სკანდალური სტატია: „ნარკომანებითა და მოხუცი ჯარისკაცებით სავსე ბრიტანეთის არმია? მე არასოდეს თავი ასე დაუცველად არ მიგრძვნია“ - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: „ნარკომანებითა და მოხუცი ჯარისკაცებით სავსე ბრიტანეთის არმია? მე არასოდეს თავი ასე დაუცველად არ მიგრძნია“ - The Daily Telegraph

ბრიტანულ პრესაში საკმაოდ ბევრი მასალა იბეჭდება სამხედრო თემაზე, განსაკუთრებით კი - არმიის შესახებ, რომლებშიც გაკრიტიკებულია სამეფო შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის არასახარბიელო მდგომარეობა - არმიის მცირერიცხოვნობა, სამხედრო მომზადებისა და დისციპლინის დონე და ა.შ.

გთავაზობთ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: „ბრიტანეთის არმია კოკაინმომხმარებელი ნარკომანებით და მოხუცი ჯარისკაცებით? მე არასოდეს თავი ასე დაუცველად არ მიგრძნია“ (ავტორი - უილიამ სითუელი).

„ეს ისეთი ტესტი იყო, რომელსაც არავინ ელოდა. რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის არმიის კატერიკის გარნიზონში, რომელიც ჩრდილოეთ იორკშირშია დისლოცირებული, სამეფო საინჟინრო ჯარების ქვედანაყოფის ჯარისკაცები არა რაიმე საინჟინრო საქმის ზუსტ ცოდნასა და პრაქტიკულ ჩვევა-უნარებში შეამოწმეს, არამედ... ნარკოტიკების მოხმარებაში.

და როგორც აღმოჩნდა, ანალიზების ჩაბარებით, 23 ჯარისკაცის ანალიზმა კოკაინის მოხმარებაზე დადებითი შედეგი აჩვენა.

საინჟინრო პოლკი, რომელიც მე-7 ბრიგადაში შედის, ბოლო დრომდე დიდებული ისტორიული წარსულით სარგებლობდა: მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკის ფრონტზე ბრიტანელმა სამხედრო ინჟინრებმა თავი გამოიჩინეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. ახლა კი მათმა მემკვიდრეებმა სახელი შეირცხვინეს...

შეიძლება გვეფიქრა, რომ გარნიზონის კარგად დაცული ტერიტორია მიუდგომელი იქნებოდა ნარკოტიკების გამავრცელებლებისათვის ბრიტანეთის არმიაში, მაგრამ როგორც კატერიკის სამხედრო-საინჟინრო ქვედანაყოფის მაგალითმა გვაჩვენა, „ა“ კლასის ნარკოტიკების მიტანა სამხედრო ბაზაზე ისეთივე იოლია, როგორიც - აკრძალული ნივთების შეტანაა ბრიტანეთის საპყრობილეებში.

„არმიაში კოკაინისა და ლუდის მოხმარება ერთნაირად არის გავრცელებული“, - თქვეს ახლახან „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ყოფილმა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა. ასეთი სიტუაცია ძალიან არასასიამოვნოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრიტანეთის არმია ახალწვეული ჯარისკაცების მწვავე ნაკლებობას განიცდის. როგორც ჩანს, იმ 23 ნარკომანს ჯარიდან დაითხოვენ.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ბრიტანეთის არმიიდან, დაახლოებით, 7 ათასამდე ჯარისკაცი იქნა დათხოვნილი, ნარკოტიკების მოხმარების გამო და ეს იმ დროს, როცა ჩვენი არმია ყველაზე მცირერიცხოვანია, ნაპოლეონთან ომების დროიდან მოყოლებული. ჩვენი გენერლები, ალბათ, მივიდნენ იმ „დიდებულ“ დასკვნამდე, რომ უფრო უკეთესია ცხვირში კოკაინშესრუტული ჯარიკაცები გვყავდეს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, ვიდრე - საერთოდ არავინ.

მაგრამ განა ეს სასიკეთო მდგომარეობაა? მართლაც გვინდა, რომ ჩვენი ე.წ. დამცველები ჯარისკაცისფორმიანი ნარკოტიკგაკეთებული და მოწეული ბიჭები იყვნენ?

მაგრამ ოპტიმისტური არც სხვა ვარიანტი არის: გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მთავრობას განზრახული აქვს ჯარმოხდილი სამხედრო მოსამსახურეების - ე.წ. სტრატეგიული რეზერვის ასაკი გაზარდოს. შეიარაღებული ძალების შესახებ ახალი კანონპროექტის თანახმად, ჯარგამოვლილი მამაკაცების საპენსიო ასაკი 55 წლიდან 65 წლამდე იზრდება.

ამიტომ ზუსტად იმ მომენტში, როცა სამხედრო მოსამსახურე უკვე ფიქრობს, რომ პენსიაში გადის და დროა, მებაღეობა დაიწყოს ან სადმე დასასვენებლად კრუიზში წავიდეს, შეიძლება ჯარში ისევ მობილიზებული გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:სკანდალური სტატია: „პუტინი - ტრამპს: „მოდი, ვივაჭროთ და მოვილაპარაკოთ..." - სიტუაცია ძალიან ჰგავს ორი მაფიოზის გარიგებას, რომლებიც სხვის ტერიტორიებს იყოფენ" - Politico

ზელენსკი ტიმოშენკოს დაიჭერს?! - ახალი კორუფციული სკანდალი უკრაინაში: დეპუტატების მოქრთამვის საქმე

სკანდალური სტატია: „მოვიდა ნატოდან ბრიტანეთის გასვლის დროც" - The Daily Telegraph

"2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

ამრიგად, ახლა ჩვენ ისეთი პერსპექტივა გვაქვს, რომ „დაგვიცავენ“ როგორც ისეთი ბიჭები, რომლებსაც სისხლში კოკაინი უდუღთ და ვარაუდით დადიან, ასევე - ხელჯოხიანი, წელში მოხრილი მამაკაცები და ქალები.

როცა ისეთი დიქტატორები, როგორიც ვლადიმერ პუტინია, ჩვენს ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც არასაიმედოს - ჩვენი გზები არაფრად ვარგა, ჩვენი ლიდერები კი სუსტი ნებისყოფის მქონე და გაუბედავები არიან - მათ შეუძლიათ იფიქრონ, რომ უკვე დიდ ბრიტანეთში შეჭრის დრო დადგა. კარგი იქნება, რომ იმედი გვქონდეს - ჩვენი დრონები რუსულ დრონებზე უფრო ძლიერია, ხოლო მათ ოპერატორებს კი შესვენების დროს რაიმეს გაკეთების ან მოწევის ცდუნება არ გაუჩნდებათ.

იმ დროს, როცა მსოფლიო ახლა უფრო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე მრავალი თაობის განმავლობაში, მე პირადად არასდროს ვყოფილვარ ასეთ შემაშფოთებელ მდგომარეობაში. მირჩევნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების მენიუში ყოველდღიურად თითო ბოკალი კარგი თეთრი ბურგუნდიული ღვინო შედიოდეს, რომელიც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თეთრი ფხვნილი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო