პრეზიდენტის „პირველი მებრძოლი“ - სილია ფლორესი: სფინქსი, რომელიც თავის პირამიდას წარმატებით დარაჯობდა, სანამ ერთ დღეს ტრამპის მახეში არ გაება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს სპეცოპერაციით აყვანისას, დააკავა მისი მეუღლეც, ვენესუელის პირველი ლედი, რომელიც არა მარტო მადუროს მთავრობის ხერხემალი, არამედ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა იყო, თუმცა ჩრდილში მოქმედებდა... ახლა სილია ფლორესი დიქტატორ ქმართან ერთად აშშ-ის სასამართლოს განაჩენს ელოდება...
პოლიტიკური კარიერა
"სილიტა", როგორც მას ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უწოდებს, 10 წელზე მეტია პირველი ლედის წოდებას ატარებს, თუმცა ის უფრო "პირველ მებრძოლად" არის ცნობილი.
სილია ფლორესმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი შექმნა და ვენესუელაში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა. ფლორესის ოჯახმა კი აურაცხელი ქონება დააგროვა კორუფციითა და ნარკოვაჭრობით.
"პირველი მებრძოლი" - ეს სახელი მადურომ და მან ერთად მოიგონეს, რითაც უარი თქვეს "პირველი ლედის", მათი შეფასებით, ბურჟუაზიულ ტიტულზე. New York Times-ის ცნობით, ფლორესს აბსოლუტური კონტროლი ჰქონდა სასამართლო სისტემაზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მასთან შეუთანხმებლად არ მიიღებოდა.
და მაინც, ვინ არის სილია ფლორესი?
"სილიტა" ახლა 69 წლისაა. დაიბადა 1956 წლის 15 ოქტომბერს ვენესუელის შტატ კოხედესის ქალაქ ტინაკილოში. უღარიბესი ოჯახი მიწურში ცხოვრობდა და 6 შვილს გაჭირვებით ზრდიდა... სილიამ კარაკასში სანტა მარიას კერძო უნივერსიტეტი დაამთავრა. როგორც იურისტი, იურიდიულ კონსულტაციას უწევდა უგო ჩავესს და სხვა სამხედრო ოფიცრებს, რომლებმაც 1992 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, კარლოს ანდრეს პერესის დამხობა სცადეს... სილიამ ჩავესის გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თავის მხრივ, მადუროც ჩავესის გათავისუფლებისთვის იბრძოდა და მისი დაცვის წევრი იყო.
სილია მადუროს ჩავიზმის ადრეულ პერიოდში შეხვდა. "ჩავესის გათავისუფლების კამპანიის დროს ჩვენ ქუჩაში ვიყავით... არ დამავიწყდება კატიაში (კარაკასის მუშათა უბანი) შეხვედრა, როდესაც ახალგაზრდა კაცმა სიტყვა ითხოვა. ის ლაპარაკობდა და მე უბრალოდ, ვუყურებდი. მე ვუთხარი: "რა ჭკვიანურია...", - იხსენებდა სილია.
...მას შემდეგ ისინი განუყოფელნი გახდნენ. თუმცა სილიამ თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო - 2000 წელს პირველი ვადით აირჩიეს ეროვნული ასამბლეის წევრად და მომდევნო საარჩევნო წელსაც კიდევ ერთი ადგილი მოიპოვა, 2006 წელს კი გახდა პირველი ქალი ვენესუელაში, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. მან ამ პოზიციაზე შეცვალა მადურო, რომელიც შემდგომში ჩავესის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა... სილია 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პრაქტიკულად ერთპარტიულ პარლამენტს (ვენესუელის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში). მან ჟურნალისტებს პლენარულ სხდომებზე დასწრება აუკრძალა. მას 40 ნათესავის თანამდებობებზე დანიშვნის გამო ნეპოტიზმში დასდეს ბრალი, თუმცა სილიამ ამას ცილისწამების კამპანია უწოდა, ამტკიცებდა, რომ ისინი თანამდებობებზე დამსახურებულად აღმოჩნდნენ. ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან სილია ფლორესი ამაყად აცხადებდა: "დიახ, ჩემი ოჯახის წევრები დაიქირავეს კვალიფიკაციის საფუძველზე. ვამაყობ ამ ადამიანებით და იმდენჯერ დავიფიცავ, რამდენჯერაც საჭირო იქნება!".
2009-დან 2011 წლამდე სილია იყო სოციალისტური პარტიის მეორე ვიცე-პრეზიდენტი. ვენესუელის გაერთიანებულ მემარცხენეებს მაშინ ჩავესი ხელმძღვანელობდა და მან 2012 წელს ფლორესი გენერალურ პროკურორად დანიშნა. ამ თანამდებობას სილია 2013 წლის მარტამდე, პრეზიდენტის გარდაცვალებამდე იკავებდა. მადუროსთან ერთად, რომელიც ამ დროს უკვე ვიცე-პრეზიდენტი იყო, სილია უგო ჩავესს სიცოცხლის ბოლო თვეებში კუბაში სტუმრობდა. "ჩავესის ქალიშვილი" - ასე ეწერა მას თწიტტერ-ის პროფილზე, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ "ჩავისტათი" შეცვალა.
