"სასწაული ხდება, სიტუაცია მარაზმამდე მიდის" ანუ ვინ იქნება ქართული პოლიტიკის "ლენინი"?! - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: რა სჭირს ოპოზიციას?
როგორც წესი, საშობაო უქმეების შემდეგ საქართველოში ოპოზიცია რაღაცნაირად ცოცხლდებოდა და, ასე თუ ისე, პოლიტიკური პროცესისთვის ბიძგისმიმცემ ნაბიჯებს დგამდა, წელს კი მსგავსი არაფერი ხდება. რატომ არ ან ვერ აკეთებს ოპოზიცია ვერაფერს და სულ უფრო რატომ ძლიერდება ოპოზიციის ივანიშვილთან გარიგების ეჭვები, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობის პრინციპები აქვს შესამუშავებელი. ოპოზიცია უნდა გათავისუფლდეს იმ ფუნდამენტური მიდგომებისგან, რომელთა მიხედვითაც "მხოლოდ ის არის სწორი, რასაც მე ვიტყვი, დანარჩენი კი მტერია და ჩემ გარდა არავის მოეკითხება ჭკუა".
წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო, არსებობდა თემები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ დისკუსია დახურულია. როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მისი იდეოლოგიის გარდა, არაფერი არსებობს და მასთან თანამშრომლობის მსურველმა ყველაფერი უპირობოდ უნდა გაიზიაროს, ეს ჩვეულებრივი ფუნდამენტალიზმია. აუცილებელი არ არის, ის რელიგიური იყოს. ეს არის პოლიტიკური ფუნდამენტალიზმი, რომლითაც ქართული პოლიტიკა 25 წელია დაავადებულია. სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება პარტიების თანამშრომლობა.
ამ "დაავადების" საზოგადოებაში დამკვიდრების, პოლარიზაციისა და დაპირისპირების სათავეში თავად ლიდერები დგანან, რომლებსაც პოლიტიკის წარმოება მხოლოდ "მტრის ხატის" შექმნით შეუძლიათ. ამაში დამნაშავე უპირველესად ხელისუფლებაა, რომელიც, ფაქტობრივად, იმეორებს წინა ხელისუფლების დამოკიდებულებას ოპონენტებისადმი - სახელმწიფო ვარ მხოლოდ მე, ქვეყანაზე მე ვზრუნავ, ხოლო ვინც არ მეთანხმება, ყველა მტერი, მოღალატე და აგენტია. წინა ხელისუფლება რუსეთის აგენტობას გვაბრალებდა, ეს ხელისუფლება - დასავლეთისას.
ოპოზიციის მთავარი ამოცანა ძლიერი ალტერნატივის შექმნაა, მაგრამ დღეს არ არსებობს ისეთი პარტია, რომელიც ლენინივით წამოხტება და იტყვის, არის ასეთი პარტიაო. შედეგი მხოლოდ თანამშრომლობით მიიღწევა. ამისთვის კი, მინიმუმ, ერთმანეთის გინებას უნდა დაანებონ თავი. დღეს საქართველოში ამომრჩევლის 30% ხელისუფლების მომხრეა, კიდევ 25-30% - აქტიურად ოპოზიციური, რომლისთვისაც მთავარია ხელისუფლების მოშორება. თუმცა დარჩენილი 40% არის ხალხი, ვისაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციაშიც ვერ ხედავს იმ ძალას, რომლისაც ირწმუნებს.
საქართველოში ხელისუფლება მაშინ კი არ იცვლებოდა, როდესაც რადიკალური, თუნდაც ფუნდამენტალისტურად განწყობილი ნაწილი რაც შეიძლება ხმამაღლა ყვიროდა, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოების ფრთხილი ნაწილი გადადიოდა ოპოზიციის მხარეს. ეს ის ხალხია, რომელიც ყველანაირ ცვლილებაზე არ მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ რამე შეიცვალოს.
რეალობა ასეთია - თუ გვინდა ოპოზიცია გაძლიერდეს და ხელისუფლება დასუსტდეს, ოპოზიციურ სპექტრში უნდა იყოს ადგილი ყველასთვის - რადიკალებისთვისაც და ზომიერებისთვისაც. მთავარია, ოპოზიციამ შეძლოს და თავის მხარეს გადმოიყვანოს განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეების დიდი ნაწილი.
თუ ისევ ისე გაგრძელდება - ანუ ყველას, ვინც რადიკალურ განწყობებს არ იზიარებს, "ბიძინას", "ოცნების" ან "პუტინის" აგენტებს დაუძახებენ, ოპოზიცია დარჩება იმავე მდგომარეობაში, რადგან ფაქტები ნათლად გვიჩვენებს, რომ ოპოზიციის მომხრეები არ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. აი, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი - ხელისუფლებას ბევრად მეტი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციას მომხრე.
დღეს, ფაქტობრივად, მთელი ზეწოლა ხელისუფლებაზე მხოლოდ ქუჩის აქციებია, რომელსაც საზოგადოება მართავს.
