"საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. კა-გე-ბე?" - რატომ იცავდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს რუსი მილიციელები?!
ხშირად რაიმე საინტერესო მოვლენის ამსახველი ინფორმაცია პირადი არქივის რომელიმე საქაღალდეში მიიკარგება და სრულიად შემთხვევით შეგახსენებს ხოლმე თავს. ასე მოხდა ამჯერადაც - სულ სხვა დოკუმენტური მასალის ძებნაში ერთ ძველ საქაღალდეს წავაწყდი, რომელზეც დროისგან უკვე გაფერმკრთალებული წარწერა ძლივს იკითხებოდა: „1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. კა-გე-ბე?“. საქაღალდეში გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რამდენიმე ნომერი იდო, მინაწერებითა და კითხვის ნიშნებით აჭრელებული.
თითქმის 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რამდენი სიხარული და რამდენი იმედგაცრუება გვარგუნა განგებამ: ხალხსაც და ქვეყანასაც. გაყვითლებული გაზეთის ფურცლები მშრალად, უემოციოდ ასახავდა ორ ბანაკად გაყოფილი ქართველი პოლიტიკოსების დიდი პიროვნულ- პოლიტიკური დაპირისპირების ერთ, თითქოსდა უმნიშვნელო ეპიზოდს, რომელიც ჩემს იმდროინდელ სამსახურში განვითარდა და, აქედან გამომდინარე, რომლის შემსწრეც თავად გახლდით. ალბათ, ამიტომაც გადავინახე საგულდაგულოდ მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური გაზეთის რამდენიმე ნომერი. ოპოზიციური პრესაც, ძირითადად, „საქართველოს რესპუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმეორებდა, თუმცა საკუთარი კომენტარებითა და ინტერპრეტაციით. ჩვენს ქვეყანაში ხომ ყოველთვის ასე ხდება: ორივე მხარე მართალია და ურთიერთს „კრემლისა“ და კა-გე-ბეს აგენტობაში სდებენ ბრალს და „ერის მოღალატის“ საშინელ სახელს „შუბლზე აკრავენ“. სამწუხაროდ, ასე იყო და ასე არის.
1991 წლის მაისის შუა რიცხვებში თბილისში განვითარებული მოვლენებიც ამგვარი რიგისა იყო. კერძოდ: ხელისუფლება ბრალს სდებდა პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოთხი თანამშრომლის პირადი მცველების სტატუსით საქართველოში ჩამოყვანაში. ეს სერიოზული პოლიტიკური და მორალური ბრალდებაც იყო: იმ წლებში საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებასთან რაიმე, თუნდაც ჰიპოთეტური კავშირი, უაღრესად ეგზალტირებულ ქართველ საზოგადოებაში ლამის ქვეყნის ღალატად აღიქმებოდა. მოვლენები კი ამგვარად ვითარდებოდა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 26 მაისს გაიმართა, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ (პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“) დიდი უპირატესობით (მან ხმათა 86,14% მიიღო) გაიმარჯვა. პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების შედეგები ამგვარი იყო: ვალერიან ადვაძე (საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი) - 8,07%; ჯემალ მიქელაძე (საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია) - 1,74%; ნოდარ ნათაძე (საქართველოს სახალხო ფრონტი) და ა.შ. ამ პიროვნებათაგან უმრავლესობა უკვე აღარაა ცოცხალი, ამიტომ მოვლენების შეფასებისას, ასევე დასკვნების გამოტანისას, ძალზე ფრთხილები უნდა ვიყოთ, რათა უნებურად ჩრდილი არ მივაყენოთ მათ ხსოვნას და დაუმსახურებელი ეპითეტებით არ შევამკოთ ისინი. ამავე დროს ობიექტურად უნდა შეფასდეს განვითარებული მოვლენებიც. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ზ. გამსახურდიას მთავარი მოწინააღმდეგე პროფესორი ვ. ადვაძე (1931-2013) იყო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ დირექტორის მოადგილე, ხოლო 1988 წლიდან - დირექტორი გახლდათ. 1989-1991 წლებში ვ. ადვაძე „სსრკ სახალხო დეპუტატი“ იყო.

ვალერიან ადვაძე ხშირად მონაწილეობდა ოპოზიციის მიტინგებში.
1991 წლის მაისის შუა რიცხვებში თბილისში განვითარებული მოვლენების უკეთ გასარკვევად აუცილებელია ყურადღებით გავეცნოთ ყველა ინფორმაციას. ობიექტურობისთვის მაქსიმალურად დავეყრდნოთ ოფიციალურ ინფორმაციას, რომლებიც წლების შემდეგ მოპოვებულ დოკუმენტურ წყაროებთან უნდა შევაჯეროთ.
1991 წლის 14 მაისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მაისის პირველ რიცხვებში ქალაქ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა რუსეთის, კერძოდ, ქალაქ სოჭის სახელმწიფო ნომრებიანი მსუბუქი ავტომანქანა და ამ ავტომანქანაში იყვნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც აშკარად არ ჰგვანდნენ ქალაქის მკვიდრთო. ვიზუალურად როგორ დაადგინეს ამ პირების წარმოშობა, ეს უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მილიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა.
„დეტექტიური სიუჟეტი“ კი ამგვარად გაგრძელდა: თურმე, შსს დაინტერესდა ამ ფაქტით და განახორციელა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები, რათა დაედგინა, ვინ იყვნენ ეს პიროვნებები, რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში და სად იმყოფებოდნენ საცხოვრებლად. შედეგად ძალზე საინტერესო ფაქტი გამოვლინდა. მილიციამ, თურმე, მიაკვლია მათ საცხოვრებელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, ამ ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, - ვალერიან ადვაძის სამუშაო კაბინეტში, რომელიც არჩევნების პერიოდში წარმოადგენდა მისი საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინას.
