"სკეპტიკოსებს ვურჩევდი, შეადარონ ახალი კანდიდატურები მათ წინამორბედ მაღალჩინოსნებს" - კვირის პალიტრა

"სკეპტიკოსებს ვურჩევდი, შეადარონ ახალი კანდიდატურები მათ წინამორბედ მაღალჩინოსნებს"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აფასებს.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ ტელეკომპანია "იმედის" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნების ფაქტს?

- "იმედთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენა ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გახლდათ, თუმცა ნაკლები გამჭვირვალობის პირობებში "იმედის" მიმტაცებელ ამხანაგ არველაძის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად მოულოდნელი იყო. ნათქვამია "ქურდს ქუდი ეწვისო", სწორედ ამან იმოქმედა. ეტყობა, შიშმა დაისადგურა იმ ადამიანთა ცნობიერებაში, რომლებიც წარმოადგენენ "ნაციონალური მოძრაობის" უსამართლობისა და თავგასულობის სიმბოლოს.

კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად გვაქვს, მაგრმ არა აღტაცებისა. ეს საქციელი ხელისუფლების მხრიდან ქველმოქმედება ნამდვილად არ არის, ეს უფრო ჩადენილი დანაშაულის კვალის მოსპობის მცდელობა გახლავთ. ისე, საინტერესოა, დროში ასე ჰარმონიულად რატომ დაემთხვა ერთმანეთს ტელევზიებისთვის მილიონობით ვალის ჩამოწერის გადაწყვეტილება და "იმედის" რეალური მეპატრონისთვის დაბრუნების საკითხი. "იმედი" როდესაც რეალური მეპატრონის ხელში იყო, სრულიად პირნათლად ასრულებდა ყველა საგადასახდო ვალდებულებას.

რასაკვირველია, აუცილებლად უნდა დადგეს რიგი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, გამოიტანოს რაიმე სასჯელი ან გაამართლოს ესა თუ ის მოხელე. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ შევრიგდით და არავინ არაფერს დავობს, არ არის საკმარისი ჩადენილი დანაშაულის გათვალსიწინებით.  "იმედი" კერძო საკუთრება იყო და იქნება კვლავაც, მაგრამ მისი მომხმარებელი იყო ქართველი საზოგადოება, ერთ ტელემაყურებელსაც რომ გაუჩნდეს სასამართლოში საქმის აღძვრის სურვილი, იმის თაობაზე, თუ რატომ იყო მისი უფლებები შელახული 5 წლის განმავლობაში, როდესაც ამ არხით მხოლოდ სიცრუეს ქადაგებდნენ, საქმე აღიძვრება და მოუწევს პასუხისგება იმ ადამაინთა ნაკრებს, რომლებმაც ყაჩაღურად დაიტაცეს ამ ტელეკომპანიის აქციები.

- როგორ ფიქრობთ, ასე გაუმჭვირვალედ გამართული მოლაპარაკება ხომ არ ქმნის საფრთხეს, რომ ხელსუფლება პატარკაციშვილის ოჯახისთვის ტელეკომპანიის დაბრუნების შემდეგაც შეეცდება მასზე გავლენის მოხდენას, ხომ არ უნდა ვეძებოთ აქ რაიმე გარიგება?

- რაიმე ტიპის გარიგებას გამოვრიცხავ, სავარაუდოდ, ალბათ რაღაც შეთანხმება არსებობს, რის საფუძველზეც დაუბრუნდა ოჯახს ტელეკომპანია, მაგრამ არა მგონია, ეს ტელევიზიაზე გავლენის შენარჩუნებას გულისხმობდეს.

- უკვე ცნობილია მინისტრობის ყველა კანდიდატი, ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად წარდგენა, თავდაპირველად ის ბიძინა ივანიშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის კანდიდატად წარუდგინა საზოგადოებას…

-  ვიცე-პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატად უკვე დასახელებული კახა კალაძე, არა მგონია, რომელიმე პოზიციაზე აღიქმებოდეს მოულოდნელ კანდიდატურად. მისი გადანაცვლების აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ სრულიად ცხადი გახდა მიხეილ სააკაშვილის მზაკვრული ჩანაფიქრი - დაეწყო რეგიონებში სხვადასხვა სახელისუფლო შტოს წარმომადგენლობის მოსყიდვა. ამისკენ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: მათთვის ხელფასების ზრდა, საკრებულოებისა და ადგილობრივი მმართველობის სხვა სტრუქტურებისთვის მასობრივად გადაცემა იმ ავტომანქანებისა, რომლებიც მთავრობის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში იყო აქამდე და ა.შ. სრულიად სწორია ბატონი ივანიშვილის მხრიდან ის ნაბიჯი, რომ მან რეგიონალური მმართველობისა და მისი განვითარების საკითხები პირადად დაიქვემდებარა. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს რეორგანიზაცია. აი, ამიტომაც გადაწყდა კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად წარდგენა. კახა ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ეს გვაჩვენა ბოლო თვეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, წარმატებული მინისტრი იქნება.

- ენერგეტიკა ძალიან რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, კახა კალაძეს კი არც შესაფერისი განათლება აქვს და არც გამოცდილება…

- სკეპტიკოსებს ვურჩევდი, შეადარონ ახალი კანდიდატურები მათ წინამორბედ მაღალჩინოსნებს, ვინ შეცვალა ბატონმა კახამ ამ თანამდებობაზე? ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ენერგეტიკაზე, თუმცა ამტკიცებდა მენეჯმენტი ვიციო. მისი მენეჯერობა გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ არჩევნებისას სააკაშვილის ენერგეტიკის მინისტრი ბალავაძე, დღეს უკვე იმერეთის გუბერნატორად მოვლენილი, იარაღის ტარს ურტყამდა საარჩვენო უბანთან მისულ ამომრჩეველს, რაც ჩვენ ხაშურში გამარჯვებული მაჟორიტარობის კანდიდატ ვალერი გელაშვილისგან შევიტყეთ. რაც შეეხება დანარჩენ მინისტრობის კანდიდატებს, მიმაჩნია, რომ ეკონომიკური ბლოკი გამორჩეულად კარგია, ესენი არიან საქმის მცოდნე და ქვეყნის პატრიოტი ადამიანები. გაოცებული ვიყავი ასევე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგიენკოს იმ მომზადებითა და მაღალი კომპეტენციით, რაც მან სხავასხვა სატელევიზო ეთერში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოავლინა.

- ყველაზე დიდი პრეტენზიები დავით დარახველიძის მისამართით ისმის, ეს განპირობებულია წინასაარჩვვენო პერიოდში მისი გამონათქვამებით, რაც ქსენოფობიის ელემენტებს შეიცავს.

- მე ბატონ დარახველიძეს არ ვიცნობ, თუმცა მოვისმინე მისი არგუმენტი იმ ცნობილ განცახდებაზე. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთი ვაიტელევიზიის ვაი ჟურნალისტი დასდევდა და მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდა, როდესაც ამ ჟურნალისტმა კიდევ ერთი მისი შეხვედრის ჩაშლა სცადა, ის გამოვიდა მდგომარეობიდან და ამან განაპირობა მისი არცთუ კორექტული განცხადება. ყველანი ადამიანები ვართ, შესაბამისად, ადამიანურად მისი მესმის. ემოციური ადამიანი ჩანს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხარე მას ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობაზე ზრუნვაში მხოლოდ დაეხმარება.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)