"მოსაყოლად ძალიან მარტივია, მაგრამ გადასატანად და გადასალახად საკმაოდ რთული იყო... ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად კრიზისშია" - რას ჰყვება ქრისტი ყიფშიძე? - კვირის პალიტრა

"მოსაყოლად ძალიან მარტივია, მაგრამ გადასატანად და გადასალახად საკმაოდ რთული იყო... ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად კრიზისშია" - რას ჰყვება ქრისტი ყიფშიძე?

როგორი იყო კრისტი ყიფშიძისთვის 2025 წელი, როგორ ხვდება ის ახალ წელს და რამდენად სჯერა ბედობის ტრადიციის?

კრისტი ყიფშიძე: ყოველი ახალი დღისთვის სამყაროს მადლიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იყო ის – კარგი მოხდა თუ ნაკლებად კარგი, ესე იგი, ასე იყო საჭირო, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. მით უმეტეს, მადლიერი ვარ ყოველი წლის, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელი ფანტასტიკური ნამდვილად არ ყოფილა. ისე დაემთხვა, რომ ეს წელი ავადმყოფობით დავიწყე და დავასრულე – პირველ იანვარს სიცხიანმა გავიღვიძე და ახლაც ვირუსი მაქვს (იცინის).

წელს დამჭირდა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, საჭირო აღარ იყო და მოვიშორე. რაც სარგებელს არ გაძლევს, უნდა მოიშორო და ეს ტრაგედიად არ უნდა აღიქვა, პირიქით, უკეთესობისთვის ხდება. ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში განწმენდის ეტაპია. გულახდილად რომ ვთქვა, ვგრძნობდი, რომ მე ეს მჭირდებოდა და ასეც მოხდა.

– ის მოხდა, რაც გინდოდა, მაგრამ ალბათ, მარტივი არ იყო.

მოსაყოლად ძალიან მარტივია, მაგრამ გადასატანად და გადასალახად საკმაოდ რთული იყო. საინტერესო, რთული, ცოტა კრიზისული წელი იყო. მხოლოდ ჩემთვის არა, ვფიქრობ, არც დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო საუკეთესო. სამწუხაროდ, ვიცით რა პროცესებიც მიდის ჩვენ გარშემო. ადამიანი ამდენ ომსა და ტრაგედიას რომ უყურებ, გულგრილი ვერ იქნები.

როგორ აისახა მომხდარი ცვლილებები კრისტიზე?

– დროსთან ერთად, ჩემი აზროვნება ძალიან იცვლება. ვაკვირდები ჩემი ზრდის პროცესს და მუდმივად მეტს ვითხოვ ჩემი თავისგან, რაც ძალიან მომწონს, რადგან ეს უკეთესობისკენ მცვლის.

წლის მომატება მხოლოდ ციფრის ცვლილებას ან ახალ ნაოჭს ხომ არ ნიშნავს?! ეს გაზრდილ გამოცდილებასა და მრავალსაფეხურიან კიბეზე ერთი ნაბიჯით მაღლა ასვლასთან ასოცირდება. ზოგჯერ უკანაც ვიხევთ ან, უბრალოდ, ადგილზე ვჩერდებით, რადგან გარშემო კრიზისია. მე შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად კრიზისშია, მაგრამ ამას დადებითად ვუყურებ. იმას არ ვგულისხმობ, რომ არაფერი გამომდის, არა, უბრალოდ, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. ესეც საჭიროა, რადგან „მწარე“ გამოცდილება ძალიან გვზრდის. ასეთ დროს ადამიანი უფრო იხვეწება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის გზებს უკეთ ხედავს. ბოლო წამამდე ოპტიმისტურად უნდა იყო განწყობილი, ვგულისხმობ, რომ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და მერე ყველაფერი აუცილებლად გამოგივა. ცხოვრება საინტერესო არ იქნება, ყოველდღე მხოლოდ კარგი რომ ხდებოდეს. გამოწვევების გარეშე მოსაწყენია ცხოვრება. ძალიან მარტივად რომ შევხედოთ – მოგზაურობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰობია, მაგრამ არის პერიოდები, რომ ესეც მეზარება. ადრე ერთი სული მქონდა ახალი ადგილი მომენახულებინა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ თითქოს, ის აღფრთოვანება ამოვწურე. ახლა ვეძებ გზას, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩემი ცხოვრების აზრს. ეს ერთგვარი თამაშია, ახალ-ახალი ეტაპები მეტ ინტერესს სძენს ყოველდღიურობას, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ის.

არაფერი მაქვს დასამალი, წელს ექიმებში საკმაოდ დიდი დრო გავატარე. საბედნიეროდ, ჯანმრთელი ვარ და ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფერი მჭირდა, სულ რაღაც პრობლემა იყო. თითქოს ესეც გამოწვევაა, რომელსაც განგება გიგზავნის, თითქოს გამოცდებს აბარებ. ახლახან გადაღება მქონდა, უკვე ვგრძნობდი, რომ ვირუსის გამო კარგად არ ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, მუშაობის პროცესში ცუდად ყოფნა საერთოდ დამავიწყდა. არადა, ახლა იმ მომენტში გადაღებულ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვერ ვხვდები, იმ მდგომარეობაში როგორ შევძელი მათი გადაღება.

– რამდენად გიყვარს ახალი წელი და როგორ აღნიშნავ?

– გრინჩი არ ვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს. 48 წელი შემისრულდა და ამდენი წელია ერთსა და იმავე ტრადიციებს ვიმეორებთ. 31 დეკემბერს ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, თითქოს სხვანაირად გამორიცხულია. ბევრჯერ მითქვამს, მინდა, ერთხელ, 31 დეკემბერს, არ ვიყო სახლში, არ ვიყო საქართველოში და საერთოდ არ მქონდეს საახალწლო განწყობა-მეთქი. სანაცვლოდ ვიყო სადღაც პლაჟზე, პალმების ქვეშ (იცინის). განსხვავებული ახალი წელი ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. დიდი ხნით ადრე არაფერს ვგეგმავ, მაგრამ არავინ იცის, როდის რას გადავწყვეტ (იცინის). სხვათა შორის, ბოლო თერთმეტი წელია, ტრადიციას არ ვარღვევ და დაბადების დღეს სხვა ქვეყანაში აღვნიშნავ. მხოლოდ პანდემიის წელი იყო გამონაკლისი, როცა მოგზაურობა შეუძლებელი იყო და წინანდალში წავედი. სხვისი დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან მიყვარს, მაგალითად, ჩემს შვილს ბავშვობიდან უზარმაზარი დაბადების დღეები აქვს, მაგრამ მე თვითონ არ მიყვარს გადახდა და ამ დღეს ზეიმის მოწყობა. ამიტომაცაა, რომ ბოლო წლებში არასდროს ვარ საქართველოში. ახლა შეიძლება, საახალწლოდაც ამ ტრადიციას ჩავუყარო საფუძველი.

ნაძვის ხის და საერთოდ, საახალწლოდ სახლის მორთვა, ეს ნატალიას და დედაჩემს უყვართ ძალიან. მე ამაში არ ვერევი. ნატალიას ბავშვობიდანვე ძალიან მოსწონდა ეს პროცესი და მეც ყოველთვის ვაძლევდი თავის გამოვლენის საშუალებას. მას აწყობის პროცესი მოსწონს, მე კიდევ ამ პროცესში მისი ცქერა მსიამოვნებს ყველაზე მეტად. ვრცლად