როგორ ინგრევა მსოფლიო წესრიგი და რა ელის საქართველოს - კორნელი კაკაჩიას ანალიზი: "დღეს ორი სცენარი იკვეთება"
დღეს ვხედავთ "წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის" ნგრევას, სადაც მრავალმხრივი დიპლომატია ადგილს უთმობს "დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას". ფაქტია, ამ პროცესის მთავარი კატალიზატორი ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხაზია - თუკი ადრე ნატო ან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ურყევ მოცემულობად ითვლებოდა, დღეს ისინი "კლიენტურ" დამოკიდებულებებად იქცა, სადაც უსაფრთხოების გარანტიები პირდაპირპროპორციულია პარტნიორის მიერ გაღებული კონტრიბუციისა. საერთაშორისო წესრიგის ეს ეროზია ნათლად ჩანს ტრამპის დამოკიდებულებაში უკრაინის ომის მიმართ, სადაც ის აქცენტს აკეთებს არა აგრესორის შეკავებაზე, არამედ რესურსების ოპტიმიზაციაზე. ევროპა კი იძულებულია გამოვიდეს ათწლეულების განმავლობაში "გაზულუქებული" მდგომარეობიდან, რასაც აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა უზრუნველყოფდა. ევროპული ქვეყნების მიერ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფო გადაფასება იმის აღიარებაა, რომ ამერიკული "ლიბერალური ჰეგემონია" დასრულდა და მსოფლიო მულტიპოლარულ ანარქიულ სისტემაში გადავიდა. ამ ახალ რეალობაში გრენლანდიის საკითხიც კი, რომელიც ერთი შეხედვით აბსურდულად ჩანდა, სინამდვილეში კლასიკური რეალიზმის გამოვლინებაა. ტრამპის სურვილი, იყიდოს ან გააკონტროლოს ეს ტერიტორია, პირდაპირ ეხმიანება მე-19 საუკუნის იმპერიალისტურ ლოგიკას, სადაც ტერიტორიის სტრატეგიული მდებარეობა და რესურსები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოკავშირეების სუვერენიტეტი. ეს არის სიგნალი, რომ არქტიკა ხდება დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ახალი ფრონტი, სადაც საერთაშორისო სამართალი უკან იხევს გეოპოლიტიკური ინტერესების წინაშე. ანალოგიური სიხისტე იკვეთება ვენესუელას საკითხშიც, სადაც ვაშინგტონი აღარ ერიდება მკაცრი ძალითა და ეკონომიკური იზოლაციით რეჟიმების მართვის მცდელობას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსოფლიოში ძალისმიერი დიპლომატიის ეპოქა დაბრუნდა. ამას ემატება ირანის საკითხი, რომელიც ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, კაცმა არ იცის, როგორ მოგვარდება. ფაქტობრივად, ანარქიულ სამყაროს ვიღებთ, სადაც მთავარი ინსტრუმენტი არა წესები, არამედ ძალა ხდება, რა ბედი ელით მცირე ქვეყნებს, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით.
- ე.წ. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი ნელ-ნელა იშლება. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ხელს უწყობს თავად მისი შემქმნელი - შეერთებული შტატები, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში შექმნა ეს სისტემა და მსოფლიოს მეტ-ნაკლები სტაბილურობა შესძინა. დღეს იკვეთება ორი გზა: იქნება ბიპოლარულობა, ანუ ჩინეთისა და აშშ-ის დომინირება, თუ სისტემა უფრო მულტიპოლარული გახდება, სადაც ამ ორ ქვეყანასთან ერთად ისეთი სახელმწიფოებიც იქნებიან, როგორიცაა რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სხვა. ფაქტია, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, ფასეულობების ისეთი ფუნდამენტური საკითხებიც, როგორიცაა ალიანსების სისტემა. თუ ადრე ალიანსებისთვის ღირებულებები იყო უპირატესი, ტრამპის მოსვლის შემდეგ აქცენტი უფრო ტრანზაქციულ ურთიერთობებზე გადავიდა, რაც საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობისთვის დიდი გამოწვევაა.
