სუპერშოკი და ძალიან ცუდი სიზმარის?! - უკრაინის დამანგრეველ პუტინს და მის მარიონეტ ლუკაშენკოს ტრამპი ღაზის სექტორის „აღმაშენებელ“ „მშვიდობის საბჭოში“ - კვირის პალიტრა

სუპერშოკი და ძალიან ცუდი სიზმარი?! - უკრაინის დამანგრეველ პუტინს და მის მარიონეტ ლუკაშენკოს ტრამპი ღაზის სექტორის „აღმაშენებელ“ „მშვიდობის საბჭოში“ იწვევს

უკრაინის დამანგრეველ პუტინს ტრამპი ღაზის სექტორის „აღმაშენებელ“ „მშვიდობის საბჭოში“ იწვევს - სად არის ლოგიკა?

„პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების ყველა დეტალს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები გვექნება ყველა ნიუანსის გასარკვევად,“- განაცხადეს კრემლში და ეს არ არის საახალწლო ხუმრობა...

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მართლაც შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, ისევე, როგორც ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და თურქეთის, ყაზახეთის, სომხეთის, უზბეკეთის და რიგი სხვა ქვეყნების ლიდერებს, „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს - ეს საბჭო ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

პრეზიდენტი ტრამპი მის მიერ თითქოსდა შეჩერებული „რვა ომიდან“, განსაკუთრებით ამაყობს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაში მისი მთავარი როლით, რაც მართლაც ახლოს არის სიმართლესთან (განსხვავებით, აზერბაიჯან-სომხეთის 2020 წლის 44 დღიან ომთან, რომლის დამთავრებაში ტრამპი არაფერ შუაშია, თუმცა იბრალებს...), მაგრამ ღაზის სექტორში ჯერ სრულ მშვიდობას არ დაუსადგურებია, რადგან გადაუწყვეტელი რჩება მთავარი ორი პრობლემა - „ჰამასის“ განაირაღება და ღაზის სექტორში სამშვიდობო ძალების შეყვანა...

არც „ჰამასი“ აპირებს განაირაღებას და თავის მხრივ ისრაელიც კატეგორიული წინააღმდეგია ღაზის სექტორში სამშვიდობო მისიით შეყვანილი თურქი და ეგვიპტელი სამხედროები იხილოს...

ასე რომ, ისრაელის ავიაციითა და არტილერიით თითქმის ბოლომდე მიწასთან გასწორებული ღაზის სექტორის ხელახლა აშენების დაწყება წარმოუდგენლად მოჩანს მანამდე, სანამ არ მოგვარდება ზემოთ ნახსენები ორი ძირითადი პრობლემა - „ჰამასის“ განაირაღება და სამშვიდობო ძალების სამხედრო კონტინგენტის განსაზღვრა.

და ასეთ დროს აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში დანგრეული ღაზის აღსადგენად გვერდში ამოდგომას სთავაზობს რუსეთის იმ პრეზიდენტს ,რომლის ბრძანებითაც ოთხი წელია, რაც ყოველღამე იბომბება და ნადგურდება ერთი ციცქნა ღაზის სექტორზე(ღაზას სექტორის ფართობი 365 კვ.კმ-ია, ხოლო უკრაინისა კი 603 549 კვ.კმ) 1 653-ჯერ დიდი უკრაინა...

ასევე დაგაინტერესებთ: სირიელი ქურთები კაპიტულაციას აცხადებენ, თურქეთის მორიგი გამარჯვება ახლოაღმოსავლეთში, რაც მას ისრაელთან კიდევ უფრო დააპირისპირებს...

უკრაინული ატომური ელექტროსადგურების „გათიშვით“ კრემლი უკრაინის სრულ ჩაბნელებასა და „გაყინვას“ ეცდება...

7 მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ირანს არ დაარტყა - გაწირეს თუ არა ამბოხებულები?!

„მაიტა გრენლანდია!“ - რატომ ჩაიციკლა ასე ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონებაზე?!

როგორ უნდა მოაგვაროს სხვა ქვეყნებში კონფლიქტები იმ რუსეთმა, რომელმაც მეზობელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე ფართომასშტაბიანი,ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი დაუწყო?

იმის ნაცვლად,რ ომ ჯერ მეზობელ საქართველოზე და შემდეგ მეზობელ უკრაინაზე განხორციელებული ღია სამხედრო აგრესიების სანაცვლოდ დასავლეთს კრემლი კეთროვანივით მოკვეთილად და პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცია, ის აგრესორ რუსეთს ისევ საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩასარევად თავადვე იწვევს. სეთი დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, როდესაც 2009 წელს (რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან ერთ წელში) „გადატვირთვის“ პროგრამა შესთავაზა კრემლს და იგივე შეცდომას იმეორებს 17 წლის შემდეგ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ტრამპიც, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ მეოთხე წელია მეომარ პუტინს სთავაზობს გვერდში დადგომას ღაზის სექტორის „ასაღორძინებლად“...