"ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო" - პრესსპიკერი
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
ამასთან, პრესსპიკერმა კიდევ გაიმეორა, ორეტაპიანი მიდგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმია ფარგლებში, ორეტაპიანი მიდგომაა: პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება, ასევე, არის შესაძლებლობა, გარკვეულ მომენტში, თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს.
“შემიძლია ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ჩვენს ზომებზე ვილაპარაკო. ევროკომისიამ დაიწყო ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში უვიზო მიმოვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელსაც დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტები გააჩნიათ.
ვიზალიბერალიზაციის მიზანი ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების წინ წაწევაა, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; ხელს უშლის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ახლა, როგორც პირველი ნაბიჯი, ევროკომისიამ გადასცა თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს.
როდესაც ეს იქნება მიღებული, ქმედებები უზრუნველყოფენ, რომ ამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ერთიანად მიიღება ყველა წევრ ქვეყანაში", - ამბობს პრესსპიკერი.
"ინტერპრესნიუსი"