გეოპოლიტიკური "ცისფერი მთები" ანუ გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი... ოღონდ ალაგ-ალაგ?! - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური "ცისფერი მთები" ანუ გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი... ოღონდ ალაგ-ალაგ?!

გრენლანდიას მაინც წაიღებს ტრამპი, ოღონდ... ალაგ-ალაგ?

ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა ევროპიდან, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანასწორად ესაუბრება და მის აზრს მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს, როგორც გამოჩნდა, არის ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და რომელთანაც გუშინ გაირკვა გრენლანდიის დაძაბული საკითხის მომავალი...

დასავლური მასმედიის ინფორმაციით, გუშინ, დავოსში შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტის -დონალდ ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის - მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით განხილული „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“, კუნძულზე დანიის სამეფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ითვალისწინებს.

გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება დანიის სუვერენიტეტს პატივს სცემს და შეთანხმებაში გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის. გეგმა აშშ-სა და დანიას შორის 1951 წლის „გრენლანდიის თავდაცვის შესახებ შეთანხმების“ განახლებას, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებას, არქტიკაში ნატოს აქტივობების გაზრდას და რუსეთისა და ჩინეთის „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. წინადადება გრენლანდიაში აშშ-ის მიერ „ოქროს გუმბათის“ განთავსების გეგმას მოიცავს.

თავად პრეზიდენტი ტრამპი კი ასეთ კომენტარს აკეთებს - “ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, რომელიც ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან მქონდა, ჩამოვაყალიბეთ გრენლანდიასთან და, რეალურად, მთლიან არქტიკულ რეგიონთან მიმართებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო. თუ ეს შეთანხმება ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში. დამატებითი საუბრები იმართება “ოქროს გუმბათთან” დაკავშირებით, ვინაიდან ის გრენლანდიას ეხება“.

მკითხველისთვის გასაგები ენით რომ ავხსნათ - პრეზიდენტ ტრამპის უდიდესი სურვილის მიუხედავად, აშშ ვერ მიიღებს სრულ სუვერენიტეტს გრენლანდიის კუნძულზე, თუმცა გრენლანდიაში უკვე არსებული ამერიკული სამხედრო ბაზებისა და მომავალში ასაშენებელი ანალოგიური სამხედრო ობიექტების ტერიტორიები გრენლანდიაში გამოცხადდება აშშ-ის საკუთრებად და იქ ამერიკულ მხარეს დანიასთან შეუთანხმებლად შეეძლება თავისი სამხედრო და სხვა საქმიანობის (მათ შორის - იშვიათი წიაღისეულის მოპოვება) წარმოება...

ასევე დაგაინტერესებთ: რუსული რაკეტით რუსეთის მაცხოვრებლებზე - როგორ ბომბავს პუტინი თავისივე ხალხს

სირიელი ქურთები კაპიტულაციას აცხადებენ, თურქეთის მორიგი გამარჯვება ახლოაღმოსავლეთში, რაც მას ისრაელთან კიდევ უფრო დააპირისპირებს...

უკრაინული ატომური ელექტროსადგურების „გათიშვით“ კრემლი უკრაინის სრულ ჩაბნელებასა და „გაყინვას“ ეცდება...

7 მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ირანს არ დაარტყა - გაწირეს თუ არა ამბოხებულები?!

მსგავსი შეთანხმების პრეცედენტი უკვე არსებობს - 1959 წელს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, კუნძულ კვიპროსზე განთავსებული ორი ბრიტანული სამხედრო ბაზა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას წარმოადგენს.

რით მთავრდება გრენლანდიის "გატანა-შემოტანის“ ძალზე დაძაბული ეპოპეა, რომელმაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი აშშ და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი კინაღამ სამხედრო დაპირისპირებამდეც კი მიიყვანა?

აშშ იღებს უფლებას, თავისი შეხედულებითა და სურვილით ააშენოს ახალი სამხედრო ბაზები გრენლანდიაში, რომლებიც მის სუვერენულ ტერიტორიებად გამოცხადდება, მაგრამ, ამასთანავე, პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის კუნძულს ხელში მთლიანად ვერ ჩაიგდებს...

მიიღებს თუ არა რაიმე ფულად კომპენსაციას დანია, გრენლანდიაში ამერიკელებისთვის სამხედრო ბაზების ასაშენებლად ტერიტორიების გადაცემის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია...