პრეზიდენტებისა და პრემიერების დილემა საქართველოში - დამსახურებული პენსია თუ... - კიდევ ვის "ელოდება" რუსთავის მე-12 "სამთავრობო-გამოსასწორებელი“ დაწესებულება?!
რომელ შენობაშია თავმოყრილი ყველაზე მეტი სახელმწიფო საიდუმლოება? ზოგი მთავრობის ადმინისტრაციას იტყვის, ზოგი სუს-ს ან თავდაცვის სამინისტროს. არა, ბატონებო, ასეთი არის რუსთავის მე-12 დაწესებულება. ამ დროისთვის იქ სხედან ყოფილი პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი), ყოფილი პრემიერ-მინისტრი (ირაკლი ღარიბაშვილი - გახარიამ დროზე გაასწრო, თორემ შესაძლოა ღარიბაშვილის მეზობლად მჯდარიყო), სუს-ის ყოფილი უფროსი (გრიგოლ ლილუაშვილი), სამი ყოფილი თავდაცვის მინისტრი (ჯუანშერ ბურჭულაძე, ბაჩო ახალაია, ირაკლი ოქრუაშვილი), ყოფილი გენპროკურორი (მურთაზ ზოდელავა), თავისი საკანი ელოდება კიდევ ორ ყოფილ გენპროკურორს - ერთს უკვე წლებია (ზურაბ ადეიშვილი), მეორისთვის კი ახლახან ჩაირთო მოლოდინის რეჟიმი (ოთარ ფარცხალაძე)... წვრილფეხობაზე“ აღარაფერს ვიტყვით - მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე... გავიხსენოთ, რომ რუსთავის ციხეში ისხდნენ ყოფილი შს მინისტრი/პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. მოკლედ, წესით, ამ ციხეს პენიტენციარული დაწესებულების ბადრაგი კი არა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უნდა იცავდეს.
მოკლედ, საქართველოში პრეზიდენტობა ან პრემიერობა არ არის ადვილი და ჯერ კიდევ საკითხავია, სად დაასრულებ კარიერას - დამსახურებულ პენსიაზე თუ რუსთავის ციხეში (უარესი ვარიანტებიც არსებობს) და თან მაშინ, როდესაც მთავარი საფრთხე არა უცხოელი სპეცსამსახურებისგან ან ოპოზიციისგან გელოდება, არამედ საკუთარი გუნდის წევრებისგან. პრემიერებიც „არასტაბილურები“ არიან - გგონია, შენს გუნდშია და უცბად, ჰოპ და, ოპოზიციაში აღმოჩნდება.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანეს გამსახურდიასვე მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ და მისივე ჩამოყალიბებულმა ეროვნული გვარდიის სარდალმა. სამწუხაროდ, პირველი პრეზიდენტი სამოქალაქო ომის ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ჩვენი სირცხვილია, რომ ეს გარემოებები გამოძიებული არ არის. სხვათა შორის, სანამ ცოცხალი იყო, შევარდნაძის პროკურატურას ზვიად გამსახურდიაზე სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით (1993 წლის სამოქალაქო ომის გამო). როგორც აღვნიშნეთ, პრემიერ სიგუას ოპოზიციაში გადასვლამ დიდი დარტყმა მიაყენა გამსახურდიას ხელისუფლებას. ქვეყნის ახალმა მმართველმა ედუარდ შევარდნაძემ ის კვლავ პრემიერად დანიშნა, თუმცა შემდეგ "გაუჩალიჩა" - პარლამენტმა არ დაამტკიცა ქვეყნის ბიუჯეტი და სიგუა თანამდებობის გარეშე დარჩა. ამჯერად ის უკვე შევარდნაძის ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა საქართველოს მეორე პრეზიდენტისთვის ის უკვე საფრთხეს არ წარმოადგენდა. სანამ გამსახურდიას ხელისუფლება დაემხობოდა, სიგუა პრემიერის პოსტზე ბესარიან გუგუშვილმა შეცვალა. მან წლები გაატარა ემიგრაციაში. თუ არ ვცდები, კარგა ხანს ის იძებნებოდა შევარდნაძის ხელისუფლების მიერ, როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
შევარდნაძის ხელისუფლებაში თენგიზ სიგუა შეცვალა ოთარ ფაცაციამ, რომელსაც ცუდად ნამდვილად არ ახასიათებდნენ. თუმცა 1993 წელს ფაცაციას დანიშვნის მთავარი მოტივი იყო ის, რომ ზუგდიდელი გახლდათ. ეს ქალაქი ზვიად გამსახურდიას მომხრეების მთავარი დასაყრდენი იყო და სამოქალაქო ომის დროს ათასი ჯურის შეიარაღებული ფორმირებების გამო ბევრი უბედურება გადაიტანა. ასე რომ, ფაცაციას დანიშვნას პოლიტიკურ-გეოგრაფიული ჩანაფიქრიც ჰქონდა. ოთარ ფაცაციათი მთავრდება პრემიერების პირველი თავი. შევარდნაძემ ჩათვალა, რომ საქართველოს არ სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. 1995 წლის კონსტიტუციით ქვეყანაში პრემიერობა გაუქმდა და მთავრობის უშუალო ხელმძღვანელობა პრეზიდენტს დაევალა. შემოვიდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელთაც "უგვირგვინო პრემიერს" კი უწოდებდნენ, მაგრამ უფრო პრეზიდენტის თანაშემწის ფუნქციები ჰქონდათ. სამი სახელმწიფო მინისტრი გვყავდა: ნიკო ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე და გია არსენიშვილი. არც ერთს არ გამოუმჟღავნებია "მეამბოხე სული" და წყნარად და კოხტად მუშაობდნენ შევარდნაძის ფრთების ქვეშ.
