"უკრაინაში ბავშვთა სახლის დირექტორმა გამყიდა...6 წლისამ გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი“ - ნადია ციყელაშვილის საოცარი ისტორია - კვირის პალიტრა

"უკრაინაში ბავშვთა სახლის დირექტორმა გამყიდა...6 წლისამ გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი“ - ნადია ციყელაშვილის საოცარი ისტორია

2 წლის ნადია 60 წლის ქალმა იშვილა და მისთვის სიყვარული და სითბო არ მოუკლია. ნადია ციყელაშვილმა­ გვიამბო, როგორ გაიგო ბიოლოგიური უკრაინელი დედის შესახებ...

- დედაჩემი, ნუნუ ციყელაშვილი, სტომატოლოგი იყო. თბილისში მუშაობდა, მაგრამ მერე ბორჯომში გადავიდა, სადაც დები ჰყავდა. იქ ლიკანის სანატორიუმებში მუშაობდა. დედა და უკრაინელი ქალი, ლარისა, ძალიან დამეგობრდნენ. მათი მეგობრობა 15-20 წელი გრძელდებოდა. სწორედ ლარისამ უთხრა, ასეთი კარგი ქალი უშვილოდ რატომ ბერდები, ჩამოდი უკრაინაში, მე აგაყვანინებ ბავშვსო.

- დედა გათხოვილი არასოდეს ყოფილა?

- 20 წლის ასაკში გათხოვდა. ერთხელ დედამთილი გაბრაზებია, გაულანძ­ღავს და დედას იმდენად შეურაცხყოფილად უგრძნია თავი, ჭამა აუკრძალავს. იმ დროს ოთხი თვის ორსული ყოფილა, ორი კვირა­ არაფერი უჭამია და ნაყოფი დაეღუპა.

­ მაშინ მედიცინა ასე შორს წასული არ იყო და აბორტის გაკეთების შემდეგ­ უშვილო დარჩა. მერე ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა, 21 წლის გოგოს მკერდი მოჰკვეთეს და მეორე ჯგუფის ინვალიდობის საბუთი მისცეს.­ შემდეგ ქმარმა გამოუცხადა, თუ შვილი აღარ გეყოლება, მე ბავშვს­ არ აგაყვანინებ, სხვის ნაბიჭვარს არ გავზრდიო... დედამ ჩაალაგა ბარგი და წამოვიდა თავის დებთან ბორჯომში. შვილის აყვანაზეც აღარ უფიქრია, რომ არა ლარისა...­

როცა კიევში ჩავიდა, თურმე საბავშვო ბაღის დირექციამ იმ ოთახში შეუშვა, სადაც ბავშვები სადილო­ბდნენ. ერთი თურმე მაგიდის გარშემო დარბოდა და ყველას თეფშიდან იღებდა საკვებს. ეს ბავშვი მე გახლდით. დედას უფიქრია, ალბათ, სათანადოდ ვერ კვებავენო, გარეგნობითაც ძალიან მოვწონებივარ და მე ავურჩევივარ. საბავშვო ბაღში თანხმობა განუცხადეს, მათ ბლომად ფულიც მისცა­ და ასე წამომიყვანა საქართველოში. იმ დროს ორი წლის ქერაკულულებიანი გოგონა ვყოფილვარ.

აღმზრდელ დედას ორი წლის შემდეგ ლარისამ შეატყობინა, ბავშვს ეძებენ და ხომ ვერ დააბრუნებო. თურმე ბიოლოგიური დედა მეძებდა. მას საბავშვო­ ბაღში ვყავდი მიბარებული, სადაც ფულს იხდიდა. ქირით ცხოვრობდა, მუშაობდა და ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა... რა თქმა უნდა, დედას უარი უთქვამს, უკვე ორი წელია ვზრდი და რომ დავაბრუნო, მაშინვე მოვკვდები, ეს საიდუმლო აქ მორჩესო. მართლაც ეს ძალიან დიდი საიდუმლო ოჯახში ტაბუდა­დებული თემა იყო. მე კარგად მესმის აღმზრდელი დედის. დღეს მეც სამი შვილის დედა ვარ და ჩემთვისაც ვინმეს რომ ეთქვა, აგვერია ბავშვები და დააბრუნეო, ვერაფრით შევძლებდი. დედა იმ დროს უკვე 60 წლის იყო, მთელ იმედს ჩემზე ამყარებდა, მისთვის ყველაფერი ვიყავი...