რას დაეფუძნება ახალი სისტემა? საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ საერთაშორისო სისტემა თავისი არსით ანარქიულია, რადგან მას არა ჰყავს მსოფლიო მთავრობა. თუმცა საინტერესოა, სანამდე გაიზრდება ამ ანარქიულობის დოზა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრუნდება მე-19 საუკუნის ტიპის "დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა" (Great Power Politics), სადაც დიდი სახელმწიფოები ჩაგრავდნენ პატარებს. არსებული ტენდენცია ძალიან ასუსტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო და ნატოც კი. თუნდაც გრენლანდიის საკითხმა ნათლად გამოაჩინა, რომ ამ გამოწვევების წინაშე იმუნიტეტი აღარც სამხედრო ალიანსებს აქვთ.
გასაგებია, რომ ტრამპი ცდილობს გრენლანდიის საკითხი გადაწყვიტოს, ხან მშვიდობიანი გზით, ხან კი ძალის გამოყენებაზეც არ ამბობს უარს, მაგრამ ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ნატოს ერთიანობის იდეას. ამის მაგალითია ის, რომ გერმანიამ, შვედეთმა და ნორვეგიამ გრენლანდიაში მცირე წარმომადგენლობები გაგზავნეს. ამის მიზანი ის კი არ არის, რომ ამერიკულ ჯარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, არამედ პოლიტიკური სიგნალია.
თუ აქამდე გვეგონა, რომ დასავლეთი ერთიანი იყო, დღეს სურათი იცვლება - აშშ ცალკეა, ევროპა - ცალკე. ხდება "კოლექტიური დასავლეთის" გადააზრება, რაც გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. აშშ ელოდება, რომ ევროპა თავად მიხედავს თავს, მათ შორის რუსეთის აგრესიას და აშშ-ის კონცეფციაშიც პირდაპირ ასე წერია.
რამდენად არიან მზად ამისთვის ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, ბრიტანეთის ჩათვლით, ამას დრო გვიჩვენებს. "ცივი ომის" პერიოდში ეს კონტინენტი, ასე ვთქვათ, ცოტა გაზულუქებული იყო აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, რამაც მათ საშუალება მისცა მთელი რესურსი კეთილდღეობის სახელმწიფოს (Welfare State) მშენებლობისთვის მიემართათ. ახლა ევროპას მოუწევს საკუთარ და მეზობლების უსაფრთხოებაზე თავად იზრუნოს. ეს პროცესი მტკივნეული იქნება.
ჩვენ არ ვიცით, რამდენად შორს წავა აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელი ადმინისტრაცია ევროკავშირს ისეთივე მეტოქედ განიხილავს, როგორადაც სხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მათთვის მაინც "სისტემური მეტოქეა". ყოველივე ეს თავდაყირა აყენებს აქამდე არსებულ დასავლურ სისტემას.
- პატარა ქვეყნების პრობლემები ასეთ შემთხვევაში ძალიან იზრდება. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ბედი გვაწუხებს და ამ სიტუაციაში რა უნდა ვქნათ, სად არის ჩვენი ადგილი?
- ასეთ სისტემაში მცირე სახელმწიფოსთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკიდურესად რთულია, მით უმეტეს, საქართველოს სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება უკვე ერთგვარად გაუუცხოვდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - აშშ-სა და ევროკავშირს, რომლებსაც აქამდე ვეყრდნობოდით. ამის პარალელურად, დავიწყეთ ე.წ. ცრუ მულტივექტორიზმის პოლიტიკა, რომლის არსიც ჩინეთის სახით ახალი მოკავშირეების შეძენაა. თუმცა ფაქტია, ეს უფრო შიდაპოლიტიკური კონიუნქტურით არის განპირობებული, ვიდრე რეალური სტრატეგიული გათვლით. პატარა სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს და არა კონკრეტული ჯგუფების თუ პერსონების ინტერესებს. ამის უგულებელყოფას შეიძლება მოჰყვეს უსაფრთხოების პრობლემების უფრო გაღრმავება, განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც რუსეთი აგრესიულია, ირანში გაურკვეველი ვითარებაა, თურქეთის პოლიტიკა კი - შეცვლილი.
მცირე სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკაში შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს, რადგან ეს შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. დიდ სახელმწიფოებს აქვთ ფუფუნება შეცდომები გამოასწორონ, ჩვენ კი ეს პერიოდი უშეცდომოდ უნდა გავიაროთ. ეს ნიშნავს ყველა მოთამაშესთან დაბალანსებულ ურთიერთობას, თუმცა აქ უკვე სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან დასავლეთთან ურთიერთობა გავაფუჭეთ.
