"ამჟამად სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება" - ილჰამ ალიევი
სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება. თუმცა, ერთ დღესაც ტრანზიტის უზრუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება და ეს დღე არც ისე შორს არის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით,აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.
"ინტერპრესნიუსი"