- როგორ გაიგეთ, აყვანილი რომ იყავით?

- როდესაც სკოლაში მივედი და ვხედავდი, ბავშვებს მამები აკითხავდნენ, დედას ვკითხე, მე მამა მყავს-მეთქი? დედამ მითხრა, ომში დაიკარგაო... მოვითხოვე, მისი ან ფოტო მაჩვენეთ, ან ტანსაცმელი-მეთქი, მაგრამ დედას, რასაკვირველია, არაფერი ჰქონდა. დები დასხდნენ თურმე და იმსჯელეს, ვუთხრათ, რომ აყვანილია, მერე მაინც სხვისგან გაიგებსო... ასე გავიგე 6 წლისამ, რომ აყვანილი ვიყავი. გუშინდელ დღესავით მახსოვს, დედამ კალთაში ჩამისვა და ალერსიანი ხმით მითხრა, მე შენი ნამდვილი დედიკო არა ვარ, უკრაინიდან პატარა წამოგიყვანეო. არასოდეს უთქვამს, ბიოლოგიურმა დედამ მიგატოვა, არ უნდოდიო. მითხრა, ალბათ, ძალიან უჭირდა­ და რომ გადაერჩინე, იმიტომ ჩაგაბარა ბავშვთა სახლშიო. მაშინ დედას ნათქვამზე ცრემლები წამსკდა, მიტოვებულ ბავშვად ვიგრძენი თავი, დედას ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე, მერე ვკითხე, შენც ხომ არ მიმატოვებ-მეთქი და გულში ჩამიკრა, არასოდესო. იმ დღის მერე ამ თემაზე აღარც გვქონია საუბარი.

შვილად აყვანის საბუთი დედის ორმოცის შემდეგ ვნახე. ჩემოდანი გვქონდა,­ სადაც თეთრეული ელაგა, რომელიც ჩემი მზითევი იყო. სარჩული გაუხევია და იქ ჰქონდა ჩაკერებული. დედას გარდაცვალების შემდეგ რაღაცებს რომ ვალაგებდი, მაშინ ვიპოვე კონვერტი, შიგ ჩემი შვილად აყვანის მოწმობა იდო. ჩემზე გადაცემაც გაკეთდა უკრაინაში­, მე და ჩემი ბიოლოგი­ური ძმა ერთმანეთს შეგვახვედრეს. ისეთი ამბები­ იყო, წიგნი დაიწერება...

- აღმზრდელი დედა როგორ გზრდიდათ?

- ათ წლამდე არაფერი მაკლდა. მერე დედა ერთოთახიან ბინაში გადავიდა, უკვე პენსიონერი იყო, 70 წლის, აღარსად მუშაობდა, ძალიან დაბერდა და მოტყდა. აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვის, შიმშილის პერიოდი. 90-იანი წლები ყველასთვის რთული იყო, მაგრამ ჩემთვის ორმაგად, რადგან ათი წლის ბავშვი თითქმის მარტო დავრჩი. დედა უდიდესი სითბოს და სიყვარულის მატარებელი ადამიანი იყო. ჩვენ უერთმანეთოდ ვერც ვსუნთქავდით. საოცარი ადამიანი იყო, ძალიან თავმოყვარე, არ შეიმჩნევდა, რომ გვციოდა, გვშიოდა. იმხელა სიბრძნე მომცა, იმდენად დიდი სიკეთით და სიყვარულით გამზარდა, დღეს მეც ასე ვზრდი ჩემს შვილებს.­ ბოლო ლუკმას აიღებდა და სხვას გაუყოფდა, იქნებ მათ ჩვენზე მეტად უჭირთო. კვირიდან კვირამდე ცარიელ პურზეც ვყოფილვართ. ხახვსა და კომბოსტოზე გადავდიოდით. თვეში ერთხელ პენსიას რომ აიღე­ბდა, პროდუქტებს იყიდდა და კერძების მომზადებას­ მასწავლიდა. არც შუქი გვქონდა, არც გაზი, მხოლოდ შეშის ღუმელი ზამთარში და რადგან შეშის ფული არ გვქონდა, ტყეში დავდიოდით, პატარა ტოტებს ვჭრიდით და მოგვქონდა. დედა მძიმეს ვერ სწევდა და სულ მე მიწევდა შეშის მოტანაც, დაჩეხაც, დახერხვაც... ტყიდან იები და ყოჩივარდებიც მოგვქონდა და ვყიდდით. იმდენად ძლიერი გამზარდა დედამ, სრულიად ცარიელ ადგილზეც შემიძლია ცხოვრების თავიდან დაწყება.

