცნობიან ახალ ტენდენციებს და ჩვენზე სწრაფად ამუშავებენ, ჩვენ კი ვეღარ ვეწევით. იმის გამო, რომ იშვიათად გვაქვს ძლიერ მეტოქეებთან თამაშის შესაძლებლობა, განგრძობითობას ვერ ვინარჩუნებთ: ირლანდიასა და იაპონიასთან მატჩზე სტადიონი ივსება, მაგრამ მსგავსი რანგის მომდევნო მატჩებამდე იმდენი დრო გადის, მაყურებლის ინტერესი ნელდება.
- გადაწყვეტილია, რომ ზაფხულიდან "ბორჯღალოსნებს" პიერ-ანრი ბრონკანი ჩაიბარებს. რას იტყვით ფრანგ სპეციალისტზე, საქართველოს ნაკრებს წინამორბედ კოკერილზე უკეთ შეეწყობა?
- ბრონკანს კარგად არ ვიცნობ და ბევრის თქმა არც მის საქმიანობაზე შემიძლია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებს კოკერილზე უკეთ გაუგებს, რადგან ფრანგულ რაგბისთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, ქართველი ლეგიონერების უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს და მენტალობითა და ხასიათით ფრანგულ რაგბისთან გაცილებით ახლოს ვართ.
- შევძლებთ 2027 წლის მსოფლიო თასზე ისტორიულ შედეგს მივაღწიოთ და ჯგუფიდან გავიდეთ?
- ეს ყველას ძალიან გვინდა, მაგრამ რთული იქნება... გადამწყვეტი ბრძოლა გველის იტალიასთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი გუნდია, ისე კი აპენინური გუნდი ჩვენთან ბოლო შეხვედრაშიც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მაგრად ვითამაშეთ და მხოლოდ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. ასე რომ, თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, იტალიის დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია.
- "ექვსი ერის" არაერთი მატჩში გიმსაჯიათ და მის სპეციფიკას კარგად იცნობთ. გვესმის, რომ კომერციული ტურნირია და მონაწილე ნაკრებების სიძლიერის გარდა, ყურადღება ბევრ სხვა ფაქტორს ექცევა, თუმცა მაინც გკითხავთ: ვართ მზად "ექვსი ერისთვის"?
- პირდაპირ გეტყვით - არა! ეს სიტყვები ბევრს არ მოეწონება, მაგრამ დღეს სტრუქტურულად ნამდვილად არა ვართ მზად ასეთი ტურნირისთვის - არც გუნდი, არც ქვეყანა, არც მაყურებელი, მათ შორის არც ფინანსურად... ერთადერთი გუნდი, რომელსაც "ექვსი ერის" ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებია. "ექვსი ერი" არ არის მხოლოდ სარაგბო ტურნირი, ეს არის მონაწილე ქვეყნების ლოჯისტიკური და კულტურული რესურსის დემონსტრირება. იაპონიას ჩვენზე გაცილებით ადრე ჰქონდა ფრენჩაიზი, მაგრამ მიხვდა, რომ სანამ პროგრესს ბავშვთა რაგბიდან და შიდა ჩემპიონატიდან არ დაიწყებდა, შედეგს ვერ მიიღებდა. იგივეა ჩვენთანაც - თუ ფესვებიდან არ დავიწყებთ, მხოლოდ კენწეროს გაძლიერება არაფერს მოგვიტანს. "დიდი 10" ბევრად ძლიერი და მიმზიდველი უნდა გავხადოთ, თორემ ასეთი შიდა ჩემპიონატით პროგრესი ძალიან გაგვიჭირდება.