"ალბათ, ის დღეც დადგება, როდესაც სარეცელზე მყოფი ვეტყვი: „მიყვარდი“
"დიდებულმა ილია ჭავჭავაძემ გენიალური სიტყვები თქვა: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის"... თქვენი რუბრიკაც ამ ნათქვამს ჰგავს", - ასე დაიწყო ჩემი და მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის საუბარი და "სულზე დაჩნეული" ამბების გახსენებით გაგრძელდა.
ბებოს ჩურჩული
- ჩემი ბავშვობის დაუვიწყარი ამბავია ბებოს ჩურჩული, რამდენი წელი გავიდა და ხშირად მაგონდება... მაშინ 4-5 წლის თუ ვიქნებოდი, გურიაში ვიზრდებოდი, სიცხე მქონდა, ბებო მეფერებოდა, თან ჩემს ყურთან ღმერთს ეჩურჩულებოდა: "გადამირჩინე ჩემი ბაღანე და მის სიგრძე სანთელს დაგინთებ ღვთისმშობლობას" - ზუსტად ამ ტექსტს ამბობდა. ღვთისმშობლობა დღეს 10 ნომერი ძაფით მზომავდა, მერე ჯიხეთის მონასტერში მიდიოდა, შუხუთიდან ამ მონასტრამდე 30 კილომეტრია, მაშინაც იყვნენ იქ მონაზვნები, მათ ჩემზე მოზომილ ძაფზე სანთელს ჩამოაქნევინებდა და დამინთებდა, ასე გამოხატავდა მადლიერებას უფლისადმი, ღვთისმშობლისადმი, ჩემი თავი რომ გადაურჩინა.
ბებო სალოცავად ფეხშიშველი მიდიოდა, ეს დღეს თითქოს არაფერია, მაგრამ მაშინ კომუნისტების დრო იყო და არათუ ტაძარში სიარული, ამის გაფიქრება და ღმერთის ხსენებაც კი დანაშაული იყო. მე არ უნდა მცოდნოდა, სად მიდიოდა, მეპარებოდა... რამდენი წელია გასული და დღესაც იმ მფარველობას, იმ ძალას ვგრძნობ და ისევ მაშინდელი სიცხადით ჩამესმის ბებოს ჩურჩული: "გადამირჩინე ჩემი ბაღანე". უნდა გენახათ, მონასტრიდან შინ მობრუნებული ბებიაჩემი როგორი მშვიდი იყო, უკვე აღარაფრის ეშინოდა.
ბავშვობიდან გამორჩეულად კიდევ ერთი რამ მახსოვს, გამომყვა და ტვინი არ ივიწყებს - გაზაფხულობით ალუბლის ყვავილების ნაზ სურნელს. დღეს ვეღარ ვგრძნობ, სადაც ვნახულობ, დავყნოსავ ხოლმე, მაგრამ ისეთი აღარ არის.
დაუვიწყარი ტელეგრამა
- იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, სოფელში ვისვენებდი, ტერალას მთაა ბათუმთან ახლოს. დღეს ამ მთას მტირალას ეძახიან, მაგრამ ხაზგასმით მინდა დაწეროთ, მას ტერალას მთა ჰქვია! "ტერალი" ნიშნავს "საშიშს" და მტირალა იმ ადგილთან არაფერ შუაშია. სწორედ იქ ვიყავი, როცა მომიტანეს განსაკუთრებული ტელეგრამა: "თქვენ ჩარიცხული ხართ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 29 აგვისტოს უნდა გამოცხადდეთ რუსთაველის 17 ნომერში, დილის 9 საათზე". ეს ტექსტი არასდროს დამავიწყდება. აგვისტოს დასაწყისი იყო, ტელეგრამა რომ მივიღე და იმ დღიდან მოყოლებული, მთელი აგვისტო ვერ დავიძინე, ჩემი გონება ერთი ამბით იყო მოცული - 29 აგვისტოს, დილის 9 საათზე რუსთაველის 17 ნომერში უნდა მივსულიყავი. ეს აღმაფრენის თვე იყო, გული სავსე მქონდა დიდი სიხარულით, რამდენად კარგ გარემოში ვხვდებოდი და როგორ გაიხსნებოდა ჩემთვის ახალი სამყარო რუსთაველის 17 ნომერში.

