„როგორ მოვიპაროთ მილიონი“, ანუ ძარცვა-2025
2025 წელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ისტორიაში მძიმე და შემაშფოთებელი იყო. საქმე ეხება მაღალტექნოლოგიურ და უდიდესი მასშტაბის ძარცვებს. დაკარგულია ისტორიული არტეფაქტები, სამეფო ძვირფასეულობა და თანამედროვე შედევრები, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს ან შეუფასებელია.
ლუვრის მუზეუმი
პარიზში, ლუვრის გალერეა "აპოლოს" გაძარცვას "საუკუნის ქურდობა" ეწოდა. ოთხმა მძარცველმა საფრანგეთისთვის შეუფასებელი სამეფო ძვირფასეულობა 7 წუთში მოიპარა. ძარცვა 2025 წლის 19 ოქტომბერს, კვირა დღეს დილის 09:30-ზე მოხდა. ამ დროს მუზეუმში უკვე იყვნენ დამთვალიერებლები. გალერეა "აპოლოში" მონარქთა ძვირფასეულობაა გამოფენილი, ამიტომაც ძალზე პოპულარულია, ის ლუვრის ყველაზე დაცული ნაწილიც არის. მძარცველები იქ მშენებლების უნიფორმით და ავტოამწის დახმარებით შევიდნენ.
მოპარულია რვა ძვირფასი ექსპონატი: ნაპოლეონ I-ის მეუღლის, დედოფალ მარი-ლუიზას ყელსაბამი და საყურე, მეფე ლუი-ფილიპ I-ის მეუღლის, დედოფალ მარი-ამალიასა და ნაპოლეონ III-ის დედის, ჰორტენზია დე ბოარნეს ყელსაბამი, საყურეები და დიადემა და ნაპოლეონ III-ის მეუღლის, დედოფალ ევგენიას ორი ბროში და დიადემა. მეცხრე ექსპონატი, მე-19 საუკუნის სადედოფლო გვირგვინი სამართალდამცავებმა ლუვრის მახლობლად იპოვეს. ექსპერტთა შეფასებით, ნაძარცვი ექსპონატების საერთო ღირებულება დაახლოებით 102 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
რამდენიმე დღეში დააკავეს დეპარტამენტ სენა-სენ-დენის მცხოვრები ორი მამაკაცი, რომლებიც, სავარაუდოდ, ძარცვის ორგანიზატორები არიან. მათ გარდა დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი, ხოლო მოპარული 7 ნივთიდან არც ერთი არ არის ნაპოვნი.
ლუვრი პირველად არ გაუძარცვავთ. 1911 წელს მუზეუმის იტალიელმა თანამშრომელმა ვინჩენცო პერუჯამ "მონა ლიზა" მოიპარა. ლეონარდო და ვინჩის შედევრი ორი წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს.
ბუნებისმეტყველების ისტორიის ეროვნული მუზეუმი
ლუვრის "საუკუნის ქურდობამდე" დაახლოებით ერთი თვით ადრე, 16 სექტემბერს, პარიზში ბუნებისმეტყველების ისტორიის ეროვნული მუზეუმი გაქურდეს. შუაღამისას მძარცველმა 6 კგ ოქროს უნიკალური და ისტორიული ნივთი მოიპარა. სათვალთვალო კამერებმა მუზეუმში დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც შენობაში დაახლოებით სამი საათი დაჰყო. ამ ძარცვას წინ უძღოდა კიბერშეტევა, რომელმაც მუზეუმის ვიდეოსამეთვალყურეო და განგაშის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანა. გამომძიებლების აზრით, დაახლოებით 2 კვირაში, 30 სექტემბერს, ბარსელონის აეროპორტში დააკავეს 24 წლის ჩინელი ქალი, რომელსაც ბარგში ერთი კილოგრამი გადამდნარი ოქროს ფრაგმენტები უპოვეს. სამართალდამცავების ვარაუდით, ისინი სწორედ უნიკალური არტეფაქტები იყო.
დაკარგული ოქროს ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ნაძარცვი არა მხოლოდ მისი წონის გამო იყო ღირებული, არამედ შეუფასებელი იყო მისი ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობა და მათი აღდგენა შეუძლებელია. დაკარგულ ნივთებს შორის იყო 5 კგ-იანი დაუმუშავებელი ოქრო, ამიტომ მისი ღირებულება ძალზე დიდია.
ფაიფურის მუზეუმი
2025 წლის 4 სექტემბერს მძარცველები საფრანგეთში, ქალაქ ლიმოჟიში ადრიენ დიუბუშეს ფაიფურის მუზეუმს "ეწვივნენ".
შუაღამისას მუზეუმიდან ჩინური ფაიფურის სამი ექსპონატი წაიღეს: ორი თასი, რომლებიც XIV-XV საუკუნეებით თარიღდება, და ერთი XVIII საუკუნის ვაზა. ჭურჭელი საფრანგეთის "ეროვნულ საგანძურად" იყო აღიარებული და ის კერძო კოლექციას წარმოადგენდა. ექსპერტების განცხადებით, სამივე ჭურჭლის საერთო ღირებულება 9.5 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის პოლიცია დღემდე ეძებს მძარცველებსა და უნიკალურ ექსპონატებს.
ბრისტოლის მუზეუმი
2025 წლის 25 სექტემბერს მოიპარეს ბრისტოლის მუზეუმის არტეფაქტები. დაკარგულია ბრიტანეთის იმპერიისა და კოლონიური ქვეყნების სამეცნიერო-ეთნოგრაფიული კოლექციის 600-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც ბრიტანეთის კოლონიური ისტორიის მკვლევრებისთვის დიდი დანაკარგია. ნაძარცვ ნივთებს შორის იყო საყოფაცხოვრებო ნივთებიც, სუვენირები, ფოტოები, რომლებიც მე-19 საუკუნიდან დღემდე ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის ხალხთა ცხოვრებას ასახავს. ბრიტანეთის სამართალდამცავებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს ძარცვაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, და მიმართეს მოქალაქეებს, რომ ყურადღებით იყვნენ სპეციფიკური ნივთების ონლაინშეძენის დროს.
ეგვიპტის ეროვნული მუზეუმი
2025 წლის 9 სექტემბერს კაიროში გაძარცვეს ეგვიპტის ეროვნული მუზეუმი, წაიღეს 3000 წლის წინანდელი ფარაონ ამენემოპეს ოქროს სამაჯური. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამაჯური მუზეუმის რესტავრატორმა მოიპარა, გადაადნო და შავ ბაზარზე 4.000 დოლარად გაყიდა. სამაჯური ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობისთვის უმნიშვნელოვანესი არეტაფქტი იყო, ის ლაპის-ლაზულის თვლით იყო შემკული.
სამართალდამცავებმა დააკავეს ოთხი პირი, მთავარი ეჭვმიტანილი თავად მუზეუმის რესტავრატორია, რომელმაც ნივთი ნაცნობ იუველირს გადასცა. მათი სასამართლო პროცესი 2026 წლის 2 იანვარს გაიმართა, მძარცველებს 15-15 წლით პატიმრობა და ჯარიმად 2 მილიონი ეგვიპტური გირვანქის გადახდა მიესაჯათ.
დამასკოს ეროვნული მუზეუმი
2025 წლის 9 ნოემბერს გაიძარცვა სირიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც სამოქალაქო ომის გამო მრავალი წელი დაკეტილი იყო, ის 2025 წლის იანვარში გაიხსნა და რამდენიმე თვეში გაიძარცვა. დაკარგულია რომაული ეპოქის ქანდაკებები, კერძოდ, ვენერას ექვსი მარმარილოს ქანდაკება. გამომძიებლების აზრით, სავარაუდოდ, დამნაშავე მუზეუმში კვირა საღამოს, სამუშაო დროს შევიდა და იმალებოდა, სანამ სამუშაო საათები არ დასრულდა, შემდეგ კი მოიპარა ქანდაკებები.
სირიის კულტურის სამინისტრომ ანტიკვარიატის საერთაშორისო დილერებისა და სასაზღვრო სამსახურებისთვის გამოაქვეყნა მუზეუმის ინვენტარიზაციის ნომრები და დაკარგული ექსპონატების ნახაზები, რათა ყურადღებით იყვნენ, თუ მსგავს ნივთებს ნახავენ. ექსპერტთა თქმით, ქურდობა მძიმე დარტყმაა "ახალი სირიისთვის", რომელიც ასადის მმართველობის დასრულების შემდეგ საკუთარი იდენტობის ხელახლა ჩამოყალიბებას ცდილობს.
სოფო კაჭარავა