ქართული კრიზისის დილემა: "სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის ყველაზე სახიფათოა" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რისთვის ემზადება "ოცნება" და გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია
5 წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია - ეს არის ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაფორმებული საპროცესო გარიგების პირობები. შეგახსენებთ, საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ დანაშაულის არსებითი განხილვა აღარ იქნება. "ქართული ოცნების" ორგზის ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი და ახლა უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ისე წავიდა, საჯაროდ არაფერი უთქვამს. ღარიბაშვილის საპროცესო შეთანხმებით კმაყოფილი დარჩნენ მისი ყოფილი თანაგუნდელებიც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ფულის გათეთრებაში ბრალდებულს სულ ორჯერ მოუწია სასამართლო სხდომაზე მისვლამ: პირველად 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, მილიონიანი გირაო შეუფარდეს; მეორედ, გასულ კვირას - ყოფილი პრემიერ-მინისტრი 12 იანვარს სასამართლო დარბაზში, საგანგებო სხდომაზე დააპატიმრეს, ერთი თვით ადრე 12 თებერვალს დანიშნულ მორიგ სხდომამდე, როცა სასამართლოს მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო. ამით მან უარი თქვა შესაძლებლობაზე, კიდევ მინიმუმ ერთი თვით ყოფილიყო თავისუფალი. ის "ქართული ოცნების" მთავრობის უკვე მეორე პრემიერია, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- ღარიბაშვილის დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ჰქონდა სერიოზული საფუძველი, ვგულისხმობ, მის კორუმპირებულობას. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, ჯერ კიდევ მისი პირველი პრემიერობისას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ივანიშვილისთვის, ის ისევ დაებრუნებინა მთავრობაში.
მოკლედ, დღეს გუნდში გარჩევების მომსწრე ვართ, შეიძლება ვთქვათ კიდეც, რომ მიდის საქართველოს "ბრაზილიზაცია". ამაში ვგულისხმობ, რომ იქ, როგორც წესი, ყველა წინა პრეზიდენტს იჭერენ ხოლმე. "ქართული ოცნება" ლათინური ამერიკის ტიპის "დემოკრატიას" ამყარებს, მაგრამ განსხვავებაც გვაქვს, ბრაზილიაში დაკავებული პრეზიდენტები, როგორც წესი, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნიან ხოლმე, შესაბამისად, ეს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლაა, აქ კი ერთ პარტიაში მიდის ბრძოლა პირველობისთვის და ეს ხდება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობისას, რაც უპირობო ლიდერობის სურვილითაა განპირობებული. რით დასრულდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. ახალგაზრდა კაცია და, ალბათ, ჯობს დაფიქრდეს, რომ არცთუ შორეულ მომავალში თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. რას მოუგონებენ, კაცმა არ იცის.
ღარიბაშვილის საქმეში, როგორც უკვე ვთქვი, ნამდვილად არის კორუფციის ნიშნები, მაგრამ გიორგი გახარიას ბრალდებები სრულიად თითიდან გამოწოვილია - ე.წ. გავრილოვის ღამეზე თუ ჩორჩანას ეპიზოდებზე ბრალდებები აბსურდული. კაცი ამის მერე დააწინაურეს და ახლა ერჩიან. ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის არავის.
მე ის მიკვირს, რომ ბევრს ეგონა, ღარიბაშვილს ციხეში არ გაუშვებდნენ. პირადად მე ველოდი მის დაკავებას, სხვა საქმეა, რომ მას, ალბათ, გარკვეული დროის მერე შეიწყალებენ.
- ოპოზიციურ ფლანგსაც გადავხედოთ, ქუჩაში პროტესტი ისევ გრძელდება, თუმცა ოპოზიციური პარტიები კვლავ დაქსაქსულად აგრძელებენ საქმიანობას. თუმცა ბოლო ხანს გაერთიანების მნიშვნელობაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ..
- არსებულ ოპოზიციაში რესურსს ვერ ვხედავ. საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი სახეები... ამ ოპოზიციამ სრულად დაკარგა ხალხის ნდობა - რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ მოსწონს "ქართული ოცნება", ფიქრობს, ეს მთავრობა თუ წავა, მერე რა მოხდება, ხომ არ იქნება ქაოსი და არეულობაო. არ ჩანს პარტია, რომელსაც ძალაუფლების ხელში აღების პოტენციალი აქვს.
ვერც ინტელექტუალურ რესურსს ვხედავ ოპოზიციაში, რომ რამე ქმედითი გააკეთონ. მე არც მათი გაერთიანების მჯერა. რომც მოახერხონ და გაერთიანდნენ, რას გააკეთებენ? მათი უნიათობა განსაკუთრებით ცხადი გახდა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 11:0 მოუგო მთავრობამ ოპოზიციას.
ეს არ იყო რთულად წარმოსადგენი. წინასწარ ვაფრთხილებდით, არა მხოლოდ მე ვამბობდი, რომ იმის ლაპარაკით, ერთ დღეში შევცვლით ხელისუფლებასო, შეცდომას უშვებდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური განცხადება: "ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინი ტრამპს საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი..." - პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზი
რაც შეეხება პროტესტს, მე ვიტყოდი, ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს - ეს ყველაზე სახიფათოა, ამან გადაატრიალა იდეოლოგიურად კომუნისტური რეჟიმი და გადააგდო სანაგვეზე. ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ აანალიზებს სწორად ხალხის განწყობას. ალტერნატივა რომ იყოს, ამ მთავრობას კარგა ხნის წინ გავუშვებდით. პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს. როგორც გითხარით, აუცილებელია ახალი ძალა და ვფიქრობ, აუცილებლად გაჩნდება, ცარიელი ადგილი ყოველთვის ივსება, მით უფრო საქართველოში. ჩემი აზრით, ქართველი დიქტატურას არასდროს შეეგუება. ასეთი ლატენტური პროტესტი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, არ ვიცი როდის, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება და შედეგი აუცილებლად მოჰყვება.
"ქართულ ოცნებას" ბევრი რამ უწყობს ხელს, გარეპოლიტიკური მოვლენები, გადადის ყურადღება იმ პროცესებზე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, რაც გაცილებით სახიფათოა კაცობრიობისთვის.