- 29 აგვისტოს დილა როგორი იყო?
- რუსთაველის ჭადრების სუნი მახსოვს, შენობის მესამე სართულზე უნდა ავსულიყავი და ყოველი საფეხურის ავლა უდიდესი ემოცია იყო. ვინმემ რომ მკითხოს, ბედნიერების შეგრძნება როდის გქონიაო, ერთ-ერთი ეს დღე იქნება და რა კარგია, რომ ამაზე მალაპარაკებთ, ეს გახსენება კარგა ხანს მეყოფა...
ამ ადგილს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი დაუვიწყარი ამბავი უკავშირდება. მეოთხე კურსზე ვიყავი, ერთ დღეს ჩვეულებრივად მივედი თეატრალურში, ავედი მესამე სართულზე და ვხედავ, მე-9 აუდიტორიის წინ სკამზე გოგო ზის, გოგო და რა გოგო, ცისარტყელასფერებიანი კაბა ეცვა... რომ დავინახე, ლამის შევიშალე, ეს გოგონა დღეს ჩემი მეუღლეა, თამარ დათუაშვილი. აღმოჩნდა, რომ მას თეატრალურში ჩემს გასაბედნიერებლად ჩაუბარებია.
- გამორჩეულად ის დღეც გემახსოვრებათ, სიტყვა "მიყვარხარ" პირველად რომ უთხარით.
- ვაა, ამაზე ლაპარაკს გავურბოდი და თქვენ მაინც გინდათ, ჩემი უცნაურობა გამამხელინოთ? ჯერ ჩემი თამარისთვის სიტყვა "მიყვარხარ" არ მითქვამს. როდისთვის ვინახავ, არ ვიცი. მის მიმართ ისეთი გრძნობა მქონდა და მაქვს, მგონია, ეს სიტყვა ჩემს განცდებს დააკნინებს. ეს სიტყვა იყო და არის ინფორმაცია და არა იმ განცდის აღმწერი, რომელიც ჩემშია. ახლა რომ ვუთხრა, გაკვირვებისგან არ ვიცი, რას იფიქრებს...
ალბათ, ის დღეც დადგება, როდესაც სარეცელზე მყოფი ვეტყვი: "მიყვარდი".
"მეგობარმა სახლიდან გამომასახლა, ქუჩაში დამტოვა"
- ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ამებები არ ხდება. დღეს ჩემი დაუვიწყარი გულის ტკივილიც მინდა გავიხსენო.
სიტყვა "მეგობარი" რას ნიშნავს? ამას ძალიან კარად ხსნის მამა გურამ ოთხოზორია. მასთან მეგობრობის უდიდესი სურვილი მაქვს, უაღრესად მოაზროვნე მოძღვარია. მან თქვა, სიტყვა მეგობარი, იგივე "მეგუობარი" ნიშნავს იმ ადამიანს, ვისაც შენ ეგუები და ის შენ გეგუებაო. ძალიან ზუსტი განსაზღვრებაა.
ერთი მეგობარი მყავდა, ასე ვთვლიდი, მაგრამ ისე მოხდა, მან ჩემი ნდობა ბოროტად გამოიყენა - ბინა ბანკში ჩამადებინა და საცხოვრებელი დამაკარგვინა. ბინა გამოვისყიდე, მეთხუთმეტე წელია ამ ვალს ვიხდი, ჯერ კიდევ ვერ დავამთავრე. რაც კაკო ასათიანმა (ცნობილი პოლიტიკოსი - ავტ.) გამიკეთა, ამას ცუდი მოგონებაც აღარ ჰქვია. ეს ამბავი ყოველდღე ჩემთან არის, ყოველი თვის ბოლოს, ბანკიდან შეტყობინება მომდის გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ. მეგობარმა სახლიდან გამომასახლა, ქუჩაში დამტოვა.