თანამებრძოლთა ქორწინება
ფლორესი-მადუროს ურთიერთობა 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა, ისინი 2013 წელს დაქორწინდნენ, როდესაც მადურომ უკვე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. წყვილი წინა ქორწინებიდან 4 შვილს ზრდიდა (სამი ფლორესის, ერთი მადუროს). დაქორწინების შემდეგ სილია თანამდებობიდან გადადგა და მთელი ყურადღება პირველი ლედის როლზე გადაიტანა. წლების განმავლობაში ვენესუელაში პირველი ლედის ტიტული არ არსებობდა, რადგან უგო ჩავესი განქორწინებული იყო. მადურომ გაპრეზიდენტების შემდეგ სილიას "პირველი მებრძოლი" უწოდა, რადგან მიაჩნდა, რომ "პირველი ლედი" მხოლოდ "მაღალი წრის კონცეფციას" უსვამდა ხაზს...
კორუფცია და ნარკოტიკები
ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სილია ყოველთვის იყო პრეზიდენტ მადუროს სამთავრობო სტრატეგიების მთავარი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. ბევრი მას მადუროზე გაცილებით გამჭრიახ და გონიერ ადამიანად მიიჩნევს...
ფლორესის წინააღმდეგ გამოვლენილ საქმეებს შორისაა ფართო კორუფციული ქსელი, რომელშიც მისი ოჯახიც არის ჩართული. სილია დადანაშაულებულია სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და სანქცირებულ მეწარმეებთან კავშირებშიც...
კულისებში გადასული სილია ფლორესის სახელი პრესის სათაურებში 2015 წელს კვლავ დაბრუნდა, როდესაც მისი ორი ძმისშვილი ჰაიტიში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით აშშ-ის საიდუმლო აგენტებმა დააკავეს. ფლორესმა ამ დაპატიმრებას გატაცება უწოდა, თუმცა აშშ-ში კოკაინის შეტანისთვის ორივე გაასამართლეს და 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2022 წელს ისინი კარაკასსა და ვაშინგტონს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.
2018 წელს სილიას კანადის ხელისუფლებამ 13 სხვა თანამდებობის პირთან ერთად სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფოთა ორანიზაცია OAშ-მა განაცხადა, რომ მადუროს მთავრობამ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა... რამდენიმე თვის შემდეგ "პირველი მებრძოლი" აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომაც დაასანქცირა და განმარტა, რომ პრეზიდენტ მადუროს რეჟიმი სისტემატურად ძარცვავს ვენესუელის სიმდიდრეს... საპასუხოდ მადურომ განაცხადა: "თუ გსურთ ჩემზე თავდასხმა, დამესხით, მაგრამ ნუ შეეხებით სილიას, ნუ შეეხებით ოჯახს, ნუ იქნებით ლაჩრები! მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ ჩემი ცოლია!". იმ პერიოდში სილია საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდა, 2021 წელს კი ეროვნული ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.
აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმსა და კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვა-შეძენაში აშშ-ის წინააღმდეგ. ბრალდებაში ასევე ნათქვამია, რომ მან "ძალაუფლება გამოიყენა ინსტიტუტების კორუმპირებისთვის და აშშ-ში ტონობით ნარკოტიკის იმპორტირებისთვის". მაგრამ რა კავშირი აქვს სილია ფლორესს ამასთან? ბრალდების მტკიცებით, ცოლი ქმრის დანაშაულებში პირდაპირ არის ჩართული. სავარაუდოდ, სწორედ ფლორესი მართავდა და აკონტროლებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის დიდ ქსელს.
