სირიელი ქურთები კაპიტულაციას აცხადებენ, თურქეთის მორიგი გამარჯვება ახლოაღმოსავლეთში, რაც მას ისრაელთან კიდევ უფრო დააპირისპირებს...
ახალი წლის შემდგომ დღეებში, სანამ მსოფლიო ჯერ ვენესუელის პრეზიდენტის მოტაცებაზე მსჯელობდა და ტრამპის ირანზე დარტყმას სულმოუთქმელად ელოდა, ერთი „პატარა ომიც“ შეუმჩნევლად დამთავრდა... სირიელი ქურთების ფაქტობრივი კაპიტულაციით!
სირიაში 2024 წლის ბოლოს მომხდარმა ელვისებურმა პროცესებმა, როდესაც ათიოდე დღეში ჩამოგდებული იქნა ბაშარ ასადის რეჟიმი (რომელიც სამოქალაქო ომში ათ წელზე მეტი ცეცხლითა და მახვილით და, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო ძალის დახმარებით, ინარჩუნებდა ხელისუფლებას), ძალიან გააკვირვა მსოფლიო, მაგრამ 2026 წლის პირველ ორ კვირაშიც არანაკლები მნიშვნელობის ამბავი მოხდა -სირიელმა ქურთებმა უარი თქვეს დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნაზე!
თუმცა ეს მათი „კეთილი სურვილით“ არ მომხდარა -სირიის დღევანდელი პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარას ერთგულმა არმიამ ბრძოლებით მოახერხა სირიელი ქურთების მიერ წლების განმავლობაში კონტროლირებული, ნავთობით მდიდარი სირიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე სამ-ჰასაკას, დეირ-ერ-ზოროსა და რაქას პროვინციებში ოფიციალური დამასკოს ხელისუფლების აღდგენა...
არადა, სულ ერთი წლის წინ ბაშარ ასადის ჩამოგდებისთვის ბრძოლებში აჰმედ ალ-შარას არმია და სირიელი ქურთების „სირიის დემოკრატიული ძალების“ შეიარაღებული რაზმები მოკავშირეები გახლდნენ...
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თითქმის ორკვირიან საბრძოლო მოქმედებებს ასრულებს და წარმოადგენს 14-პუნქტიანი უფრო ფართო შეთანხმების ნაწილს, რომელიც „სირიის დემოკრატიული ძალების“ სირიის არმიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრაციას ითვალისწინებს.
დამასკოში გამოსვლისას, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ შეთანხმება სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს, აღადგინონ კონტროლი სამ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ პროვინციაზე - ჰასაკაზე, დეირ ეზ-ზორსა და რაქაზე.
ეს განცხადება ალ-შარაას და სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ტომ ბარაკს დამასკოში შეხვედრას მოჰყვა. ბარაკმა შეთანხმება შეაქო და „ერთიანი სირიისკენ“ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
შეხვედრაზე სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურის, მაზლუმ აბდის დასწრება იყო მოსალოდნელი, თუმცა მისი ვიზიტი ორშაბათამდე გადაიდო, განაცხადა ალ-შარაამ.
ალ-შარაასა და აბდის შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სირიის ხელისუფლება სამოქალაქო ინსტიტუტების, სასაზღვრო გამშვებ პუნქტების და ნავთობისა და გაზის საბადოების მართვას აიღებს.
სირიის დემოკრატიული ძალების სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალი ინტეგრირებული იქნება სირიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, ხოლო დამასკო აიღებს პასუხისმგებლობას ციხეებსა და დაკავების ბანაკებზე, სადაც ათიათასობით ISIS-ის უცხოელი მებრძოლი (ჯგუფი, რომელიც აკრძალულია რუსეთსა და სხვა ქვეყნებში) და მათი ოჯახები იმყოფებიან.
დამასკომ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ქურთების კულტურული და ენობრივი უფლებების აღიარების მიმართ, მათ შორის - ქურთებისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებისა და ქურთული ახალი წლის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების მიმართ - ეს ქურთების უფლებების პირველი ოფიციალური აღიარებაა 1946 წელს სირიის მიერ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
თითქოს ყველაფერი გაირკვა -იწყება სირიის სახელმწიფოებრივი გამთლიანება, რომლის უკანაც რეალურად დგას... თურქეთი, მისი პრეზიდენტის - ერდოღანის სახით, რაც მისი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა „ოსმალეთის ახალი იმპერიის“ ასაღორძინებლად...
ისევე, როგორც პუტინს მოსვენებას არ აძლევს ახალი „რუსეთის იმპერიის“ შექმნა, ხოლო ტრამპს კი „დიადი ამერიკის“ ისევ გაბატონება მთელ მსოფლიოში, ერდოღანსაც საკუთარი გრანდიოზული მიზნები აქვს -„ახალ ოსმალურ იმპერიაში“ ახლოაღმოსავლეთის რიგი ქვეყნების (პირველ რიგში სირიის), სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ხილვა სურს...
ჯერჯერობით ერდოღანი იმარჯვებს, თანაც ისე, რომ ტრამპს უარი ათქმევინა სირიელი ქურთებისთვის ამერიკული არმიის მხრიდან შეიარაღებული მხარდაჭერის გაგრძელებაზე, არადა „სირიის დემოკრატიული ძალების“ საბრძოლო დანაყოფები ხომ სწორედ პენტაგონის მიერ იყო შეიარაღებული იმავე ბაიდენის დროს და ამერიკული საბრძოლო ავიაციაც აქამდე პირდაპირ საცეცხლე მხარდაჭერას უწევდა სირიელ ქურთებს ყველა ლოკალურ ბრძოლებში...
თურქეთის გაძლიერება ახლოაღმოსავლეთის რეგიონში კატეგორიულად არ აწყობს ისრაელს, რომელიც ფარულად დახმარებასაც კი უწევდა სირიელ ქურთებს, მაგრამ ახლა, როდესაც ერდოღანის მიერ მოყვანილ აჰმედ ალ-შარას ხელისუფლებას უკვე თვით ტრამპი და პუტინიც ცნობენ, ნეთანიაჰუს მოუწევს მთელი თავისი პოლიტიკური გამჭრიახობისა და ეშმაკობის მოხმობა, რომ რეგიონში ირანზე ბევრად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე არ გამოუჩნდეს ერდოღანის თურქეთის სახით...