1991 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, უცნობ პირთა ვინაობის დასადგენად ეკონომიკის ინსტიტუტში მისულან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები და რამდენიმე თანამშრომელი. ინსტიტუტის დირექტორს, ვალერიან ადვაძეს მათ უთხრეს, რომ მის შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და სთხოვეს განემარტა, ვინ იყვნენ ისინი. ვ. ადვაძის პასუხი ამგვარი იყო: ეს პირები არიან მილიციის მუშაკები, მოსკოვის ერთ- ერთი კოოპერატივის წევრები, რომლებიც ეწევიან მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, ხელშეკრულების საფუძველზე დაცვას. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის არ ენდობოდა საქართველოს ხელისუფლების სამართალდამცავ სტრუქტურებს. იმ პერიოდში აღნიშნულ ინსტიტუტში ვმუშაობდი ერთ-ერთი სექტორის უფროსად და კარგად მახსოვს შემდგომ განვითარებული მოვლენები. საქართველოს შსს-ს პრესცენტრის ვერსია ამგვარი იყო. სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები ვალერიან ადვაძეს, თურმე, რამდენიმე საათის მანძილზე სთხოვდნენ, რომ ეს უცხო პირები წაყოლოდნენ სამინისტროში, მათი პიროვნების დასადგენად, რაზედაც პრეზიდენტობის კანდიდატი კატეგორიულ უარს აცხადებდა. ამის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა, მის ხელთ არსებული საშუალებებით დაედგინა ეს პიროვნებები. ამ პერიოდში შტაბ-ბინაში თავი მოიყარეს ბატონ ვალერიან ადვაძის საარჩევნო ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც დაიწყეს ჩამოსული პირების დაცვა და კატეგორიულად წინ აღუდგნენ მილიციის მოთხოვნას. ცოტა ხნის შემდეგ შტაბ-ბინაში გამოჩნდნენ „მხედრიონის“ წევრებიცო - აცხადებდა შსს-ს პრესცენტრი. მოლაპარაკებებმა შედეგი, რომ არ გამოიღო, საქმეში ჩაერთვნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი დილარ ხაბულიანი, მინისტრის მოადგილე რომან გვენცაძე და ქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი გრიგოლ შონია. მიუხედავად მათი ახსნა-განმარტებისა და დაბეჯითებული თხოვნისა, ვალერიან ადვაძე, თურმე, კვლავ კატეგორიულად არ

დილარ ხაბულიანი და ზვიად გამსახურდია
თანხმდებოდა ამ პირების შინაგან საქმეთა სამინისტროში წაყვანას. ბუნებრივია, ამ მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შესახებ სრული ინფორმაცია ექნებოდა საქართველოს რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელს - ზვიად გამსახურდიას და მის ახლოგარემოცვას. უკვე შუაღამეს გადაცილებული იყო, რომ ვ. ადვაძის კაბინეტში დიდი ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო, მილიციის სპეცრაზმსა და პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეებს შორის. შსს-ს პრესცენტრი იუწყებოდა, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით მოხერხდა პროკურატურაში მოსკოვიდან ჩამოსული „სტუმრების“ წაყვანაო.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის კომპლექსები: "კაბლუკებზე" "შემხტარი" კრემლის ბინადარი, დაბულინგებული მერკელი და მთავარი კითხვა: უწოდა თუ არა სააკაშვილმა პუტინს "ლილიპუტინი"?!
პირადი ჩხრეკისას მათ აღმოაჩნდათ ტაბელური პისტოლეტები. დაკავებულებს თავი უმართლებიათ: სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს სამმართველოს თანამშრომლები და ამ სამმართველოსთან არსებული კოოპერატივის წევრები ვართ, რომელიც კერძო პირების დაცვას ეწევაო. ვ. ადვაძესთან კი, შუამავლის მეშვეობით, პირადი დაცვის შესახებ ხელშეკრულება გვაქვს დადებულიო. საქართველოს შსს-ს პრესცენტრი იუწყებოდა, რომ მოსკოვის სამძებროს („მურის“) უფროსის განცხადებით, ეს თანამშრომლები თურმე გამოითხოვა საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისცა „საქართველოს და რესპუბლიკაში შესასრულებელი დავალება“, რომლის შესახებ მეც არაფერი ვიციო.
თბილისში დაკავებულებს თან პირადობის მოწმობებიც ჰქონიათ, რომლის მიხედვით ისინი აღმოჩნდნენ: ჯგუფის უფროსი, მილიციის მაიორი მიხეილ პეტრეს ძე მაქსიმოვი, მილიციის უფროსი ლეიტენანტი ვალერი ვლადიმერის ძე კანაკინი, მილიციის ლეიტენანტი ალექსანდრე ვიქტორის ძე პრიდიუსი და მილიციის ლეიტენანტი ალექსანდრე ვლადიმერის ძე იურინი.
საქართველოს შსს-ს პრესცენტრი ამგვარ კითხვას სვამდა: ხომ არ არიან ისინი სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, რომლებიც ოპერატიული მოსაზრებებით ინიღბებიან „მურის“ ყალბი წიგნაკებით, რაც საკმაოდ ხშირია ამ ორგანიზაციის პრაქტიკაშიო?
საინტერესოა, მართლაც ვინ იყვნენ საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის პირადი დაცვის წევრები და რა მიზნით იყვნენ ჩამოსულნი საქართველოში?
(პირველი ნაწილის დასასრული)