სამაგიეროდ, მეორე პრეზიდენტს სხვა ფლანგიდან აუმბოხდნენ ყოფილი თანაგუნდელები. იქით ყოფილი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, აქეთ კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია. "ვარდების რევოლუციით" შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო. მეორე პრეზიდენტი არ დაიჭირეს და დამსახურებელ პენსიაზე გაუშვეს, თუმცა მოვლენების განვითარების სხვაგვარი ვერსიებიც განიხილებოდა.
საქართველოში აღდგა პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და ეს თანამდებობა ზურაბ ჟვანიამ დაიკავა. მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ურთიერთობა თანდათან იძაბებოდა, რადგან სააკაშვილი არ იყო თანახმა, რომ ძალაუფლება სხვისთვის გადაენაწილებინა. როგორც ზურაბ ჟვანიას ახლობლები აცხადებენ, ის ემზადებოდა ოპოზიციაში გადასასვლელად. 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა - ოფიციალური ვერსია გაზით მოწამვლაა, თუმცა ბევრი ფაქტორი ეჭვქვეშ აყენებს ამ ვერსიას.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა. სანამ მთავრობის ხელმძღვანელად მუშაობდა, სააკაშვილისთვის უპრობლემო ფიგურა იყო, ძირითადად, ეკონომიკასთან დაკავშირებულ განცხადებებს აკეთებდა. 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ნოღაიდელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ყოფილმა პრემიერმა ერთწლიანი პაუზა აიღო და... შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიციონერად გამოგვეცხადა. პარტიაც დააარსა - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", თუმცა პოლიტიკურ სცენაზე ნოღაიდელმა საზოგადოებას თავი მხოლოდ შიდაპარტიული სკანდალებით დაამახსოვრა.
ზურაბ ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე ლადო გურგენიძემ შეცვალა - აბსოლუტურად არაპოლიტიკურმა ფიგურამ. მის პრემიერობას დაემთხვა აგვისტოს ომი. სხვათა შორის, საქმეში გარკვეული ხალხის ინფორმაციით, ლადო გურგენიძეს მიუძღვის დიდი წვლილი, რომ რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოში ფინანსური კოლაფსი არ დაიწყო. მეორე მხრივ, ომის დასაწყისში ახსოვთ გურგენიძის მინიშნება - განცხადებები, რომ რუსეთთან დალაგებულია ყველაფერი და ქართულ მხარეს ცხინვალის რეგიონში არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდა.
შემდეგ უკვე დგება ქართული რეკორდის დრო. ლადო გურგენიძე პრემიერის პოსტზე გეგა მგალობლიშვილმა შეცვალა, რომელიც სულ სამი თვის განმავლობაში იყო პრემიერი - 2008 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2009 წლის 30 იანვრამდე. დღემდე ოფიციალურად არავის უთქვამს, ან დანიშვნა რა იყო, ან მოხსნა. თუმცა არაოფიციალურად, მგალობლიშვილის სამთვიანი პრემიერობის მიზეზი დავით კეზერაშვილთან კონფლიქტი იყო.