- თქვენს დაოჯახებას მოესწრო?

- დიახ, 19 წლის გავთხოვდი და ჩემი ორი გოგოს დაბადება მისთვის უდიდესი სიხარული იყო. სამწუხაროდ, მესამე გოგონას ვერ მოესწრო. იმდენად მგავს, დედა მასში ჩემს პატარაობას დაინახავდა. ჩემს შვილებს ჰქვიათ ანასტასია, ეკატერინე და ელენე. ჩემი მეუღლე ჩემზე 12 წლით უფროსია, ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. საუკეთესო ოჯახი გვაქვს.

ბორჯომში პატარა ნაკვეთი გვქონდა,­ დედამ გაყიდა და საექთანო კოლეჯი დამამთავრებინა. ბრწყინვალე კულინარი იყო და ამბობდა, მე რომ მოვკვდე, ყველაფრის მომზადება უნდა იცოდეო... შემდეგ ჩემი ცხოვრების გზა კულინარიისკენ წავიდა...

დედა 82 წლის ასაკში კიბოთი გარდამეცვალა. მაშინ 22 წლის ვიყავი. ამ დღის სულ მეშინოდა. დედაზე ლექსი ათი წლისამ დავწერე, შემდეგ მრავალი ლექსის ავტორი გავხდი და ყველა მას მივუძღვენი. დიდი სიყვარული დავკარგე ამქვეყნად ჩემი დედის სახით.

- როდის გაგიჩნდათ სურვილი ბიოლოგიური მშობლები მოგეძებნათ?

- მე ამაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ შვილები რომ გამიჩნდა, დედამ თქვა, სამყარო ძალიან პატარაა, სადმე ერთმანეთს არ გადაეყარონ და სისხლის აღრევა არ მოხდეს, შენი და-ძმები უნდა იპოვოო...

ალბათ, ყველამ იცის, თამუნა მუსერიძემ სოცქსელში ჯგუფი "ვეძებ" რომ შექმნა. ამ ჯგუფში ჩემ შესახებ დავწერე და ჩემი შვილად აყვანის მოწმობაც დავურთე. ამის შემდეგ ქალბატონი იაროსლავა გუდაძე­ გამომეხმაურა, რომელიც თბილისში­ ცხოვრობს. თავად ოდესელია, მეუღლე ჰყავს ქართველი, რომელიც მღვდელია. იმ ქალმა მკითხა, თანახმა თუ ვიქნებოდი, რომ უკრაინულ გადაცემაში ჩემი საბუთები­ გაეგზავნა.­ დავთანხმდი და ერთ კვირაში პასუხი მოვიდა. თურმე გაარკვიეს, რომ წლების განმავლობაში მეძებდა დედას მეგობარი ქალი.

- რა შეიტყვეთ ბიოლოგიურ ოჯახზე?

- ოთხი დედმამიშვილი ვყოფილვართ. ჩემი ძმა 6 წლის ასაკში ფილტვების ანთებით დაღუპულა. დედ-მამა ერთმანეთს თურმე იმის გამო დაშორდნენ, არა შენი ბრალია, არა შენიო... ერთმანეთს ვერ პატიობდნენ, ხელიდან რომ გამოეცალათ ბავშვი. სასამართლო რომ შემდგარა, დედასთვის მიუციათ ჩემი და, ანია, ხოლო მამასთვის ჩემი ძმა, დენისი. დედას დაუნიშნეს ჩემი ძმის ნახვის საათები, ასევე საათობრივად ნახულობდა მამა ანიას. დედა ოჯახიდან რომ წასულა, ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა.­ შეშინებია, ვაითუ სასამართლოს გზით ეს ბავშვიც წამართვასო და ჩემი არსებობა დამალა. როგორც კი გავუჩენივარ, საბავშვო ბაღში აღმზრდელობით ძიძას გადამცა.­ ქირით ცხოვრობდა და სულ მუშაობდა, რადგან უკრაინაში მაშინ ძალიან დიდი გაჭირვება იყო...

