როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ისტორიული წყლის წისქვილები
რით შეიძლება დააინტერესოს მსოფლიო ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა? ავთენტურობით, სიძველითა და კულტურით! მართალია, ეს თითქმის უცვლელი კითხვა-პასუხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამ ღირებულებების მოვლა მაინც ვერ ვისწავლეთ. საჩხერიდან მოწერილი ეს წერილი სწორედ ამის შესახებ არის.
მოგესალმებით, `კვირის პალიტრა", რომელსაც არაერთი წელია ვკითხულობ როგორც სერიოზულ მედიას და სწორედ ამიტომ მინდა გთხოვოთ მნიშვნელოვანი თემის გაშუქება. ეს გახლავთ საუკუნოვანი წყლის წისქვილებისა და ქვის წყაროების თემა, რომელთა უმეტესობა განადგურებულია, ხოლო რაც დაგვრჩა, გადასარჩენია. ეს ნაგებობები უნდა იქცეს მატერიალური კულტურის ძეგლებად, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი. თავად, აკაკი წერეთლის მამის, როსტომ წერეთლის აშენებული წყლის წისქვილის ხშირი სტუმარი ვარ და იქ მისულ აურაცხელი სტუმარსაც ვხედავ. დაგვეხმარეთ, რომ თემა გახმაურდეს, მომზადდეს ნაშრომი წყლის ისტორიული წისქვილების შესახებ, მათი აღრიცხვით დაწყებული, თანამედროვე, თუნდაც ტურისტული დანიშულების თვალსაზრისით და გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს, რათა იზრუნონ მათ შემდგომ სტატუსზე.
პატივისცემით, ნოდარ კაპანაძე".

ბატონმა ნოდარმა გაგვაცნო ის ადამიანებიც, რომლებიც წყლის წისქვილებით წლების განმავლობაში არიან დაინტერესებული. მათ შორის არის გერმანისტი მკვლევარი ანა მარგველაშივილი და ფოტოგრაფი მიშა შენგელია, რომელთაც ასევე დავუკავშირდით.
ანა მარგველაშვილი: - იშვიათად მეგულება უფრო იდუმალი და საინტერესო ადგილი, ვიდრე ჩვენი ისტორიული წყლის წისქვილებია. ვერ გეტყვით, რომელ მხარეში დაიწყო ჩვენში მათი მშენებლობა, თუმცა ფაქტია, დაახლოებით სამი საუკუნის წინ მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა. დაახლოებით იმ დროიდან, როდესაც ჩვენში სიმინდის კულტურა გავრცელდა. თავად თემა ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მასზე მუშაობისთვის უფრო კონკრეტულად XIX საუკუნის გერმანელი გეოგრაფისა და ბუნებისმეტყველის, გუსტავ რადეს ჩანაწერებმა მიბიძგა. ამ კაცმა, როგორც მეცნიერმა, მართლაც დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. ერთ-ერთ ჩანაწერში მას საქართველოთი დაინტერესებული იტალიელი მეცნიერები ეკითხებიან, საქართველოში რომ ვიმოგზაუროთ, ღამე სად გავათენოთო. რადე კი პასუხობს, ამჟამაინდელი მოგზაურობისას თავად მე ღამეებს აფხაზეთის მიტოვებულ წისქვილებში ვათევ. სამწუხაროდ, აქ ამ წისქვილებთან ერთად ბევრი მიტოვებული სოფელიაო. ეს დაახლოებით ის წლებია, როდესაც აფხაზეთის მუსლიმანი მოსახლეობა რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა. აი, მაშინ დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა ახლაც ზოგიერთი მიტოვებული და გაუქმებული წისქვილი ტურისტების ღამის გასათევ ადგილად ქცეულიყო. წამოიდგინეთ, ამას რამხელა დატვირთვა ექნება, მით უფრო, რომ წისქვილი თითქოს რაღაცნაირად გულისხმობს არა მხოლოდ საკრალურობას, არამედ საოცარ სილამაზეს, ბუნებასა და მაცოცხლებელი წყლის ხმას.

- თუმცა წიქვილების თემაზე სამეცნიერო მუშაობასაც აუცილებლად სჭირდება ხარჯები. აღრიცხვა და მოგზაურობა კი დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.
- გეთანხმებით. მე ოპტიმისტი ვარ და მაინც მგონია, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდება. სამწუხაროდ, ბევრი წისქვილი აღარ დარჩა, ზოგი ადიდებულმა წყალმა წაიღო, ბევრიც ჩამოიშალა, მაგრამ რაც დარჩა, მათი გადარჩენა შეიძლება. თუ როგორ, ეს ყველაფერი სწორედ იმ ნაშრომში უნდა აისახოს, რაც ამ ნაგებობებზე დაიწერება. როგორც ვიცი, წყლის წისქვილები 1930 წელს დაახლოებით 30000 წყლის წისქვილი იყო აღრიცხული. ბევრი, როგორც კერძო საკუთრება, საბჭოთა დიქტატურამ დაშალა. რაც გადარჩა, ძალიან ძვირფასია.
მიშა შენგელია, ფოტოგრაფი:

- წლების განმავლობაში ვიღებ წისქვილების ფოტოებს და სიმართლე გითხრათ, ჯერ არ შემხვედრია წისქვილი, თუნდაც უკვე დაზიანებული, რომელსაც არ ჰქონდეს განსაკუთრებული ხიბლი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ტკივილსა და სევდას იწვევს, როდესაც წიქვილის გადასაღებად წლების შემდეგ მვდივარ და ჩამოშლილი მხვდება ან უკვე წყალს აქვს წაღებული. არაჩვეულებრივი იდეაა, თუკი ვინმე ამ საქმეს თავის თავზე აიღებს და თუნდაც გაუქმებულ წისქვილებს ტურისტულ ობიექტებად აქცევს. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ უნიკალურ წიქვილებს თავის დროზე მართლაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული საქართვლოს ეკონომიკაში. მათ შორის არაერთი საოცრად საინტერესო ხის არქიტექტურის ნიმუშია.
- მოქმედ წისქვილებში მეწისქვილეებთან თუ გისაუბრიათ?
- ძალზე საინტერესო ხალხია. ყველა ვერ იმუშავებს წიქვილში, ამ საქმეს მოთმინება და ფიქრებში ჩაღრმავებული კაცი სჭირდება. ასეთია საჩხერეში სოფელ სხვიტორის მეწისქვილე დიჟონ გელბახიანი. ძალიან საინტერესო კაცია და ბევრი სტუმარიც ჰყავს წისქვილში. სხვებიც არიან. ასე რომ, თუკი ვინმე ამ საქმით სერიოზულად დაინტერესდება, კარგ ხალხს გაიცნობს.