მგალობლიშვილი პრემიერის პოსტზე ნიკა გილაურმა შეცვალა, რომელმაც კარგად გაითავისა თავისი "სამოძრაო არეალი" - ნაკლები პოლიტიკა, მეტი ეკონომიკა. თუმცა დღეს ყოფილი "შეფი" მიხეილ სააკაშვილი ნიკა გილაურს მოღალატედ და ოპოზიციაში "ოცნების" მიერ შეგზავნილად აცხადებს - ფულს იხდიდა, რომ ოპოზიცია არ გაერთიანებულიყო და მე გავექრე მედიასივრციდანო.
თუმცა 2012 წელს ნიკა გილაური წყნარად, მშვიდად წავიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და თანამდებობა ვანო მერაბიშვილს დაუთმო. ეს დაწინაურება იყო თუ არა, კაცმა არ იცის, რადგან რეალური გავლენის მქონე შს მინისტრად მერაბიშვილთან დაპირისპირებული ბაჩო ახალ"ია დანიშნეს... პირველი პრემიერი, რომელიც დაიჭირეს, ვანო მერაბიშვილი იყო. მან სასჯელი სრულად მოიხადა ვალერი გელაშვილის ცემისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეებზე.
ვანო მერაბიშვილით დასრულდა სააკაშვილის მთავრობაც და მისი პრემიერების ეპოქაც. თავად სააკაშვილიც დღეს ციხეში ზის, მას შემდეგ, რაც 2021 წელს საქართველოში შემოიპარა "რევოლუციის" მოსაწყობად.
"ქართული ოცნების"“მმართველობის დასაწყისი დაემთხვა საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას და შესაბამისად, "თამაშის წესებიც" შეიცვალა. კერძოდ, მანამდე უკვე თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერები მიდიოდნენ პრეზიდენტის გუნდის ოპოზიციაში, დღეს კი უკვე პრეზიდენტები მიდიან მთავრობის ოპოზიციაში. ასე იყო მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სწორედ მმართველი გუნდის გამოისობით ხდებოდნენ ისინი პრეზიდენტები. სალომე ზურაბიშვილი თავს ჯერ კიდევ პრეზიდენტად მიიჩნევს და წერილებს სწორედ პრეზიდენტისბლანკიანი ქაღალდებით გზავნის.
მაინცდამაინც არც პრემიერებს "გაუმართლათ". ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ერთი მმართველი გუნდის პერიოდში, 6-წლიანი შუალედით, ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და მეორე ყოფილი პრემიერია ვანო მერაბიშვილის შემდეგ, რომელიც რუსთავის ციხეში მოხვდა ფულის გათეთრების საქმეზე. ღარიბაშვილი არანაირ ოპოზიციაში არ გადასულა.
ნახევრად ოპოზიციონერი ყოფილი პრემიერი იყო 2015 წელს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ღარიბაშვილის შემცვლელი გიორგი კვირიკაშვილი. ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება დასრულდა მისი გადაყენებით. დღეს გიორგი კვირიკაშვილი მნიშვნელოვან მოვლენებს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ფბ-პოსტებით ეხმაურება და იმის იქით არაფერი.
კვირიკაშვილის შემცვლელი მამუკა ბახტაძე ყველაზე "ბუნჩულა" პრემიერ-მინისტრი იყო. არ ეწყინოს, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელად მუშაობისას ბევრს არც არავინ არაფერს ეკითხებოდა და თვითონაც არ იკლავდა თავს, რომ რეალური ძალაუფლება აეღო ხელთ. როდესაც უთხრეს წადიო, მშვიდად და ლამაზად წავიდა - გამართა დიდი პრესკონფერენცია სასკოლო განათლების რეფორმის შესახებ და ჟურნალისტებს უთხრა, მე ყველა ჩემი მისია შევასრულე და აბა, კარგად იყავითო.
"ბუნჩულა" ბახტაძე "სუპერძალოვანმა" გიორგი გახარიამ შეცვალა. "ოცნებას" ახლა ის ჰყავს გამოცხადებული მთავარ მოღალატედ, თვითონ კი მთავარ ოპოზიციონერად მიიჩნევს თავს. დროზე რომ არ გაქცეულიყო გერმანიაში, დღეს თავადაც რუსთავის ციხის ბინადარი იქნებოდა.
კიდევ ვის ელოდება რუსთავის მე-12 "სამთავრობო-გამოსასწორებელი"“ დაწესებულება? საკითხავი, აი, ეს არის...
გიორგი კვიტაშვილი