როცა ფიქრობ, რომ სოკოს კარგად „იცნობ“ - კვირის პალიტრა

როცა ფიქრობ, რომ სოკოს კარგად „იცნობ“

საქართველოში ძალიან გავრცელდა შხამიანი სოკო, სახელად "შხამასოკო", ასევე ცნობილი როგორც "ამანიტა", რომელიც ძალიან ჰგავს ქამა სოკოს. ამიტომ სოკოს მოყვარულებს მისი ამოცნობა უჭირთ და ამან გამოიწვია მოწამვლა და სიკვდილიანობა. ამ საკითხზე ტოქსიკოლოგ ეკა ქურდაძეს ვესაუბრეთ:

- როგორ დავადგინოთ, რომ სოკო შხამიანია?

- სამწუხაროდ, არ არსებობს მარტივი ტესტები, რომლებითაც სოკოს შინ შეამოწმებთ. ყველა ხალხური მეთოდი, როგორიც არის ვერცხლის კოვზის ან ხახვის ინდიკატორად გამოყენება (სოკოსთან ერთად მოხარშვის შემდეგ ხახვი ყავისფრდება), ან ცხოველების რეაქციაზე დაკვირვება, არასანდო და საშიშია.

საკვებ სოკოებს ძალიან ჰგავს შხამიანი­ სოკოები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი ოქროს წესი, თუ 100%-ით არა ხართ დარწმუნებული, რომ სოკო იჭმება და შხამიანი არ არის, არ შეჭამოთ!

- რა სიმპტომები ვითარდება შხამიანი სოკოს ჭამის შემდეგ?

- მოწამვლის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, რადგან ადრეული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს 30 წუთიდან 6 საათამდე. სიმპტომებში იგულისხმება გულისრევა, ღებინება და დიარეა, რაც, ჩვეულებრივ, ნაკლებად სახიფათოა, თუ არ გახანგრძლივდა.

დეჰიდრატაციასთან ასოცირებული გართულებების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, თუმცა გვიანი სიმპტომები ზოგჯერ შესაძლებელია ჰალუცინაციებით ან კრუნჩხვითაც გამოვლინდეს.

- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ შხამიანი სოკო ტყეში?

- მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია შხამიანი სოკოს გამორჩევა. ზოგიერთი შხამიანი სოკო ძალიან ჰგავს საკვებად ვარგისს (მაგალითად, როგორც შხამასოკო წააგავს ჩვეულებრივ ქამა სოკოს). მხოლოდ გამოცდილ ადამიანს შეუძლია დაადგინოს სოკოს სახეობა. საქართველოში ხშირად ფიქსირდება ფატალური მოწამვლები სოკოსაგან, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ "იცნობენ" სოკოს.

- რომელ რეგიონებში ან გარემო პირობებში გვხვდება შხამიანი სოკოები ყველაზე ხშირად?

- საქართველოში (დაბებში) ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მთიანეთში - ხევში, თუშეთში, კახეთში, რაჭაში, ლეჩხუმში კი ტენიან ჩრდილოვან ადგილებში. სეზონების მიხედვით სოკო ზაფხულიდან შემოდგომამდე (ივლისიდან ოქტომბრამდე) წვიმის შემდეგ პერიოდებში გვხვდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შხამიანი სოკოები იზრდება იმავე ადგილებში, სადაც ასევე საკვებად ვარგისი სოკოებია.

- რა უნდა გავაკეთოთ პირველივე წუთებში, თუ არსებობს ეჭვი შხამიან სოკოზე?

- დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ 112-ში ან უნდა მიმართოთ კლინიკურ ტოქსიკოლოგს. რაც მთავარია, უნდა დაიმახსოვროთ მოწამვლიდან გასული დრო, რადგან ადრეული მკურნალობით გადარჩენა 90%-მდე იზრდება.

- არის თუ არა გარკვეული ჯგუფები (ბავშვები, ხანდაზმულები), რომელთათვისაც ასეთი მოწამვლა განსაკუთრებულად სახიფათოა?

- მაღალი რისკის ჯგუფებში ბავშვები ყველაზე მოწყვლადები არიან. მცირე წონის გამო იგივე დოზა უფრო ძლიერად მოქმედებს, რადგან სწრაფად ხდება დეჰიდრატაცია და სიკვდილიანობა 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოზარდებში.

ასევე თანმხლები დაავადებები, ორსული ქალები, ქრონიკული ღვიძლის/თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტები, სტატისტიკის მიხედვით, შხამიანი სოკოთი მოწამვლის შემთხვევაში თუ არ მკურნალობენ, გადარჩენის შანსი 10-20%-ს შეადგენს, სწორი მკურნალობით კი 90%-ს. ბავშვებში მკურნალობის გარეშე 50%-მდე არის სიკვდილიანობა, სწორი მკურნალობით - 90%-მდე.

სამწუხაროდ, საქართველოში სოკოს მოწამვლისგან გარდაცვლილთა სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ენდობიან ხალხურ მითებს ან ფიქრობენ, რომ იციან სოკოს ამოცნობა. ყველაზე მაღალი რისკი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა. თუ ეჭვი გაქვთ შხამიანი სოკოს მიღებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკურ ტოქსიკოლოგს ან უახლოეს კლინიკას.

კესო ხოსიტაშვილი