- ევროკავშირის მიზანმიმართული ლანძღვა რა პოლიტიკის ნაწილია?
- ამას აქვს შიდაპოლიტიკური ახსნა - დღევანდელი რეჟიმი ერთი ადამიანის ინტერესებს ასახავს, მისი მიზანი კი რეჟიმის ცვლილების თავიდან აცილებაა... ამასთან, ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან "ფეხაკრეფით მიტმასნების" პოლიტიკა აწარმოოს, თუმცა ამას პირდაპირ ვერ ბედავს, რადგან საზოგადოება რუსეთთან დაახლოების წინააღმდეგია. სწორედ ამიტომ ცდილობენ ხალხის ფსიქოლოგიურად მომზადებას, თითქოს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა აუცილებელია. ივანიშვილის მხრიდანაც იყო მინიშნებები ტერიტორიულ მთლიანობაზე, თუმცა ფაქტია, რუსეთი საპასუხოდ არაფერს აკეთებს. ამიტომ ასეთი მოსაზრებაც არის, რომ ჩინეთთან ურთიერთობა სინამდვილეში შეიძლება მოსამზადებელი ეტაპი იყოს რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზული ცვლილებებისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური განცხადება: "ეჭვი არ მეპარება, რომ ალასკაზე პუტინი ტრამპს საქართველოზეც ესაუბრა: ამერიკა შენია, უკრაინა, კავკასია და ცენტრალური აზია - ჩემი..." - პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზი
- ტრამპის პოლიტიკა "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს? გასაგებია, რომ ტრამპს სულ არ აინტერესებს, აქ რა ხდება, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით რომ შევხედოთ?
- ერთი შეხედვით ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ჩაჯდეს ტრამპისეულ წესრიგში და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ აქტიურად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა, მაგალითად, "დიფსთეითი" და სხვა. ეგონათ, მოხდებოდა იდეოლოგიური დაახლოება, დაახლოებით ისეთი, როგორიც სააკაშვილისა და ბუშის პერიოდში იყო, თუმცა ამ გათვლამ არ იმუშავა. დღეს აშშ-ისთვის საქართველო აღარ არის პრიორიტეტული. მათი ყურადღება ჩინეთსა და სხვა რეგიონებზეა გადატანილი. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით მაინც გააზრებული და თანამიმდევრულია. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ელჩი არა გვყავს, თავისთავად მკაფიო პოზიციაა. საქართველო, ფაქტობრივად, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რასაც ბოლო ელჩმა „Strategic insignificance“ ანუ "სტრატეგიული უმნიშვნელობის" მდგომარეობა უწოდა. ფაქტობრივად, საქართველო გახდა უმნიშვნელო და იმისათვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს, "ოცნებამ" უნდა გასცეს პასუხი იმ კონკრეტულ გზავნილებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად.
- ჩინეთთან დაახლოების ცდები ამ კონტექსტში საქართველოსთვის რისი მომტანია? თუ ტრამპი ჩინეთს მთავარ მეტოქედ აღიქვამს, მაშინ საქართველოსთვის ჩინეთის პარტნიორობა შეიძლება სახიფათო გახდეს? მეორე მხრივ, რუსეთის საფრთხის პრევენცია გარკვეულწილად ხომ შეიძლება ჩინეთთან პარტნიორობა იყოს?
- ვფიქრობ, "ოცნებასაც" ესმის რისკები და არის მოსაზრება, რომ სწორედ ამიტომ ანაკლიის პორტის საკითხი ადგილიდან არ იძვრის. ტრამპის პროგნოზირება ისედაც რთულია, განსაკუთრებით მაშინ, რაც ახლა ირანში ხდება და "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ თუ ჩინელები პორტის მშენებლობას რეალურად დაიწყებენ, აშშ-მა ეს საქართველოს ჩინეთის გავლენის სფეროში საბოლოო გადასვლად არ ჩაუთვალოს. ამას შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები მოჰყვეს, ამიტომაც ამ თემაზე ახლა ჩამიჩუმი არ ისმის.