შემდეგ ჩემი აღმზრდელი დედა ჩავიდა, დიდძალი ფულიც ჩაიტანა, მე ამარჩია და ბავშვთა სახლის დირექტორმა გამყიდა. ჩემი აღმზრდელი დედისთვის უთქვამს, ამას მშობლები დახოცილი ჰყავს და შეგიძლია წაიყვანოო. საღამოს მისულ ჩემს ბიოლოგიურ დედას კი უთხრეს, ბავშვს უცებ რაღაც დაემართა, გარდაიცვალა და დავმარხეთო. თურმე მაშინვე მიხვდა ყველაფერს, მაგრამ მაშინ სამართალს ვერ იპოვიდი. თურმე მერე იმ ბაღის კიბეზე იჯდა და ტიროდა, ის მაინც მითხარით, სად გამიშვილეთო. მას ვერავინ ეტყოდა, საქართველოში რომ წამომიყვანეს. ასე საშინლად ტრაგიკული ცხოვრება გაუვლია დედას.

სუვოროვსკის რაიონში, 1990 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ჩემი შვილად აყვანა. ანჟელიკა დერეზიუკია ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი. ჩემი და-ძმა ისე გაიზარდნენ,­ არც იცოდნენ და თუ ჰყავდათ...­ ჩემი და ანია 24 წლის ასაკში ავარიაში დაიღუპა,­ დედა დარდით ლოგინად ჩავარდნილა, დაუბარებია მეგობარი და ყველაფერი მოუყოლია... იქნებ შენ მაინც მომიძებნო ანჟელიკა, ჩემს დენისს და ჰყავდესო... დედას მეგობარს რუსეთში დაუწყია ჩემი ძებნა. აღმზრდელმა დედამ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი შემიცვალა. საბუთებში ჩაწერა, თითქოს დავიბადე 1987 წლის 8 მარტს, სახელი და გვარი - ნადია ციყელაშვილი, ამიტომაც ვეღარავინ მიპოვა. როდესაც ჯგუფში "ვეძებ" ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი გამოჩნდა, მაშინ გაირკვა, რომ ვიღაც მეძებდა რუსეთში.

- გადაცემაზე გვიამბეთ...

- კიევში ორი თარჯიმანი წავიყვანე, რადგან მე არც რუსული ვიცი და არც უკრაინული. თარჯიმნებიდან ერთი ჩემი დეიდაშვილი იყო და მეორე იაროსლავა­ გუდაძე. მთელი კიევი და ოდესა დამათვალიერებინეს, საიდანაც გამაშვილეს, ის საბავშვო ბაღიც კი მაჩვენეს, ის სახლიც, სადაც ცხოვრობდა დედა. როგორც კი ჩავფრინდით, დნმ-ის ანალიზი ამიღეს, რომლის პასუხსაც 6 დღე სჭირდებოდა. როდესაც ტელევიზიაში მივდიოდი, ფეხები­ უკან მრჩებოდა. სტუდიაში რომ შევედი, ჩემი ძმა ლაპარაკობდა­ მისი ცხოვრების, მშობლების შესახებ. ამ დროს დნმ-ის პასუხიც შემოიტანეს­, სადაც ეწერა, რომ დედით და მამით ერთნი­ ვიყავით, რასაც უდიდესი ემოციები მოჰყვა...­ თურმე ჩემი ბიოლოგიური ოჯახიდან დედა, მამა და ბებია სამი თვის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ ანიას დაღუპვის შემდეგ. ამიტომ დამხვდა იქ მარტო ჩემი ძმა.

დღეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მასთან. სამწუხაროდ, ომის გამო ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. ლტოლვილის სტატუსით ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ტელეფონით ვკონტაქტობთ, ენობრივი ბარიერი გვაქვს, მაგრამ "გუგლის" დახმარებით რაღაცას ვახერხებთ.

უკრაინაში უკვირდათ, 60 წლის ქალმა, მეორე ჯგუფის ინვალიდმა, საზღვარზე ბავშვი როგორ გადაიყვანაო. მან ბორჯომში­ საბუთები ისე გადააკეთა, თავი ხუთი წლით დაიპატარავა, ინვალიდობაც­ დამალა. მისი და ბინების განაწილების თავმჯდომარე იყო და ის დაეხმარა. ასე შეძლო ჩემი საზღვარზე გადმოყვანა, ყველაფერი გააკეთა, დედა რომ გამხდარიყო. დედაჩემი გმირი ქალი იყო, უპატიოსნესი და უიშვიათესი!