"როგორი ფასდაკლებაც ვრცელდება მაღაზიის პროდუქციაზე, ისეთივე აქციაა ადამიანთა ღირებულებებზე" - თანამედროვე "დარისპანის გასაჭირი" ანუ აუქციონზე გატანილ ადამიანთა ბედი - კვირის პალიტრა

"როგორი ფასდაკლებაც ვრცელდება მაღაზიის პროდუქციაზე, ისეთივე აქციაა ადამიანთა ღირებულებებზე" - თანამედროვე "დარისპანის გასაჭირი" ანუ აუქციონზე გატანილ ადამიანთა ბედი

გიორგი კაშია: „მინდა ყოველ ახალ სეზონზე კლდიაშვილის ერთი ნაწარმოები დავდგა“...

XX საუკუნის დასაწყისის ნაცვლად, მოქმედება თანამედროვე ეპოქაში, მაღაზიაში ვითარდება. ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელზე "სეილია" გამოცხადებული. ფასდაკლების მიუხედავად, კლიენტები არ ჩანან, ისევე, როგორც არავინაა დარისპან ქარსიძის ქალიშვილის - კაროჟნას ცოლად შერთვის მსურველი და არც პელაგია საბელაშვილის ნატალიას უჩანს მთხოვნელი. სწორედ ეს მაღაზიაა მოქმედების მთავარი არეალი, სააუქციონო სივრცე, სადაც ქალიშვილებს მათი მშობლები ისე ექცევიან, როგორც ნივთებს, რომ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფებმა, ისინი შინიდან დროულად მოიშორონ, როგორც ზედმეტი ტვირთი. შვილებს არავინ ეკითხება, სურთ თუ არა გათხოვება და, საერთოდ, რა არის მათი ცხოვრებისეული მიზანი თუ პრიორიტეტი.

აქ არც მამაკაცებს აქვთ თავისუფალი არჩევნის უფლება, ისინიც მშობლებისა და ახლობლების გარიგებების საფუძველზე ქორწინდებიან და ცხოვრების მეგზურებს იმის მიხედვით ირჩევენ, რომელს უფრო კარგი მზითვი აქვს... შესაბამისად, როგორი ფასდაკლებაც ვრცელდება მაღაზიის პროდუქციაზე, ისეთივე აქციაა ადამიანთა ღირებულებებზე. ემოციებისგან დაიცალნენ, გულგრილნი გახდნენ, მათთვის ყველაფერი გაუფასურდა. სიდუხჭირემ მსხვერპლად აქცია, თანაგრძნობის უნარი გაუქრათ და პიროვნულად დეგრადირდნენ.

მართალია, კლდიაშვილის დროიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ზოგიერთი ოჯახი თუ ცალკეული პიროვნება, გარკვეულ ასაკს გადაცილებულ მანდილოსანს, კვლავ როგორც „ჩაწოლილ საქონელს“ ისე უყურებს და საქართველოში მცხოვრები ქალთა ნაწილის პირადი ცხოვრება და არჩევანი ისეთივე მძაფრი წნეხის ქვეშაა, როგორც ეს ხშირად უწინ ხდებოდა.

ასევე უყურებენ მამაკაცებს, რომლებიც ოჯახს „დროულად“ არ ეკიდებიან. ჩვენში ხომ სხვამ უკეთ იცის, შენთვის რა არის უკეთესი, ვიდრე თავად უწყი. მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის და თითქოს ბევრ რამეს დაეტყო პროგრესი, ჩვენში არა ერთ საკითხზე აზრობრივი წინსვლა არ შეიმჩნევა და დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, ამგვარი მსოფლმხედველობა კიდევ დიდხანს გაგვყვება...

0t2a4595-3-1-1768987513.jpg

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით სიმბოლურად ქართული თეატრის აღდგენის დღეს გაიხსნა. დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ თანამედროვე ინტერპრეტაციის რეჟისორი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორი, რეჟისორი გიორგი კაშიაა. ამ სატირულ კომედიაში რეჟისორის მიერ შეტანილი ტექსტუალური ცვლილებებისა და გამოგონილი პერსონაჟების მიუხედავად, სპექტაკლში შენარჩუნებულია კლდიაშვილისეული ბუნებრივი ენა, იუმორი, ირონია, კომიკური სიტუაციები, რომლის უკანაც ყოველთვის დიდი და ტრაგიკული რეალობაა.

(რეჟისორი - გიორგი კაშია, მხატვარი - ანანო დოლიძე, კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა, რეჟისორის თანაშემწე - ელენე კომახიძე

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ავთანდილ ქარჩავა, თამარ მაყაშვილი, ინგა ღირდალაძე, ზურაბ შილაკაძე, თორნიკე ბარამიძე, სალომე ბედინეიშვილი, ხატია ფოფხაძე, ტამანგო ჯღერია, სესე მიქავა, მარიამ მღებრიშვილი).

