ჟანგჩამორეცხილი ტრაქტორი და პარტიზანები - კვირის პალიტრა

ჟანგჩამორეცხილი ტრაქტორი და პარტიზანები

სექტემბრის შემდეგ "ბელარუსი" უმოქმედოდ იდგა, ძველი გამოშვებული არ იყო, მაგრამ თითქოს ჟანგი მოჰკიდებოდა, პატრონი ზოგიერთი ნაწილის შეცვლაზე ფიქრობდა. თუმცა 16 ოქტომბერს ტრაქტორი დაიქოქა და მძიმედ, მაგრამ მაინც გადაუარა საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა იმედებს.

მოკლედ, მანამდე სამივე მატჩში დამარცხებულმა ბელარუსმა (აქ ბრჭყალები აღარაა საჭირო, რადგან არა ტრაქტორის, არამედ ქვეყნის სახელწოდებაა) 2:0 დაგვამარცხა. არადა, ამ შეხვედრას მასპინძელთათვის საბედისწერო მნიშვნელობა ჰქონდა: სამიოდე დღის წინ ესპანეთთან 0:4 განადგურების შემდეგ ბელარუსთა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაბრაზებულმა თქვა - ყველა რესურსი ჩავრთე, ტრიბუნების შესავსებად ხალხი მივიყვანე, ფეხბურთელებმა კი ქვეყნის ღირსება შეარცხვინესო. მკითხველს შევახსენებთ, რომ გაცილებით ფართო აუდიტორიის წინაშე იმავე ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიამაც 0:4 წააგო, მაგრამ ქვეყნის ღალატის მუხლი მათთვის არავის მიუყენებია.

მოკლედ, ბელარუსებმა სირცხვილი საქართველოსთან მატჩში ჩამოირეცხეს. თუნდაც ლევან ყენიას სიტყვებიდან ჩანს, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა:

- მძიმე თამაში იყო. მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთი ვითამაშე, თუმცა ბევრი ვერაფრის გაკეთება მოვასწარი, რადგან ბურთს უმთავრესად ბელარუსები ფლობდნენ. მათ ერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ჰყავთ - ალექსანდრ გლები. საერთოდ კი ბელარუსი ძლიერი, სტაბილური გუნდია და ბურთთან მოპყრობაც იცის, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ფინეთი.

თუმცა ჩვენთვის არა ბელარუსების მოგების, არამედ ქართველთა მარცხის მიზეზებია საინტერესო. შესაძლოა, ვინმემ ამა თუ იმ მცველის შეცდომაზე გაამახვილოს ყურადღება, ან ლევან მჭედლიძისა და ჯანო ანანიძის სასტარტოში არდაყენება მიიჩნიოს მწვრთნელის შეცდომად, ეგებ უცნაურად მოეჩვენოს მეორე ტაიმის დასაწყისშივე თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა. პირველ ნახევარში ყველაზე აქტიური თორნიკეს მოედნიდან გამოყვანის შესახებ მწვრთნელს პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს, რაზეც თემურ ქეცბაიამ უპასუხა: შესვენებისას, გასახდელში ოქრიაშვილმა მითხრა, ფეხი მაწუხებსო. გუნდთან ყველაზე ახლოს თავკაცი დგას და ნებისმიერ ცვლილებას სათანადოდ ახსნის, წაგების მთავარი მიზეზი კი არა კონკრეტული ფეხბურთელები თუ შეცვლები, არამედ არსებული რეალობაა, რაზეც მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაამახვილა ყურადღება:

- იმისთვის, რომ რამეს მივაღწიოთ, "ნულზე" უნდა ვითამაშოთ, მუდმივად შეტევაში მწვავედ თამაშის რესურსი არ გვაქვს.

რას ნიშნავს "ნულზე" თამაში? პასუხისთვის შორი გზა დაგვჭირდება. ამასწინათ ახალგამოცემულ წიგნში ძველი ამბავი წავიკითხე: არტაგის ჯარი მდინარე პელორზე (არაგვზე) გადავიდა, ხეობას აუყვა, ტყეს შეაფარა თავი და იქიდან პარტიზანულად ებრძოდა რომაელებსო. პომპეუსის ლაშქართან გაშლილ ველზე შერკინებისას არათუ ქართველების, ბევრი ძლიერი ქვეყნის ჯარიც განწირული იყო. როცა სათანადო რესურსი არ გაქვს, დაცვაში უნდა ჩადგე და ხეს ამოფარებულმა ისრებით "დაჩხვლიტო" მეტოქე.

სწორედ ამას აკეთებს თემურ ქეცბაიას ნაკრები, რომელშიც ახალგაზრდული შემადგენლობაა შეკრებილი და მოწინააღმდეგეებს ვერც სათამაშო კლასით აღემატება, არც მოედნის ცენტრზე კონტროლის დაწესება შეუძლია (განსხვავებით 90-იანი წლების ნაკრებისგან), რჩება დაცვაში მოწესრიგებულად თამაშისა და "ჩხვლეტების" იმედად. სწორედ დაცვის წყალობით, განვლილ სამ თამაშში მეტოქეს 86-ე წუთამდე არ ჩამოვრჩენილვართ, ბელარუსში კი მეექვსე წუთზე მივიღეთ გოლი და როგორც მწვრთნელმა თქვა, შემტევი ტაქტიკით სათამაშოდ და მეტოქის ციხე-კოშკის ასაღებად არც კატაპულტები აღმოგვაჩნდა (შორიდან დამრტყმელები), არც კარის შესამტვრევი ტარანი (უმაღლესი დონის ცენტრფორვარდი) და არც საიმისო რესურსი, რომ მოწინააღმდეგე საჯარიმოში შეგვემწყვდია და რამდენიმეთვიანი ალყით შეგვესუსტებინა.

გამოდის, "ნულზე თამაში" იმას ნიშნავს, რომ თუ გოლი პირველ ტაიმში გავუშვით, დაცვითი ტაქტიკის შეტევითით შეცვლა არ შეგვიძლია...

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ თითოეული ფეხბურთელის პროფესიულ ზრდას. მაგალითისთვის კალათბურთელთა ნაკრები გამოდგება: ერთი შემადგენლობით 2004 წლიდან თამაშობდა და ევროპის ჩემპიონატამდე ოდენ 2011 წელს მიაღწია.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)