- იქნებ ოპოზიციას არც სურს ხელისუფლებაზე ზეწოლა და არის კომფორტულად?
- ის, რაც ხდება, სასწაულია, სიტუაცია უკვე მარაზმამდე მიდის. მაგალითად, როდესაც ოპოზიციას პრეტენზია აქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისულებს ღობეები გადაჭრილი დახვდათ, აქ რამდენიმე კითხვა უნდა დაისვას. ჯერ ერთი, ვინმემ უნდა გასცეს პასუხი, იქ რა უნდოდათ? რისი გასაღები უნდა მიეცათ? მეორე მთავარი კითხვაა - თუ ეს გეგმა საჯარო იყო და ამბობდნენ, ხალხი რომ შეიკრიბება, მერე გაგაცნობთო, რატომ დახვდათ გისოსები გადახერხილი? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა ყველაფერი. აქედან მხოლოდ ორი დასკვნა გამოდის: ან მახე დაგიგეს და სასარგებლო იდიოტი ხარ, ან ეს ყველაფერი თავიდანვე ხელისუფლებასთან ერთად დაიდგა - მესამე ვარიანტი არ არსებობს.
ვინმემ გამცეს პასუხი, როგორ ხდება, რომ მოსახლეობის 60% ხელისუფლების წინააღმდეგია, მაგრამ სამი არჩევნების შემდეგ ყველა სტრუქტურა 100%-ით "ქართული ოცნებით" კომპლექტდება, ოპოზიცია კი არსად არ არის? ეს მხოლოდ გაყალბების ბრალია? ოპოზიცია არაფერზე აგებს პასუხს? ეჭვი მეპარება.
ასევე დაგაინტერესებთ: პრეზიდენტებისა და პრემიერების დილემა საქართველოში - დამსახურებული პენსია თუ... - კიდევ ვის "ელოდება" რუსთავის მე-12 "სამთავრობო-გამოსასწორებელი“ დაწესებულება?!
- ამ სიტუაციაში რა პოლიტიკურ პროცესზე უნდა ვიფიქროთ?
- ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კი არ მიმდინარეობს, არამედ პროტესტი. ეს დიდ საქმეს აკეთებს, რადგან მსოფლიოს აჩვენებს, რომ საზოგადოება არ ეგუება ხელისუფლების პოლიტიკას, მაგრამ უცნაური სიტუაციაა - ხალხი ქუჩაშია, პოლიტიკური პროცესი კი მკვდარია. სიტუაცია ასეთია - გულშემატკივარი სტადიონზეა, ყვირის, მუხტი არის, მაგრამ მოედანზე გუნდი თუ არ გავიდა სათამაშოდ, ვის უნდა უგულშემატკივრო?
ოპოზიცია არც ქუჩაშია და არც პარლამენტში, თან გვეუბნებიან, ყველაფერი სწორად მიდისო. თუ სწორად მიდის, მაშინ მათი ადგილი სად არის ამ პროცესში? ისინი არსად არ არიან. სულ ვფიქრობ, დასავლეთმა ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა რომ მოსთხოვოს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ისევ ბოიკოტზე წავა.
იქნებ ჯობდეს, ოპოზიციამ ჩამოწეროს რეალისტური პირობები, რაც საჭიროა არჩევნების ჩასატარებლად. ეს პირობები საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მივცეთ. რიგგარეშე არჩევნები ხომ პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო? ახლა კი მესმის, თუ ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, ეს ხაფანგი იქნებაო. აბა, აქციებს რისთვის ატარებთ? "ივანიშვილო, გაიქეცი" არის მოთხოვნა? ოპოზიციას კიდევ ერთი პრობლემა აქვს - ეშინია, არ თქვას რაიმე არაპოპულარული იმ "ბაბლისთვის", რომელიც უკვე 400 დღეზე მეტია ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს. გაჩუმებული არიან, რადგან თუ ისეთს იტყვიან, რაც ამ ხალხს არ აწყობს, დიდ რისხვას დაიმსახურებენ, ეს ხალხი კი ოპოზიციის ერთადერთი დასაყრდენია, რადგან რეგიონებში აღარაფერი დარჩათ, ხალხს ვერაფერს სთავაზობენ, ურჩევნიათ პროცესს ინერციით მიჰყვნენ. ფაქტია, ოპოზიცია პოლიტიკური პროცესიდან გამქრალია.
ეს სიტუაცია იმდენად მომგებიანია ივანიშვილისთვის, რომ ხვალ არჩევნები რომ დანიშნოს და დამკვირვებლები ჩამოიყვანოს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი მასში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს, დასავლეთის რეაქცია კი მიმდინარე მოვლენებზე, რბილად რომ ვთქვათ, მოზომილია. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ისინი ვერ ხედავენ ძალას, რომელსაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. ვერ ხედავენ საზოგადოებაში გავლენის მქონე პარტნიორს. აი, ასეთ ვითარებაში ვართ და როცა მამშვიდებენ, ყველაფერი კარგად მიდისო, ჩემთვის ეს გაუგებარია.