- გიორგი, შენი სიტყვებია - „კლდიაშვილი ქართული თეატრის მარგალიტია“. მის პიესებს ხშირად დგამ. ახლა რატომ გაგიჩნდა სურვილი, ისევ მას მიბრუნებოდი და აქვე ისიც ვთქვათ, აშკარაა, კლდიაშვილისეულ „დარისპანის“ ვერსიას ბევრი ცვლილება აქვს განცდილი...

- კლდიაშვილის დრამატურგიას არც არასდროს „გავქცევივარ“. სულ ვდგამ და საერთოდ, ამ დრამატურგთან ურთიერთობა ყველა რეჟისორისთვის ძალიან კარგი პრაქტიკაა, რადგან, პირველ რიგში, კლასიკურ სტრუქტურას ინარჩუნებს და მეორე - ქართული და ეროვნულია. ვფიქრობ, ყველას ამოცანა უნდა იყოს ეროვნული დრამატურგიის პოპულარიზაცია. რაც შეეხება ტექსტს, როგორც წესი, ტექსტს რეპეტიციის პროცესში, იმპროვიზაციულად ვიფიქრებ. თავდაპირველად, ტექსტზე ვალერი ოთხოზორიამ იმუშავა, ის ნაწერი გონებაში მქონდა, მაგრამ შემდეგში მაინც ცვლილება განიცადა და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც სპექტაკლშია.

0t2a4628-2-1-1768987539.jpg

- ბათუმის თეატრის დასთან მუშაობა პირველად მოგიწია...

- დიახ და ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო. სპექტაკლი ძალიან მოკლე დროში, 19 დეკემბერს დავიწყეთ და 14 იანვარს უკვე პრემიერა გვქონდა. მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ შესანიშნავ ხალხთან მომიწია მუშაობა და ურთიერთობა.

- შენს სპექტაკლებს, როგორც „დარისპანის გასაჭირის“ დროს, ისე, სხვა შემთხვევებშიც ჰყავს 19 წლის კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავა. მისი ნამუშევრები ცალკე აღნიშვნის ღირსია, როგორც ასაკის, ისე წარმოდგენებს ზუსტად მორგებული მუსიკის გამო. როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

0t2a4611-3-1-1768987603.jpg

- ზუგდიდში „სამანიშვილის დედინაცვლის“ რეპეტიცია მქონდა. კულტურის სახლში, სადაც მაშინ ვმუშაობდით, ფოიეში როიალი იდგა. მორიგ რეპეტიციას ვიწყებდი, როცა შენობაში შევედი და ვხედავ ვიღაც ბავშვი ზის და უკრავს. ცოტა გავბრაზდი, მაგრამ იმდენად მაგარ რამეს ასრულებდა, დავინტერესდი და მეორე დღისთვის შეხვედრაზე დავიბარე. მას შემდეგ ჩემთან აქტიურად მუშაობს და „დარისპანის გასაჭირის“ ჩათვლით, მუსიკალურად 4 სპექტაკლი გააფორმა.

- 2025 წელი საკმაოდ აქტიური გქონდა. ჩამოვთვალოთ, რა სპექტაკლები განახორციელე, გარდა იმისა, რომ გასულ წელს ტარიელ ხარხელაურის საიუბილეო საღამოს რეჟისორიც იყავი...

- 5 სპექტაკლი დავდგი: რუსთაველის ეროვნულ თეატრში „მსხვერპლნი“, ზუგდიდში „იფიგენია ავლისში“, „ბილეთი უკანასკნელი წარმოდგენისთვის“ და „სამშობლო“, ხოლო სოხუმის თეატრში - „სასწაულის მოლოდინში“.

0t2a4673-2-1-1768987566.jpg

- პარალელურად ისიც ვთქვათ, რა ხდება ამ ეტაპზე ზუგდიდში?

- ზუგდიდის თეატრში რეზო შატაკიშვილი „ხანუმას“ დგამს. სპექტაკლში მთელი დასია დაკავებული. ბათუმში მუშაობის დროს, ზუგდიდში ჩემი არყოფნა, შემაფერხებელი არ ყოფილა, ახლაც „ხანუმაზე“ აქტიური სამუშაო პროცესი მიდის.

- ზუგდიდის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა რა ეტაპზეა?

- მალე ფინალს მიუახლოვდება. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან საინტერესო და ხარისხიანი შენობა გვექნება. წესით, 1 წლის შემდეგ უკვე ახალ თეატრში უნდა ვიყოთ.

- რა შედის შენს უახლოეს გეგმებში?

- ბათუმში გოგოლის „რევიზორს“ დავდგამ, რომლის პრემიერასაც გაზაფხულზე ვვარაუდობ. რაც შეეხება კლდიაშვილს, „უბედურება“ არ დამიდგამს და მომავალში ამაზე ვიმუშავებ. საერთოდ, მინდა, ყოველ ახალ სეზონზე, კლდიაშვილის ერთი ნაწარმოები დავდგა, პროზა იქნება ეს, თუ - დრამატურგია...

ანა კალანდაძე

(სპეციალურად საიტისთვის)