მეორედ გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის თავზე ტრამპი საბოლოოდ აბობოქრდა-გაძლებს კი ის ოვალურ კაბინეტში კიდევ სამი წელი?
2025 წლის 20 იანვარს შედგა აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, ხოლო გუშინ კი ზუსტად ერთი წელი შესრულდა ამ თარიღიდან და შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ითქვას, რომ ამ განვლილ ერთ წელში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მთელი მსოფლიო გადარია და აურდაურია...
თუმცა, დონალდ ტრამპი პოლიტიკურ აბობოქრების ზენიტში სწორედ ამ წუთებში, 2026 წლის 21 იანვრის საღამოს ავიდა, როდესაც შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ის ევროპას ფაქტობრივად ღიად დაემუქრა გრენლანდიის თემასთან დაკავშირებით:
„...არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი რამ, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად “გრენლანდია”, რომელიც უკვე გვქონდა როგორც მეურვეს, მაგრამ პატივისცემით დანიას დავუბრუნეთ არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. დავუბრუნეთ ის. ძლიერები ვიყავით მაშინ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ძლიერები ვართ...
... ასე რომ, ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად. და ისინი არ გვაძლევენ. არასდროს სხვა არაფერი არ მოგვითხოვია და მიწის ეს ნაჭერი შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა და არ შევინარჩუნეთ. ასე რომ, მათ არჩევანი აქვთ, შეგიძლიათ თქვათ “კი” და ძალიან დავაფასებთ ამას, ან შეგიძლიათ თქვათ “არა” და ამას დავიმახსოვრებთ. ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა ძლიერ ნატო-ს ნიშნავს”-მოურიდებლად აცხადებს და ამასთან არცთუ შეფარულად იმუქრება მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ბირთვული ზესახელმწიფოს-აშშ-ის პოლიტიკური ლიდერი...
ამას საკუთარი თვალით რომ არ უყურებდე და საკუთარი ყურებით არ უსმენდე, შეიძლება იფიქრო, რომ რომელიმე ქვეყნის დიქტატორი-პრეზიდენტი იმუქრებაო, თუმცა თვით პუტინსაც კი არ გაუკეთებია ასეთი არადიპლომატიური დამუქრებები...
რუსეთის ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,ზედმეტსახელად „ალკონავტი“, როგორ კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა, ყველა ხედავს, მაგრამ ამჯერად მისი ნათქვამის დაჯერება შეიძლება - „ტრამპს სურს, რომ გრენლანდიის კუნძული მსოფლიო რუკებზე ამერიკის დროშის ფერებში გამოსახოს და დამფუძნებელი მამების გვერდით დადგეს. სურს, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს და რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი გახდეს“, - განაცხადა მედვედევმა და ძნელია არ დაეთანხმო...
ისევე, როგორც არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გავიხსენო ამავე ბლოგში ნახევარი წლის წინ გამოთქმული მოსაზრება-თუკი ტრამპი გრენლანდიის, პანამის არხისა თუ კანადის მისაკუთრებას მართლაც ეცდება, მაშინ რით განსხვავდება ის იმ პუტინისგან, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია განახორციელა?!
ტრამპი ღიად აკეთებს პუტინის საქმეს და კიდევ უფრო აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ალასკაზე პირისპირ შეხვედრისას თითქოს მართლაც გადაინაწილეს გავლენის სფეროები ჩვენს მრავალტანჯულ პლანეტაზე-ტრამპს დედამიწის დასავლეთ, ხოლო პუტინს კი აღმოსავლეთ ნახევარსფეროები შეხვდათ თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურების გასაგრძელებლად?
„გრენლანდიაამოჩემებული“ ტრამპი ნუთუ ვერ ხვდება, რომ ასეთი ქმედებებით ამ კუნძულის რუსეთისა და ჩინეთისგან დაცვის გაძლიერებას კი არ მიაღწევს, არამედ შუაში გახლიჩავს ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსს, რითაც სწორედ მოსკოვისა და პეკინის წისქვილზე დაასხამს წყალს?
ან იქნებ სწორედ ეს სურს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, რომ გააგრძელოს ის, რაც ვერ მოასწრო 45-ე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში?
ტრამპმა თუკი ასე გააგრძელა (არადა უკვე ეჭვიც აღარ დარჩა, რომ არათუ ასე გააგრძელებს, არამედ კიდევ უფრო მოუმატებს „აბობოქრებას“), გაძლებს კი ის კიდევ სამი წელი პრეზიდენტის სავარძელში თუ იმპიჩმენტის საფრთხე დაემუქრება, მათ შორის ყოფილი მომხრეების მხრიდანაც?