რა უნდა გახდეს ემიგრანტების დაბრუნების მოტივაცია? - კვირის პალიტრა

რა უნდა გახდეს ემიგრანტების დაბრუნების მოტივაცია?

"საქართველოში არ ვცხოვრობთ, მაგრამ შინაგანად იქ ვართ, იქაური პრობლემებით, სიხარულითა და ყოველდღიურად ოდნავ უკეთესი ცვლილებების მოლოდინით ვცხოვრობთ... სამშობლოს დატოვება გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ოღონდ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ, იქაური ახლობლებიც გადავარჩინეთ. არასდროს ვფიქრობ იმ დღეზე, როცა ჩემს ქვეყანას უკანასკნელად გავხედე, მაგრამ ძალიან ხშირად ვოცნებობ იმ დღეზე, როცა საქართველოში დავბრუნდები. ის დღე კი, არა და არ დადგა" - ამბობს ჩვენთან საუბარში 44 წლის მარიამი, რომელიც 21 წელია იტალიაში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, ერთი თვით აპირებდა დარჩენას, მაგრამ ერთ კვირაში უკან დაბრუნდა, რადგან სულ სხვა ქალაქი და ქვეყანა დახვდა, სხვა ხალხითა და ცხოვრებით.

"როცა ამ ყველაფერზე გულისტკივილით ვილაპარაკე, ახლობლებმა მისაყვედურეს, თქვენ აქაურობას გაექეცით და იმას ელოდებით, როცა ერთ დღეს ყველაფერი დალაგდება და რომ საცხოვრებლად ჩამოხვიდეთ და აქ იცხოვროთო... არადა, ჩემი ოჯახის ყველა წევრისა და ახლობლის მკურნალობა, სწავლა-განათლება, კვება და ჩაცმა-დახურვა ჩემს მხრებზე გადადიოდა, მაგრამ საქართველოში გაჭირვებას ვერა და ვერ მოეღო ბოლო" - ამბობს ის და არ უარყოფს, რომ იტალიაში ცხოვრების შემდგომ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნება და ცხოვრება გაუჭირდება, თუნდაც განსხვავებული მენტალობის გამო...

საბედნიეროდ, ყველა ასე არ ფიქრობს, - ჩვენი რამდენიმე რესპონდენტი ამბობს, რომ დაწვრილებით ეცნობოდნენ ინფორმაციას, საქართველოში მიმდინარე ცვლილებაზე, თუმცა, არ უარყოფენ, რომ ბევრი ქართველი დაბრუნებას არ აპირებს... ახალმა ხელისუფლებამ მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ბევრს ამის დაუძლეველი სურვილი აქვს, მაგრამ "ბევრი თავს იკავებს, 2003 წლის მწარე გამოცდილება გვაქვს, როცა სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები, ან გააკოტრეს ან ისევ უცხოეთში გააქციეს..."

რეჟისორი და მწერალი ლია ელიავა წლებია, ფინეთში ცხოვრობს. საქართველოში წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩამოდის და ამბობს, რომ ყოველი ჩამოსვლის წინ გზა ჰელსინკიდან თბილისამდე უსაშველოდ გრძელია და თბილისში გატარებული დღეები ძალიან მალე ილევიან.

- უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, თორემ ერთი დღე არ დავრჩებოდი ჰელსინკიში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქვეყანაა. მე და ჩემს მეუღლეს იქაური პენსია გვაქვს, აქაურთან შედარებაც კი არ არის, იმდენად მაღალია. პენსიას ვაგროვებ და იმ თანხით თბილისში წიგნების გამოცემას ვახერხებ. ფინეთში მუშაობისთვისაც მრჩება დრო და დასვენებისთვისაც. ახლა უნდა გამოვიდეს ჩემი პროზა. ადგილობრივი გამოცემებიდანაც მაქვს შემოთავაზება, მით უმეტეს, რომ რუსულადაც ვწერ, მაგრამ ემიგრაციაში ჩემი სამშობლოსადმი რაღაცნაირი ეგოისტური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, - ასე მგონია, იქ რომ წიგნს გამოვცემ ამით ჩემს პატარა ქვეყანას მოვაკლებ სიყვარულს... მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ფინელი მყავს, სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ასაკის ადამიანს კი არა, ახალგაზრდებს არ აქვთ სამუშაო.

რამდენიმე წლის წინ, ძალიან საშიში დაავადება აღმომაჩნდა და ძვირადღირებული მკურნალობა დამჭირდა, მაგრამ ფინეთს აქვს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლის საშუალებითაც საფუძვლიანად ვიმკურნალე. იქ მიმღებში ხელებში არავინ გიყურებს... საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ იმ დღეებში, როცა სიკვდილს ვებრძოდი და გადარჩენის იმედი თითქმის არ მქონდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი წინაპრების მამულში, ხობში უნდა დავესაფლავებინეთ... ახლა რაღაცნაირად იმედიანად ვარ განწყობილი, ასე მგონია, ყველაფერი თანდათან უკეთესობისკენ შეიცვლება.