მაშინ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მიღებდნენ. ტანსაცმელი მანქანაში მეწყო და ღამეს ხან ვისთან ვათევდი, ხან - ვისთან. ასე გამიმწარა სიცოცხლე. სახლი დალუქული იყო, არ მიშვებდნენ. იმდენი დამცირება და შეურაცხყოფა გადავიტანე, მაგრამ ღვთის წყალობით გავუძელი. მნიშვნელოვანია, რომ მას არა მხოლოდ მე, რამდენიმე ათეული ოჯახი ჰყოლია ასე გამწარებული.
ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი და ადამიანი
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტეხის ახალგაზრდულ თეატრში ვიყავი. ერთხელ მოსკოვში გასტროლი გვქონდა, ჰამლეტს ვასახიერებდი. დამთავრდა სპექტაკლი, ვტოვებთ შენობას და რას ვხედავ, შესასვლელთან უზარმაზარი რიგი დგას, უამრავი ადამიანია თავმოყრილი. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი? პასუხმა გამაოგნა, აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს ჩემი ავტოგრაფი უნდოდა. ლამის გავგიჟდი, თან მაშინ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, სულ რაღაც 25 წლის.
შემდეგ ისე მოხდა, რომ მეტეხის თეატრიდან წამოვედი, მეორე დღეს სახლის ტელეფონზე ზარი შემოვიდა: ზურა, გამარჯობა, რეზო ვარ ჩხეიძე, ხვალ მობრძანდებით კინოსტუდიაში და დაწერთ განცხადებას კინოსტუდიის თეატრში მსახიობად აყვანის შესახებ... 1978 წელი იყო. რეზო ჩხეიძე ზეკაცი გახლდათ, არაფერია გადამეტებული. მისი კეთილშობილება, ადამიანობა სამაგალითო იყო. მცირე სიკეთესაც კი არავის დაუკარგავდა. ჩვენ ერთად პატრიარქის შესახებ ფილმზეც ვიმუშავეთ.
დიდი ფილოსოფოსები ყოველთვის ამბობდნენ, არასდროს ასწავლოთ ბავშვებს, მათგან ისწავლეთო. რეზო ჩხეიძე იყო ადამიანი, რომელიც ყველასგან სწავლობდა და ყველასი მადლიერი იყო. ის დიდი კაცი იყო და მიხარია, წილად მასთან მეგობრობის ბედნიერება რომ მხვდა. ძალიან კეთილი კვალი დატოვა, ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
არასდროს დამავიწყდება ერთი ამბავი: კინოსტუდიის ეზოში ტაძრის მშენებლობას საფუძველი უნდა ჩაჰყროდა. პატრიარქი იქ ბრძანდებოდა. მაშინ ჩემს თავს სასწაული მოხდა. რეზო ჩხეიძემ მოულოდნელად მითხრა, ზურა, რამეს ხომ არ იტყოდიო? დღესაც მიკვირს, ნუთუ ის სიტყვები მე ვთქვი? გაზეთი გამოდიოდა, "ქართული ფილმი" და იქაც დაიბეჭდა ჩემი ეს გამოსვლა. ეკლესის მშენებლობის კურთხევა უნდა მომხდარიყო და ფიქრობდნენ, ვისი სახელობის შეიძლებოდა ყოფილიყო, გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული. გამოსვლა დავიწყე სიტყვებით: ვინაიდან ენას ქართულს ლაზარე ჰქვია... ისე აგვიხდეს ყველა კეთილი სურვილი, ტაძარი წმინდა ლაზარეს სახელზე იკურთხა.
თამუნა კვინიკაძე