მზრუნველი რკინის ლედი
სილია ყოველთვის ყურადღებიანი იყო ქმრის მიმართ, მას აუდიტორიის წინაშე ხშირად ინფანტილურ ბავშვად წარმოაჩენდა. უზურპატორი პრეზიდენტის მონათხრობით, სილია მას წინდებს აცმევდა, საუზმეზე მისთვის არეპას ამზადებდა. ქალი თითქოს პრეზიდენტზე მზრუნველ მეუღლედ იქცა, მაგრამ ნუ მოტყუვდებით: სილია ფლორესი არ არის 69 წლის (მადუროზე 6 წლით უფროსი) საყვარელი ბებია, რომელიც წარსულში უბრალოდ მონაწილეობდა ბოლივარიულ რევოლუციებსა და მირაფლორესის სასახლის ყოფილი მბრძანებლის მარათონებში. სილია ფლორესი გამჭრიახი პოლიტიკური მოღვაწეა, ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტიის (PSUV) სამოქალაქო ფრთის ყოფილი ხელმძღვანელი, მის გარეშე მადურო ვერასდროს მიაღწევდა მწვერვალს. შემთხვევითი არ არის, რომ სილია ესწრებოდა უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო სარდლობასთან ყველა შეხვედრას, ყოველთვის გამოთქვამდა აზრს და მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში სილიამ ისწავლა, რომ არ ელაპარაკა მაშინ, როცა ყველა უყურებდა - ის არ იყო მიკროფონთან, მაგრამ იყო დერეფნებში, სიებში... მას ტელეფონის პირველივე ზარზე პასუხობდნენ. სანამ მადურო ლაპარაკობდა, ფლორესი უკვე ბრძანებას გასცემდა. მადუროს ძალაუფლება არ იზომებოდა პრეზიდენტის სიტყვით, ყველაფერს ფლორესი წყვეტდა. მან დააწესა დუმილი, როგორც ძალაუფლების ფორმა... სილიას ხმის აწევაც არ სჭირდებოდა, მასთან ყველა ჩუმდებოდა. მინისტრებმა, მოსამართლეებმა და ჩინოვნიკებმა იცოდნენ, რომ სილიასთან კამათი არ იყო კარგი გადაწყვეტილება, რადგან ამას, როგორც წესი, უხილავი ხელის მკაცრი "სილა" მოჰყვებოდა: დაქვეითება, გათავისუფლება...
ასევე დაგაინტერესებთ: ნიკოლას მადუროს შვილი: "მისტერ ტრამპ, ჩვენ თეთრ სახლს ავიღებთ!" - რა მოხდება, თუ ვენესუელის ხელისუფლება "დიდ დონალდს" არ დაემორჩილება?!
ძალაუფლებით ტკბობა
1992 წელს, როდესაც სილია იმ იურიდიული გუნდის წევრი გახდა, რომელიც სოციალ-დემოკრატ კარლოს ანდრეს პერესის წინააღმდეგ წარუმატებელი გადატრიალების შედეგად დაპატიმრებულ უგო ჩავესს იარეს ციხის საკანში იურიდიულ დახმარებას უწევდა, მადურო მაშინ ავტობუსების კომპანიის პროფკავშირის უბრალო ხელმძღვანელი იყო, რომელიც "უმაღლეს მთავარსარდალს" ფიზიკურად იცავდა.
ორი წლის წინ მადურომ სილიას გაცნობა გაიხსენა პოდკასტში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიითაც გადაიცემოდა.
- როგორ გამიცანი?“- ჰკითხა სილია ფლორესს "გამარჯვებების დირიჟორმა" და ნათლად მიანიშნა, რომ პოდკასტის მთავარი გმირი ის უნდა ყოფილიყო...
- კარგად მახსოვს, როდესაც უგო ჩავესი ციხეში იჯდა, კატიაში (კარაკასის მუშათა უბანი) გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდა მამაკაცმა სიტყვა ითხოვა და ხალხს მიმართა. რა ჭკვიანია - გავიფიქრე მე - ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე, - უპასუხა "პირველმა მებრძოლმა", რომელსაც ქმართან შედარებით გაცილებით ადრე ჩავესის ადმინისტრაციაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა...
"სილიას დიდი ნიჭი თავმდაბლობის თამაში და ქმრის ხუმრობებზე მოჩვენებითი სიცილია, რაც არ შეესაბამება მის რეალურ ბუნებას. ის ჭკვიანი ქალია, იცის, როგორ გამოიყენოს ძალაუფლება და ამით სიამოვნებას იღებს", - ამბობს კიბერპოლიტიკის სპეციალისტი.
სილია მზერასა და კამერებს ყოველთვის ქმრისკენ მიმართავს, თავად მადურო კი "პაწაწინა სილიტას" ყველაზე მახვილგონიერ ქალად წარადგენს. "ფლორესი კულისებიდან ქმრის დასაყრდენია. სილია ირგებს უხილავის როლს და ასე განსაზღვრავს სტრატეგიას, საჯარო სახე კი მისი ქმარია. თუმცა ყველამ იცის, რომ სილია მთავარი ორგანიზატორია. ის ქმარზე ხუთი ნაბიჯით წინ არის, მაგრამ ვენესუელა ხომ კვლავ ღრმად პატრიარქალურია, ამიტომ ინარჩუნებენ ფასადს, თითქოს მადურო ძლიერი კაცია, ფლორესი კი ამ თამაშს თამაშობს, რადგან ეს ხელისუფლებაში დარჩენისთვის ხელსაყრელია", - ამბობს აქტივისტი.
ეს არის სილია ფლორესი - სფინქსი, რომელიც თავის პირამიდას წარმატებით დარაჯობდა მანამ, სანამ ერთ დღეს ტრამპის მახეში არ გაება...
შორენა ბიწაძე