რატი კოსტავა, 31 წლის:

- ამბობენ, ემიგრაცია ადამიანს ცხოვრებას ასწავლისო, ასეც ყოფილა. ძალიან, ძალიან უზრუნველი ცხოვრება მქონდა, ვიდრე მსოფლიო კაპიტალიზმის ცენტრში – ლონდონში არ გავემგზავრებოდი... ჩემთან ერთად ცხოვრობს მამაჩემიც, მასთან ურთიერთობისთვის დრო თითქმის არ მრჩება, რადგან აქაური სამუშაო გრაფიკი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე საქართველოში. ვიცი, რომ მთაწმინდის პანთეონს მონატრებული მამა თავისუფალ დროს ჰაიგეიტის სასაფლაოზე დახეტიალობს. მსოფლიოს ამ განთქმულ განსასვენებელს, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების ტურისტები ლონდონის მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევენ. მამაჩემმა სამი ენა იცის და თავის გატანა არ უჭირს, მაგრამ ცუდი ჯანმრთელობის გამო შედარებით მსუბუქი გრაფიკი აქვს. მე ავტომობილების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ და ხშირად ღამე სახლში ვერ მივდივარ...

არ გვიჭირს, მაგრამ თავს საშუალო კლასის ფენად მივიჩნევთ. აქ ცხოვრების საქართველოსგან განსხვავებული მიდგომაა, - ავტომანქანა ჰყავთ მხოლოდ იმათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ინგლისელი მანქანის შეძენის გამო არავითარ შემთხვევაში არ მოიკლებს მკურნალობას, კვებასა და დასვენებას. მიუხედავად იმისა, რომ, უმუშევარი ადამიანიც არ კვდება შიმშილით, არც ავადმყოფობით. აქ სახელმწიფო ზრუნავს შენზე: შესაძლებლობას გაძლევს იმუშაო, არ მუშაობ - სოციალურად გიცავს. უყურადღებოდ არ გტოვებს - ბინით უზრუნველგყოფს, სამსახურის შოვნაში გეხმარება...

საქართველოში ჩემი ოჯახის წევრები მაღალ გადასახადებს უჩივიან, სასაცილოა იქაური ხელფასებიც. აქ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს გადასახადი, ყველა პატიოსნად იხდის. იციან, რომ ის თანხა ჩინოვნიკების ჯიბეში კი არ წავა, ხალხს მოხმარდება. საქართველოში კი, ვიცი, მგზავრობის საფასურაც კი წყევლა-კრულვით იხდიან... ასეთი აზროვნება ინგლისში კანონის უზენასეობამ და თანასწორობამ ჩამოუყალიბა. იმედია, ასეთი მოთხოვნა მალე ჩემს ქვეყანაშიც გახდება ჩვეულებრივი...

თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამას ველოდები, უბრალოდ, ერთი პაწაწინა ბიძგი მინდა, რომ დავინახო, რომ ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას სჭირდება, იქ კანონი შერჩევით არ იქნება და მე სამსახურიდან იმიტომ არ გამომაგდებენ, რომ ჩემს ადგილას ჩემი უფროსის ცოლის მამიდაშვილის მეზობელი უნდა მოიყვანონ, რომელიც იმ საქმის აზრზე არ იქნება, რასაც აკეთებს და მაშინვე ავიღებ თბილისში გამოსაფრენ ბილეთს...

ნინო დიდბერიძე, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი:

- 17 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი თბილისში. 2005 წლის შემოდგომაზე. სოლოლაკში ჩემი ეზო დაცლილი დამხვდა, უფრო სწორად, ჩემებისგან დაცლილი. ძველი მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ოჯახი იყო დარჩენილიყო, მოხუცი კაცი, რომელსაც შვილები ამერიკაში ჰყავდათ და იქიდან არჩენდნენ მოხუცს. სხვებს თურქებსა და ჩინელებზე გაექირავებინათ ბინები და სადღაც გადასულიყვნენ...

როცა ძველ ახლობლებს ვესტუმრე, საერთო ენა ვერ ვიპოვეთ, მივხვდი, რომ ძველი ურთიერთობები აღარ არსებობდა. მთავარ ღირსებად ითვლებოდა, ვის რომელი ბრენდის სამოსი ეცვა და რა მარკის მანქანას მართავდა. ამას თავადაც ამჩნევდნენ, გულისტკივილით ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც ასე ცხოვრობდნენ... მივხვდი, რომ აქ დაბრუნებულს კიდევ ერთი ახალი რეალობის შეგუება მომიწევდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, საქართველოს გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია, - არ მინდა ჩემი შვილები ბერძნებად გაიზარდონ.

ლაშა თაბუკაშვილი, 33 წლის, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი:

- დიდად არ მჯერა იმ ადამიანების, ვინც ახლა ხელისუფლებაში მოდის. თუმცა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, არჩევანი გავაკეთე და ხმა "ქართულ ოცნებას" მივეცი. ჩემი აზრით, მიშა უნდა წასულიყო. ვხედავდი, რომ საქართველოში იგებოდა გზები, შენდებოდა ტურისტული კომპლექსები, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი დარჩნენ ჩემი მშობლები და ოჯახი მთლიანად მე დამაწვა კისერზე...

ვუყურებდი ჩემს და-ძმას და ვხვდებოდი, რომ თუ რამე არ შეიცვლებოდა, მათ დიდი პერსპექტივა არ ჰქონდათ, ჯერჯერობით არ აქვთ პიროვნული თავისუფლება, რადგან იქ ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის აუცილებელი საკითხები დგას წინა პლანზე, - კვება და ჯანმრთელობა... აქ ჩემი საქმე მაქვს, საკმაოდ სტაბილური ანაზღაურება, მაგრამ ფაქტობრივად ორ ქვეყანაში ერთდროულად ვცხოვრობ. ამის ნახევარი ხელფასი მაინც რომ მქონდეს, ახლავე დავბრუნდებოდი, მაგრამ ახლა რომ ჩამოვიდე, რა გავაკეთო?..

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)